კვირა, მაისი 5, 2024
Home Blog Page 4

უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრში დასარეგისტრირებელია “ქართული ოცნება”, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი – გიორგი ვაშაძე

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?!“ – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის ლიდერს ანრი ოხანაშვილს.
ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე სადაც უცხო ძალის კანონის განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ რუსული ძალის გამტარებლად დაასახელა:

ხშირად სვამთ კითხვას თუ რატომ არის ეს კანონი რუსული და მეოთხე პუნქტშიც გაქვთ უცხო ძალის ინტერესებთან საუბარი. მე ვფიქრობ ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი.

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?!“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება” – კახა კალაძე

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რეგიონებიდან დემონსტრანტების საპროტესტო აქციაზე ჩამოყვანის ორგანიზების კამპანიას ეხებოდა.

შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარის განხორციელება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არ არის საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება. 2024 წელია და გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ამის შეფასებას რომ ვერ აკეთებენ, ეს ცალკე უბედურება და ცალკე უდიდესი პრობლემაა.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, გააპროტესტოს, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციასთბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ჩვენ სინამდვილეში ვნახეთ ადამიანური ტრაგედია” – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ეხმაურება:

ჩვენ სინამდვილეში ვნახეთ ადამიანური ტრაგედია.

ვუყურებდით, როგორ იმსხვრეოდა მთელი მისი ცხოვრებით შექმნილი ერთგვარი წარმატების და უძლეველობის მითოლოგია და სრულიად უსუსური და შიშველი, გაბოროტებული, “მასოვკის” თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს. დაუნდობლად ცდილობდა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში, რადგან მის შემდეგ “ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა”…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი

“ეს ყალბი გამჭვირვალობა რატომ დააკოპირეთ რუსეთიდან?!” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

პარლამენტის სესიაზე პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ კონკრეტული შეკითხვებით მიმართა ე.წ. “რუსული კანონის” ავტორებს:

ბატონო ანრი, მე მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა. ხელში მიჭირავს რუსეთში მიღებული კანონი და თქვენს მიერ ინიცირებული კანონი. რა გარემოებამ გამოიწვია ის, რომ თქვენს მიერ ინიცირებული კანონის მიზანი და საქმიანობის სფერო ერთი-ერთში ემთხვევა რუსეთში მიღებული კანონის მიზანს და საქმიანობის სფეროს.

ზუსტად იგივე ცრუ გამჭვირვალობა არის მოტანილი თქვენს მიერ არგუმენტად, როგორც არის რუსეთის შემთხვევაში. რამ გამოიწვია ის გარემოება, რომ ერთი-ერთში ფაქტობრივად ტექსტუალური შინაარსითაც კი ემთხვევა რუსეთში მიღებული კანონი და თქვენს მიერ ინიცირებული კანონი. უფრო მეტიც, ხელში მიჭირავს ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც სწორედ საქმიანობის სფეროზე და მიზანთან დაკავშირებით გეუბნებათ და მაინტერესებს რატომ არ ითვალისწინებთ ამას და ითვალისწინებთ რუსეთის მიერ მიღებული კანონის მიზანს და შინაარსს?!

ასოციაციების დაფინანსების, გამჭვირვალობის, გახსნილობისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, როგორც ეს აღწერილია ზემოთ აღნიშნულ საერთაშორისო დოკუმენტში“ – ანუ პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არ არის არანაირი ლეგიტიმური მიზანი, მხოლოდ რუსეთი მიიჩნევს ლეგიტიმურად ამას.

რატომ ემთხვევა თქვენი აზრი პირდაპირ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ კანონს, რომელზეც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და მთავარი, სწორედ საქმიანობის მიზანი და სფერო, რომელიც გაქვთ თქვენ მოყვანილი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს. მაშინ რა საერთო გაქვთ ევროკავშირში ინტეგრაციასთან. არ მომიყვანოთ ახლა მაგალითად საფრანგეთი, ბრიტანეთი, ამერიკა იმიტომ, რომ იქ უსაფრთხოებაა მიზანი და არა გამჭვირვალობა. ამიტომ ეს ყალბი გამჭვირვალობა რატომ დააკოპირეთ რუსეთიდან?!“ – განაცხადა ვაშაძემ

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ამ თვალიდან შეიძლება ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს 5 თვის მერე” – ლევან ხაბეიშვილი

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომხდარ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა, რა დროსაც იგი სასტიკად სცემეს სამართალდამცავებმა:

,,გეტყვით, რა მოხდა რეალობაში. ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როცა აქციაზე ინტერვიუს ვიძლეოდი და ეს პირდაპირ ეთერში იყო. ცხადია, როგორც კი დავინახე ბავშვი რომ შეჰყავდათ, გავემართე ამ ბავშვისკენ, რომ ,,იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია და იქნებ ასე არ მოექცეთ”. ამის შემდეგ, როცა უკვე ,,ხარებას დაჯგუფების” ალყაში მოვხვდი, სხვათაშორის, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ…

როცა მირტყამდენ მეუბნებოდნენ, რომ ,,შენ გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე”. იძახნდნენ – ,,მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა”. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ,,ჩმორი ვარ” და ამ შემთხვევაში, აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი.

ეს არის რუსეთი, რასაც ხედავთ ჩემს ტანზე. ჩემდა სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება გაგიხარდათ ხაბეიშვილს ასე რომ აქვს, მაგრამ ჩვენ შვილებს დასდევდნენ ესენი იქ [აქციაზე].

მე მახსოვს, აქ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ,,ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო”. მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა.

მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უსწორდებიან ქვეყანაში, მაინც და მაინც დემოკრატიის მაჩვენებლი არ არის, იმ ახალგზარდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაში ურტყეს და დაალურჯეს, იქნებ ეს კანონი გაიტანოთ. 5 თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, გაივლის… ამ თვალიდან შეიძლება ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს 5 თვის მერე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ცნობისათვის: ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან წაიყვანეს. პარლამენტის წევრი სასტიკად ნაცემია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ჩემო ბიძინა, მსოფლიოსთან ომში ჯერ არავის გაუმარჯვია და მაგ საქმეს მარტო პუტინი არ შველის” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეკრებას ეხმაურება, კონკრეტული გზავნილებით:

გუშინდელმა დღემ კადაფის ბოლო გამოსვლები გამახსენა. მმართველობის მიწურულს ისიც გაიძახოდა, რომ მთელი მსოფლიო მას ეომებოდა, მაგრამ გამარჯვებას აპირებდა.

ჰოდა, ჩემო ბიძინა, მსოფლიოსთან ომში ჯერ არავის გაუმარჯვია და მაგ საქმეს მარტო პუტინი არ შველის.

მითუმეტეს, რომ მსოფლიოს თან ერთვის ქართველი ხალხის აქტიური წინააღმდეგობაც.

შენთვის გასაგებ ენაზე გეტყვი:

“Пора собирать манатки”, განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ

გუშინ იყო ივანიშვილის საბოლოო coming out. ყველაფერი რისი თქმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა, გუშინ ბოლომდე ამოღერღა.

თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რამეში, მე მგონი გუშინდელი დღის შემდეგ, ყველაფერი დღესავით ნათელია და ისეთივე კონტრასტია, როგორც განათებულ, ახალგაზრდულ, მოღიმარ რუსთაველსა და გაბოროტებულ, გაუბედურებულ, დაბნელებულ რუსთაველს შორის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი” – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

2024 წლის 30 აპრილს, აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა აქცია.

სამართალდამცველები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას.

დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქცია პარალელურად დაიწყო პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა განათავსეს სცენა. აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები, პოლიციამ უზრუნველყო მათი მშვიდობიანი გადაადგილება ასევე, საჭიროებისამებრ რუსთაველის გამზირზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, მათ შორის, იმართებოდა პლენარული სხდომა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან.

ისინი ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის.

სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალურ საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, ისინი პოლიციის მისამართით ხშირად ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა.

საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.

ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა.

აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საავტომობილო გზებზე განზრახ შექმნან დაბრკოლებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

“ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს “გამარჯვების კოალიციაში” შემავალი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე სასტიკად ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით:

მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქყვეყნის და ხალხის ინტერესები.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებებზე.

მოვუწოდებთ პოლოციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

არა რუსულ კანონს!
არა რუსულ რეჟიმს!
საქართველო გახდება ევროპა.
საქართველო გაიმარჯვებს!” – აცხადებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”.

შეზღუდვები სს “თელასი”: 2 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

2 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვაჭანტირაძის, შალვა მშველიძის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, შოთა ნიშნიანიძის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ნადიკვარი-2 დასახლების (ნაწილობრივ), ბეჟან კალანდაძის, კრწანისის, ორთაჭალის და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, სულხან ცინცაძის, საირმის, კუტუზოვის, გამრეკელის, ზაურ ბოლქვაძის, პანკისის, ზურაბ ქაფიანიძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იყალთოს, კოსტავას და გურამ ბზვანელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის და ქრისტეფორე არეშიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), იროდიონ ევდოშვილის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თინათინ ბოკუჩავა უმრავლესობას: “თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას წაართვათ ევროპული მომავალი”

გუშინ ჩვენ ვიხილეთ „რუსული სამთავრობო მარში“, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით და მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი საქართველოს რეგიონებიდან და სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე ბიძინა ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე უწევდა სიტყვით გამოსვლა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იმ ხალხის ნდობა, ვინც შესაძლოა 2012 წელს მათ მხარი დაუჭირა, დაკარგა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უკვე ღიად გადაუხვია ქვეყნის ევროპულ კურსს.

თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას წაართვათ ევროპული მომავალი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ყოველწლიურად ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები იმიტომ, რომ შეუძლებელია გაღარიბებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არსებობს პერსპექტივა, არ არსებობს სამუშაო ადგილები და ერთადერთი შანსი არის საჯარო სექტორში მუშაობა, სადაც ძალდატანებით, ადამიანებს ტაშის დამკვრელებად ამუშავებთ. მაგრამ, ამაზეც უარი თქვეს ამ ადამიანებმა იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით, რომ თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი წაართვათ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს