შაბათი, აპრილი 20, 2024

შორენა ლობჟანიძე “ავერსის კლინიკას” წინააღმდეგ

მოქალაქე, რომელმაც 2016 წელს კონსულტაციისთვისა და პროცედურისთვის „ავერსის კლინიკას“, რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას მიმართა, დღეს ორი ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შორენა ლობჟანიძე გახლავთ პაციენტი, რომელიც 3 წელზე მეტია „ავერსის კლინიკას“ ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობს ის სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში.

  • ქალბატონო შორენა, როგორ დაიწყო თქვენი და „ავერსის კლინიკის“ ურთიერთობა, რა მიზეზით მიმართეთ მათ?

– 2016 წლის 9  სექტემბერს კონსულტაციისთვის მივაკითხე შპს ,,ავერსის კლინიკის“  ყბა-სახის ქირურგს-ლევან ხარატიშვილს და სწორედ აქედან მოყოლებული დაიწყო ყველაფერი. სამწუხაროდ ვენდე როგორც პაციენტი ექიმს, რამაც ფაქტიურად ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა.

  • რა სახით წარიმართა მკურნალობა? რა კონკრეტულ პრობლემას წააწყდით და რის გამო წარმოიშვა ის? რა ხერხით შეეცადნენ კლინიკის თანამშრომლები ამ პრობლემის მოგვარებას?

– ლევან ხარატიშვილის მიერ 1.5 თვიანი ინტერვალებით  ჩატარებული 2 ქირურგიული მანიპულაციის შემდეგ, კიდევ დამატებით ჩამიტარდა 2 ოპერაცია, რადგან გაუსაძლისი ტკივილები მქონდა ზედა ყბაზე და იმპლანტი ჩამოიწია. მეუბნებოდა, რომ ოპერაციის დროს ჭრილობაში ჰაერი იყო შეპარული. ტკივილები მაინც არ ჩერდებოდა. შემდგომ მეუბნებოდა, რომ იმპლანტაციის ანამნეზი ასეთია და შესაძლოა თვეობით გაგრძელებულიყო ტკივილები.

ექიმი ორთოდონტი – ზურაბ ლაფაური რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებდა ყბების და კბილების ანაბეჭდებს. მასთან ვიზიტებისას გაუსაძლისი ტკივილის ფონზე 2-ჯერ დავკარგე გონება. ვერ ვიგებდი რატომ უნდა ყოფილიყო ყბის ძვალში ჩასმული იმპლანტები ესოდენ მტკივნეული. ვეხვეწებოდი ანესთეზიის გაკეთებას, რაზეც კატეგორიულ უარს მიცხადებდა ,,ზუსტი ანაბეჭდების აღებას ხელს უშლის“-ო. ის შეპირებულ ვადებშიც ვერ ჩაეტია. ბოდიშს მიხდიდა და მატყუებდა, რომ ისრაელის ლაბორატორიიდან ჩემი მასალა ჯერ არ მიუწოდებიათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩასმული იმპლანტები იმდენად არასწორად არის, რომ რკალს არ ქმნიან, ამიტომ უჭირდა კბილების გაკეთება.

2018 წლის 9 იანვარს, დამიბარეს კბილების ჩასასმელად. მოსაზომებლად პირის ღრუში კბილების ხიდების ჩასმის დროს ღრძილებზე ვიგრძენი მოცულობითი მასა და ვერ მივხვდი რა იყო. მოვითხოვე სარკე, რომელში ჩახედვის შემდეგ მივიღე აბსოლუტური შოკი. პირში ჩადგმული მქონდა ჩემს სახესთან შეუსაბამო დიდი ზომის, არასტანდარტული კბილები, რომლებიც ჩასმული იყო განსხვავებული შეფერილობის ხელოვნურ ღრძილებში. ზურა ლაფაურთან მომივიდა კამათი, რადგან ხელოვნურ ღრძილებზე არცერთ ექიმთან, მკურნალობის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საუბარი მათი მხრიდან, არც ოპერაციებამდე და არც მათ შემდეგ. ზურა ლაფაურს გაუკვირდა, რომ მე მადლიერების ნაცვლად უკმაყოფილებას გამოვხატავდი. „თითოეული კბილის გარშემო ხელოვნური ღრძილის დამზადება ჩვენთან 50 ლარი ღირს, საჩუქრად გაგიკეთეთ, ეს რა უმადურობაა, მადლობის მაგიერი ხართ“-ო, რამაც აღმაშფოთა და უზომოდ გამაკვირვა, რადგან გამორიცხული იყო შპს ,,ავერსის კლინიკას“ ჩემთვის 28 კბილის ერთეულზე გაკეთებული ხელოვნური ღრძილების თანხა (28ც. X 50ლ.) 1400 ლარი ეჩუქებინა. ვკითხე, რომ როდესაც ასე თვითნებობდნენ, რა გარანტია ჰქონდათ, რომ  საჩუქარს მე მივიღებდი? ჩემმა ზედმეტად ფიცხმა რეაქციამ იმდენად დააბნია ზურა ლაფაური, რომ გამწარებულმა მომაძახა ,,მე რას მერჩით, იმპლანტებია არასწორად ჩასმული, რაც შევძელი ის გავაკეთე, რომ როგორმე კბილები გქონოდათ, მეტი რა გავაკეთოო“.

  • საინტერესოა რა პოზიცია ეკავა თავად „ავერსის კლინიკის“ ადმინისტრაციას?

– სწორედ ზურა ლაფაურთან დაუსრულებელი დავის გამო იძულებული გავხდი ტელეფონით დავკავშირებოდი შპს ,,ავერსის კლინიკათა“ ქსელის გენერალურ დირექტორს დიმიტრი ჯორბენაძეს, რომელმაც საკითხში გასარკვევად დამიბარა შეხვედრაზე. ჩემი პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ დიმიტრი ჯორბენაძე და მისი გუნდი დაინტერესებულიყო, თუ რატომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილები, იქვე გადაეღოთ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია, ენახათ იმპლანტების პოზიციები და გარკვეულიყვნენ სიმართლეში,  გადმოვიდნენ თავდასხმასა და შეურაცხყოფაზე.

  • ამის შემდეგ რა გზას მიმართეთ? იყო თუ არა ამ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება?

– უკვე ამის შემდგომ დავიწყე დამატებითი გამოკვლევების კეთება და მასალების სხვადასხვა ექიმებისთვის ჩვენება საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ. პასუხი იყო ერთნაირი. ორივე ყბაში ჩასმული 20 იმპლანტიდან, მხოლოდ ერთი იყო სწორად.

დაზიანებული მაქვს ორივე ყბის ძვალი, იმპლანტები მოთავსებულია არა ყბის ძვლებში, არამედ ყბის ძვლებსა და ღრძილებს შორის, იკვეთება პოროზული უბნები. რამდენიმე იმპლანტი მოთავსებულია ჰაიმორის წიაღებში და სხვა. განმეორებითი გამოკვლევებისა და ექსპერტიზის გავლის შემდეგ მომენიჭა უვადო მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა).

აქვე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ავერსი”-ს ერთ-ერთი ტყუილი იყო იმპლანტების მწარმოებელი ქვეყანა, რომლის მიხედვითაც ხდება პაციენტის მიერ არჩევა. რადგან ქვეყნის და წარმოების მიხედვით იმპლანტებს თავისი მახასიათებლები აქვს. მე მომატყუეს იმპლანტების წარმომავლობა და მანამ მეგონა, რომ ჩასმული მქონდა ისრაელის იმპლანტები, სანამ სასამართლოსთვის იმპლანტების პასპორტების გამოთხოვა არ დამჭირდა. თურმე თითოეულ იმპლანტს თავის პასპორტი ჰქონია. სწორედ ასე დადგინდა, რომ იმპლანტები წარმოებული იყო ბუდაპეშტში და არა ისრაელში, რაშიც მე შეთანხმებული ვიყავი და თანხა გადავიხადე.

სარჩელით მივმართე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, გენერალურ პროკურატურას, ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს. დღემდე ვითხოვ მათგან, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა უკვე წლებია უშედეგოდ.

მესაჭიროება ორი ოპერაცია და შემდგომი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურისგან დღემდე არ ვარ ცნობილი დაზარალებულად.

ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ორჯერ განაცხადა უარი ჩემ ექსპერტიზაზე სპეციალისტების არ ყოლის გამო. არ იჩენენ კეთილ ნებას და მსოფლიო საექსპერტო ბიუროდან არ ითხოვენ დახმარებას, არ იწვევენ სპეციალისტს, რადგან თურმე ასეთ ქმედებებს მხოლოდ მაღალჩინოსნების გამო ახორციელებენ.

სტომატოლოგთა ასოციაციამ მეორეჯერ განაცხადა უარი სპეციალისტის გამოყოფაზე, რადგან მათ მიერ პირველად გამოყოფილი კადრი წარმოადგენდა მხარეს, ფიგურირებდა სარჩელში და იძულებული ვიყავი ამეცილებინა.

ასევე იძულებული გამხადეს ამეცილებინა საქალაქო სასამართლოში დანიშნული პირველი მოსამართლე, რადგან ისიც წარმოადგენდა მხარეს. მეორე მოსამართლემ თავად აიცილა საქმე, ხოლო მესამე მოსამართლეს დღემდე არც კი გახსენებია, რომ პროცესი დროულად უნდა დანიშნოს იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ჯანმრთელობას ეხება და ყოველი გადაცილებული დღე შეუქცევად კვალს მიტოვებს.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ შემიჩერა უვადო შშმ სტატუსი და მაიძულებენ ხელმეორედ გავიდე კომისიაზე. პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი. კომისიაზე გასასვლელად გამომიგზავნეს მხოლოდ იმ კლინიკების ნუსხა, რომელიც ,,ავერსის“ საკუთრებაშია და იქ ყბა-სახის ქირურგებად საქმესთან შემხებლობაში მყოფი, დაინტერესებული მხარეები მუშაობენ ანუ ის პიროვნებები, რომელთა გვარ-სახელებიც საქმეში ფიგურირებს.

  • რა არის იმის მიზეზი, რომ სიმართლე ჯერ-ჯერობით ვერ დამტკიცდა?

– გაუმართავი ინსტიტუციები  და მონოპოლისტის წინააღმდეგ წასვლის შიში. დაუცველი ექიმები და მათი უფლებები. იცით, არ არსებობს კანონი, რომელიც ბრმა შერჩევის წესით არჩეულ ექიმს დაავალდებულებს ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღებას. ეს ნებაყოფლობითია. ჩემ გამო „ავერსის“ წინააღმდეგ წასვლა კი არავის სურს, ცამდე მართალიც რომ ვიყო.

უკვლებლივ ყველა ის ექიმი ვისთანაც ვიყავი გამოკვლევებზე და კონსულტაციებზე, პირად საუბრებში მიდასტურებენ რაც დამმართა „ავერსის კლინიკამ“, არის ვიშვიში და თანაგრძნობა, თუმცა ყველაფერი ქრება, როგორც კი ამ ყველაფრის დაწერას ვთხოვ. სიმართლის დაწერაზე ვსაუბრობ. არა შელამაზებულ ან ჩემ სასარგებლოდ დაწერილზე, არამედ სიმართლეზე. გამოკვლევების ჩატარების დროს კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ ტყუილის თქმაც კი დამჭირდა, რომ როგორმე ჩემთვის რადიოლოგს დასკვნა დაეწერა. მოვიტყუე, რომ თავის ტკივილები მაწუხებდა. პასუხებს, რომ მაძლევდა, მომილოცა სიმსივნური კერები არ გაქვთ, გილოცავთო. გულწრფელად შემრცხვა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან მანამდე ყველა რადიოლოგმა მხოლოდ კვლევების დისკი გადმომცა დასკვნის გარეშე, ჩვენ დასკვნებს არ ვწერთო. ის კი არა, როდესაც სასამართლოსთვის საბუთებს და მტკიცებულებებს ვაგროვებდი, კლინიკებიდან გადახდის ქვითრები მოვითხოვე არ მაძლევდნენ მონაცემთა ბაზა წაგვეშალაო. როდესაც არ შევეშვი, შვილები მაფიცეს, რომ ,,ავერსი“ მათ არაფერს დაუშავებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს ჩემ მიერ გადახდილ თანხებზე ამონაწერი.

  • როგორია დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– დღეის მდგომარეობით სახე მაქვს აბსოლიტურად დამახინჯებული, მაქვს მუდმივი ტკივილები, რომელიც გადადის ყურზე და თვალზე. გამომივარდა ქვედა ყბა. პერიოდულად მაქვს სიცხეები, ცხვირიდან ლიმფის და სისხლის დენა, ცხვირის ორივე ნიჟარა დეფორმირებულია, დაზიანებულია ჰაიმორიტის ღრუ, მაქვს გამონადენი ყელში, ვერ ვიკვებები როგორც ნორმალური ადამიანი და კვების დარღვევის გამო დამიავადდა საჭმლის მომნელებელი სისტემა. ვარ სისტემატიურად გამაყუჩებლებზე და კუჭის წამლებზე.

შპს ,,ავერსმა“ კვაზიმოდოდ მაქცია.

სააგანტო “პარალელი” მზადაა სურვილის შემთხვევაში ანალოგიური ინტერვიუ თუ კომენტარები ჩამოართვას პუბლიკაციაში ხსენებულ, “ავერსი კლინიკას” წარმომადგენლებს. სააგენტო მომავალშიც დაუბრუნდება ამ საკითხს და შეეცდება მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ყველა მხარისგან.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული