პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – ცივილიზებული სამყაროს მონაპოვარია, თუმცა ეს აქსიომა ჯერ კიდევ არაა სრულად გათვითცნობიერებული ჩვენს ქვეყანაში. წლების წინ კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უკვე გასაჯაროებისა და ღია შანტაჟის საგანი გახდა.
პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის განცხადებამ, რომ სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების მცდელობაა, საზოგადოების უდიდეს ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს საგამოძიებო საქმიანობის წარმოება ამ მიმართულებით.
მკაცრი და შეუვალი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პოზიცია, ღია წერილით როცა მიმართა საზოგადოებას. “არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით!” – აღნიშნა მან თავის მიმართვაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი პოზიცია დაფიქსირდა და აბსოლიტურად უმრავლეს შემთხვევაში დაგმობილია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება.
“პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე. მითუმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე, მე პირადად, ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი” – პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მკაცრია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის პოზიცია: “შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც მზად ვართ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს. ვიმედოვნებ, რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს“.
ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა დედაქალაქის მერიც.
“მე არ ვიცი ზოგადად რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეო ჩანაწერები. ჩემთვის ზოგადად კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება” – აღნიშნა კახა კალაძემ.
“შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს” – აღნიშნულია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
“პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
უპირველესად ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე:
“სამწუხაროდ, პირადი ცხოვრებით შანტაჟი მკვიდრდება, როგორც პრაქტიკა. ამ პრაქტიკას იწვევს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გამეფებულია ამ სფეროში. ჩვენ ვერ ვერ ვიხილეთ სამაგალითოდ დასჯილი ვერც ერთი ადამიანი, რომელიც წარსულში აგროვებდა, ამუშავებდა ან ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ეს არის სამწუხარო რეალობა! იქნებ, ახლა მაინც გავიგოთ და დავინახოთ, როგორ შეიძლება სამართლიანობა დადგეს ასეთი ტიპის საქმეში“.
სააგენტო “პარალელი” გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების უკანონო, უღირს ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისაკენ!