შაბათი, აპრილი 27, 2024

“ყვავილები უყვარდა დედას…” – გიორგი გაბუნიას გამოსათხოვარი სატელევიზიო სიტყვა ჟულიეტა ვაშაყმაძისადმი

ემოციური და ამაღელვებელი იყო გადაცემა “ფოსტ ფაქტუმში”, მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი თავისი დედის, ლეგენდარული ჯულიეტა ვაშაყმაძის სიცოცხლის ბოლო წლებისა და გარდაცვალების შესახებ:

დედა… ყვავილები უყვარდა დედას… მაინცა და მაინც რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული არა, უბრალო, მინდვრის ყვავილებსაც ბედნიერება მოჰქონდა მისთვის…

ჩვენი სახლის აივანზე, გაზაფხულობით, ყოველთვის ყვაოდა ჭერამდე ასული პატარა თეთრი ვარდები, მათ ლურჯი და იასამნისფერი ხვართქლა ერეოდა, რომლებიც დილით ადრე იშლებოდნენ და მალევე იხურებოდნენ, მათ სანახავად ადრე გაღვიძება იყო საჭირო, დედას კი ამის პრობლემა არ ჰქონდა – სიამაყით ამბობდა, ხოლმე, “მე მზეს ვასწრებ გაღვიძებასო”.

ძალიან ადრე იღვიძებდა, ვარჯიშობდა და ზოგჯერ ჩვენც გვაიძულებდა, დილის 6 საათზე ადგომას. ხშირად კი საათების განმავლობაში უწევდა ჩვენი ძილის ყურება და ბოლოსდაბოლოს თავს რომ წამოვყოფდით ლოგინებიდან, დედას უკვე ნახევარი დღე ჰქონდა გავლილი და უამრავი საქმე გაკეთებული.

ყოველთვის გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი ადამიანი იყო. საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო. ვიდრე ოჯახს შექმნიდა ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება და შემდეგ გაგვაჩინა ჩვენ. ჩემი უფროსი და როდესაც გაჩნდა, დედა უკვე 40 წლის იყო. თუმცა უნდა ვთქვა ასევე, რომ რამდენიმე წლით ადრე, დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ერთი თვის ასაკში ფილტვების ანთებით დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.

ის ცხოვრობდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდნენ და აზროვნებდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ აზროვნებდნენ. სწორედ ეს გამოჩნდა ტელევიზიაში, სადაც თავიდან მივიდა, თითქოს როგორც რიგითი დიქტორი, მაგრამ ის ყველაფერი იყო რიგითის გარდა.

დიდ ნიჭთან ერთად, თანამედროვეობის განსაკუთრებულ ალღოსთან, გახსნილ გონებასთან, ფენომენალურ მეხსიერებასთან, უასაკო სილამაზესთან ერთად, მას ჰქონდა ის, რაც დეფიციტი და მთავარი დანაშაული იყო საბჭოთა პერიოდში – დამოუკიდებლობა და შინაგანი თავისუფლება. ამით ის დროსაც კი უსწრებდა წინ. დღესაც კი უჭირთ ჟურნალისტებს კამერასთან ისე თავისუფლად, ბუნებრივად, ორგანულად საუბარი და მოძრაობა, როგორც ამას ჯულიეტა ვაშაყმაძე 60 წლის წინ აკეთებდა.

ასე გავიდა ათწლეულები და წარმოიდგინეთ რა დაემართებოდათ ასეთი შემართებისა და ენერგიის მქონე ადამიანებს, როდესაც ისინი გამოყარეს სამსახურიდან. 2004 წელს დედას უთხრეს, რომ მისი ადგილი ტელევიზიაში აღარ იყო და მამაჩემთან ერთად გაათავისუფლეს სამსახურიდან. აქტიური ცხოვრების შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, თანაც შეგრძნებით, რომ ისინი არავის სჭირდებოდნენ. კი, იმ დროს, დედაჩემი კალენდარულად საპენსიო ასაკში იყო, მაგრამ ყველამ იცის აგრეთვე, რომ მისი ორგანიზმი არც კალენდარს ემორჩილებოდა, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე. ტელევიზიიდან გაშვების მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი, მაგრამ შეუქცევადი ნგრევა –  შინაგანიც და ფიზიკურიც.

რა თქმა უნდა მებრძოლ ჯულიეტას ასე მარტივად არ დაუყრია ფარ-ხმალი, მან იჩივლა სასამართლოში, შეისწავლა კანონები და ადვოკატივით თვითონ მიჰყავდა ორი საქმე. რაც მთავარია, მამაჩემის საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო და თავისი არგუმენტებით მოსამართლე იძულებული გახადა მამაჩემი თანამდებობაზე მამაჩემის დაუყოვნებლივი აღდგენის გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა პირველმა არხმა ესგადაწყვეტილება გაასაჩივრა და არ აღასრულა. ყველაფერი საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა, ეს ბრძოლაც დასრულდა და დედას ფაქტობრივად მომავალი გაუქრა. უკვე მიხვდა, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა თავის საყვარელ ტელევიზიაში, სადაც თითქმი 50 წელი გაატარა.

ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო იკეტებოდა გარესამყაროსგან. უფრო იშვიათად გადიოდა სახლიდან. უარს ამბობდა ინტერვიუებზე, განსაკუთრებით კამერების წინ, რადგანაც ამჩნევდა, რომ მის უბერებელ სახესაც კი ნელნელა შეემატა დროის, ამდენი ნერვიულობის, მძიმე და უსამართლო განცდების კვალი, რისიც ძალიან ერიდებოდა. რცხვენოდა უბრალოდ, ზედმეტად თავმოყვარე ადამიანი იყო.

დედა ყოველთვის ამაყობდა, თავისი მხედველობით, ე.წ. მფრინავის მხედველობით. ძალიან შორს უსათვალოდ ხედავდა, ისევე როგორც ახლოს. მაგრამ, ამ პერიოდში, თანდათან, მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება კატარაქტის განვითარება დაეწყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამოგვყვა. მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის, ყველანაირი სამედიცინო ჩარევის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ მას გადაადგილებაც უჭირდა მხედველობის გამო და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში.

ხანდახან ვჩხუბობდით და არ ვლაპარაკობდით ხოლმე. ერთხელ მახსოვს ღამე მომესმა დედის ტირილი, ლოგინში იხდა და ჩუმად ქვითინებდა. არ მიკითხავს, ვიცოდი რაც აწუხებდა – საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, არასაჭიროს, მიტოვებულს და დავიწყებულ საკუთარ თავს. ამის მერე იყო, ზუსტად რამდენიმე დღეში მითხრა – გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ ჩვენ ასე არ ვლაპარაკობდეთო. მაში ბოლოჯერ შევრიგდით და მას შემდეგ აღარასდროს გვიჩხუბია. 

იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახალი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით. საეთეროში ვმუშაობდით ორივე. ჩაწერის დაწყებამდე მამაჩემს დავურეკე, მან ტირილით მიპასუხა “ასე განადგურებულს როგორ ვუყუროო, ველაპარაკები და რეაქცია არ აქვს ჩემზეო”. მე მამა დავამშვიდე, რამდენადაც შევძელი, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღე გრძელდებოდა. სულ ვამოწმებდი მდგომარეობას მთელი დღის მანძილზე.

გადაცემის ჩაწერა, რომელზეც მე და ჩემი ძმა ვიყავით, გვიანობამდე გაგრძელდა, მეც და ჩემი ძმაც ბოლომდე იქ ვიყავით. სახეზე გვეტყობოდა, რომ რაღაც ძალიან გვაწუხებდა, მაგრამ არაფერი გვითქვამს არავისთვის. დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოვედით სამსახურიდან და მამას დავურეკე მოვდივარ მეთქი. 15 წუთი დამჭირდა სახლში მისასვლელად, მაგრამ მე დედას ცოცხალს ვეღარ მივუსწარი. სახლში რომ შევედი, მამაჩემი დედასთან მივიდა, თავზე მოეფერა და უთხრა “აი, გიორგი მოვიდაო”, მაგრამ მას არანაირი რეაქცია აღარ ჰქონდა და მაშინ ორივე მივხვდით, რაც მოხდა. ხმამაღლა ტირილი დაიწყო მამაჩემმა, ცხარე ცრემლებით, თან თავზე ეფერებოდა და სულ იმეორებდა – “ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი”…

მე თვალწინ მიდგას, როგორი ვნახე დედა უკანასკნელად. იგი იყო სრულიად ჭაღარა, თეთრი, დაპატარავებული და ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამხდარი, ჩამომდნარი. მე ჩავეხუტე და დავემშვიდობე… სულ რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო…

ანჩისხატის ეკლესიაში დავასვენეთ დედა…

მესამე დღეს, თავისი დედის და უდროოდ დაღუპული შვილის გვერდით დავასაფლავეთ. მის საფლავზე უამრავი ყვავილი იყო. იქ იყო პრემიერის სახელით მოტანილი დიდი გვირგვინი, იყო დიდი ყვითელი თაიგული, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილებიც, მაგრამ… მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა…

დედა, მე ჩემი საკუთარი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს, რომლებიც შენი საფლავის ქვას შეამკობს. შენი უკანასკნელი განსასვენებელი მე ასე მაქვს ჩაფიქრებული – იქნება მოკრძალებული, მაგრამ ისეთივე გამორჩეული, როგორიც შენ თვითონ იყავი…” – ამბობს გიორგი გაბუნია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული