კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1610

ივანიშვილის “წასვლა-არწასვლის” საკითხი ყოველთვის ასე იქნება, სანამ “ქართული ოცნება” არ წავა ხელისუფლებიდან – რომან გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წაცვლის საკითხს ეხმიანება წინა მოწვევის პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

კვლავაც ცხელი თემაა ივანიშვილის ”წასვლა-არწასვლის” საკითხი და ეს ყოველთვის ასე იქნება, სანამ “ქართული ოცნება” არ წავა ხელისუფლებიდან.

”წასვლა-არწასვლის” შეფასება ხდება ისე, როგორც ვინმეს ან რამეს (მაგ. პარტიას) აწყობს, ისე, როგორც ვინმეს სწამს (რამე ვერ იწამებს), ისე, როგორც ”ექსპერტული დასკვნებით” და წარსული გამოცდილებით სწორად მიაჩნია.

ჩემი პოზიცია, რომ არსად წასულა, რომ ”წავიდა რათა დარჩეს”, კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიერ დატოვებული პოლიტსაბჭოს ხილვისას.

რა არის ”წასვლა-არწასვლის” შეფასების კრიტერიუმი? ფლობს (შეინარჩუნა) თუ არა ძალაუფლება ხელისუფლებაში. ფლობს რა თქმა უნდა და ასე იქნება მომავალშიც, მიუხედავად იმისა, ღიად მოხდება თუ არა მის მიერ უზურპირებული ინსტიტუტების თუ მის მიერ ამ ინსიტუტებში ჩანერგილი ადამიანების მართვა.

მხოლოდ პოლიტსაბჭოს ერთი ნაწილის, მინისტრების ჩასმას დავაკვირდეთ. ბიუჯეტში არის ასეთი ცნება, ”დაცული მუხლები”. ეს ისეთი ხარჯებია, რომლის შემცირებაც (სეკვესტრი) არ შეიძლება. ამის მსგავსად, ივანიშვილმა მთავრობა დაყო ორ ნაწილად, დაცულად და დაუცველად, ხელშეუხებლად და ”ხელშესახებად”. თერთმეტი მინისტრიდან ხუთი არის პოლიტსაბჭოში, ანუ იცავს ივანიშვილის იმუნიტეტი. დანარჩენის შეცვლა ხანდახან, როგორც იტყვიან, ”მოსულა”, შეიძლება სასურველიცაა ილუზიების შესაქმნელად. მაგრამ აბა გაბედე და ხელი ახლე ტიკარაძეს, ცქიტიშვილს, გომელაურს, ღარიბაშვილს? ნურას უკაცრავად. ერთი სუსტი წერტილიცაა დაცულებში, ფინანსთა მინისტრი, მაგრამ მან, თანამდებობიდან გამომდინარე, ბევრი იცის და ბევრი სამსახურიც გაუწევია, ამიტომ ივანიშვილს ურჩევნია უფრო ახლოს ჰყავდეს, ვიდრე შორს. იცავს ინფორმაციას და არა მას.

ესაა მართვის ”წულუკიანის სინდრომი”, როცა ერთადერთი შეუცვლელი მინისტრი იყო შვიდი წლის განმავლობაში. ივანიშვილის გეგმით დაცულებმა ბოლომდე უნდა ჩაამთავრონ ციკლი. არცაა საჭირო მათთან ხშირი კომუნიკაცია. ისედაც იციან რა გააკეთონ. სხვებმაც.

დაობლებული ქართული ოცნება, რომელიც უფრო ადვილი დასამარცხებელია” თუ ”ივანიშვილი ახლა ირაკლიშია, თეაშია და ა. შ.”, ძირითადად ეს ორი მიდგომა გამოიკვეთა და რამდენადაც პრაგმატულადაც არ უნდა ჩანდეს პირველი, იმდენად არასწორია იგი. ივანიშვილის მიერ დისტანციის დაჭერა ნიშნავს დარტყმისაგან მიუწვდომელი (ან შემარბილებელი) მანძილის დაჭერას. ეს უფრო ართულებს პროცესებს და არა პირიქით, როგორც ბევრს ჰგონია,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.

ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს – ამირან გამყრელიძე

ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში პოზიტიური ტენდენციის თაობაზე საუბრობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფიცირების გავრცელების სასურველი ტენდენციისა, ისევ და ისევ უმნიშვნელოვანესია რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით კი, პირბადეების ტარება:

საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის სულ 5000 ჩატარებული ტესტიდან. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე, ზოგადად, მიმართვიანობაც – სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ეს 110 შემთხვევა არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მხრივ. თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში.

დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ქვეყანაში ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის. დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2.2 პროცენტია დადებითობის მაჩვენებელი, საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11.9, ბოლო ერთ კვირაში – 8.3 და ბოლო ორ კვირაში – 9.8.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, დღეს უკვე ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ზოგადი ინციდენტობა, ისე შვიდი, 14 დღის საშუალო ინციდენტობა, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. ანუ, ქვეყანაში სტაბილიზაცია სტაბილურია, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად ახდენს ევროპისა და საქართველოს მონაცემების განახლებებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ 75 პროცენტზეა ჩვენთან ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ 95 პროცენტზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის თქვენ მხოლოდ ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ჩამოხვალთ ყოველდღიურ შემთხვევებზე, სადღაც 10-დან 77-ის ფარგლებში. ანუ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით ნიღბის ტარების მაჩვენებლს.

რომ შევაჯამო – ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მუდმივად, ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი – ელდარ კურტანიძე

ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ბოლო წლებში პოლიტიკაში ჩართული, “ქართული ოცნების” წევრი ელდარ (ლუკა) კურტანიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ეხმიანება, მის მიმართ განსაკუთრებულ პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ლიდერთან ერთად თვითონაც პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა:

ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე, როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული ადამიანი მისი იდეით – ქართველთა ოცნება საუკუნეების მანძილზე… ქართული ოცნების ასრულება! ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი!!!

ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წლის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან! არცერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე, ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც მხარდამჭერი განცხადებით!

ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან! რადგან, ვთვლი რომ ჩემი მისია, თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა!

რამოდენიმე წლის წინ ინტერვიუში ვთქვი, როცა ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას! დიახ, დღეს ეს დროც დადგა! მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის! მადლობა ვისაც სჯეროდა სამშობლოსთვის ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის!

დიახ, მე როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას… გავზრდი მომავალ თაობას, სადაც ძმობა ურთიერთგატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიქნები იმ სფეროში, სადაც ყველასთვის სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა!

ხვალ ნათლისღებაა და ყველას თითოეულ მოქალაქეს, ადამიანს, მეგობარს თუ მოწინაღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვთხოვ და მინდა გწამდეთ თქვენი გულწრფელი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის! შიგნით გულში და სულში ვილოცებ და ასევე ყოველდღიური შრომით და ქმედებით ყველასთვის, მიუხედავად მათი პარტიულობისა, პოლიტიკური მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, ასრულდეს ჩვენი ერისთვის, იდეა რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა… ქართული ოცნება! ამინ…

გამარჯვებული მივდივარ საერთო გამარჯვებისთვის!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლუკა კურტანიძე.

ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო და პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა – თინათინ ბერძენიშვილი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმში”, წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ, დედისადმი მიძღვნილი მონოლოგისას, საზოგადოებრივი არხის მისამართით გამოთქმულ გულისტკივილს ეხმიანება პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ქართულ ტელევიზიაში ჯულიეტა ვაშაყმაძის უნიკალურ და ისტორიულ როლთან ერთად, ასევე აღნიშნავს, რომ პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა ლეგენდარულ ტელეწამყვანს:

ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო.

პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო, ყოფილი თუ ახლანდელიც, ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად.

პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა.

თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“, – წერს სოციალური ქსელის კომენტარებში თინათინ ბერძენიშვილი.

“ყვავილები უყვარდა დედას…” – გიორგი გაბუნიას გამოსათხოვარი სატელევიზიო სიტყვა ჟულიეტა ვაშაყმაძისადმი

ემოციური და ამაღელვებელი იყო გადაცემა “ფოსტ ფაქტუმში”, მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი თავისი დედის, ლეგენდარული ჯულიეტა ვაშაყმაძის სიცოცხლის ბოლო წლებისა და გარდაცვალების შესახებ:

დედა… ყვავილები უყვარდა დედას… მაინცა და მაინც რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული არა, უბრალო, მინდვრის ყვავილებსაც ბედნიერება მოჰქონდა მისთვის…

ჩვენი სახლის აივანზე, გაზაფხულობით, ყოველთვის ყვაოდა ჭერამდე ასული პატარა თეთრი ვარდები, მათ ლურჯი და იასამნისფერი ხვართქლა ერეოდა, რომლებიც დილით ადრე იშლებოდნენ და მალევე იხურებოდნენ, მათ სანახავად ადრე გაღვიძება იყო საჭირო, დედას კი ამის პრობლემა არ ჰქონდა – სიამაყით ამბობდა, ხოლმე, “მე მზეს ვასწრებ გაღვიძებასო”.

ძალიან ადრე იღვიძებდა, ვარჯიშობდა და ზოგჯერ ჩვენც გვაიძულებდა, დილის 6 საათზე ადგომას. ხშირად კი საათების განმავლობაში უწევდა ჩვენი ძილის ყურება და ბოლოსდაბოლოს თავს რომ წამოვყოფდით ლოგინებიდან, დედას უკვე ნახევარი დღე ჰქონდა გავლილი და უამრავი საქმე გაკეთებული.

ყოველთვის გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი ადამიანი იყო. საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო. ვიდრე ოჯახს შექმნიდა ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება და შემდეგ გაგვაჩინა ჩვენ. ჩემი უფროსი და როდესაც გაჩნდა, დედა უკვე 40 წლის იყო. თუმცა უნდა ვთქვა ასევე, რომ რამდენიმე წლით ადრე, დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ერთი თვის ასაკში ფილტვების ანთებით დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.

ის ცხოვრობდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდნენ და აზროვნებდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ აზროვნებდნენ. სწორედ ეს გამოჩნდა ტელევიზიაში, სადაც თავიდან მივიდა, თითქოს როგორც რიგითი დიქტორი, მაგრამ ის ყველაფერი იყო რიგითის გარდა.

დიდ ნიჭთან ერთად, თანამედროვეობის განსაკუთრებულ ალღოსთან, გახსნილ გონებასთან, ფენომენალურ მეხსიერებასთან, უასაკო სილამაზესთან ერთად, მას ჰქონდა ის, რაც დეფიციტი და მთავარი დანაშაული იყო საბჭოთა პერიოდში – დამოუკიდებლობა და შინაგანი თავისუფლება. ამით ის დროსაც კი უსწრებდა წინ. დღესაც კი უჭირთ ჟურნალისტებს კამერასთან ისე თავისუფლად, ბუნებრივად, ორგანულად საუბარი და მოძრაობა, როგორც ამას ჯულიეტა ვაშაყმაძე 60 წლის წინ აკეთებდა.

ასე გავიდა ათწლეულები და წარმოიდგინეთ რა დაემართებოდათ ასეთი შემართებისა და ენერგიის მქონე ადამიანებს, როდესაც ისინი გამოყარეს სამსახურიდან. 2004 წელს დედას უთხრეს, რომ მისი ადგილი ტელევიზიაში აღარ იყო და მამაჩემთან ერთად გაათავისუფლეს სამსახურიდან. აქტიური ცხოვრების შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, თანაც შეგრძნებით, რომ ისინი არავის სჭირდებოდნენ. კი, იმ დროს, დედაჩემი კალენდარულად საპენსიო ასაკში იყო, მაგრამ ყველამ იცის აგრეთვე, რომ მისი ორგანიზმი არც კალენდარს ემორჩილებოდა, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე. ტელევიზიიდან გაშვების მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი, მაგრამ შეუქცევადი ნგრევა –  შინაგანიც და ფიზიკურიც.

რა თქმა უნდა მებრძოლ ჯულიეტას ასე მარტივად არ დაუყრია ფარ-ხმალი, მან იჩივლა სასამართლოში, შეისწავლა კანონები და ადვოკატივით თვითონ მიჰყავდა ორი საქმე. რაც მთავარია, მამაჩემის საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო და თავისი არგუმენტებით მოსამართლე იძულებული გახადა მამაჩემი თანამდებობაზე მამაჩემის დაუყოვნებლივი აღდგენის გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა პირველმა არხმა ესგადაწყვეტილება გაასაჩივრა და არ აღასრულა. ყველაფერი საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა, ეს ბრძოლაც დასრულდა და დედას ფაქტობრივად მომავალი გაუქრა. უკვე მიხვდა, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა თავის საყვარელ ტელევიზიაში, სადაც თითქმი 50 წელი გაატარა.

ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო იკეტებოდა გარესამყაროსგან. უფრო იშვიათად გადიოდა სახლიდან. უარს ამბობდა ინტერვიუებზე, განსაკუთრებით კამერების წინ, რადგანაც ამჩნევდა, რომ მის უბერებელ სახესაც კი ნელნელა შეემატა დროის, ამდენი ნერვიულობის, მძიმე და უსამართლო განცდების კვალი, რისიც ძალიან ერიდებოდა. რცხვენოდა უბრალოდ, ზედმეტად თავმოყვარე ადამიანი იყო.

დედა ყოველთვის ამაყობდა, თავისი მხედველობით, ე.წ. მფრინავის მხედველობით. ძალიან შორს უსათვალოდ ხედავდა, ისევე როგორც ახლოს. მაგრამ, ამ პერიოდში, თანდათან, მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება კატარაქტის განვითარება დაეწყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამოგვყვა. მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის, ყველანაირი სამედიცინო ჩარევის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ მას გადაადგილებაც უჭირდა მხედველობის გამო და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში.

ხანდახან ვჩხუბობდით და არ ვლაპარაკობდით ხოლმე. ერთხელ მახსოვს ღამე მომესმა დედის ტირილი, ლოგინში იხდა და ჩუმად ქვითინებდა. არ მიკითხავს, ვიცოდი რაც აწუხებდა – საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, არასაჭიროს, მიტოვებულს და დავიწყებულ საკუთარ თავს. ამის მერე იყო, ზუსტად რამდენიმე დღეში მითხრა – გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ ჩვენ ასე არ ვლაპარაკობდეთო. მაში ბოლოჯერ შევრიგდით და მას შემდეგ აღარასდროს გვიჩხუბია. 

იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახალი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით. საეთეროში ვმუშაობდით ორივე. ჩაწერის დაწყებამდე მამაჩემს დავურეკე, მან ტირილით მიპასუხა “ასე განადგურებულს როგორ ვუყუროო, ველაპარაკები და რეაქცია არ აქვს ჩემზეო”. მე მამა დავამშვიდე, რამდენადაც შევძელი, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღე გრძელდებოდა. სულ ვამოწმებდი მდგომარეობას მთელი დღის მანძილზე.

გადაცემის ჩაწერა, რომელზეც მე და ჩემი ძმა ვიყავით, გვიანობამდე გაგრძელდა, მეც და ჩემი ძმაც ბოლომდე იქ ვიყავით. სახეზე გვეტყობოდა, რომ რაღაც ძალიან გვაწუხებდა, მაგრამ არაფერი გვითქვამს არავისთვის. დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოვედით სამსახურიდან და მამას დავურეკე მოვდივარ მეთქი. 15 წუთი დამჭირდა სახლში მისასვლელად, მაგრამ მე დედას ცოცხალს ვეღარ მივუსწარი. სახლში რომ შევედი, მამაჩემი დედასთან მივიდა, თავზე მოეფერა და უთხრა “აი, გიორგი მოვიდაო”, მაგრამ მას არანაირი რეაქცია აღარ ჰქონდა და მაშინ ორივე მივხვდით, რაც მოხდა. ხმამაღლა ტირილი დაიწყო მამაჩემმა, ცხარე ცრემლებით, თან თავზე ეფერებოდა და სულ იმეორებდა – “ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი”…

მე თვალწინ მიდგას, როგორი ვნახე დედა უკანასკნელად. იგი იყო სრულიად ჭაღარა, თეთრი, დაპატარავებული და ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამხდარი, ჩამომდნარი. მე ჩავეხუტე და დავემშვიდობე… სულ რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო…

ანჩისხატის ეკლესიაში დავასვენეთ დედა…

მესამე დღეს, თავისი დედის და უდროოდ დაღუპული შვილის გვერდით დავასაფლავეთ. მის საფლავზე უამრავი ყვავილი იყო. იქ იყო პრემიერის სახელით მოტანილი დიდი გვირგვინი, იყო დიდი ყვითელი თაიგული, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილებიც, მაგრამ… მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა…

დედა, მე ჩემი საკუთარი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს, რომლებიც შენი საფლავის ქვას შეამკობს. შენი უკანასკნელი განსასვენებელი მე ასე მაქვს ჩაფიქრებული – იქნება მოკრძალებული, მაგრამ ისეთივე გამორჩეული, როგორიც შენ თვითონ იყავი…” – ამბობს გიორგი გაბუნია.

“გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს” – დავით უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს, თავისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ წერს და საჯარო სივრციდან დისტანცირების თაობაზე აკეთებს განცხადებას:

მეგობრებო,
გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.

ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.

ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს.

“ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის” მალე გახარებას გისურვებთ!” – წერს დავით უსუფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი” – Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება

“გვაცადეთ მუშაობა” ასე იწყება ზურაბ ჯაფარიძის დაფუძნებული პარტია “Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც პარტია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უსამართლოდ და არაადამიანურად მიიჩნევს, ხელისუფლების არასწორ ქმედებებზე საუბრობს და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს:

გვაცადეთ მუშაობა!

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გირჩი ყოველთვის წინააღმდეგი იყო იმ უსამართლო და არაადამიანური შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენი ასობით ათასი მოქალაქისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ცხოვრება და გაუთვალისწინებელი 5 მილიარდიანი ვალით დატვირთა ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია.

დღეს აღარ არსებობს ქვეყანაში საღი აზრის მქონე ადამიანი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ გზების მორეცხვა, ბლოკ-პოსტების მოწყობა სამხედროებით, სხეულის ტემპერატურის რეგულარული ზომვა ქალაქის ქუჩებსა და რაიონებში, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრებისთვის ერთად ჯდომის აკრძალვა, სოფლებისა და რაიონების ჩაკეტვა და შემდეგ მაკარონითა და ზეთით მომარაგება, სუფთა ჰაერზე სეირნობის აკრძალვა და სხვ., რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსის გავრცელების შეკავებასთან.

ერთადერთი, რაც ამ ყველაფერმა მოგვიტანა, ესაა დამონებული და სახლში გამოკეტილი უამრავი მოქალაქე, რომელთაც დაკარგეს სამსახურები, დაუხურეს სიმწრით ნაკოწიწები ბიზნესები, დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლები, გაეზარდათ ვალები ან ვეღარ ახერხებენ არსებული ვალების მომსახურებას, დაემსხვრათ ცხოვრების გეგმები და დაენგრათ ოჯახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაც დღემდე არავინ ეუბნება, როდის შეიძლება დასრულდეს ეს საგიჟეთი და როდიდან შესძლებენ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

მაგრამ, დღეს უკვე დე ფაქტო ხელისუფლება, რომლისთვისაც ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ადამიანების მონურ მორჩილებაში ყოფნა იქცა, ისევ აგრძელებს შეზღუდვებს და ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც შრომით ცდილობენ საკუთარი თავისა და ოჯახების უზრუნველყოფას.

შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი!

და მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა რეალურ ბანდიტებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული.

ჩვენთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ესმის ეკონომიკის ელემენტარული პრინციპები, ცალსახაა, რომ ასე გაგრძელება ნიშნავს ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხრუჭებას, ახალი, უზარმაზარი ვალების აღებას, რომლებიც ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, გაზრდილ გადასახადებს, გაზრდილ საბიუჯეტო დეფიციტს, ნაკლებ ინვესტიციებსა და კიდევ უფრო შენელებულ ეკონომიკურ განვითარებას და, საბოლოო ჯამში, სიღარიბეში კიდევ უფრო და დიდი ხნით ჩაძირვას.

და რადგან საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ აპირებს გონზე მოსვლას,

ჩვენ მოვითხოვთ:

– დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას;

– დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეს, ჩვენი კარი ღიაა,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ზოგან ძლიერი ნალექი, უმეტესად თოვლის სახით – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს 18-20 იანვარს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების თაობაზე:

☁️ 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

❗19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას” – გია ხუხაშვილი

ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ახალი რეალობის გაჩენაზე საუბრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში:

თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას.

ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება,” – მიაჩნია გია ხუხაშვილს.

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, – გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.
ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.