კვირა, მაისი 5, 2024
Home Blog Page 1484

სერგო ჩიხლაძე: ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანია” უსერიოზულესი პრობლემაა ქვეყნისთვის

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე, კონკრეტული დახმარების საფასურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ერთი მაღალჩინოსანი  – შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დააკავა. სუს-ის მიერ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, პასუხისგებაში 21 პირია მოცემული.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, სააფთიაქო ნარკომანია ქვეყანაში კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად.

ზემოხსენებულ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე:

“ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანია” უსერიოზულესი პრობლემაა ქვეყნისთვის და მისი მასშტაბი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება. სააფთიაქო ნარკომანიისა და  ზოგადად, ნარკომანიის საწინააღმდეგო ზომების გატარებისთვის, ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯების განხორციელება.

ყველაზე ეფექტური ეს არის პრევენცია, რაც გულისხმობს სათანადო განათლების დანერგვას საკმაოდ ადრეული ასაკიდან. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ბავშვებსა და მოზარდებში, რაც მისცემს საშუალებას მათ, რომ გაიაზრონ ის რისკები და საშიშროება, რაც ნარკოტიკების მოხმარებას მოსდევს თან. მნიშვნელოვანი, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ე.წ. სარისკო პოპულაციებში (ადამიანები, ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს ან/და არიან მავნე სუბსტანციებზე დამოკიდებულები, მათ შორის, “სააფთიაქო” ნარკოტიკებზე) ზიანის შემცირების პროგრამებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, რომ არ მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება, მძიმე დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ასევე, სხვადასხვა გადამდები დაავადებების, როგორიცაა აივ-ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების რიცხვის ზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო და ყოვლისმომცველი პოლიტიკა, მსგავსი აქტივობები მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებით შემოიფარგლება, რაც რა თქმა უნდა არასაკმარისია, ქვეყნის მასშტაბით. გასაგებია, რომ პრევენცია ვერ უზრუნველყოფს ნარკომანიის მთლიანად ამოძირკვას, რადგანაც ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაინც წავლენ ამ გზით, მაგრამ ეფექტური პრევენცია დრამატულად შეამცირებს მათ რიცხვს ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის, კანონმდებლობის დახვეწა, რაც გულისხმობს იმ “ხვრელების” ამოვსებას, რითაც სააფთიაქო ნარკომანია საზრდოობს. არ გამოვრიცხავ კანონმდებლობის გამკაცრებას მსგავსი აფთიაქების თუ გადამყიდველების მიმართ. მეტიც,  შესაძლებელია მათი გათანაბრება ნარკოტიკების გამსაღებლებთან, რადგანაც ფინანსური ჯარიმები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს იმ აფთიაქებისთვის, სადაც ხდება ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღება. თუმცა ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად, მთლიანად ნარკოკანონმდებლობის გადახედვასთან ერთად. სამწუხაროდ, ნარკოპოლიტიკის ცვლილება კვლავ ვერ მოხერხდა და გაურკვეველი  ვადით გადაიდო საქართველოში.

ნარკოპოლიტიკა კი საქართველოში უნდა იყოს ორიენტირებული ნარკოტიკის მომხმარებლის მაქსიმალურად მხარდაჭერაზე, ზრუნვაზე და საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი – უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი. იმისთვის კი, რომ ვუმკურნალოთ და საზოგადოებას დავუბრუნოთ წამალდამოკიდებული ადამიანი, საჭიროა ქვეყნის მასშტაბით  სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება. უნდა ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში კვალიფიციური ნარკოლოგების დეფიციტიცაა, განსაკურებით კი რეგიონებში. იგივე ეხება წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში დასაქმებულ სხვა საჭირო სპეციალისტებსაც.

დიახ, პრევენციული ღონისძიებები, ნარკოპოლიტიკის დახვეწა, წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე ზრუნვა – ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც  ქვეყანაში ნარკოვითარების გასაუმჯობესებლადაა აუცილებელი.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ თუ გვინდა ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიას” და ზოგადად ნარკომანიას, საჭიროა ყველა ამ ღონისძიების პარალელურ რეჟიმში, კომპლექსური განხორციელება. ვერანაირი წერტილოვანი, ნაწილობრივი  ჩარევები, როგორც სამწუხაროდ აქამდე ხდება ხოლმე, მყარ და შორსმიმავალ შედეგამდე ვერ გაგვიყვანს.“

 

 

გიორგი მარგველაშვილი: “ჩატარებულ არჩევნებს, ია კერზაიას გარდაცვალებით, მძიმე ტვირთი დაედო”

“გიზიარებთ მიზანს, რომელიც უზენაესია პოლიტიკისა და სახელმწიფოსთვის – ადამიანის უფლებების დაცვა” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.

მიღებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სასამართლო ხელისუფლების, ომბუდსმენის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის, ეროვნული პრემიის, შეწყალების კომისიის, საპატრიარქოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, სავაჭრო პალატის, აუდიტის სამსახურის, ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტთან.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა მათი ღვაწლი და განაცხადა, რომ როდესაც ვამბობთ ტერმინს ადამიანის უფლებების დაცვა, თითქოს ვსაუბრობთ სახელმწიფოს ერთერთ ფუნქციაზე, რადგან სახელმწიფო არც იქმნება სხვა მიზნით გარდა იმისა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები.

ამ მიზნით, ამ არსით, ამ მოწოდებით შეიქმნა ერთობა ადამიანებისა, რომელსაც ესა თუ ის სახელწიფო ჰქვია. რისთვის გვინდა ჯარი? იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანის სიცოცხლის უფლება. რისთვის გვინდა პოლიცია? იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი.

ნებისმიერი სტრუქტურა იქმნება და მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები.
დღეს აქ შეგკრიბეთ ადამიანები, ვისთანაც ერთად ამ წლების განმავლობაში გვიმუშავია ქვეყნის გაძლიერების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, ტოლერანტობის გაღრმავების, თანხმობის ემოციიის შექმნის ღირებულებების ირგვლივ, გიზიარებთ იმ მიზანს, რომელიც უზენაესია პოლიტიკისთვის და უზენაესია სახელმწიფოსთვის. ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერის საზოგადოების, არასდროს მთავრდება არამედ მიმართულია ერთმანეთის დაცვის და ჰარმონიული საზოგადოების შესაქმნელად.
როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, ბუნებრივია, სამწუხაროდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ მიზნის გზაზე ჯერ კიდევ უაღრესად ბევრია გასაკეთებელი. სულ რამდენიმე ასეული მეტრის იქით, რუსთაველის გამზირზე ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეძებენ სამართალს და ეძებენ ამ სამართალს პროტესტის უკიდურესი ფორმით, ისინი დგანან და მოითხოვენ ყურადღებას. ათეულობით კილომეტრს იქით, ჩვენი თანამემამულენი ქვეყნის გულიდან გაყოფილი არიან საოკუპაციო ხაზით და იქ ადამიანის უფლებებს არღვევს სხვა სახელმწიფო, ოკუპანტი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების უფლების დარღვევაა.

სულ ცოტა ხნის წინ, არჩევნები ჩატარდა, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს, რადგან ახალი სახელმწიფოს, ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესთანაა დაკავშირებული და მას მასწავლებლის, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებით ძალიან მძიმე ტვირთი დაედო.
საარჩევნო პროცესის დროს არავინ უნდა კვდებოდეს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ვისაც ჩვენ ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც თავისუფლების, პატრიოტიზმის შემწყნარებლობის სულისკვეთებით უზრუნველყოფს მომავალი თაობის აღზრდას, აი ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, არ დაკმაყოფილდნენ მიღწეული წარმატებებით: რელიგიურ კონფესიებმა განაგრძონ ჰუმანური იდეების პოპულარიზაცია, პოლიტიკურმა პარტიებმა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მცდელობა, მედიამ საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლის მიწოდება, ადამიანის უფლებათა სტანდარტების მუდმივი შემეცნება და შესწავლა.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტის ეფექტური ფუნქიცონირებისათვის მუშაობდა.

ალექსანდრა გარსევანიშვილი: “ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ საქართველოსათვის…”

ძალზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტმა “ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს წევრმა ალექსანდრა გარსევანიშვილმა:

“ატოციდან დავბრუნდი, აივანზე ვარ ჰორიზონტს ვუყურებ და ვფიქრობ… ხშირად მეკითხებიან “არ გეშინია” ?
მე კი მინდა კითხვაზე კითხვით ვუპასუხო “რისი უნდა მეშინოდეს”?

იმის რომ ჩემი ორივე ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ? იმის რომ მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში სიკვდილი მირჩევნია?

იმის რომ ხელები იმაზე მეტად არ გამეყინება ვიდრე მეყინება?

ან იმის უნდა მეშინოდეს რომ ვახა მაჩალიკაშვილის გვერდით და ზაზა სარალიძის გვერდით ვდგავარ სიმართლისათვის?

ვფიქრობ და ზუსტად ვიცი რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ საქართველოსათვის…
რამდენი ტყვიაც არ უნდა მომხვდეს თუ ჩემი სიკვდილი რამეს შეცვლის სამშობლოს სასიკეთოდ ბედნიერი მოვკვდები…
ომიც რომ დაიწყოს ომშიც წავალ, სადაც არ უნდა ვიყო მე ქართველი ვარ, ქართველი ვარ და არავითარი მაშასადამე…

ვერავინ ვერ გაიგებს რა სიმწარე იმალება იმ ღიმილის უკან რაც საოკუპაციო ზოლთან სახეზე მაფენია ან რამდენჯერ ჩუმად გადამიყლაპავს ცრემლები… მაგრამ ვიღიმი, ვიღიმი რადგან ერთმანეთის ღიმილი გვაძლიერებს…
ქართველები მტრის წინაშე თავდახრილნი არასოდეს ყოფილან…
სხვებამდე ვერ მივიტან ვერც იმ ღიმილს რომლითაც ზაზას და ვახას გამხნევებას ვცდილობ და რეალურად სული ყელში მაქვს ამ უსამართლობით გაჩხერილი… რეალურად ამ უსამართლობის შემხედვარეს მათი ყოველი ნახვისას ბოლო ხმაზე მინდა ტირილი და ზოგჯერ თითებს თითებზე ვაჭერ რომ ცრემლები არ წამომივიდეს…
26 წლის ჯერ ეხლა გავხდი და ორი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიდგე იქამდე ამ მამების გვერდით სანამ სამართალს არ ვიპოვით, ვიბრძოლო მათთან ერთად თუნდაც ბოლო ადამიანი გავხდე მათთან მდგომი… და ვიდგე იქ სადაც ჩემი მიწაა იქნება ეს ატოცი ერგნეთი თუ ხურვალეთი…
მე მჯერა რომ ამ უთანასწორო ბრძოლას მოვიგებთ…
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს…

დიდად არ გამოვირჩევი გრძნობების გამოხატვით, მაგრამ ყველას ვისაც ერთი დადებითი სიტყვა მაინც უთქვამს ჩემთვის, ვისაც ჩემთვის გულწრფელად გაუღიმია, გავუმხნევებივარ და დავულოცივარ დიდ მადლობას გიხდით…

ვერ ავხსნი რამხელა ძალას მაძლევს ამ სიტყვებით გარდასული დღეები…”

ირაკლი კოვზანაძე: “2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება”

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და თანდართული მასალა განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, უძღვებოდა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რომლებიც პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ასახა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ასეა წარმოდგენილი:

  • ეკონომიკური ზრდა – 4,5%;
  • მშპ-ს დეფლატორი – 3,5%;
  • ინფლაცია – 3%;
  • საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მლნ ლარით და, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 მლრდ 863.8 მლნ ლარით. საბიუჯეტო გადასახდელები 13 მლრდ 90 მლნ ლარით განისაზღვრა (2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 630.5 მლნ ლარით მეტი).

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზრდა ინფრასტრუქტურული, სოციალური მიმართულებების მიხედვით, განათლების პროგრამებზე.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ბიუჯეტის კანონის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის წევრების შენიშვნები გაითვალისწინა და კანონპროექტი, ფაქტობრივად, პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წარმოდგენილი იყო. „2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენი ქვეყნისათვის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვქონია, რაც მართლაც დასაფასებელია და მას ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, პრემიერის ინიციტივით, მომავალ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 144 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის.

განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული თანხების 47,2%-ს შეადგენ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საბოლოოდ, კომიტეტმა კენჭი უყარა და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე: “პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი”

საქართველოს პარლამენტში გაიმართა “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“-ს გენერალური ფორუმი. დღევანდელი ფორუმი მიეძღვნა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – დეცენტრალიზაციის რეფორმას და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას.

ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობაზე:

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული


ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ მაშინდელი თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ქომაგი იყო.

1919 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ, მერობათა წარმომადგენლების მეორე ყრილობაზე, შემდეგი განაცხადა: “ჩვენი წეს-წყობილება დემოკრატიულია, დემოკრატია კი ორ ძალას ეყრდნობა: ქალაქს და სოფელს. გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა – აი, ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, დემოკრატია სუსტია”.
დღეს ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელსაც ეფუძნებოდა ეს სიტყვები და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთერთი უმთავრესი საზრუნავია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადგილობრივი თვითმმართველობების გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი ხდება, თუმცა თვითმმართველობა არაფერია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე და პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღნიშნული ჩართულობის მექანიზმის შექმნაზე. ეს ფორუმი გახდება საფუძველი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მომზადებისთვის” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალექსანდრე ელისაშვილი: “ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერ ადამიანებს”

დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილმა დღეს “სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა. სიტყვით გამოსვლისას მან მიმოიხილა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და შეფასება მისცა არსებულ რეალობას:

მე ძალიან რთულ რამეს გთავაზობთ ყველას. გთავაზობთ იმას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ველოდებით ვიღაც მესიებს, დევგმირებს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებს ან ძალიან მდიდარ და ძალიან კეთილ ბიძიებს, რომლებიც მოგვიგვარებენ აბსოლიტურად ყველაფერს.

ეს ასე არ ხდება, არანაირი მესია არ არსებობ!

მე გთავაზობთ, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ენერგია, ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ეს უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი ენერგია მივმართოდ არა ვიღაცის დამხობისკენ ან რაღაცის დანგრევისკენ, არამედ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ ქვეყნის წინსვლისკენ და ამ ქვეყნის წარმატებისკენ” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერობის ყოფილ კანდიდატს აუცილებლად მიაჩნია ახალი ძალის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალი, კვალიფიციური, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ადამიანებით, რომლებსაც უყვართ სამშობლო, სურთ გააძლიერონ ერთმანეთი და ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ წაიყვანონ:

დღეს ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას, წარმოგიდგენთ ჩემს რამდენიმე თანამოაზრეს, თანაგუნდელს და მივმართავ მთელ საქართველოს, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

ჩვენ ვიწყებთ გუნდის, “სამოქალაქო მოძრაობის” წევრების შეგროვებას, ძებნას მთელ საქართველოში. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერ ადამიანებს. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან პროფესიონალები და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა, რომლებსაც უნდა, რომ თავიანთი მცირე თუ დიდი ენერგია შეუერთონ სხვის ენერგიას, მცირე თუ დიდი ცოდნა შეუერთონ სხვისას, ასე გავაძლიეროთ ერთმანეთი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა წავიყვანოთ ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო.

წლის მთავარი შეჯამება სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყო, ხაზი გაუსვა ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. აღნიშნა, რომ ამ საქმეებმა გამოძიების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას საჭიროებს.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე შესწავლილი ფაქტიდან უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები წარმოადგენს.

არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო. სახალხო დამცველი განსაკუთრებით მწვავედ გამოყოფს ბედიანისა და ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, კვლავ რჩება გარკვეული პრობლემები პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის თვალსაზრისით. ისაუბრა კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე, მათ უსაფრთხოებაზე, სოციალურ სიდუხჭირესა და უკანონო დაკავებებზე.

სახალხო დამცველმა შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიმდინარე კამნაპანია, შეკრების და მანიფესტაციის უფლება, მათ შორის აქციის მონაწილეთათვის კარვების გაშლის შეზღუდვის შემთხვევები. ისაუბრა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, კანონმდებლობისა და საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის აუცილებლობაზე, შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანებზე; ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებზე.

არაერთი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლების დაცვა. არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უფრო ეფექტურს გახდიდა სახალხო დამცველის მანდატს. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან.

გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების მნიშვნელობაზე, უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების, ასევე ლტოლვილთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე. ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას.

პრესკონფერენციის დასასრულს ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ უკვე 5 თვეა, რაც სახალხო დამცველის აპარატი, ძირითადი შენობის ავარიულობის გამო, ნაქირავებ ფართში აგრძელებს საქმიანობას. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ძალისხმევა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გამოიძებნება მუდმივი შენობა სახალხო დამცველის აპარატისთვის.

სერგო ჩიხლაძე: “2018 წელს კვლავ ჩავარდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა”

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.

 სერგო ჩიხლაძის აზრით, მიმდინარე წელს კვლავ ჩავარდა ზემოაღნიშნული პროგრამა, ხოლო არაეფექტურობის ძირითად მიზეზად პროგრამის არასწორ დიზაინსა და ცუდი მენეჯმენტს ასახელებს.

2017 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის განხორციელების  მაჩვენებელი 2017 წელს კატასტროფულად დაბალი იყო. ნაცვლად 200 000 ადამიანისა ისარგებლა მხოლოდ 13 000-მა, რაც არის დასახული ინდიკატორის მხოლოდ 6.5%.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა და 10 მილიონით განისაზღვრა. გაიზარდა ასევე მედიკამენტების ჩამონათვალი. სამწუხაროდ, პროგრამის ათვისება 2018 წელსაც კრიტიკულზე უფრო დაბალია. 2018 წლის 5 დეკემბერის მონაცემებით გამოყოფილი 10 მილიონიდან ათვისებულია მხოლოდ 592 ათასი ლარი, ანუ 6% ზე ნაკლები.

სერგო ჩიხლაძის აზრით, ის ხარვეზები, რაც პროგრამას ჰქონდა 2017 წელს, არ აღმოფხვრილა არც 2018 წელს. მიუხედავად სპეციალისტების და ექსპერტების არაერთი მოწოდებისა და რჩევებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ კვლავ არ გაითვალისწინა მათი მოწოდება და ეს მეტად საჭირო პროგრამა კვლავ ჩავარდა. და ეს მაშინ, როდესაც მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი ყველაზე მძიმედ ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას.

პროგრამის ჩავარდნის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს სერგო ჩიხლაძე. ესაა, პროგრამის არასწორი დიზაინი, ცუდი დაგეგმარება, ცუდად წარმოებული საინფორმაციო კამპანია და ასევე არაეფექტური მენეჯმენტი.  სერგო ჩიხლაძის აზრით, პროგრამის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირება. ოჯახის და სოფლის ექიმების ჩართულობა კრიტიკულია მსგავსი პროგრამების წარმატებით განხორციელების საქმეში.

ვასო ურუშაძე: “საქართველოს ავიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემაა”

საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით “HUB Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე განცხადებას ავრცელებს:

 

“ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს უკავშირდებოდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ავია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემაა.  კერძოდ, საუბარია Myway Airlines-ის მიერ რეისების შეჩერებაზე, რის შესახებაც ცნობილი გასულ კვირას გახდა.

Myway Airlines-ს ხელმძღვანელობა ფრენების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად ზამთარში მგზავრთნაკადის  შემცირებას ასახელებს, მაგრამ  მათივე განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პრობლემა ბევრად მასშტაბურია და ავია ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა.

ჩვენ არაერთხელ ვიყავით მომსწრენი საქართველოს ავია ბაზარზე არსებული რყევებისა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოში დაფუძნებულიყო ახალი ავიაკომპანია და მათ თავი დაემკვიდრებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული ავიაკომპანიები  Fly Georgia, AEROVISTA, AIR Caucasus, AIR Georgia და სხვა, რომლებმაც მიუხედავად დიდი მცდელობისა, საქართველოს ავია ბაზარზე თავი ვერ დაიმკვიდრეს.  ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული წამყვანი  ავიაკომპანია Georgian Airways-ის ქეისიც, როცა ის რუსული ავიაკომპანიების მხრიდან  დემპინგური ფასების გამო  ზეწოლას განიცდიდა და  მათთან  არაჯანსაღ კონკურენციაში პაექრობა უწევდა.

ბოლო წლების საქართველოს ავიაციის ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ქართულ ავია ბაზარზე არსებული გარემო არაჯანსაღია და  ეროვნულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში არამეგობრულია. არადა, სწორედ ეროვნული ავიაკომპანიების სიძლიერე და ჯანსაღი კონკურენცია არის ავიაციის სექტორის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა.

გარდა სხვადასხვა კონკურენციის შემაფერხებელი და ხელის შემშლელი  ფაქტორებისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ხელოვნურად ერევა საქართველოს ავია ბაზარზე, რაც სხვადასხვა ავიაკომპანიების მიმართ გარკვეულ პრეფერენციებში და ფინანსურ  მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებთან და არღვევს საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს ავიაციის სექტორში გაფორმებული აქვს არაერთი   შეთანხმება,  რითაც საქართველოზე  ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (EASA) სტანდარტები ვრცელდება.  ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, არსებული სტანდარტები კატეგორიულად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას და პირდაპირ, თუ ირიბ დოტაციას. სახელმწიფოს მხრიდან, კერძო ავიაკომპანიის მიმართ, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა თავისუფალ ბაზარზე უხეშ ჩარევად და კონკურენციის შეზღუდვად აღიქმება. ეს ფაქტორი იწვევს რყევებს კერძო ავიაციის ბაზარზე და ქმნის არაჯანსაღ გარემოს, რომელიც საბოლოო ჯამში აფერხებს განვითარებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „HUB Georgia” საჯაროდ და წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროს, მეტი თვალსაჩინოებისთვის და სიცხადისთვის გასაჯაროვდეს 2012 წლიდან დღემდე, რომელი ადგილობრივი და საერთაშორისო ავიაკომპანიები სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა პრეფერენციებით და ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, გასაჯაროვდეს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების სატარიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მიმართებაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ხელოვნური ჩარევა არასწორია და ეს არის კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც აფერხებს დარგის განვითარებას. ავიაციის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის გატარება, პირველ რიგში ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რაც უნდა გამოიხატებოდეს  განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობაში, გადასახადების ლიბერალიზაციაში, ნაკლებ ბიუროკრატიაში, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებაში.

და ყველაზე მნიშვნელოვანი –  საქართველოს უნდა ქონდეს ჰაბის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკა, რაც იქნება საქართველოს ავიაციის სექტორის და მთლიანად ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.”

გარდაიცვალა ნიკოლოზ (ნიკა) რურუა…

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ასაკში, მოულოდნელად, გარდაიცვალა გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი ნიკა რურუა.

ნიკა რურუა იყო ორი მოწვევის დეპუტატი, პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეკავა კულტურისა, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პოსტი.

ნიკა რურუა თანამოაზრეებთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.