ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
25.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1928

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დააქვეითეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საპატრული პოლიციის ხელმძღვანელი, თეიმურაზ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა და მაშინ ასე წარადგინა კოლეგების წინაშე შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ:

მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი – თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას“.

როგორც გამოხმაურებებშია აღნიშნული, რეალურად, ეს საკადრო გადაადგილება, დაქვეითებაა თეიმურაზ კუპატაძისთვის.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობა დიდხანს არ დარჩენილა ვაკანტური და როგორც ცნობილი გახდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე უკვე დაინიშნა პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი, რომელიც მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

გიორგი ხაბურზანია: “ბატონ გიორგი გახარიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი მინისტრი”

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” და “ახალი საქართველოს” წევრი გიორგი ხაბურზანია, გაზრდილი კრიმინოგენული მდგომარეობის ფონზე, მკვეთრად ნეგატიურად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

“ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკის კატასტროფული ზრდაა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რიგ შემთხვევაში იგი გაორმაგებულია და გასამმაგებულიც კი. დღევანდელი შსს-ს ასეთი ცუდი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ამ უწყებაში პოლიტიკური შემადგენელი უფრო მეტია ვიდრე პროფესიონალური. როცა სამინისტრო კრიმინალთან შედის გარიგებაში იმის გამო, რომ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი მეორე ტურში გაიყვანოს, რა თქმა უნდა შედეგს ისეთს მიიღებ, როგორც ამ უწყების მიერვე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნაჩვენები. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოქმედ შს მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი მინისტრი.

გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს, რაც ცხადად მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მწვავე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე:

დანაშაულის საერთო რაოდენობაში, მიმდინარე წლის 11 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია 19706-ით, მატება +58.08%. საერთოდ კი 2018 წლის 11 თვის განმავლობაში სულ ჩადენილია 53637 დანაშაული, მათგან გაიხსნა 18467, რაც შეადგენს 34.43%-ს;

მკვეთრადაა გაზრდილია შემდეგი სახის დანაშაული

  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +4918 (100.29%);
  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა +21 (190.91%). გასული წლის 11 თვეში – 11 დანაშაული, მიმდინარე წელს – 32;
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +1816 (253.63%);
  • 304.42%-ით გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული. გასული წლის 11 თვეში ასეთი დანაშაულის სულ 407 ფაქტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1646;
  • მაღალია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის ზრდაც +10131 (81.75%).

მეორე მხრივ, ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებაში შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი

  • მიმდინარე წლის 11 თვეში საკუთრების წინააღმდეგ სულ ჩადენილი 22524 დანაშაულიდან გაიხსნა 5452 (24.21%);
  • ბინაში შეღწევით ქურდობის 2227 ფაქტიდან მხოლოდ 289 გაიხსნა (12.98%);
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთის 118 ფაქტიდან გაიხსნა 33 (27.97%);
  • სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 367 ფაქტიდან გაიხსნა 4 (1,09%);
  • ასევე, იკლო განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელმა – შარშან 85.07%, წელს – 65.22%.

დანაშაულის ზრდა ქვეყანას მკვეთრად შეულახავს იმიჯს ტურიზმის მიმართულებით, რომლითაც ასე ძალიან იწონებს თავს  “ქართული ოცნების” ხელისუფლება. კრიმინოგენული მდგომარეობის ასეთი მკვეთრი გაუარესების მიზეზები შეიძლება იყოს არაერთი პრობლემა, განსაკუთრებით კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, არაპროფესიონალიზმი მმართველობით რგოლში, კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვა.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რადიკალური რეფორმების გატარება ძალოვან უწყებებში, რომ გამოსწორდეს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე და ბევრად უარეს შედეგს მივიღებთ ვიდრე დღეს გვაქვს”.

NDI-ის კვლევის მოსალოდნელი და მოულოდნელი შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა/კვლევის შედეგებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებული შედეგები დიდწილად იყო მოსალოდნელი, თუმცა მოულოდნელიც – ცალკეულ პუნქტებში.

NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 6-20 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ და მასში მონაწილეობდა 2205 რესპოდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაგაცნობთ რამდენიმე საყურადღებო მონაცემს:

კითხვაზე “საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?” გამოკითხულ რესპოდენტთაგან მხოლოდ 43%-მა უპასუხა დადებითად, 46% თვლის რომ დემოკრატია არაა ქვეყანაში 13%-მა არ იცის;

კითხვაზე “რომელი პოლიტიკური სისტემა არის ყველაზე შესაფერისი საქართველოსთვის?” – გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ეს არის დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა;
11%-ის აზრით ეს არის სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიულია და ბაზართან ორიენტირებული;
10% ასეთ სისტემად ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას მიიჩნევს;
ძლიერი ავტორიტარული სისტემა, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს – სურს რესპოდენტთა 10%-ს;
14%-მა კი – არ იცის როგორი სისტემა სურს.

საყურადღებოა გამოკითხვის შედეგები პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში. გამოკითხულ რესპოდენტთა 85%-ს სურს, რომ პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული.

მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 44% ააფასებს კარგად და ძალიან კარგად, ხოლო 49% – ცუდად და ძალიან ცუდა.

პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას რესპოდენტთა 71% მიიჩნევს რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობითაა დაკავებული. გამოკითხულთა მხოლოდ 23% თვლის, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების  გამოძიება (63%-ს ასე არ მიაჩნია).

სერიოზული განსჯის საგანია ის, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 28%-მა შეძლო თავისი რაიონის მაჟორიტარის სწორად დასახელება.

კორუფციას დონის შეფასებისას გამოკითხულთა მხოლოდ 21 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არაა, 34%-ის აზრით – მეტნაკლებად გავრცელებულია, ხოლო 30%-ის აზრით – ძალიან გავრცელებულია.

კორუფცია უწყებებში – ძალიან და მეტნაკლებად გავრცელებული:
პროკურატურაში და პარლამენტში 44-44%, შსს-ში – 41%.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 63% მიიჩნევს, რომ უწყებებში ნეპოტიზმის ნიშნით ინიშნებიან კადრები.

NDI-ის მიერ, ასევე, გამოქვეყნდა კვლევის პოლიტიკური ნაწილიც.

კითხვაზე – “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს“:
– 56% ამბობს, რომ მიიღებებ მონაწილეობას (41% – არა);
– ამასთან 41%-ს გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას (52%-ს – არა).

კითხვაზე – “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს“, შედეგები ასე გადანაწილდა (პირველი არჩევანი):
– “ქართული ოცნება” – 27%;
– ენმ – 12%;
– “ევროპული საქართველო” – 3%;
– “პატრიოტთა ალიანსი” – 3%;
– სხვა – 7%;
არცერთი პარტია – 36%

კითხვაზე – “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას?” შედეგები ასე გადანაწილდა (პირველი არჩევანი):
– “ქართული ოცნება” – 24%;
– ენმ – 11%;
– “პატრიოტთა ალიანსი” – 3%;
– სხვა – 8%;
არცერთი პარტია – 14%;
– არ ვიცი – 27%;
– უარი პასუხზე – 14%.

ხოლო მათგან, ვინც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას – იგივე კითხვაზე:
– “ქართული ოცნება” – 29%;
– ენმ – 12%;
– “პატრიოტთა ალიანსი” – 3%;
– სხვა – 7%;
არცერთი პარტია – 9%;
– არ ვიცი – 27%;
– უარი პასუხზე – 13%.

დედაქალაქის მერმა 2019-2020 წლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების პრეზენტაცია გამართა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც 2019-2020 წლებში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. საშუალო და მცირე ზომის პროექტების განხორციელება კი, თბილისის რაიონების გამგეობების მიერ იგეგმება.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას, დეპუტატებს, მერიისა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მუშაობის ყოველდღიური რუტინა ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა იმისკენ, რასაც ევროპული, თანამედროვე, მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი ჰქვია. პრობლემები, რომელსაც ვებრძვით, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ეს არის სამი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი საკითხები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ყველა იმ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, რომელიც დღეს გვაწუხებს, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დედაქალაქის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ვითარდება. ამიტომ, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელების შედეგად, გვექნება სრულიად ახალი გზა, რომლის მშენებლობაზე ტენდერს ძალიან მალე გამოვაცხადებთ. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს განსახორციელებელი შემდეგი პროექტი გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციაა, რომლის ღირებულება 3 800 000 ლარია; ასევე, იგეგმება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობა, რომლის ღირებულება 11 620 192 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

„შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დიღმის ჭალების ტერიტორიის მოწესრიგებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას.  არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე და ა.შ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ, გავუფრთხილდეთ და მოვაწესრიგოთ უკვე არსებული სივრცეები. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია, საქალაქო პარკების მშენებლობა. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებში, სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შედის, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია; 2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში, 1 900 000 ლარია.

„სოფელ დიღომში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან წყალარინების არანაირი ქსელი არ არსებობს. შარშან ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იგივე მდგომარეობა გვაქვს მუხიანის აგარაკებზე, სადაც ასევე, არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ მოეწყობა მანამ, სანამ ეს პროექტი არ განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური 2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც ჩაატარებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე კი, 1.3 მილიონი დაიხარჯება.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე – 45 000 000 ლარი, გარე განათების ქსელის მოწყობაზე – 7 000 000 ლარი, ხოლო მწვანე სივრცეების მოწყობაზე – 7 085 489 ლარი დაიხარჯება; მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ღირებულება 3 553 970 ლარია. აღნიშნული პროექტიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირველ ეტაპზე, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების მოწესრიგება დავიწყეთ. ყველანაირი საკომუნიკაციო ქსელი უკვე შეცვლილია. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომლის ფარგლებში, მთლიანად განახლდება მწვანე საფარი და განათების ქსელი. რაც შეეხება მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიას, ანალოგიური მიდგომა გვაქვს – მწვანე სივრცეები თავიდან არის შესაქმნელი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება, შეიქმნება ხელოვნური ტბა და საბოლოო ჯამში, ქალაქში საკმაოდ ლამაზი სივრცე გაჩნდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის (13 000 000 ლარი), ვეკუა-ხიზანიშვილისა (10 000 000 ლარი) და კანდელაკის (1 600 000 ლარი)   ქუჩების სრული რეაბილიტაცია.

„მსხვილ სარეაბილიტაციო პროექტებს შორისაა კანდელაკის ქუჩა. ვგეგმავთ აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ასევე,  მსხვილ საგზაო  პროექტებს შორისაა გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ეს არის გლდანის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ქუჩების მოწესრიგებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. დაგეგმილი გვაქვს  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით, არასახარბიელო მდგომარეობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. ასევე ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

2019 წელს განხორციელდება ასევე, ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძე) სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 900 000 ლარია.

„მიმდინარე წელს ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია იმ პროექტების ფარგლებში ტარდება, რომელიც მწვანე სივრცეების შექმნასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი – არსებულის მოწესრიგება და  მოვლა-პატრონობა და მეორე – ახალი საქალაქო პარკებისა და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება პარკის სრული რეაბილიტაცია, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი და ველობილიკი. ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა – ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის მიმართულებით, მიმდინარე წელს 4 000 000 ლარი დაიხარჯება.

„ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვარქმევთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება ოთხი მილიონი ლარია. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20–30 მილიონი ლარია.

„ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეუწყობს ხელს და ზოგადად, არსებულ მდგომარეობას განტვირთავს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

2019-2020 წლებში ასევე, იგეგმება დიდი დიღმისა (12 000 000 ლარი) და ვარკეთილის (12 000 000 ლარი) მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.

„სხვადასხვა რაიონში მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებაში შედიოდა. რა თქმა უნდა, ამ დაპირებას შევასრულებთ. შარშან, ერთი კომპლექსი თემქაზე უკვე გაიხსნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წელს ვიწყებთ ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დიდ დიღომში და ვარკეთილში. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი სპორტის ყველა სახეობა, საცურაო აუზი, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკა. ანალოგიურ პროექტებს სხვადასხვა რაიონში ისევ წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753 773 ლარი დაიხარჯება; იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 700 000 ლარია.

„გასულ წელს გზაგამყოფების მოწესრიგება დავიწყეთ, რომლებიც ძირითადად, ქვაფენილით იყო დაფარული. მოსახლეობის მხრიდან ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ადგილი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შევქნათ.  გასულ წელს ასევე, დაიწყო ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა. მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე განხორციელებულია. უახლოეს მომავალში კი, პროექტი მთლიანად დასრულდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, დედაენის ბაღის. გვინდა, არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. მწვანე სივრცეებს, რომელიც დედაენის ბაღში სავალალო მდგომარეობაშია, მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამასთან, ორბელიანის მოედნის სრული რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

2019-2020 წლებში მოხდება ფიროსმანისა (50 000 000 ლარი) და გუდიაშვილი-ფურცელაძის (45 000 000 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციაც.

„ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. აქაც ანალოგიური მიდგომა გვაქვს. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, არსებული მდგომარეობა მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ. დარწმუნებული ვარ, პროცესში ბიზნესიც ჩაერთვება. რაც შეეხება გუდიაშვილი-ფურცელაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ესეც მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც 2020 წელს დასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, –  განაცხადა თბილისის მერმა.

პრეზენტაციის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მომავალი პროექტების განხორციელების პროცესში მათი თანადგომის იმედი გამოთქვა.

„ეს ყველაფერი გვაძლევს სტიმულს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ თბილისელებს და ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ. ამ ყველაფერში საზოგადოების თანადგომის, ჩართულობის დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, მე მარტო არ ვარ და ჩემს უკან ძალიან დიდი გუნდი დგას, რომელსაც მერიის თანამშრომლები ჰქვია. ის ყველაფერი, რომლის განხორციელებაც 2018 წელს მოვახერხეთ, თითოეული ჩემი თანაგუნდელის დამსახურებაა. მინდა, მათ იმ საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვართ მსახურები – ვემსახურებით თბილისსა და თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: 2018 წლის მონაცემების წინასწარი შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს 2018 ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, გასული წლის ნოემბრის თვის მონაცემების მიხედვით. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2018 წელს 2.2 პროცენტი, ხოლო პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევაში, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში.

საქონლის ექსპორტმა 3033.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდისთვის 24.0 პროცენტით მეტია. 16.8 პროცენტით გაიზარდა იმპორტიც, რაც 8291.2 მლნ. აშშ დოლარია. საერთო ჯამში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, 11324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტიურობა მარტისა და ოქტომბრის თვეებში დაფიქსირდა, შესაბამისად ყველაზე მაღალი უარყოფითი სავაჭრო სალდოც იმავე თვეებში მოდის (დიაგრამა 1).


დიაგრამა 1. წყარო:  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით 3950 ერთეული შეადგინა, რაც 6.6 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 6173.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით მეტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურად აქტიური გამოდგა 2018 წლის იანვრის, მაისის და ოქტომბრის თვეები (დიაგრამა 2)


დიაგრამა 2. წყარო: საქართველო ფინანსთა სამინისტრო

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების თვალსაზრისით შემოსავლები აჭარბებს ხარჯებს (შემოსავალი – 9499,1 მლნ. ლარი, ხარჯი – 8166,8 მლნ. ლარი). რაც შეეხება საბანკო სფეროს მთლიან გამოშვებას გასული წლის ნოემბრის მონაცემებით იგი 1751,2 მლნ. ლარს შეადგენს.

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

თინა ხიდაშელი: “3 წლის წინ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ”

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების თემას ეხმაურება პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მიმართვას:

წერილი ყველას: ჟურნალისტებს, ჭორიკნებს და კეთილი ნების ადამიანებს, გულწრფელად აღშფოთებულებს და შეშფოთებულის პოზაში მყოფებს.

პირველად წარსულზე:
არა, 3 წლის წინ, ჩემი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ.

ვიდეო რომელიც მაშინ დილის 7 საათზე ჩემს ფბ-ზე აიტვირთა, იყო ჩემთვის უცნობი ადამიანების ინტიმური ურთიერთობის შესახებ. ფაილს ერქვა ჩემი სახელი;

იმ დილის 7 საათზე დავურეკე ვახო გომელაურს და ვითხოვდი რომ დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ რომ ჭორაობის საფუძველი არ ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გააქრეს.

ვიცი, რომ ის ვიდეო ვიღაცეებს გადმოწერილი აქვთ და, თუ საჭირო გახდება, იქნებ გამოაჩინონ კიდეც.
ბევრი უსინდისო ადამიანი უკვე რამდენიმე წელზე მეტია სრული სიბინძურით არის დაკავებული ამ თემაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მათი პრიმიტიულობის დასტურია მხოლოდ.

დღემდე ამ თემაზე მაინცდამაინც ბევრი არაფერი მითქვამს, ვინაიდან მეგონა რომ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, მაგრამ დღევანდელმა ჟურნალისტების შტურმმა ძალიან დამაფიქრა.

არავითარი შანტაჟის მსხვერპლი პირადად მე არ ვყოფილვარ, მანიპულაციის და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა კი ნამდვილად იყო.

მოკლედ, ეს სამი წლის წინანდელ ამბავს რაც შეეხება.

 

ეხლა დღევანდელობაზე.

ამ სიბინძურეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს რამდენიმე მიზეზი აქვს:

– ჩვენში კარგად იყიდება და სეირის მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის განადგურების მოწინააღმდეგე;

– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაშინაც იცოდნენ და ალბათ დღესაც ასევე იციან ვინ იდგა ამ ამბების წინ და უკან; იცოდნენ გვარებით და სახელებით, გავრცელების ადგილებით, ინტერნეტ კაფეების მისამართებით საიდანაც აიტვირთა ვიდეოები და სხვა;

– დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალეც ექნებათ იმედი რომ არ დაისჯებიან ამიტომ გააგრძელებენ;

– 2015-2016 წლებში ამ პრიმიტიული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინდელი პარტია ოცნებიდან, დღეს აღშფოთებულები, ვინმე რომ გამოგვყოლოდა, იქნებ დღეს ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილიც კი ყოფილიყო;

– და ბოლოს, მანამ იქნება ასე, სანამ დირექტორის კითხავენ და მას დაავიწყდება და ამით დაადასტურებს, რომ ეს მისთვის მისაღები ამბავია, არაფერი განსაკუთრებული და დამახსოვრების ღირსი.

თბილისის მერიაში გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა

თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს მიდგომები ახალ მშენებლობებთან და უკვე არსებულ საბინაო ფონდთან დაკავშირებით.

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებთ, თბილისის მერიამ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე რეაგირების ზომები უკვე გაამკაცრა. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც და ამ პროცესში დედაქალაქის მერია აქტიურად ჩაერთვება.

„რა თემაც შეიძლება იყოს ჩვენთან კავშირში, იქნება ეს ექსპლუატაციაში მიღება, უსაფრთხოების სტანდარტების მიღწევა თუ სხვა მიმართულება, მერია მზად არის ჩაერთოს. აქ საუბარი იყო, რომ გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე დაიწყოს სერვის პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, კომპანიებმა კი შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტირებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ ზოგადად, სახლში გაზის სისტემის უსაფრთხოება კვალიფიციურმა პირებმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ. ამით ჩვენ მივაღწევთ გარკვეულწილად უსაფრთხოების სხვა სტანდარტს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესსაც.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც მიებას გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი დაესწრნენ.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: საზოგადოების დამოკიდებულება, პოზიციები, შეფასებები

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – ცივილიზებული სამყაროს მონაპოვარია, თუმცა ეს აქსიომა ჯერ კიდევ არაა სრულად გათვითცნობიერებული ჩვენს ქვეყანაში. წლების წინ კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უკვე გასაჯაროებისა და ღია შანტაჟის საგანი გახდა.

პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის განცხადებამ, რომ სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების მცდელობაა, საზოგადოების უდიდეს ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს საგამოძიებო საქმიანობის წარმოება ამ მიმართულებით.

მკაცრი და შეუვალი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პოზიცია, ღია წერილით როცა მიმართა საზოგადოებას. “არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით!” – აღნიშნა მან თავის მიმართვაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი პოზიცია დაფიქსირდა და აბსოლიტურად უმრავლეს შემთხვევაში დაგმობილია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება.

პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე. მითუმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე, მე პირადად, ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი” – პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მკაცრია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის პოზიცია: “შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც მზად ვართ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს. ვიმედოვნებ, რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს“.

ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა დედაქალაქის მერიც.

მე არ ვიცი ზოგადად რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეო ჩანაწერები. ჩემთვის ზოგადად კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება” – აღნიშნა კახა კალაძემ.

შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად,  ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს” – აღნიშნულია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

უპირველესად ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე:

სამწუხაროდ, პირადი ცხოვრებით შანტაჟი მკვიდრდება, როგორც პრაქტიკა. ამ პრაქტიკას იწვევს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გამეფებულია ამ სფეროში. ჩვენ ვერ ვერ ვიხილეთ სამაგალითოდ დასჯილი ვერც ერთი ადამიანი, რომელიც წარსულში აგროვებდა, ამუშავებდა ან ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ეს არის სამწუხარო რეალობა! იქნებ, ახლა მაინც გავიგოთ და დავინახოთ, როგორ შეიძლება სამართლიანობა დადგეს ასეთი ტიპის საქმეში“.

 

სააგენტო “პარალელი” გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების უკანონო, უღირს ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისაკენ!

გიორგი ქობულია: “2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები”

თბილისის ტექნოპარკში ეკონომიკური კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო 2019” გაიხსნა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

კონფერენციის პირველ პანელზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო კონფერენციზე გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა.

გიორგი ქობულია – 2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მთელ რიგ ქვეყნებთან.

როგორც გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიზნით საქართველო თურქეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ისრაელთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და ყურის ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციას და ამ კუთხით შეთანხმებებზე აქტიური მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს.

მინისტრის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს აქტიური დიალოგი საქართველოსა და აშშ-ს შორის. როგორც გიორგი ქობულიას თქმით, აღნიშნული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე და ინვესტორთა მაღალი ნდობის მოპოვებას. ბრიტანული ჟურნალის “THE ECONOMIST“-ის წლიური გამოცემის “მსოფლიო 2019“- ის ეგიდით კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ტექნოპარკში იმართება.

აღნიშნული კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა.

ახალი ომი ფარული ჩანაწერებით: ეკა ბესელიას ღია წერილი საზოგადოებას

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ეხმაურება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ მცდელობებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ღია წერილი საზოგადოებას

გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით.
პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!!
ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა , რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!!
შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე როგორც ყოველთვის მჯერა რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე… სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დაჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს.
ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს:

შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში. იქ სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!!

ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად.
ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა.

სწორედ იმიტომ , რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო , გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე , მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!!

ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწავლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად –არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!

და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წწ ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს… არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული….

და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერსაოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა….მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი…ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამქვეყანაში ! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც !!!

დანარჩენი ის იყო რაც ყველამ ნახეთ…

დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა – ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ . ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა.

ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები.

არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს.

მართალია დღეს ჩვენს ,,გუნდში,, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა ….
სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება – ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა… მახსოვს ლევან გოგიაჩაიშვილის ემოციური კითხვა როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს ,,რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო?…. ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი….
და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება!
გამოგვივიდა ???

და ახლა ბოლოს ქართულ ოცნებას მივმართავ:
გამოგვივიდა? შევძელით ეს ???
დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე… კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად ,მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“… შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი….
არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში… ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი ,,გუნდით“…

ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე…

მე-7 წლის თავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ –
ს ა კ მ ა რ ი ს ი ა!

სახელი დავარქვათ ყველაფერს!

მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით… ამდროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს…

აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში… მე ამას ვერ შევეგუებოდი!!!

მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში.
ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია !

ჩემი პასუხი ?

არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით!

ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა –
გალაქტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია!!!

ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!”