სამშაბათი, აპრილი 16, 2024

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ

სახალხო დამცველის აპარატი ორგანიზაციის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 6-ჯერ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს და 22 აპრილს – N12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვიზიტებისას ჯგუფის წევრები სინჯავდნენ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, ეცნობოდნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას და ესაუბრებოდნენ ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალს.

შესაბამისად, სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ექვსი დასკვნა, კერძოდ: 17.11.2021, 18.11.2021, 25.11.2021, 14.12.2021, 19.01.2022 და წინამდებარე – 27.04.2021 დასკვნა.

2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა).

2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით ოთხჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021, 11.01.2022 და 22.04.2022).

22 აპრილის ვიზიტის შედეგები
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და თერაპევტმა (შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა) გრიგოლი ხურციძემ.

ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვა ექსპერტებმა, კერძოდ: გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგმა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგმა), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგმა, კლინიკურმა ონკოლოგმა, ინტერნისტმა, პალიატიური მედიცინის სპეციალისტმა), ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგმა).

პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება
ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).

ძირითადი საყურადღებო საკითხები და რეკომენდაციები
იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება:

რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია;
საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა – აუტანლობის მიზეზით;

ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე;

ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად – საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ – ცილოვანი შიმშილი – გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
გიორგი გრიგოლია
გრიგოლი ხურციძე
გიორგი კაჭარავა
გიორგი პაპიაშვილი
აიდა გოზალოვა
თენგიზ წულაძე
ნინო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული