სამშაბათი, ივლისი 29, 2025
35.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1653

უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობენ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისკენ:

როგორც ვხედავთ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. სამწუხაროდ, საქართველოშიც იზრდება ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ყველას მოგვეხსენება, ჩვენ ამავე დროს ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში, სულ რამდენიმე დღეში ქვეყანაში არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ ყველანი ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობენ.

მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, დავიცვათ წესები და ვატაროთ პირბადე.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, ეს არის სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. ყველა ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე დღე რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება ის წესები დაცული, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს კოვიდის პირობებში, როგორ შეგვიძლია  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული ღია არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მხარდაჭერის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე და იწყება 1 ნოემბრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენური და კორონა კოლაფსიდან ვიხსნათ ქვეყანა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ესაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენებლობა იქნება, სადაც საქართველოს თითეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს და მათ პერსპექტივა გააჩნიათ სწორედ ამ ქვეყანაში. პარტიის პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აფრთხილებს არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და მის „ფულის მკეთებელთა“ გუნდს აუცილებლად გაისტუმრებს ოპოზიციაში, ხელისუფლებაში კი მოვა საქმის მკეთებელთა გუნდი:

ჩვენ ერთად დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია – აღმშენებლობის, საქმის კეთებისა და საქმეზე ორიენტირებულობის კამპანია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ნიჰილიზმს იყო მიცემული ვუთხარით, რომ საქართველოს პერსპექტივა გააჩნია, ჩვენ გვჯერა ამ პერსპექტივის და ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე და ყველას მინდა მოგიწოდოთ: თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს წყვეტს, თქვენი ერთი ხმა არის ის მნიშვნელოვანი ხმა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საქართველოს მომავალი არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ განსაზღვროთ შემდგომი ათწლეულები. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენ წავალთ წინ თუ წავალთ უკან, დავიწყებთ ახალი განვითარების ეტაპს თუ ჩავიძირებით ღრმა ჭაობში. ახლა თქვენს ხელშია ეს გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა,” – განაცხადა გიორგ ვაშაძე და განსაკუთრებული მადლობა ისნელებს გადაუხადა, იმ თბილი შეხვედრების, დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამო, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა მის მიმართ გამოხატავენ.

ჩვენ შევძელით, რომ ეს ნდობის ველი გაგვება ერთმანეთში და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ სწორედ აი ეს ნდობის ველი იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ავაშენებთ ახალ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისი ღირსეული ადგილი, თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს ამაყად, როგორც საქართველოს შვილი.

აღმშენებლობა, ეს არის იდეა, რომელსაც ჩვენ დაპირისპირების საპირწონედ გთავაზობთ, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რა გვინდა ქვეყანაში? გვინდა გავაგრძელოთ ეს დაპირისპირება, ურთიერთგაუტანლობა, მუდმივი შუღლი თუ გვინდა, რომ საქმეზე, ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაზე ვიყოთ კონცენტრირებულები. დიახ, ამიტომაც არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას,”- აღნიშნა ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ერთად დგომის საქმეში შალვა ნათელაშვილის მნიშნელოვან როლზეც მიანიშნა.

ამ ერთობით მოვდივართ ჩვენ არჩევნებში. დიახ კოალიციური მმართველობით, დიახ ხალხზე მსახურებაში კონკურენციით მოვდივართ. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიდის, მათ აქვთ პერსპექტივა ამ ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადმიანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოდის და რაც შეიძლება მეტი პრობლემა იქნება გადაწვეტილი, კერძოდ სამი დიდი კოლაფსური სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს:

1. ეკონომიკური კოლაფსი;

2. კრიმინოგენური კოლაფსი;

3. კორონა კოლაფსი;

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ კოლაფსიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა სამივე მიმართულებით, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და შევზღუდოთ კორონა ვირუსის განვითარება, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, დღეს ხელისუფლებაში მყოფი, უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. დამერწმუნეთ და გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს და გვამოძრავებს, არის შევცვალოთ ის უსამართლო სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, დავამარცხოთ უსამართლობა. უსამართლობაა, როცა ფულის მკეთებლები არიან ხელისუფლებაში, ხალხი კი ღარიბდება, უსამართლობაა, როცა ქვეყანას, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს, ვერ აღწევს ვერაფრით წარმატებას. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ სიღარიბეში ცხოვრებას, საქართველო არ იმსახურებს მძიმე ვითარებაში ყოფნას და იმ უსამართლობას არც ერთი საქართველოს მოქალაქე.

სწორედ ამიტომ ერთად დგომით, ერთიანობით 31 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენთან ერთად მინდა აქედან გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი ფულის მკეთებელთა გუნდი, რაც არ უნდა შეეცადოთ იცოდეთ, არ მოგცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას, ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, აუცილებლად გაგისტუმრებთ ოპოზიციაში და ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა საქმის მკეთებელთა გუნდი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად, სწორედ ეს იდეა იყო თავიდანვე, აღმშენებლობა, საქმის კეთება, წინსვლა და პერსპექტივა. დამერწმუნეთ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი 31 ოქტომბერს თქვენს ხელშია და არა ივანიშვილის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შორენა ლობჟანიძე “ავერსის კლინიკას” წინააღმდეგ

მოქალაქე, რომელმაც 2016 წელს კონსულტაციისთვისა და პროცედურისთვის „ავერსის კლინიკას“, რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას მიმართა, დღეს ორი ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შორენა ლობჟანიძე გახლავთ პაციენტი, რომელიც 3 წელზე მეტია „ავერსის კლინიკას“ ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობს ის სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში.

  • ქალბატონო შორენა, როგორ დაიწყო თქვენი და „ავერსის კლინიკის“ ურთიერთობა, რა მიზეზით მიმართეთ მათ?

– 2016 წლის 9  სექტემბერს კონსულტაციისთვის მივაკითხე შპს ,,ავერსის კლინიკის“  ყბა-სახის ქირურგს-ლევან ხარატიშვილს და სწორედ აქედან მოყოლებული დაიწყო ყველაფერი. სამწუხაროდ ვენდე როგორც პაციენტი ექიმს, რამაც ფაქტიურად ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა.

  • რა სახით წარიმართა მკურნალობა? რა კონკრეტულ პრობლემას წააწყდით და რის გამო წარმოიშვა ის? რა ხერხით შეეცადნენ კლინიკის თანამშრომლები ამ პრობლემის მოგვარებას?

– ლევან ხარატიშვილის მიერ 1.5 თვიანი ინტერვალებით  ჩატარებული 2 ქირურგიული მანიპულაციის შემდეგ, კიდევ დამატებით ჩამიტარდა 2 ოპერაცია, რადგან გაუსაძლისი ტკივილები მქონდა ზედა ყბაზე და იმპლანტი ჩამოიწია. მეუბნებოდა, რომ ოპერაციის დროს ჭრილობაში ჰაერი იყო შეპარული. ტკივილები მაინც არ ჩერდებოდა. შემდგომ მეუბნებოდა, რომ იმპლანტაციის ანამნეზი ასეთია და შესაძლოა თვეობით გაგრძელებულიყო ტკივილები.

ექიმი ორთოდონტი – ზურაბ ლაფაური რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებდა ყბების და კბილების ანაბეჭდებს. მასთან ვიზიტებისას გაუსაძლისი ტკივილის ფონზე 2-ჯერ დავკარგე გონება. ვერ ვიგებდი რატომ უნდა ყოფილიყო ყბის ძვალში ჩასმული იმპლანტები ესოდენ მტკივნეული. ვეხვეწებოდი ანესთეზიის გაკეთებას, რაზეც კატეგორიულ უარს მიცხადებდა ,,ზუსტი ანაბეჭდების აღებას ხელს უშლის“-ო. ის შეპირებულ ვადებშიც ვერ ჩაეტია. ბოდიშს მიხდიდა და მატყუებდა, რომ ისრაელის ლაბორატორიიდან ჩემი მასალა ჯერ არ მიუწოდებიათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩასმული იმპლანტები იმდენად არასწორად არის, რომ რკალს არ ქმნიან, ამიტომ უჭირდა კბილების გაკეთება.

2018 წლის 9 იანვარს, დამიბარეს კბილების ჩასასმელად. მოსაზომებლად პირის ღრუში კბილების ხიდების ჩასმის დროს ღრძილებზე ვიგრძენი მოცულობითი მასა და ვერ მივხვდი რა იყო. მოვითხოვე სარკე, რომელში ჩახედვის შემდეგ მივიღე აბსოლუტური შოკი. პირში ჩადგმული მქონდა ჩემს სახესთან შეუსაბამო დიდი ზომის, არასტანდარტული კბილები, რომლებიც ჩასმული იყო განსხვავებული შეფერილობის ხელოვნურ ღრძილებში. ზურა ლაფაურთან მომივიდა კამათი, რადგან ხელოვნურ ღრძილებზე არცერთ ექიმთან, მკურნალობის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საუბარი მათი მხრიდან, არც ოპერაციებამდე და არც მათ შემდეგ. ზურა ლაფაურს გაუკვირდა, რომ მე მადლიერების ნაცვლად უკმაყოფილებას გამოვხატავდი. „თითოეული კბილის გარშემო ხელოვნური ღრძილის დამზადება ჩვენთან 50 ლარი ღირს, საჩუქრად გაგიკეთეთ, ეს რა უმადურობაა, მადლობის მაგიერი ხართ“-ო, რამაც აღმაშფოთა და უზომოდ გამაკვირვა, რადგან გამორიცხული იყო შპს ,,ავერსის კლინიკას“ ჩემთვის 28 კბილის ერთეულზე გაკეთებული ხელოვნური ღრძილების თანხა (28ც. X 50ლ.) 1400 ლარი ეჩუქებინა. ვკითხე, რომ როდესაც ასე თვითნებობდნენ, რა გარანტია ჰქონდათ, რომ  საჩუქარს მე მივიღებდი? ჩემმა ზედმეტად ფიცხმა რეაქციამ იმდენად დააბნია ზურა ლაფაური, რომ გამწარებულმა მომაძახა ,,მე რას მერჩით, იმპლანტებია არასწორად ჩასმული, რაც შევძელი ის გავაკეთე, რომ როგორმე კბილები გქონოდათ, მეტი რა გავაკეთოო“.

  • საინტერესოა რა პოზიცია ეკავა თავად „ავერსის კლინიკის“ ადმინისტრაციას?

– სწორედ ზურა ლაფაურთან დაუსრულებელი დავის გამო იძულებული გავხდი ტელეფონით დავკავშირებოდი შპს ,,ავერსის კლინიკათა“ ქსელის გენერალურ დირექტორს დიმიტრი ჯორბენაძეს, რომელმაც საკითხში გასარკვევად დამიბარა შეხვედრაზე. ჩემი პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ დიმიტრი ჯორბენაძე და მისი გუნდი დაინტერესებულიყო, თუ რატომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილები, იქვე გადაეღოთ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია, ენახათ იმპლანტების პოზიციები და გარკვეულიყვნენ სიმართლეში,  გადმოვიდნენ თავდასხმასა და შეურაცხყოფაზე.

  • ამის შემდეგ რა გზას მიმართეთ? იყო თუ არა ამ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება?

– უკვე ამის შემდგომ დავიწყე დამატებითი გამოკვლევების კეთება და მასალების სხვადასხვა ექიმებისთვის ჩვენება საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ. პასუხი იყო ერთნაირი. ორივე ყბაში ჩასმული 20 იმპლანტიდან, მხოლოდ ერთი იყო სწორად.

დაზიანებული მაქვს ორივე ყბის ძვალი, იმპლანტები მოთავსებულია არა ყბის ძვლებში, არამედ ყბის ძვლებსა და ღრძილებს შორის, იკვეთება პოროზული უბნები. რამდენიმე იმპლანტი მოთავსებულია ჰაიმორის წიაღებში და სხვა. განმეორებითი გამოკვლევებისა და ექსპერტიზის გავლის შემდეგ მომენიჭა უვადო მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა).

აქვე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ავერსი”-ს ერთ-ერთი ტყუილი იყო იმპლანტების მწარმოებელი ქვეყანა, რომლის მიხედვითაც ხდება პაციენტის მიერ არჩევა. რადგან ქვეყნის და წარმოების მიხედვით იმპლანტებს თავისი მახასიათებლები აქვს. მე მომატყუეს იმპლანტების წარმომავლობა და მანამ მეგონა, რომ ჩასმული მქონდა ისრაელის იმპლანტები, სანამ სასამართლოსთვის იმპლანტების პასპორტების გამოთხოვა არ დამჭირდა. თურმე თითოეულ იმპლანტს თავის პასპორტი ჰქონია. სწორედ ასე დადგინდა, რომ იმპლანტები წარმოებული იყო ბუდაპეშტში და არა ისრაელში, რაშიც მე შეთანხმებული ვიყავი და თანხა გადავიხადე.

სარჩელით მივმართე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, გენერალურ პროკურატურას, ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს. დღემდე ვითხოვ მათგან, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა უკვე წლებია უშედეგოდ.

მესაჭიროება ორი ოპერაცია და შემდგომი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურისგან დღემდე არ ვარ ცნობილი დაზარალებულად.

ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ორჯერ განაცხადა უარი ჩემ ექსპერტიზაზე სპეციალისტების არ ყოლის გამო. არ იჩენენ კეთილ ნებას და მსოფლიო საექსპერტო ბიუროდან არ ითხოვენ დახმარებას, არ იწვევენ სპეციალისტს, რადგან თურმე ასეთ ქმედებებს მხოლოდ მაღალჩინოსნების გამო ახორციელებენ.

სტომატოლოგთა ასოციაციამ მეორეჯერ განაცხადა უარი სპეციალისტის გამოყოფაზე, რადგან მათ მიერ პირველად გამოყოფილი კადრი წარმოადგენდა მხარეს, ფიგურირებდა სარჩელში და იძულებული ვიყავი ამეცილებინა.

ასევე იძულებული გამხადეს ამეცილებინა საქალაქო სასამართლოში დანიშნული პირველი მოსამართლე, რადგან ისიც წარმოადგენდა მხარეს. მეორე მოსამართლემ თავად აიცილა საქმე, ხოლო მესამე მოსამართლეს დღემდე არც კი გახსენებია, რომ პროცესი დროულად უნდა დანიშნოს იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ჯანმრთელობას ეხება და ყოველი გადაცილებული დღე შეუქცევად კვალს მიტოვებს.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ შემიჩერა უვადო შშმ სტატუსი და მაიძულებენ ხელმეორედ გავიდე კომისიაზე. პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი. კომისიაზე გასასვლელად გამომიგზავნეს მხოლოდ იმ კლინიკების ნუსხა, რომელიც ,,ავერსის“ საკუთრებაშია და იქ ყბა-სახის ქირურგებად საქმესთან შემხებლობაში მყოფი, დაინტერესებული მხარეები მუშაობენ ანუ ის პიროვნებები, რომელთა გვარ-სახელებიც საქმეში ფიგურირებს.

  • რა არის იმის მიზეზი, რომ სიმართლე ჯერ-ჯერობით ვერ დამტკიცდა?

– გაუმართავი ინსტიტუციები  და მონოპოლისტის წინააღმდეგ წასვლის შიში. დაუცველი ექიმები და მათი უფლებები. იცით, არ არსებობს კანონი, რომელიც ბრმა შერჩევის წესით არჩეულ ექიმს დაავალდებულებს ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღებას. ეს ნებაყოფლობითია. ჩემ გამო „ავერსის“ წინააღმდეგ წასვლა კი არავის სურს, ცამდე მართალიც რომ ვიყო.

უკვლებლივ ყველა ის ექიმი ვისთანაც ვიყავი გამოკვლევებზე და კონსულტაციებზე, პირად საუბრებში მიდასტურებენ რაც დამმართა „ავერსის კლინიკამ“, არის ვიშვიში და თანაგრძნობა, თუმცა ყველაფერი ქრება, როგორც კი ამ ყველაფრის დაწერას ვთხოვ. სიმართლის დაწერაზე ვსაუბრობ. არა შელამაზებულ ან ჩემ სასარგებლოდ დაწერილზე, არამედ სიმართლეზე. გამოკვლევების ჩატარების დროს კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ ტყუილის თქმაც კი დამჭირდა, რომ როგორმე ჩემთვის რადიოლოგს დასკვნა დაეწერა. მოვიტყუე, რომ თავის ტკივილები მაწუხებდა. პასუხებს, რომ მაძლევდა, მომილოცა სიმსივნური კერები არ გაქვთ, გილოცავთო. გულწრფელად შემრცხვა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან მანამდე ყველა რადიოლოგმა მხოლოდ კვლევების დისკი გადმომცა დასკვნის გარეშე, ჩვენ დასკვნებს არ ვწერთო. ის კი არა, როდესაც სასამართლოსთვის საბუთებს და მტკიცებულებებს ვაგროვებდი, კლინიკებიდან გადახდის ქვითრები მოვითხოვე არ მაძლევდნენ მონაცემთა ბაზა წაგვეშალაო. როდესაც არ შევეშვი, შვილები მაფიცეს, რომ ,,ავერსი“ მათ არაფერს დაუშავებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს ჩემ მიერ გადახდილ თანხებზე ამონაწერი.

  • როგორია დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– დღეის მდგომარეობით სახე მაქვს აბსოლიტურად დამახინჯებული, მაქვს მუდმივი ტკივილები, რომელიც გადადის ყურზე და თვალზე. გამომივარდა ქვედა ყბა. პერიოდულად მაქვს სიცხეები, ცხვირიდან ლიმფის და სისხლის დენა, ცხვირის ორივე ნიჟარა დეფორმირებულია, დაზიანებულია ჰაიმორიტის ღრუ, მაქვს გამონადენი ყელში, ვერ ვიკვებები როგორც ნორმალური ადამიანი და კვების დარღვევის გამო დამიავადდა საჭმლის მომნელებელი სისტემა. ვარ სისტემატიურად გამაყუჩებლებზე და კუჭის წამლებზე.

შპს ,,ავერსმა“ კვაზიმოდოდ მაქცია.

სააგანტო “პარალელი” მზადაა სურვილის შემთხვევაში ანალოგიური ინტერვიუ თუ კომენტარები ჩამოართვას პუბლიკაციაში ხსენებულ, “ავერსი კლინიკას” წარმომადგენლებს. სააგენტო მომავალშიც დაუბრუნდება ამ საკითხს და შეეცდება მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ყველა მხარისგან.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

მხდალი ადამიანი საკუთარ წაგებას ვერ აღიარებს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე “იფსოსის’’ კვლევის შედეგებს ეხმიანება და პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა გვარამიას მიერ ხსენებულ სამ ოლქში, მმართველი პარტიის ერთი კანდიდატი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა:

‘‘გუშინ დაიდო ე.წ. ‘‘იფსოსის’’ მონაცემები, რომლის მიხედვითაც მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს, თანაც პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან, (კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი) თუ რომელიმე მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. რაც შეეხება იმ საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მათგანი მოიგებს, შევთანხმდეთ, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ბუნებრივია, ის ამაზე ვერ წამოვა გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მხდალი ადამიანი და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას, გადაეცით ეს თქვენ ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველ მოსახლეობას მომდევნო 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები შეუმსუბუქდებათ:

‘‘როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:

  1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთმდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.
  2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.
  3. გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 3-მდე – 650 ათას ოჯახს.
  • სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დახმარებაზე თქვას უარი.
  • გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ,’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდები საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  რამდენიმე დღეა დარჩენილი და  საარჩევნო  კამპანიაც თითქმის დასრულებულია.  კოვიდპანდემიის გამოწვევის გარდა წლევანდელი წინასაარჩვნო პერიოდი  საინტერესო ონლაინ პლატფორმების აქტიური გამოყენების თვალსაზრისითაც იყო, რამაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ძირითად პროცესზე  დაკვირვების შესაძლებლობა მისცა.

ინტერნეტ მედია ჰოლდინგი „პარალელი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ევროპაში მოღვაწე  წარმატებული  ახალგაზრდები  საქართველოში  არსებულ საარჩევნო გარემოს, რას მიიჩნევენ ისინი ქვეყნის მთავარ პრობლემად და რამდენად ხედავენ  სამშობლოში დაბრუნების  პერსპექტივას.

ჩვენ ვესაუბრეთ ესტონეთში  მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებსაც  ევროპაში სწავლისა და მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.

ესტონეთის საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის სპეციალისტის და სან დიეგოს უნივერსიტეტის დოქტორანტურის მე 2 კურსის სტუდენტის,  ვალერიან გოგუაძის აზრით, ქართული საარჩევნო სისტემა მენეჯმენტის კუთხით საკმაოდ დაიხვეწა, თუმცა ამომრჩევლისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და  ბევრი იმედგაცრუების  გამო  ნდობის პრობლემა  არსებობს.

იმასთან შედარებით, რაც ძველად იყო, საარჩევნო გარემო საკმაოდ განვითარდა. ვგულისხმობ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურობას. ჩემი აზრით, ადამიანები  სამოქალაქო ცხოვრებაში უფრო მეტად არიან ჩართული, თუმცა ვფიქრობ, რომ კოვიდ-19-ის დროს ზოგადად რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან საზოგადოება დაძაბულია და სიტუაცია ყოველდღე რთულდება.

 რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ისინი  მაშინ ჩნდებიან, როდესაც  ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდებათ. ხოლო, როცა ხალხს მათი იმედი აქვს ყოველთვის იკარგებიან.  პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ დანაპირები სიკეთის ერთ პროცენტსაც კი არ ასრულებენ ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა და შესაბამისად,  ნდობის პრობლემა იქმნება“, – აცხადებს ვალერიან გოგუაძე.

ვალერიან გოგუაძის შეფასებით, დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა დაბალი სამოქალაქო ცნობიერება და  სუსტი განათლების სისტემა არის, ამიტომ ის, როგორც პედაგოგი, ჯერ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს.

დღეს ძალინ ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან  შესაბამისი უნარ-ჩვევები (კრიტიკული აზროვნება, შემწყნარებლობა, მიმღებლობა), განვითარებული არ აქვს.

 სიმართლე გითხრათ, მე ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან  საქართველოს განათლების  სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არც გაუმჯობესების მზაობა არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობა ონლაინ სწავლებისთვის მზად არ არის, ქვეყანაში არ არსებობს  შესაბამისი კურიკულუმი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება  საგაკვეთილო პროცესი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  დაგეგმოს. ამისთვის არც ტექნიკური და არც ინფრასტრუქტურული ბაზა არ არსებობს. განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში და ქალაქის ბევრ სკოლაშიც კი…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე როგორც მასწავლებელი, ჩემს მომავალს  საქართველოში ვერ ვხედავ. არ მინდა თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმების გარეშე ერთ ადგილზე  ვიჯდე  გაყინული და ისევ ძველი მოდელით, მხოლოდ წიგნებით ვასწავლო. 

არც ფინანსური ინტერესი მაქვს, რადგან ევროპასთან შედარებით ჩვენი პროფესია საქართველოში საკმაოდ დაბალანაზღაურებადია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  აქ მასწავლებლებს    პროფესიული განვითარებისა და აკადემიური ხარისხის უწყვეტი ამაღლების შესაძლებლობა,საზღვარგარეთ მოგზაურობისა და კონფერენციებში მონაწილეობის შანსი აქვთ, რასაც სამწუხაროდ, ქართველი პედაგოგები  მოკლებული არიან,“- აღნიშნავს ვალერიან გოგუაძე.

იგივე შეკითხვებზე გვიპასუხა ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ადამიანის უფლებები ციფრულ სივრცეში” სტუდენტმა, ანანო იაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ვინაიდან  საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა მოლოდინები არსებობს და წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდება.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გველოდება წინ და ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად, დემოკრატიის  ძირითადი პრინციპების დაცვით ჩაივლის. მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, არ დაიზარონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა, რადგან თითოეული ხმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია,“ – მიაჩნია ანანო იაშვილს.

ევროპაში მცხოვრები სხვა სტუდენტების მსგავსად, ანანო იაშვილიც  მთავარ გამოწვევად განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებს და მიიჩნევს,რომ სახელმწიფომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ ანანო იაშვილის მომავალი პროფესია, საერთაშორისო სამართალი, საქართველოში განვითარებული არაა, ის სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ გამორიცხავს.

ესტონეთს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ განვითარებული განათლების სისტემა აქვს. ეს მოწესრიგებული სისტემა ახალგაზრდებს უფრო მეტ ინტერესს და მოტივაციას უჩენს,  რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის და წარმატებულ პიროვნებებად აყალიბებს. ვინაიდან საქართველოს და ესტონეთს უკვე რამდენიმეწლიანი მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, მიმაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ესტონური მეთოდის იმპლემენტაცია ყველა დონეზე. რა თქმა უნდა, თვალშისაცემი ცვლილება 1-2 წელიწადში არ მოხდება, თუმცა 10 წელიწადში  მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება.

ჩემი პროფესიული სფერო არის საერთაშორისო სამართალი, ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის კი საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა, თუ დავბრუნდები, აუცილებლად ვაპირებ არასამთავრობო ჭრილით GDPR-ის დანერგვასდა მონაცემთა დაცვის შესახებ და  ცნობიერების ამაღლებას,“- აცხადებს ანანო იაშვილი.

მედია ჰოლდინგი „პარალელი“აქტიურად გააგრძელებს წარმატებულ  ქართველ ახალგაზრდებთან  შეხვედრას, რათა ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითებზე  მათი მოსაზრებები შემოგთავაზოთ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში

ივანიშვილის გუნდი და სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” წარსულში იხედებიან – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს’’ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ქართული ოცნებისა’’ და “ნაციონალური მოძრაობის’’ გუნდების პოლიტიკურ შეფასებას ახდენს და მის პარტიასთან დებატებში იწვევს კონკრეტულ გეგმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ აპირებენ ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური საკითხის მოგვარებას:

გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ დაჟინებული განცხადება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის, ივანიშვილის გარემოცვიდან, კობახიძის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს ქვეყნის იგივენაირ ჩაკეტვას მათ რიგებში, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, შექმნილი პანიკის ფონზე. ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილის სიტყვის ფასი არის ნული. “ევროპული საქართველოს’’ მონაცემებით, ისინი ამ პანიკურ ვითარებაში არც კი მოემზადნენ მეორე ტალღისთვის და არანაირი ნაბიჯები არ გადადგეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი ჰქონდათ და ყველა ოჯახს ეკონომიკური ზიანი მიაყენეს, ახლაც, განიხილავენ რეალურად ისევ იმ გაუაზრებელ პანიკურ ჩაკეტვას ქვეყნისას, ე.წ. “ლოქდაუნს”, რომელიც ამ მთავრობის პირობებში არ მოგვიტანს რაიმე შვებას.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ივანიშვილის რეჟიმის არც ლიდერებს, არც თვითონ, არაფორმალურ მმართველს და არც მის ერთ-ერთ პოლიტიკურ თოჯინას, პრემიერ-მინისტრ გახარიას არცერთ დებატებში “ევროპულ საქართველოსთან’’ მონაწილეობა არ მიუღია, არც ხედვა დაუდიათ, რა ნაბიჯებს გადადგამდნენ იმ შემთხვევაში, თუ დარჩებიან ხელისუფლებაში. უბრალოდ იგნორირებას აკეთებენ ამ უზარმაზარი გამოწვევის, რასაც ეკონომიკური ვარდნა და პანდემია ჰქვია.

არც “ნაციონალურ მოძრაობას’’, ჩვენ მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის შიგნით და არც მის ლიდერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს, არც მის თამჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს – არცერთ დებატებში არ მიუღიათ მონაწილეობა ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეკონომიკას და პანდემიასთან დაკავშირებულ მძიმე გამოწვევებს. ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ლიდერების დონეზე დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ახლაც არ არის გვიან, ჩვენ, “ევროპული საქართველო’’, რომელსაც გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხი ცვლილებების, რაც უნდა მოხდეს პანდემიისა და ეკონომიკის გამოწვევების ფონზე, მზად ვართ, რომ ამ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა და ეს სჭირდება არჩევნებამდე თუნდაც რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებას, რომ იცოდეს, როგორც დღევანდელი ამ კატასტროფის შემოქმედის’’, ივანიშვილის გუნდის ხედვა და ისე სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის’’, რომლებიც წარსულში იხედებიან და “ევროპული საქართველოსი’’, რომელსაც მწყობრი ხედვა აქვს როგორი არის გეგმა. საზოგადოებამ უნდა იხილოს რა ნაბიჯებს სთავაზობს მას პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, ასეთი გამოწვევების დროს’’, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკიდურესად გულგატეხილია იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა პოზიცია დააფიქსირა ზუგდიდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ინტერესი არ არის მძიმე დამნაშავის დაჭერა, განსხვავებით მმართველი პარტიისგან:

ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილია იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და მას შემდეგ, რას სისხლი არ დაიღვარა დაჟინებით ამხელს პოლიციას, რომ თურმე პოლიცია უუნაროა.

როდესაც საუბარი არის ღიმილით სახეზე ჩამოშლილ ინსტიტუტებზე ეს ხალხი, თითოეული მათგანი, არის შეურაცხყოფილი, რადგან ისინი 24 საათის განმავლობაში შრომობენ ყოველდღიურად თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის.

მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო არის დაინტერესებული იმაში, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ოპოზიციის ინტერესი ეს არ არის, ის დაინტერესებულია იმით, რაც შეიძლება ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს’’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

“საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს სადაც აცხადებს, რომ კონკრეტული გამოკითხვები და კვლევა მიზნად ისახავს ქვეყანისთვის საფრთხის შექმნას:

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ.

საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!​” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

გახარია კიდევ ერთხელ უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც “ქართული ოცნების” რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ვერ დაადანაშაულებს მედიასა და ოპოზიციას ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და ვერც უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას. ვაშაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ აღარ მოუსმენენ პრემიერის ტყუილებს, ქართველი ხალხი აღსდგება „დამსხვრეული ოცნებების“ და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს:

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება აბსურდზე მეტია – ის მედიასა და ოპოზიციას ადანაშაულებს ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და კიდევ ერთხელ უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც მისმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. არცერთ სხვა ქვეყანაში ხელისუფლებას ვერ გაექცეოდა დამნაშავე, ასე იოლად, ნახევარი მილიონი დოლარით ხელში და არცერთ სხვა ქვეყანაში არ დადის ყოველი სამი დამნაშავიდან ორი ასე თავისუფლად ქუჩებში, როგორც ეს საქართველოში ხდება. ეს „ნორმალურად“ ითვლება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.

გასული 4 წლის განმავლობაში კრიმინალი გაორმაგდა ქვეყანაში. მხოლოდ შარშანდელი წელი რომ ავიღოთ, 40000 დამნაშავე ვერ დაიჭირა ამ მთავრობამ. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, კანონის უზენაესობა კრიმინალურმა კანონებმა ჩაანაცვლეს. გახარიას მორიგი აბსურდული განცხადება რა იქნება? ისევ ოპოზიციას დაადანაშაულებს იმაში, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში? მედიის ბრალია, რომ პენსიონერებს საჭმლისა და წამლის საყიდლად საბანკო სესხის აღება უწევს? „ქართული ოცნების“ პარტიის ყველაზე დიდ შემომწირველს სანტა კლაუსმა მისცა 45 მილიონი კორონა კრიზისის დროს გამარტივებული შესყიდვის წესით? შაბათს, არჩევნების შემდეგ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, მის ტყულებს აღარ მოვისმენთ.

ჩვენ ჩავანაცვლებთ ამ ფულის მკეთებლების გუნდს ჩვენი, საქმის-მკეთებლების გუნდით და შემდეგ საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას: ჩვენ დავალაგებთ ამ არეულ-დარეულობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. ჩვენ დავამარცხებთ სიღარიბესა და კრიმინალს და ქვეყნის აღმშენებლობას დავიწყებთ. ცვლილებები ახლოს არის. ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს. ჩვენ ერთად ხელახლა ავაშენებთ საქართველოს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.