საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ეხმაურება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ მცდელობებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ღია წერილი საზოგადოებას
გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით.
პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!!
ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა , რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!!
შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე როგორც ყოველთვის მჯერა რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე… სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დაჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს.
ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს:
შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში. იქ სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!!
ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად.
ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა.
სწორედ იმიტომ , რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო , გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე , მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!!
ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწავლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად –არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!
და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წწ ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს… არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული….
და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერსაოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა….მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი…ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამქვეყანაში ! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც !!!
დანარჩენი ის იყო რაც ყველამ ნახეთ…
დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა – ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ . ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა.
ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები.
არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს.
მართალია დღეს ჩვენს ,,გუნდში,, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა ….
სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება – ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა… მახსოვს ლევან გოგიაჩაიშვილის ემოციური კითხვა როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს ,,რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო?…. ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი….
და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება!
გამოგვივიდა ???
და ახლა ბოლოს ქართულ ოცნებას მივმართავ:
გამოგვივიდა? შევძელით ეს ???
დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე… კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად ,მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“… შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი….
არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში… ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი ,,გუნდით“…
ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე…
მე-7 წლის თავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ –
ს ა კ მ ა რ ი ს ი ა!
სახელი დავარქვათ ყველაფერს!
მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით… ამდროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს…
აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში… მე ამას ვერ შევეგუებოდი!!!
მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში.
ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია !
ჩემი პასუხი ?
არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით!
ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა –
გალაქტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია!!!
ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!”