შაბათი, მაისი 18, 2024
Home Blog Page 1483

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას უბრუნდება

მოარული ხმები, ყოფილი შს მინისტრის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მეორედ მოსვლის თაობაზე, უკვე რეალობაა და ამის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. პარტიაში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი გახდება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი და დაიკავებს პოლიტიკური მდივნის თანამდებობას. მანამდე ეს პოსტი ეკავა გია ვოლსკის, რომელიც ამ ცვლილებების შემდეგ პოლიტსაბჭოში დაიკავებს პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანის თანამდებობას.

აღნიშნულ საკითხს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.

ეკა ბესელია მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მიაჩნია რომ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ექსპრემიერი პარლამენტში ვიხილოთ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ამასთან ბესელია დარწმუნებულია, რომ “ე.წ. კობახიძის გუნდი უკვე წარსულია”.

ოპოზიციაში კი ამ ცვლილებებს უკავშირებენ მმართველ პარტიაში არსებულ კრიზისს.

საინტერესოა რა პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ეს საკადრო ცვლილებები.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება მამუკა ხაზარაძის ბრალდებაზე

საქართველოს გენერალური პროკურატურა ეხმიანება თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას მის მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ამა საკითხთან დაკავშირებით:

მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოკითხვისას ხაზარაძემ  ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა.  მან ასევე, აღნიშნა, რომ  11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.

ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:
ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით“.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან.

გიორგი ხაბურზანია: “ბიძინა ივანიშვილი ყველანაირ პირობას ქმნის, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი!”

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი გიორგი ხაბურზანია, მიმდინარე პროცესების შეფასებისას, განსაკუთრებით კი საფინანსო-საბანკო თუ მთლიანად ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, უმწვავეს შეფასებებს იძლევა ქვეყნის პერსტექტივებთან მიმართებაში და ეკონომიკის სფეროში მოსალოდნელი უმძიმესი კრიზისის თავიდან ასაცილებლად გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს:

“საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ კი “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებული მოვლენებიდან გამოდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, სადაც ინვესტიცია შეიძლება განახორციელო, მოკვდა. ამის მიზეზი კი გახლავთ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის თავისი პროკურატურით, შს მინისტრით და სხვა უწყებებით, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი!

ნუთუ კიდევ დარჩა ვინმეს ილუზია, რომ ქვეყანაში ისეთი დემოკრატიაა, რომლითაც მთელი ევროპა შეიძლება გაოცდეს?!

აწი ყოველ დღე უფრო მეტად და მეტად გაუჭირდება ქვეყანას და ხალხს რადგან ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად არის შელახული. ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული არსებული მდგომარეობის შეცვლის, რადგან ამდენი დანაშაულების, გადაცდომების თუ გაუაზრებელი ქმედებების გამო გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში, რაც შეუძლებელს ხდის რამე სასარგებლო ცვლილებები განახორციელონ ქვეყნისთვის! ხელისუფლების ცვლილების გარეშე ქვეყანას არაფერი ეშველება!

კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო და არ მგონია, რომ ქვეყანა ვიღაც უსახო ხელისუფლების წევრებს სამარეში უნდა ჩავაყოლოთ და გადავაყოლოთ!

ამიტომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დროულად და მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება” – აღნიშნავს გიორგი ხაბურზანია.

დავით მათიკაშვილი პროვოკაციულს უწოდებს ზურაბ ჯაფარიძის ქმედებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს

როგორც ცნობილია “გირჩის” ლიდერმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა და პროვოკაციული სახელწოდებით “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი” სოციალური ქსელების მეშვეობით გაუგზავნა რამდენიმე ადრესატს, მათ შორის პარლამენტარ დავით მათიკაშვილს და როგორც ზურაბ ჯაფარიძე განაცხადა – “გუშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე. აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it … გადმოქაჩა და უყურა”:

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განმარტებებს აკეთებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და ბოდიშის მოხდას მოითხოვს ზურაბ ჯაფარიძისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენოს, როგორც აღნიშნავს, მის მიმართ დარღვეული უფლების აღსადგენად:

ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს “ხუმრობა” გამოუვიდა? არ ვიცი, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ მისი პროვოკაცია რომ ვერ შედგა ეგ ზუსტად ვიცი))

26 თებერვალს საღამოს, ჩემს ოფიციალურ ელ ფოსტაზე მართლაც მივიღე გაუგებარი შინაარსის მეილი ჩემთვის უცნობი ადრესატიდან, ვიდეო, რომელიც იყო მიბმული ამ მეილზე არ გავხსენი ერთი უბრალო მიზეზის გამო: მისი სათაური იყო “პარლამენტარის ჯგუფური სექსი”)). დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას და იმავე ღამეს ანუ 27 თებერვლის დილას, ჩემს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზევე (პარლამენტში) პროცესუალური მოქმედების ფარგლებში გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს პერსონაჟი – პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი) ანუ ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, საპროცესო მოქმედება გაგრძელდა დღეს დილით, ანუ ჩემს მიერ განცხადების დაწერიდან მეორე დღეს ჩემი ზეპირი გამოკითხვით, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი.


ეს ხუმრობა არ არის ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულობრივი პროვოკაცია!!! და თუ თქვენ მართლა გსურდათ გაგეგოთ ამ მეილის გაგზავნის შედეგები, პარლამენტის შენობასთან ვიდეოს ჩაწერის და დეზინფორმაციის შემცველი პოსტების დადების ნაცვლად, რაც შეურაცხმყოფელია მინიმუმ, ჯერ პოლიციისთვის მიგემართათ და გაგეგოთ ვინმემ განცხადებით იმავე ან მომდევნო დღეს ხომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებას. სერიოზულად მინდა გკითხოთ, პარლამენტის შენობასთან რომ მობრძანდით, რას ელოდებოდით პოლიციის კორდონებს თუ ჰაერში გამოკიდებულ ვერტმფრენებს?))) 


ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოზიცია ისე უნდა დააფიქსიროთ, რომ საბოლოოდ ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივიდეთ!!


ბატონო ზურაბ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ თქვენი პოსტი დეზინფორმაციული შინაარსისაა. ალბათ არ უნდა გაგიჭირდეთ ამაში დარწმუნება, რადგან დღესაც შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ. შესაბამისად, თქვენგან მოვითხოვ იმავე ფორმით და საშუალებით მოახდინოთ სწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება და იმ უხერხულობისთვის მოიხადოთ ბოდიში, რაც გამოიწვია თქვენმა პროვოკაციულმა აქციამ. 
წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი საშუალება ჩემი დარღვეული უფლების აღსადგენად. 


იმედი მაქვს, რომ სიმართლის დადგენის შემდეგ თქვენი ქცევაც ადექვატური იქნება!!!

მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადებები

თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში განმეორებითი მისვლა სკანდალური აღმოჩნდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, ერთი შეხედვით, საკმაოდ დაუჯერებელი ინფორმაციები – იყო ეს ბანკის უპრეცენდენტო შემოწმება, მიზანმიმართული კიბერშეტევა, მუქარა მაღალჩინოსნის მხრიდან თუ სხვა.

მამუკა ხაზარაძემ, თავის გამოსვლაში არაერთხელ აღნიშნა, რომ თიბისი ბანკისა და მის მიმართ ადგილი აქვს ზეწოლას. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ამის დასადასტურებლად კონკრეტული ფაქტებიც გაიხსენა. ერთერთი მათგანი იყო 2018 წელს, ივნისის თვეში, ბანკის უპრეცედენტო შემოწმება 4 უწყების მიერ.

მამუკა ხაზარაძემ ასევე საყურადღებო ფაქტად ჩათვალა ბანკის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა, რაც წარმატებულად იქნა აღკვეთილი.

ჩვენ არა მარტო დავიცავით ეს კიბერშეტევა და დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს” -აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც თიბისი ბანკის დამფუძნებელი იხსენებს, ამ ფაქტის შემდეგ 5-ჯერ მიწერა შს მინისტრს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო პასუხი რიგითი თანამდებობის პირისგან, რომ კომპიუტერი ამოღებულია და ექსპერტიზაზეა წაღებული.

ხაზარაძის განმარტებით კიბერშეტევა განხორციელდა თბილისში ცენტრალურ გამზირზე მდებარე ოფისიდან და მიაჩნია, რომ სავარაუდოდ ესაა ის ოფისი საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება.

მამუკა ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა, საბანკო კრედიტების განულების თემაზეც, ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა ნეგატიური პოზიცია და მოსალოდნელი რისკები უშუალოდ თიბისი ბანკთან მიმართებაში.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ის სკანდალური ინფორმაციაც გააჟღერა, რომლის მიხედვითაც შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა მას და შესთავაზა კონკრეტული რაღაცის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირდა, რომ იგი და ბანკი რეპუტაციული ზიანს მიიღებდნენ.

დავით უსუფაშვილი: “ხელისუფლებას არ აქვს გეგმა „ბ“ და შეუძლია მხოლოდ ხელის გადაგრეხვის პრინციპით შეინარჩუნოს ძალაუფლება”

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, 27 თებერვალს საზოგადოებრივი არხის გადაცემა “დღის თემაში”, აქცენტს ამახვილებდა ქვეყნის სრულად პროპორციულ საარჩევნიო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე, უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უსუფაშვილის მიერ ფაქტებად იყო მოყვანილი შემდეგი გარემოება, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა, ლიდერების ჩათვლით წინა წლებში თვითონვე იყვნენ პროპორციული სისტემის მხარდამჭერები”

„- სახეზეა „ქართული ოცნების“ 78 ლიდერის ხელმოწერა, რომლებიც ჯერ კიდევ 2015 წელს ითხოვდნენ, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო.
მათ შორის ის დეპუტატები, ვინც წინა პარლამენტში იყო – ძიძიგური, ვოლსკი, კვაჭანტირაძე…
ამიტომ, ხელისუფლებას მილიონი ხელმომწერის მოთხოვნის გათვალისწინება მოუწევს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროპორციულ წარმომადგენლობას მივაღწიოთ. საქართველო არის ჭრელი, ჩვენ ვართ განსხვავებულნი და უნდა ვისწავლოთ ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ერთ ჭერქვეშ მუშაობა, მაგრამ სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპით. დარწმუნებული ვარ, რომ მილიონი ქართველიც დაუჭერს მხარს და კიდევ უფრო მეტიც. რაც შეეხება იმას, ხელისუფლება გაითვალისწინებს ამას თუ არა, მე მგონია, რომ მოუწევს. ჩვენ ვმუშაობთ გეგმა „ბ“-ზეც. ხელისუფლებას არ აქვს გეგმა „ბ“ და შეუძლია მხოლოდ ხელის გადაგრეხვის პრინციპით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

– ასევე, პარლამენტის 108 წევრი აწერს ხელს 2016 წლის დოკუმენტს. მათ შორის ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, ჩუგოშვილი და ყველა:

“მომქმედი შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმება მიზანშეწონილად ჩაითვალა ქვეყნის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. სწორედ ამ სისტემამ გახადა შესაძლებელი ჯერ „მოქალაქეთა კავშირის“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და უმრავლესობის სუბიექტური პოლიტიკური მიზნების ბოროტად გამოყენება. იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული ახალი საფრთხე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო, ან ზოგადად ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას.”

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერია, კონკრეტული პირობებით, მიზნობრივი ქვეპროგრამების ფარგლებში იწყებს დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტების დახმარების პროექტის განხორციელებას და როგორც საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით იუწყება, ა.წ. 1 მარტიდან – 31 მაისის ჩათვლით მოხდება შესაბამისი განცხადებების მიღება:

“სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის” მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 მარტიდან – 31 მაისის ჩათვლით.

დაფინანსება გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარს, ხოლო სემესტრულად 1125 ლარს შეადგენს.

სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ:

  • 51 – 70 ქულა – სწავლის საფასურის 50%;
  • 71 – 90 ქულა – სწავლის საფასურის 70% (თუ ოჯახს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი მიიღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას);
  • 91 – 100 ქულა – სწავლის საფასურის 100%.

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  • სამოტივაციო წერილი.

პაატა დავითაია – “ინტერ რაოსთან” დადებული ხელშეკრულება ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი რუსულ ენერგოკომპანია “ინტერ რაოსა” და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს. პაატა დავითაიას თქმით, ეს ხელშეკრულება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, არსით აბსურდულია და მასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი უნდა დაიწყოს.

“საქართველოსა და “ინტერ რაოსა” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, 45 მლნ კილოვატსაათის ყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთს უფასოდ გადაეცემა. ეს ხელშეკრულება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. 2012 წლამდე მოქმედი ხელშეკრულებით, აფხაზეთს წელიწადში 500 მილიონ კილოვატსაათი მიეწოდებოდა უფასოდ. დანარჩენში აფხაზეთის მოსახლეობა ფულს იხდიდა, რომელიც ე.წ. აფხაზურ ბიუჯეტში შედიოდა. 2012 წლის შემდეგ, ეს 500 მილიონი გაიზარდა ერთ მილიარდ კილოვატსაათამდე წელიწადში, რაც აფხაზეთში 28 რუსული სამხედრო ბაზის შექმნამ გამოიწვია. 500 მილიონი სამჯერ გაანათებს აფხაზეთს. რუსული სამხედრო ბაზები იკვებება ქართული ელექტროენერგიით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ “ინტერ რაოდან” 45 მილიონი კილოვატსაათი შეისყიდა და ამას აწვდის აფხაზეთს. აბსურდია ჯერ ჩვენ ვიყიდოთ რუსეთისგან დენი და მერე ჩვენვე უნდა მივცეთ აფხაზეთს იგი რუსეთის გავლით. ეს არის სუფთა კომერციული კრიმინალური გარიგება. “ინტერ რაოსთან” ხელშეკრულება ფულის კეთების მიზნით გაკეთდა. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. “ინტერ რაოსთან” დადებული ხელშეკრულება ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს და ამასთან მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ რუსულ ბაზებს დენს უფასოდ ვაწვდით”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვების მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია დაიწყო

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კოალიციის „განათლება ყველასათვის “ ინიციტივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პარტნიორობით, კონკურსი წელს მესამედ ტარდება.

ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიო 50 საუკეთესო პედაგოგ შორის დასახელებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე “ლიბერთი” ბანკი, ტელეკომპანია “იმედი” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი”. გამარჯვებულს კი 10 000 ლარი, ფულადი პრიზის სახით, გადაეცემა გენერალური სპონსორისგან, “გუდავაძე-პატარკაციშვილის” ფონდისგან.

ფოტოები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს ფეისბუკ გვერდიდან:

თეონა ჭალიძე: “მილიონები იხარჯება, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები მაინც არაეფექტურად მუშაობენ”

როგორ მუშაობენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები და რაში ვხარჯავთ 5 მილიონამდე ლარს ყოველ წელს? საკითხის შესწავლის შემდეგ, სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრს, თეონა ჭალიძეს სერიოზული ეჭვი გაუჩნდა აღნიშნული ბიუროების ეფექტურობასა და თანხების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

“მილიონები იხარჯება, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები მაინც არაეფექტურად მუშაობენ. სულ პარლამენტის მაჟორიტარი წევრების 73 ბიურო ფუნქციონირებს, სადაც 350-მდე თანამშრომელია დასაქმებული და  ყოველ წელს 5 მილიონამდე ლარი იხარჯება.

მეორე წელია, რაც ბიუროების მიერ გაწეული საქმიანობის დეტალურ ანალიზს ვაკეთებთ. მაჟორიტარ დეპუტატებს წელსაც ვთხოვეთ საჯარო ინფორმაციის გამოგზავნა მათი ბიუროების მუშაობის ანგარიშის, მოქალაქეთა მიმართვიანობის სტატისტიკის შესახებ.  48-მა ბიურომ ინფორმაცია არათუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად დადგენილ ვადებში, არამედ საერთოდ არ მოგვაწოდა. პარლამენტის აპარატში კი განგვიმარტეს, რომ თურმე ეს მაჟორიტარი დეპუტატები მეილს არ ხსნიან და ამიტომ შესაბამისად მათაც არ მიაწოდეს ინფორმაცია.

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები მუშაობენ არაეფექტურად და ისინი გადაქცეულია დეპუტატების ახლობლებისა თუ “ქართული ოცნების” აქტივისტების შემოსავლის წყაროდ.

უფრო მეტიც, ბიუროების ე.წ. საქმიანობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დუბლირება ხდება და ამ პრაქტიკულად ზედმეტ რგოლში 5 მილიონი ლარი იხარჯება, როცა შესაძლებელია ეს თანხა მოქალაქეებისთვის უფრო საჭირო სერვისებზე იყოს მიმართული.

აქვე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტი: NDI-ს მიერ გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს თავის მაჟორიტარს. ეს არცაა გასაკვირი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როცა მაჟორიტარი დეპუტატები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ, საჯარო ინფორმაციასაც არ გასცემენ და მეილებსაც კი არ ხსნიან.  ეს სტატისტიკაც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა  შესაცვლელია და ქვეყანა სრულად უნდა გადავიდეს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ყველას მოგიწოდებთ მოაწეროთ ხელი და შეიტანოთ წვლილი ამ არაფრისმომცემი/საზიანო სისტემის შესაცვლელად” – აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

 

“ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრმა დაასახელა იმ დეპუტატების გვარები, ვინც მონაცემები არ მიაწოდეს:

ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი, ნინო გოგუაძე, ბექა ოდიშარია, დავით ჭიჭინაძე,ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, მარიამ ჯაში, შოთა ხაბარელი, გიორგი ვოლსკი, ზაზა პაპუაშვილი, ივლიანე წულაია, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა გაბუნია, ლევან კობიაშვილი, რომან მუჩიაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გელა სამხარაული, გიორგი ბეგაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი თორთლაძე, იოსებ მაკრახიძე, თენგიზ ხუბულური, სიმონ ნოზაძე , გიორგი კოპაძე, გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა კვიჟინაძე, გივი ჭიჭინაძე, გრიგოლ მიქელაძე, სულხან მახათაძე, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, ედიშერ თოლორაია, გოგა გულორდავა, ლევან ბეჟანიძე, კობა ნაკაიძე.