სამშაბათი, ივლისი 29, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1617

“საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული” – გიორგი გახარია

ელექტროენერგიაზე ტარიფის ცვლილებების საკითხს შეეხო პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე გუნდში, ხელისუფლებაში, პარლამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, შედგა მსჯელობა და მიღებულია ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის:

საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, წყალმომარაგების ტარიფსაც, რომელიც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, ასევე, როგორც ჩანს, გაიზრდება, რამეთუ ისიც წლების განმავლობაში არ გადახედილა, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და არსებობს გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის ფასზე. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის საკვები პროდუქტების პირველად ადგილობრივ წარმოებაში, 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის, ნაზარდი ტარიფის 50%.

ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნებული იყოს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის საბოლოო ფასზე არ აისახება. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში გუნდთან, გუნდში დიდი დისკუსიების შედეგად. მოგეხსენებათ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სოციალურად ზედმეტ წნეხად არ დააწვეს ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა და მეორე, ადგილობრივ წარმოებას, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც პირველადი მოხმარების ნებისმიერი სახის საკვებ პროდუქტს აწარმოებენ და ტარიფის ზრდა არ აისახოს საბოლოოდ წარმოებულ პროდუქტზე, რაც რა თქმა უნდა ასევე იქნება ზეწოლა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ გადასახადებზე. რა თქმა უნდა, კონკრეტული ციფრები, რა რაოდენობით თანხა იქნება გამოსაყოფი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ნათელი იქნება ამის შემდგომ, რაც დღეს სემეკი საბოლოო ტარიფებს დაადგენს. მოგეხსენებათ, პარალელურად დღეს პარლამენტში იწყება ბიუჯეტზე მსჯელობა და ჩვენ, პარლამენტარებთან ერთად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები აისახოს საქართველოს ბიუჯეტში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სახალხო დამცველის კომპეტენცია შენ არ იცი, მიხედე რაც ჩაგბარდა იმას, განავითარე პანტონიმა და ჭოკით ხტომა – ნიკა გვარამია

თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და თეა წულუკიანს ურჩევს იმ კომიტეტს მიხედოს რაც ჩაბარდა, ნაცვლად იურიდიული კომიტეტისა:

იურიდიულის დიპლომი შენ არ გაქვს, არც იურიდიული კომიტეტი ჩაგაბარეს და არც ადამიანის უფლებათა. შესაბამისად, სახალხო დამცველის კომპეტენცია შენ არ იცი და არც შენი მანდატი არაა.

ვინ გეკითხება, შე მდარე, მიხედე რა, რაც ჩაგბარდა იმას, განავითარე პანტონიმა და ჭოკით ხტომა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ქალბატონ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო, ამიტომ განვმარტავ… – ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია თეა წულუკიანის ნათქვამს, ‘‘სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს’’, სოციალურ ქსელში ეხმიანება და პარლამენტის ცალკეულ წევრებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

‘‘იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

  • ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!
  • ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, “პატიმრებზე მზრუნველიმინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!’’, –  წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კახა კალაძე ალუაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და ბინის გასაღები პირადად გადასცა

ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.
ბინაში ოჯახს კვების პროდუქტები, ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი და ტექნიკა დახვდა. დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა. ოჯახის წევრებმა ნაძვის ხე დღესვე კახა კალაძესთან ერთად მორთეს. თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებელს, „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით, ახალმოსახლეებთან ერთად დაათვალიერებინა საცხოვრებელი სახლი.

დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ვართ. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასეთ ბინას არ ველოდით, მოლოდინს გადააჭარბა. უზომოდ გვიხარია. პირველ რიგში პატარების განათლებაზე ვიზრუნებთ და ვეცდებით ბატონი კახის იმედები გავამართლოთ. ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია დღეს გაჭირვებაში და ყველას მივმართავ, არ დანებდნენ, არ ჩაიქნიონ ხელი, იღბალი ერთ დღეს მათაც გაუღიმებთ,”- განაცხადა ალექსანდრე ალუაშვილმა.

კახა კალაძემ ბიზნესსექტორს სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, სიკეთის კეთება. ეს ყველაფერი არის გადამდები. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“ჩვენ მგონი სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს” – თეა წულუკიანი

ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი სხომას არ ესწრებოდა.

უვადო პატიმრების თემას მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ მგონი სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს.

ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად პატიმრები,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა: შეფასებები ოპოზიციური პარტიებიდან

ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას, პარტია „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ.

თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკოსები გადადიან პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, ჯგუფიდან ჯგუფში, მთავრობიდან ოპოზიციაში. ელენე არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი. მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციაში ისეთივე ბრძოლას გააგრძელებს, როგორც ამას “ევროპულ საქართველოში” აკეთებდა“,განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას:

„ელენე ხოშტარია არა მხოლოდ ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია მთელს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, არამედ უიშვიათესი ადამიანია, რომლის შეუპოვრობა მართლაც საოცრად დასაფასებელია.

წარმატებები შენ. ზუსტად ვიცი, რომ ბრძოლას არასდროს მიატოვებ.. მიყვარხარ და მთავარი ბრძოლის “ბარიკადებამდე”! ️“წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ფაქტთან დაკავშირებით, ასევე სოციალურ ქსელში, ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც გამოაქვეყნა პოსტი:

„წარმატებებს ვუსურვებ აქტივიზმში, თუ სადაც არ უნდა იყოს – ელენე კარგი ადამიანია. მე კი მირჩევნია კარგი ხალხი პოლიტიკური ლიდერები იყვნენ და პოლიტიკურ პროცესზე ჰქონდეთ დიდი გავლენა, მაგრამ…“,წერია პოსტში.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

‘‘მარტო დარჩენილი, ჯაბას მაგივრად, უკვე მის ნივთებს ვეფერები…’’ – ჯაბა ბოჯგუას დედა

ჯაბა ბოჯგუას დედამ, მანანა გვასალიამ სოციალურ ქსელში შვილის ნაყიდი ნაძვის ხის ფოტოები გამოაქვეყნა ემოციური ტექსტის თანხლებით, რომელშიც იგი იმ ბედნიერ დროს იხსენებს, როდესაც ჯაბა აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალი წლის სამზადისში: 

‘‘ეს ნაძვის ხე, იმ ბედნიერ წლებში, ჯაბამ შეიძინა, სიხარულით ააწყო და ნაახალწლევს თვითონვე სათუთად ჩაალაგა ყუთში. მის მერე, 13 წლის განმავლობაში, სულ ვფიქრობდი, რომ ჯაბა ფეხზე წამოდგებოდა და ნაძვის ხე ისევ გაიშლებოდა ჩვენს სახლში… იმედი არ დამიკარგავს, მაგრამ მარტო დარჩენილი, ჯაბას მაგივრად, უკვე მის ნივთებს ვეფერები.

თან ვტიროდი და თან ვაწყობდი. ერთ სათამაშოს ზედ ჯაბა აწერია, განსაკუთრებული მოფერება იცოდა, ბებიაზე გიჟდებოდა, სულ უნდოდა რამეთი გავხარებინეთ. ახალ წელს მუდამ დიდი სიხარულით ხვდებოდა…

ახლა, როცა არც დედა მყავს, არც შვილი, მარტო დარჩენილი, ჯაბას მაგივრად, მის ნივთებს ვეფერები, მას როგორც უყვარდა, მას როგორც მოსწონდა, მიყვარხარ დე’’, – წერს მანანა გვასალია ფეისბუქის პოსტში.

ავტორი
ანა რობაქიძე

საქსტატის ინფორმაციით ქვეყანაში დასაქმების დონე შემცირებულია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2020 წლის სტატისტიკიკური ინფორმაცია, სადაც ახალ მონაცემებთან ერთად წარმოდგინეს წინა წლებში გამოქვეყნებული უმუშევრობის დონის შეცვლილი მაჩვენებელი, რომელიც კიდევ ერთხელ დათვალეს და განსხვავებული ციფრები მიიღეს:

სტატისტიკის მონაცემებით 2019 წლის უმუშევრობის დონე იყო 11.6%, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული ახალი მეთოდოლოგიით კი ეს მაჩვენებელი 17.6%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონის გაზრდილი მაჩვენებელის მიზეზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეცვლილი მეთოდოლოგიაა, რომელიც უმუშევრობის რაოდენობის უკეთ დათვლის საშუალებას იძლევა.

ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც წარმოებული პროდუქტის 50%-ზე მეტს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.

ასეთი ადამიანები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს, მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2020 წლებში
კვარტალების მიხედვით.

უმუშევრობის დონემ ქალებში, 2020 წლის მესამე კვარტალში 14.5% შეადგინა, ხოლო კაცების შემთხვევაში – 18.9%.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის
III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში
შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2018-
2020 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

2020 წლის მე-3 კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად – 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში – ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა” -ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია ოფიციალურად დატოვა. გადაწყვეტილების მიღებისა და პარტიის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ, პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და განმარტა მიზეზები, რატომაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მისი თქმით, მას აქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის განხორციელებასაც დამოუკიდებლად გეგმავს:

„მინდა, დავიწყო მადლობით “ევროპული საქართველოს” მიმართ. ეს არის გუნდი, რომელშიც მე პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ბევრი რამ შევიძინე. ამიტომ, პირველი რაც მინდა ვთქვა, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა იმ აქტივისტს, რომელიც ამ პარტიაში ჩვენთან ერთად იბრძოდა.

პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში.

ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. სათქმელიც არ არის, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში – ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, პრინციპული და კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას”, – განმარტავს ელენე ხოშტარია.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა პარტიის წევრებთან შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონფლიქტს არ უკავშირდება.

ავტორი
ნინი შავლაძე

“სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია” – ენერგო-პრო ჯორჯია

ენერგო-პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ამის მიზეზად კომპანიის მწვავე ფინანსურ კრიზისს ასახელებს. ორგანიზაციის დირექტორის, მიხეილ ბოცვაძის განმარტებით, კომპანიაში შემცირდა საინვესტიციო პროექტები, რომლითაც ის ოპერირებდა, შესაბამისად რისკის ქვეშ დადგა ელექტრომომარაგების საკითხი:

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრო მომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე.

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად. ,,ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ  სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება.

რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ავტორი
ნინი შავლაძე