ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს – ამირან გამყრელიძე

ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში პოზიტიური ტენდენციის თაობაზე საუბრობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფიცირების გავრცელების სასურველი ტენდენციისა, ისევ და ისევ უმნიშვნელოვანესია რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით კი, პირბადეების ტარება:

საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის სულ 5000 ჩატარებული ტესტიდან. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე, ზოგადად, მიმართვიანობაც – სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ეს 110 შემთხვევა არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მხრივ. თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში.

დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ქვეყანაში ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის. დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2.2 პროცენტია დადებითობის მაჩვენებელი, საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11.9, ბოლო ერთ კვირაში – 8.3 და ბოლო ორ კვირაში – 9.8.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, დღეს უკვე ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ზოგადი ინციდენტობა, ისე შვიდი, 14 დღის საშუალო ინციდენტობა, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. ანუ, ქვეყანაში სტაბილიზაცია სტაბილურია, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად ახდენს ევროპისა და საქართველოს მონაცემების განახლებებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ 75 პროცენტზეა ჩვენთან ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ 95 პროცენტზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის თქვენ მხოლოდ ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ჩამოხვალთ ყოველდღიურ შემთხვევებზე, სადღაც 10-დან 77-ის ფარგლებში. ანუ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით ნიღბის ტარების მაჩვენებლს.

რომ შევაჯამო – ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მუდმივად, ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული