პარასკევი, აპრილი 19, 2024

აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

რა არის აგროტურიზმი

აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი დარგი თავის განვითარებას მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის ქვეყნებში იწყებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქების დიდი ნაწილი განადგურებული იყო, ხოლო სოფლის გარემომ  ხელუხლებელი სახე შეინარჩუნა. უქმე დღეებში ქალაქის მაცხოვრებლები ხშირად გადიოდნენ ქალაქგარეთ დასასვენებლად. სოფლად სასტუმროების სიმცირის გამო ტურისტებს ხშირად უწევდათ ფერმერის ოჯახებში ღამის გათენება და სტუმრობა. მოთხოვნა ქმნის მიწოდებას და დროთა განმავლობაში ფერმერებმა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით ადვილად აუღეს ბიზნესის ახალ სახეობას ალღო. დღეისათვის აგროტურიზმის სფერო კარგად არის განვითარებული ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, კვიპროსში, საბერძნეთში. „აგროტურიზმთან“ ერთად სხვადასხვა ქვეყნაში პრაქტიკაში გამოიყენება ტერმინი „სოფლის ტურიზმი“, „ეკოტურიზმი“, „ფერმერული ტურიზმი“, „ბუნების ტურიზმი“ და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტურიზმით მიღებული შემოსავლების 30-40% სოფლის ტურიზმზე მოდის, იგი შედარებით ახალი დარგია ამ სფეროში.

ტურისტებს ძირითადად ხიბლავთ სიძველეები, ისტორიული მხარეები, შუა საუკუნეების მონასტერები და ციხესიმაგრეები, მრავალფეროვანი ბუნება, ლამაზი პეიზაჟები, ოჯახური სიმყუდროვე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და საკვები, აქტიურად დასვენების პერსპექტივა. ამ მხრივ საუკეთესო პირობებს დამსვენებლებს სთავაზობს იტალია, ბულგარეთი, კვიპროსი. ლიდერად ამ საქმეში გვევლინება იტალია (ტოსკანა, ფლორენცია, პიზა, სიენა და ტრენტინო).

თანამედროვე განმარტებით სოფლის ტურიზმი არის მცირე ტურისტული ჯგუფების მიერ სოფლის ცხოვრების გაცნობის მიზნით ქალაქგარეთ დასასვენებლად მოგზაურობა. სტუმრები ფერმერის (გლეხის) ოჯახში ცხოვრობენ, ეცნობიან მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, მონაწილეობას ღებულობენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, სწავლობენ ტრადიციული ეროვნული კერძების მომზადებას, საშუალება ეძლევათ დაგემოვნონ ადგილობრივი დელიკატესები, ეცნობიან ეროვნულ ფოლკლორს და ადათ-წესებს, სურვილისამებრ სეირნობენ ცხენებით, ველოსიპედით, თევზაობენ, ნადირობენ, მასპინძლებთან ერთად ტყეში დადიან ხილისა და სოკოს შესაგროვებლად, საუზმობენ ფერმერის ოჯახთან ერთად. საღამოობით კოცონის გარშემო სასიამოვნოდ დროს ატარებენ საოჯახო გარემოში. ბავშვები ახლოს ეცნობიან ბუნებას, შინაურ ცხოველებასა და ფრინველებს.

 

აგროტურიზმის უპირატესობები

აგროტურიზმის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შედარებით მცირე დანახარჯებით სტუმარს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს აქტიური დასვენების მრავალფეროვანი  სერვისი.  ამიტომ მოთხოვნა ამ პროდუქტზე მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი მოთხოვნა სოფლის ტურიზმზე არ შემცირებულა.

აგროტურიზმზე სეზონურობა არ მოქმედებს, არ მოითხოვს დიდ კაპიტალურ დაბანდებებს ინვესტორებისგან. არ მოითხოვს დამატებითი მომსახურე პერსონალის დაქირავებას. სტუმრებს ფერმერის ოჯახის წევრები თავად ემსახურებიან. საჭიროებას არ წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანა/ტრანსპორტირება. ადგილზევე ხდება პროდუქციის მიწოდება. ტურისტების მეშვეობით ეფექტურად ხორციელდება ეროვნული ღირებულებების (ნაციონალური კულინარია, კულტურული ფასეულობები და სხვა) ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა, მისი პოპულარიზაცია და ექსპორტირება.

აგროტურიზმი ხელს უწყობს  სოფლებს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ამის საუკეთესო მაგალითია კვიპროსი და ბულგარეთი. კვიპროსზე 1991 წლიდან სპეციალური აგროტურისტული პროგრამა მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში 270 დასახლებულ პუნქტში სოფლის ძველი სახლების ნაციონალურ სტილში რესტავრაცია თანამედროვე კომფორტის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოხდა. კვიპროსის ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა ფინანსური მხარდაჭერა იმ ოჯახების მიმართ ვინც სოფლად ტურისტების მიღება გადაწყვიტა. შეიქმნა აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაცია, რომელიც წევრებს რეკლამის გავრცელებაში, თავისუფალი ადგილების ცენტრალიზებულად დაჯავშნაში და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული მომსახურების გაწევაში ეხმარება.

გასული საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში სოფლის მოსახლეობის მასიური მიგრაცია ხდებოდა დიდ ქალაქებში. სასოფლო სამეურნეო ბაზარზე ჭარბი მიწოდების გამო ფერმერების შემოსავლები ყოველწლიურად მცირდებოდა, სოჯახო სასტუმროების მოწყობის იდეამ ბევრი ადამიანი დაინტერესა. საწყის ეტაპზე გლეხები ერთმანეთს ხვდებოდნენ გამოცდილების გაზიარების მიზნით, მოგვიანებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შესძლეს. შედეგად ქსელად ჩამოყალიბდა საოჯახო სასტუმროები და ტურისტების ნაკადად მიღებაც შესძლეს. ახალგაზრდობა ტოვებდა სოფლებს პერსპექტივისა და შემოსავლის პოვნის იმედით. ახალმა ბიზნესპროექტმა გაამართლა და სოფლად ტურიზმის განვითარებამ შეანელა მიგრაციული პროცესი საფრანგეთში.

იმ ქვეყნებში სადაც კარგად არის განვითარებული აგროტურიზმი მთავრობა ხელს უწყობს ფერმერულ მეურნეობებს ტურისტების მოსაზიდად და ამისთვის მომსახურების სხვადასხა სერვისებს სთავაზობენ. ბენეფიციარებისათვის პროგრამაში მონაწილეობისათვის ეს უკანასკნელი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. კერძოდ, ფერმერი არ უნდა იყოს მოწყვეტილი ფერმას და საკუთარ საქმიანობას, ტურისტი აუცილებლად ფერმერის ოჯახში უნდა ცხოვრობდეს და იკვებოდეს ეკოლოგიურად სუფთა, იმავე ფერმაში მოყვანილი ან მეზობელი ფერმებიდან მოწოდებული პროდუქტით.

 

აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

თბილი კლიმატი, ზომიერად ნოტიო ჰავა, უხვმოსავლიანი ნიადაგი, წყალუხვი მდინარეები, მდიდარი ფლორა და ფაუნა (უნიკალური ხორბლის, ყურძნის, ვაშლის, ცხვრის ჯიშები და ა.შ), ისტორიული და ენთოგრაფიული ძეგლების სიმრავლე, რეკრეაციული გარემოს მრავალფეროვნება, ქართული ღვინის დაყენების, სხვადასხვა სახეობის ყველის წარმოების უნიკალურობა, ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა და სტუმრის პატივისცემის კულტურა, საშუალებას მოგვცემს წლის ყველა სეზონის განმავლობაში უწყვეტად განვავითაროდ აგროტურიზმი საქართველოში. ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელია, რადგან ყველას თავისი თავისებურება, კოლორიტი, ტრადიციები გააჩნია, რომელიც უნიკალურ დღესასწაულებში, განსხვავებულ რიტუალებსა და ადათ-წესებში გამოიხატება. საქართველოში აგროტურიზმი ეხლა იკიდებს ფეხს. მიუხედავათ იმისა, რომ აგროტურისტებს უკვე მასპინძლობენ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ამ დარგში არსებული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელი და ასათვისებელია.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს:

  • სასოფლო რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
  • ტურისტული სეზონურობის გაბათილებას (ტურისტების მიღება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძებელი).
  • ტურისტების მიზიდვას სოფლებში.
  • სოფლის მაცხოვრებლების მიგრაციული პროცესების შეჩერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
  • სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების განვითარებას.
  • მცირე და საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების შექმნას.
  • ბუნებრივი გარემოს დაცვას.
  • კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვასა და პოლურაზაციას.
  • ახალი, დივერსიფიცირებული ტურისტული სეგმენტის შექმნას.

საქართველოში სოფლის ტურიზმის განვითრების მიზნით აუცილებელია საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე დავუმკვიდროთ აგროტურისტული ქვეყნის იმიჯი, შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები აგროტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის. ჩავატაროთ შესაბამისი სარეკლამო კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით.

პირველ რიგში აუცილებელია შედგეს და დამუშავდეს აგროტურიზმის რეგიონალური ატლასი, რომელიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ საქართველოს თითოეულ რეგიონს რა პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით. საჭიროა დამუშავდეს და შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტულ მარშრუტებზე მდებარე ისტორიულ სოფლებში კულტურული ძეგლების, სოფლის ძველი  სახლების, თონეების, მარნების, ბეღლებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას და მათთვის ძველი ფუნქციის დაბრუნებას. ასევე სასურველია აღვადგინოთ ძველი სახალხო მედიცინა, სამკურნალო ბალახებითა და მალამოებით მკურნალობის  ტრადიციები. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსი ასაკის ტურისტული სეგმენტის მოზიდვას, რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო სამკურნალო მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს მასშტაბით, სოფლების მახლობლად მრავლად მოიპოვება სამკურნალო წყლები და ნაკადულები.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ტურისტულ ტურებს, რომელიც ქართული ღვინის მოყვანისა და წარმოების, ქართული ფარდაგების რეწვის, მრავალსახოვანი ქართული ყველის ამოყვანის, თიხის ჭურჭლის წარმოების კულტურას  გააცნობს სტუმრებს და სხვა.

აგროტურიზმის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია:

  • შესაბამისი ეკონომიკურ-სამართლებრივი ბაზა, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება.
  • ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ფართო ქსელის შექმნა, სადაც ინფორმაცია აგროტურისტულ ობიექტებზე სრულად შევა.
  • სოფლად აგროტურიზმის პოპულარიზაცია, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობის საშუალებით.
  • ინვესტიციების მოზიდვა ბიოპროდუქტის წარმოებისათვის.
  • აგროტურიზმისთვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო-საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების მომზადება და შექმნა.

 

გამოყენებული წყაროები:

https://gnta.ge/ge/

http://www2.unwto.org/

http://www.moa.gov.ge/

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული