კვირა, მაისი 19, 2024

“ხელისუფლებას არ აწყობს თავისუფალი, კრიტიკულად და საღად მოაზროვნე ადამიანები, ამიტომაც ანადგურებენ ამ იმედსაც” – გოჰარ აღჯოიანი

მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვებს, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი “რუსულ კანონს” უწოდებს, ემოციური შეფასებებით ეხმაურება წარმატებული ადამიანი გოჰარ აღჯოიანი, რომელიც, პირადი ცხოვრებიდან კონკრეტული მაგალითების მოყვანით, ცხოვრებაში წარმატებების მიღწევაში ქართული არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების თუ კეთილი ადამიანების უდიდეს წვლილსა და დამსახურებაზე საუბრობს:

მოგესალმებით.🤍 დღეს მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რა მივიღე დონორისგან, როგორი ცხოვრება მაქვს დღეს და როგორი მექნებოდა, თუ კი ეს დონორები და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არ იქნებოდნენ.

ჩემი ისტორია ბევრისთვის არ არის ცნობილი, უბრალოდ მე თვითონ არ მინდოდა ბევრი დეტალის გაჟღერება, ინტერვიუების დროსაც არ ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე, რადგან პირადი და სენსიტიური დეტალებით პიარი არ მსურდა, თუმცა დადგა ის დღე, როდესაც ყველაფერი უნდა იყოს ,,ღია და გამჭირვალე“.

ის ძლიერი გოჰარი, რომელსაც იცნობთ, სულ ესეთი ძლიერი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიბადე სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდ არაგიალში. გავიზარდე დედის გარეშე, მამასთან, არც ისე კარგ სოციალურ პირობებში. ეს ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა გარშემომყოფებისთვის ასე არ იყო, რადგან სოფელში ერთადერთი ვიყავი ვისაც დედა არ ჰყავდა, სახლში ინტერნეტი არ ჰქონდა, არც ტელეფონი, ლეპტოპი, არც კარგი სახლი. ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლიც, თუმცა იმ დროისთვის გააზრებული არ მქონდა მიზეზი. ახლა იმ ხალხის მიმართ წყენა საერთოდ არ მაქვს.

მე ცოდათი განსხვავებული ვიყავი, რაც ალბათ არ მოსწონდათ. ამ ყველაფრის გამო ჩემი თავი არ მიყვარდა, არაფრის იმედი ცხოვრებაში არ მქონდა, ჩემთვის არ ვიყავი სრულყოფილი და კარგი, ისეთი, როგორებიც იყვნენ სხვები. მე ვაკეთებდი ყველაფერს იმას, რასაც მეუბნებოდა მამაჩემი, მასწავლებლები და ა.შ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, რითაც მინდოდა იმის დამტკიცება, რომ ,,ნახეთ, დედა არ მყავს, თუმცა ყველაფერს ვასწრებ-თქო’’. ერთხელ ჩემ თვალწინ მოსწავლის მშობელმა შვილს დაარტყა, იმის ძახილით – ,,ეს ვინ არის რომ შენზე კარგად ისწავლოს, დედაც არ ჰყავსო’’. მაგ დროს მგონი მე-4 კლასში ვიყავი, თუმცა ძალიან მწარედ მახსოვს ეს წუთები. იმ მომენტში ის ბავშვი უფრო შემეცოდა, ვიდრე ჩემი თავი.

ხშირად ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები და ჩანთაც არ მქონდა. თუმცა ხასიათით ძალიან ამაყი ვიყავი და ისე ვიქცეოდი, თითქოსდა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო გარშემო. ამას ემატებოდა მამაჩემის მკაცრი, სტერეოტიპული აზროვნება. იმ პერიოდისთვის ჩემი არ ესმოდა (ახლა ვამაყობ შენითო), მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ კარგად უნდა მესწავლა, პედაგოგიკაზე უნდა ჩამებარებინა, ასევე იმას, რომ ქალის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ გათხოვება და შვილების ყოლაა. ეგრე გავიზარდე 17-18 წლამდე.
ერთ დღეს სიარული ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program, თავიდან იქაც ვიყავი ,,ზედმეტი’’, რადგან ყველაფრის მეშინოდა, საუბრისაც კი. ცენტრის თანამშრომლებმა(კოორდინატორი, დირექტორი) Ирина Карслян Нарине Гиносян ალბათ ჩემში დაინახეს რაღაც პოტენციალი (რომელსაც მე ვერ ვამჩნევდი) და სხვადასხვა ტრენინგზე მპატიჟობდნენ პერიოდულად. შემდეგ დავესწარი NDI Georgia (Marina Kupatadze სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი Samtskhe-Javakheti Media Center) ტრენინგს ბაკურიანში, სადაც პირველად გავიგე და გავიაზრე, რომ ქალებსაც აქვთ უფლებები, მე კი იმის უფლებაც არ მქონდა, რომ ჩემი მომავალი პროფესია ჩემით ამერჩია.💔
ჩავაბარე უნივერსიტეტში. თავიდან ფინანსურად ძალიან მიჭირდა, მამაჩემიც არ მაძლევდა ფსიქოლოგიაზე ჩაბარების უფლებას, და მეუბნებოდა, რომ პედაგოგიკას თუ არ ავირჩევდი, არ გამომიგზავნიდა ქირის თანხას. სულ ვტიროდი.😄
უცებ დამიკავშირდა Nino Eremashvili, და შემომთავაზა მოკლევადიანი სამსახური. მიცნობდნენ ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრიდან, (ანუ რომ არა იქ სიარული, აქაც არ ეცოდინებოდათ ჩემი არსებობის შესახებ). ცოტა ხანი მანდ ვიყავი, ქირას უკვე დამოუკიდებლად ვიხდიდი, ჩემთვის სასურველი პროფესიაც ავირჩია.
✅
შემდეგ გავწევრიანდი თსუ ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program. აქაც დიდი თანადგომა დავინახე Elene Jajanidze-ს მხრიდან, ცალკე Tamta Khutsishvili და Rusudan Chanturia-მაც ძალიან მამხნევებდნენ, და ვგრძობდი, რომ ამ უცხო ადამიანებს სჯეროდათ ჩემი.🫂
დროთა განმავლობაში ბევრ კარგ ადამიანს გავეცანი, ბევრ პროექტში ჩავერთე, და სრულიად შემეცვალა აზროვნება. ნელ-ნელა შემიყვარდა ჩემი თავი, მივხვდი, რომ განსხვავებული კი ვიყავი, თუმცა არა იმით, რომ ან დედა არ მყავდა, ან კარგი სახლი და ა.შ., უბრალოდ განსხვავებული ვიყავი, რადგან ყველანი ვართ ერთმანეთისკენ განსხვავებულები, ინდივიდუალურები, განსაკუთრებულები. ✨
დღესდღეობით ვარ უამრავი პროექტის თანამონაწილე, ვარ ტრენერი და მაქვს ჩატარებული უამრავი ტრენინგი, შეხვედრები, სხვადასხვა აუდიტორიისთვის, სხვადასხვა რეგიონებში. ✨გავხვდი ფსიქოლოგი, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. ✨
ახლა უამრავ ადამიანს სჯერა ჩემი, მეკითხებიან რჩევებს, მეუბნებიან, რომ მათთვის მოტივაცია ვარ, ბევრ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ და ბევრგან რამდენჯერმე ვარ მოწვეული, როგორც ტრენერი. ✨მიყვარს ჩემი საქმე. ✨

თუმცა❗️❗️❗️

მექნებოდა ეს საქმე, პროფესია, სანაცნობო წრე, პიროვნული, ემოციური, ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ არა ის ორგანიზაციები, რომლებიც აქ საქმიანობენ, ის პროექტები, რომლებსაც ახორციელებენ, ის დახმარება, რომელსაც უწევენ აქ მცხოვრებ ხალხს ეს ადამიანები? და ეს ადამიანები ამ ყველაფერს როგორ აკეთებენ? რა თქმა უნდა, ჩვენი დონორების, იმ კარგი ხალხის მეშვეობით , რომლებსაც უნდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაძლიერება.

და ახლა რომ ვიღაცეები უკვე ძლიერები ვართ, მორჩა?! არაფერში არ გვჭირდება ეს ხალხი?! და კიდე ბევრი ჩემსავით პატარა გოგო-ბიჭიცაა ხომ, ვისაც ისევე სჭირდება დახმარება, როგორც მე მჭირდებოდა?!

და ახლა იმის გამო, რომ ვიღაცეებს უნდათ რუსული კანონების მიღება, რადგან მშიშრები და უმადურები არიან, ეს ბავშვები, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი რატომ უნდა დაზარალდეს?

ჩვენი ცხოვრება ერთგვარი ჯაჭვია. ჩემ ცხოვრებაში რომ არ ყოფილიყო ეს ხალხი, ორგანიზაციები, დონორები, მეც არ ვიცი სად და როგორ ვიქნებოდი ახლა. და ჩემსავით იცით რამდენია?!🙂

ამ ქვეყნისთვის და ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ამ და სხვა ორგანიზაციებმა, ახლა კი სორცხვილია ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მოღალატეებმა!

პ.ს. და რომ არა ეს ტრენინგები, ეს ხალხი, ალბათ დღემდე მექნებოდა ის განცდა, რომ არ ვიყავი სრულყოფილი, არ ვიყავი საკმარისად კარგი. 💔
გავიზარდე ამ ტრენინგებით, გავიზარდე პიროვნულად და ახლა მე ვცდილობ სხვების დახმარებას, მაგრამ ხელისუფლებას არ აწყობს თავისუფალი, კრიტიკულად და საღად მოაზროვნე ადამიანები, ამიტომაც ანადგურებენ ამ იმედსაც.💔“, – წერს გოჰარ აღჯოიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული