შაბათი, აპრილი 27, 2024

ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდები საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  რამდენიმე დღეა დარჩენილი და  საარჩევნო  კამპანიაც თითქმის დასრულებულია.  კოვიდპანდემიის გამოწვევის გარდა წლევანდელი წინასაარჩვნო პერიოდი  საინტერესო ონლაინ პლატფორმების აქტიური გამოყენების თვალსაზრისითაც იყო, რამაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ძირითად პროცესზე  დაკვირვების შესაძლებლობა მისცა.

ინტერნეტ მედია ჰოლდინგი „პარალელი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ევროპაში მოღვაწე  წარმატებული  ახალგაზრდები  საქართველოში  არსებულ საარჩევნო გარემოს, რას მიიჩნევენ ისინი ქვეყნის მთავარ პრობლემად და რამდენად ხედავენ  სამშობლოში დაბრუნების  პერსპექტივას.

ჩვენ ვესაუბრეთ ესტონეთში  მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებსაც  ევროპაში სწავლისა და მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.

ესტონეთის საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის სპეციალისტის და სან დიეგოს უნივერსიტეტის დოქტორანტურის მე 2 კურსის სტუდენტის,  ვალერიან გოგუაძის აზრით, ქართული საარჩევნო სისტემა მენეჯმენტის კუთხით საკმაოდ დაიხვეწა, თუმცა ამომრჩევლისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და  ბევრი იმედგაცრუების  გამო  ნდობის პრობლემა  არსებობს.

იმასთან შედარებით, რაც ძველად იყო, საარჩევნო გარემო საკმაოდ განვითარდა. ვგულისხმობ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურობას. ჩემი აზრით, ადამიანები  სამოქალაქო ცხოვრებაში უფრო მეტად არიან ჩართული, თუმცა ვფიქრობ, რომ კოვიდ-19-ის დროს ზოგადად რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან საზოგადოება დაძაბულია და სიტუაცია ყოველდღე რთულდება.

 რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ისინი  მაშინ ჩნდებიან, როდესაც  ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდებათ. ხოლო, როცა ხალხს მათი იმედი აქვს ყოველთვის იკარგებიან.  პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ დანაპირები სიკეთის ერთ პროცენტსაც კი არ ასრულებენ ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა და შესაბამისად,  ნდობის პრობლემა იქმნება“, – აცხადებს ვალერიან გოგუაძე.

ვალერიან გოგუაძის შეფასებით, დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა დაბალი სამოქალაქო ცნობიერება და  სუსტი განათლების სისტემა არის, ამიტომ ის, როგორც პედაგოგი, ჯერ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს.

დღეს ძალინ ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან  შესაბამისი უნარ-ჩვევები (კრიტიკული აზროვნება, შემწყნარებლობა, მიმღებლობა), განვითარებული არ აქვს.

 სიმართლე გითხრათ, მე ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან  საქართველოს განათლების  სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არც გაუმჯობესების მზაობა არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობა ონლაინ სწავლებისთვის მზად არ არის, ქვეყანაში არ არსებობს  შესაბამისი კურიკულუმი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება  საგაკვეთილო პროცესი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  დაგეგმოს. ამისთვის არც ტექნიკური და არც ინფრასტრუქტურული ბაზა არ არსებობს. განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში და ქალაქის ბევრ სკოლაშიც კი…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე როგორც მასწავლებელი, ჩემს მომავალს  საქართველოში ვერ ვხედავ. არ მინდა თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმების გარეშე ერთ ადგილზე  ვიჯდე  გაყინული და ისევ ძველი მოდელით, მხოლოდ წიგნებით ვასწავლო. 

არც ფინანსური ინტერესი მაქვს, რადგან ევროპასთან შედარებით ჩვენი პროფესია საქართველოში საკმაოდ დაბალანაზღაურებადია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  აქ მასწავლებლებს    პროფესიული განვითარებისა და აკადემიური ხარისხის უწყვეტი ამაღლების შესაძლებლობა,საზღვარგარეთ მოგზაურობისა და კონფერენციებში მონაწილეობის შანსი აქვთ, რასაც სამწუხაროდ, ქართველი პედაგოგები  მოკლებული არიან,“- აღნიშნავს ვალერიან გოგუაძე.

იგივე შეკითხვებზე გვიპასუხა ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ადამიანის უფლებები ციფრულ სივრცეში” სტუდენტმა, ანანო იაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ვინაიდან  საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა მოლოდინები არსებობს და წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდება.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გველოდება წინ და ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად, დემოკრატიის  ძირითადი პრინციპების დაცვით ჩაივლის. მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, არ დაიზარონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა, რადგან თითოეული ხმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია,“ – მიაჩნია ანანო იაშვილს.

ევროპაში მცხოვრები სხვა სტუდენტების მსგავსად, ანანო იაშვილიც  მთავარ გამოწვევად განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებს და მიიჩნევს,რომ სახელმწიფომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ ანანო იაშვილის მომავალი პროფესია, საერთაშორისო სამართალი, საქართველოში განვითარებული არაა, ის სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ გამორიცხავს.

ესტონეთს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ განვითარებული განათლების სისტემა აქვს. ეს მოწესრიგებული სისტემა ახალგაზრდებს უფრო მეტ ინტერესს და მოტივაციას უჩენს,  რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის და წარმატებულ პიროვნებებად აყალიბებს. ვინაიდან საქართველოს და ესტონეთს უკვე რამდენიმეწლიანი მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, მიმაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ესტონური მეთოდის იმპლემენტაცია ყველა დონეზე. რა თქმა უნდა, თვალშისაცემი ცვლილება 1-2 წელიწადში არ მოხდება, თუმცა 10 წელიწადში  მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება.

ჩემი პროფესიული სფერო არის საერთაშორისო სამართალი, ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის კი საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა, თუ დავბრუნდები, აუცილებლად ვაპირებ არასამთავრობო ჭრილით GDPR-ის დანერგვასდა მონაცემთა დაცვის შესახებ და  ცნობიერების ამაღლებას,“- აცხადებს ანანო იაშვილი.

მედია ჰოლდინგი „პარალელი“აქტიურად გააგრძელებს წარმატებულ  ქართველ ახალგაზრდებთან  შეხვედრას, რათა ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითებზე  მათი მოსაზრებები შემოგთავაზოთ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული