ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

თეთრიწყარო – აგროტურიზმის მარგალიტი

აგროტურიზმს, როგორც დარგს, არც თუ ისეთი დიდი ისტორია გააჩნია და მისი განვითარება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში იწყება. დღეისათვის აგროტურიზმის სფერო კარგად არის განვითარებული იტალიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, კვიპროსში, საბერძნეთში.

„აგროტურიზმის“ გარდა გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „სოფლის ტურიზმი“, „ეკოტურიზმი“, „ფერმერული ტურიზმი“, „ბუნების ტურიზმი“ და სხვა. აგროტურიზმს მსოფლიო ტურიზმით მიღებული შემოსავლების 1/3 ნაწილი უკავია.

აგროტურისტებს ძირითადად ხიბლავთ არამარტო სიძველეები, ისტორიული მხარეები, შუა საუკუნეების მონასტერები და ციხესიმაგრეები, არამედ მრავალფეროვანი ბუნება, ლამაზი პეიზაჟები, ოჯახური სიმყუდროვე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და საკვები, აქტიურად დასვენების პერსპექტივა, ფერმერის ოჯახში ცხოვრება, მათი ყოფა-ცხოვრების გაცნობა, ტრადიციული ეროვნული კერძების მომზადება, ადგილობრივ ფოლკლორთან და ადათ-წესებთან, ფლორასა და ფაუნასთან გაცნობა. სურვილისამებრ ცხენებით, ან ველოსიპედით სეირნობა, თევზაობა, ნადირობა, სოკოს შეგროვება და სხვა.
აგროტურიზმის განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ მხრივ ჩვენ ქვეყანას ბევრი მიმზიდველი და საინტერესო კუთხე გააჩნია, მაგრამ დღეს გვინდა თქვენი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზე, კონკრეტულად კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტზე გავამახვილოთ.

დედაქალაქიდან 60 კილომეტრით დაშორებული საქართველოს ეს ისტორიული მხარე, თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებითა და ისტორიული ძეგლების სიუხვით მიმზიდველია ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა. საერთო ჯამში დაახლოებით 475-მდე ისტორიული მნიშვნელობის კულტურული და ბუნების უნიკალური ძეგლია. გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი, (XIII ს.), ორმოცი მოწამის გუმბათოვანი ეკლესია (სოფ.ღოუბანი XVI ს.), პირღებულის სამონასტრო კომპლექსი (XIII ს.), ფიტარეთის ჯვარ-გუმბათოვანი კომპლექსი, მანგლისის სიონი, სამშვილდის ნაქალაქარი (საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ციხე-ქალაქი), ფარცხისის ციხე (VIII-IX სს), ბირთვისის ციხე (სიმაგრე შერწყმული ბუნებრივ კლდეთა მასივს), ხულუტის ციხე და ა.შ. ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რისი დათვალიერებაც ტურისტებს შეუძლიათ.

მთიანი რელიეფი, ალგეთისა და ხრამის შესანიშნავი ხეობა, წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყის მასივები, ნაციონალური პარკი, ქვაბულების სიმრავლე (სამშვილდისა და პირღებულის გამოქვაბულთა კომპლექსი, მუგუთისა და თავგურგულას ქვაბები), ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავები, ყველანაირ პირობას ქმნიან აგროტურიზმთან ერთად განვითარდეს ეკოტურიზმი, საცხენოსნო, სალაშქრო, კულტურული, დასასვენებელი, ექსტრემალური, მოსალოცი, სამკურნალო ტურიზმი და სხვა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ყავისფერი ნიადაგი, წყალუხვ მდინარეებთან და ზომიერად ნოტიო ჰავასთან ერთად უნიკალურ აგროსისტემას ქმნიან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოა სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ გასტრონომიული სიამოვნება მიიღონ ადგილობრივი პროდუქტისაგან.

ერთის მხრივ მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია მიკროზონების სიმრავლე, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას, ხოლო ადგილობრივ პროდუქტს პიკანტურობას და უნიკალურობას მატებს.

ასე მაგალითად, სოფელი ჯორჯიაშვილისთვის დამახასიათებელია გამორჩეული გემოვნული თვისებების პომიდორი, რომელიც მხოლოდ ამ მიკროზონისთვის არის ნიშანდობლივი. ეს პროდუქტი ჯორჯიაშვილის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ხალხური სელექციის გზით იძენდა სპეციფიურ გემოს. გამორჩეულია ცნობილი „შალლა“ (ასურეთული შავი), რომელიც გერმანელმა ოტო შალლმა ვაზების ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოიყვანა.

მეორეს მხრივ, ისტორიულად თეთრიწყაროში ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების ხალხი: ქართველები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეკომიგრანტები, თავისი კულტურული თავისებურებებით, ადათ-წესებითა და სამზარეულოთი.

თუ ამას ადგილობრივების სტუმართმოყვარეობასაც დავამატებთ აგროტურიზმის განვითარებისათვის ყველა პირობა არის შექმნილი. თეთრიწყაროში ერთვიანი ტურის შემდეგ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ კავკასიაში იმოგზაურეთ, იმდენად მრავალფეროვანი იქნება შთაბეჭდილებები.

ცალკე საუბრის თემა სოფელი ასურეთი და დაბა მანგლისი, რომელსაც ცალკე სტატია შეიძლება მიეძღვნას.

ასურეთი (ელიზაბეტტალი) ისტორია 1819 წელს გერმანელი კოლონისტების გადმოსახლებით იწყება. დღემდე შემორჩენილია გერმანელი კოლონისტების კვალი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების სახით.

რაც შეეხება დაბა მანგლისს თავისი მიკროკლიმატით, რომელსაც კავკასიის რეგიონში უკიდურესი სამხრეთის კავკასიური ფიჭვის ენდემის არსებობა ქმნის, ტურისტულ-რეკრეაციული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
https://paraleli.ge/539/agroturizmis-ganvithareb/
http://tetritskaro.gov.ge/tetritskaros-shesaxeb/tetritskaros-istoria

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული