ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს (“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️“), მწვავე პოზიცია-შეფასებებით და კონკრეტული შეხსენებებით ეხმაურება მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე:
“თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, ფართო გაგებით კი – დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისათვის, რომ მტრული საქმიანობისთვის გარეთ ფონი შექმნა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
იცით, რომ ჩვენ ასევე მომზადებული გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა – ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი, მათ შორის, სამართლებრივი პასუხიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

