ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
9.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1802

მთავრობამ მორის მაჩალიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა – თეონა ჭალიძე

დაპატიმრებული მორის (ჰუსეინის) მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის თაობაზე, ოჯახისთვის სოციალური შემწეობის მოხსნით, ხელისუფლების მხრიდან მიუღებელ ქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:

მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავრობამ სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. ოჯახის ოთხი წევრიდან ჰუსეინი პოლიტიკური პატიმარია, ძმა არასრულწლოვანი იყო, დედ-მამა უმუშევარი. ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია.

სამარცხვინოა ყველა ის მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობს.

ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ რაც ჰუსეინმა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც.

თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება, მაშინ რატომ აძლევდნენ?! რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ცნობისათვის: მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სასიკვდილოდ დაჭრილი და შემდგომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი და ამის გამო შვილმოკლულ მამას მიაჩნია, რომ ჰუსეინის დაკავება მასზე ზეწოლის მიზნით მოხდა.

საარჩევნო სტრატეგიის გზამკვლევი: მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა თუ არჩევნებში გამარჯვება…

საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი კეთდება არა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად, არამედ არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა განვითარებულ ქვეყნებში. მათთვის ამოსავალი წერტილი ჯერ პროგრესია და მერე არჩევნები. თავისუფალი ადამიანი, შეძლებული ოჯახი ის ფუნდამენტია, რომელზეც დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები დგანან და აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს. ამ ქვეყნებში პოლიტიკურმა პარტიებმა იციან, რომ თუ დაკარგავენ ეკონომიკური განვითარების დადებით დინამიკას, ისინი ამომრჩევლების კეთილგანწყობასაც დაკარგავენ, რადგან ეს არის მათი დაკვეთა.

საქართველოში ამომრჩევლის ბიუჯეტის ხარჯზე მოსყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან შეგნებულად თუ შეუგნებლად მიგვაჩნია, რომ  სახელმწიფოში ძლიერი მთავრობა უნდა იყოს და არა ხალხი. ამიტომაც, როგორც წესი, მმართველი პარტია ნაკლებ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორს და უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ბიუროკრატიული აპარატის შენახვას. ამას მარტივი ახსნა მოეძებნება – თავის დასაყრდენს მომავალ არჩევნებში საჯარო და არა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებში ხედავს, რადგან საჯარო მოხელეების მანიპულირება ადვილია. სამსახურიდან დათხოვნის შიშით საჯარო მოხელე იძულებულია საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები დათმოს, რადგან იცის, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში სასამართლოში ბრძოლას პრაქტიკულად არ აქვს აზრი, თანაც, ეს ყველაფერი, დროში გაწელილი პროცესია. ამ სიტუაციაში, როცა ეკონომიკური სიდუხჭირეა და მაღალია უმუშევრობის დონე, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც პოლიტიკური სიმპატიების გამო სამუშაოს დაკარგავს, ფაქტიურად შიმშილისთვის იმეტებს საკუთარ ოჯახს. საარჩევნო სისტემის მართველობის ასეთი ფორმა ავტოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს და არამც და არამც დემოკრატიულს.

თითქოს მოჯადოებულ წრეში ვიმყოფებით, საიდანაც გამოსავალის მოძებნა ძალიან ძნელია. თუმცა შექმნილი სიტუაცია არ არის უიმედო. პრობლემა თვითონ ჩვენშია ანუ ამომრჩეველში. უმრავლესობა, თითოეული ჩვენთაგანიდან, ასე ფიქრობს – რადგან ჩემს ნება-სურვილზე ნაკლებად არის ამ ქვეყანაში რამე დამოკიდებული, რაც ხდება იმაზე დამნაშავე ნებისმიერი სხვა პირია, მხოლოდ მე არა. მსგავსი დამოკიდებულება მცდარია. სწორედ ჩვენი ინერტულობა გვაყენებს იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც ეხლა ვართ.

ჩვენი მთავარი შეცდომა, ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების შეფასების კრიტერიუმებში მდგომარეობს. ჩვენი არჩევანი უფრო ემოციური ფონის შედეგია, ვიდრე პრაქტიკული მსჯელობის პროდუქტი. დეტალურად და რაც შეიძლება მარტივი ენით ავხსნი რას ვგულისხმობთ ამაში:

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სხვადასხვა მიმართულებისა და იდეოლოგიის პარტიების ფერთა გამა, ნამდვილად მრავალფეროვანია, მაგრამ არცერთ მათგანს კონკრეტულად არ შევეხებით. თითოეული მათგანი ამომრჩეველს არწმუნებს იმაში, რომ მათ ცოდნა, გამოცდილება და სურვილი გააჩნიათ იმისთვის, რომ ქართულ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგნენ. სწორედ შეფასების ის ორი კრიტერიუმი – საქმის კეთების უნარი და დაწყებულის ბოლომდე მიყვანის პოლიტიკური ნება არის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიას ერთ სიბრტყეში აქცევს.

პირველი, არიან პარტიები, რომელთაც ნამდვილად გააჩნიათ საქმის კეთების სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ არ ყოფნით იმის ძალა და გამოცდილება, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანონ. ასეთი პარტიები პოლიტიკურ სივრცეში საფრთხეს წარმოადგენენ. ხელისუფალმა, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს, საფრთხის შემცველია სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან სახელმწიფოს რესურსები ფუჭად იხარჯება და ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ მიდის, ნაციონალური ინტერესები დაუცველია და საფრთხეშია. „ურაპატრიოტიზმის“ შედეგად წვალობს ხალხიც და ხელისუფალიც. ამ უკანასკნელის მიერ დასახული მიზნები, რაც არ უნდა მინიმალური იყოს – მიუღწევადია, შედეგი ნული.

მეორე, არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც უნარიც შესწევთ და გამოცდილებაც ხელს უწყობთ, რომ საერთო საქმე გააკეთონ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესების წინ პირად, ვიწრო ინტერესებს უფრო აყენებენ. ასეთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა უბრალო ხალხისთვის არაფრის მომტანია. ასეთი პოლიტიკური ძალა ანგარიშს უწევს მცირე ჯგუფებს, რომლებიც მის გარემოცვას წარმოადგენს და მათ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. შედეგად ადამიანების მცირე ნაწილი მდიდრდება, ხოლო დიდი ნაწილი ღარიბდება. ქვეყნის ნაციონალური ინტერესები იმდენად არის დაცული რამდენადაც იგი კვეთაშია იმ პრივილეგირებული მცირე ჯგუფის ინტერესებთან.

მესამე, პოლიტიკური პარტიის მიზნები და ამოცანები მათ შესაძლებლობებს ემთხვევა. მათი მუშაობის შედეგი ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. სახელმწიფოსთან ერთად ძლიერდება მოქალაქე და თვითოეული ოჯახი. სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არის დაცული.

თუ პირველ და მეორე პოლიტიკურ ძალას შევადარებთ დავინახავთ, რომ უვიცობა უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე პარტრიოტიზმის ნაკლებობა. არაპროფესიონალიზმი ღუპავს და ანადგურებს ყველაფერს, რაც მოქალაქეებისათვის ძვირფასია. ანუ მარტივი ლოგიკით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვთანხმდებით, პოლიტიკურ პარტიას პროფესიონალთა გუნდი უნდა უმაგრებდეს ზურგს. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიების შესაფასებლად გვრჩება ერთადერთი კრიტერიუმი და მთავარი კითხვა მათთან, გააჩნიათ თუ არა საქმის კეთების სურვილი. როგორ ვიპოვოთ მეორე და მესამე კატეგორიის პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავება. მარტივია, გუნდს რომელსაც პოლიტიკური ნებაც გააჩნია და უნარიც შესწევს ჩვენი ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს, უნდა ჰქონდეს დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა ანუ რეალისტური საარჩევნო პროგრამა. ამიტომ პოლიტიკური პარტიების შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად, ჩემთვის პირადად, კარგი წინა  საარჩევნო  პროგრამა რჩება. პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე შედგენილ საარჩევნო პროგრამებს არ გვთავაზობენ, არ გააჩნიათ საქმის კეთების ან შესაძლებლობა ან სურვილი.

ჩვენს მსჯელობაში დაგვრჩა მხოლოდ ერთი – შევაფასოთ რამდენად დიდ დროსა და ყურადღებას უთმობს პარტიების საარჩევნო პროგრამას ჩვენი ამომრჩეველი. სამწუხაროდ მცირეა ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც ამ ასპექტებით ინტერესდება და შედეგიც სახეზეა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

ქართული მხარის მიერ ჩვენი შეხვედრის კომენტირება იწვევს ღიმილს და გაოცებას – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეფასებას აძლევს რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის დაწესებულ აკრძალვებს და ასევე ასაჯაროვებს გაეროს შტაბბინაში მისი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრისა და საუბრის კონკრეტულ დეტალებს:

როდესაც მიღებული იქნა საჰაერო ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება, ოპოზიციონერების აღმაშფოთებელი გამოხტომის საპასუხოდ, რომლებმაც ჩაშალეს მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რაც იყო დაგეგმილი პროვოკაცია და მოხდა ძალადობა ჩვენი დეპუტატების მიმართ. ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება. ამ გადატყვეტილებას ჩვენ შევცვლით, მაშინ როცა მოხდება სიტუაციის ნორმალიზება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში გაითავისებენ მსგავსი ექსცესების აღკვეთის აუცილებლობას.

ამ დღეებში იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც იკითხა ფრენების აღდგენის თაობაზე. მე ვკითხულობდი მის კომენტარებს, რომელმაც უფრო მეტი დრო დაიკავა, ვიდრე თვით ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად იგი (დავით ზალკანიანი, რედ.) დაინტერესდა, როდის იქნება შესაძლებელი საჰაერო ფრენების განახლება. მე მას ავუხსენი, რომ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან დასაპირისპირებლად და თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხს და არ გაექცევა თვალი რუსოფობებისკენ, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტი (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი, რედ.) კვლავ ცდილობს დააპირისპიროს თბილისის მოქმედ რეჟიმს, პირადად მე ამ საჰაერო მიმოსვლებს აღვადგენდი.

ხოლო ქართული მხარის მიერ ჩვენი შეხვედრის კომენტირება იწვევს ღიმილს და გაოცებას“, – აღნიშნავს სერგეი ლავროვი.

საქართველოს მთავრობას ვურჩევთ, ყველა სტრუქტურის ჩართულობით დაუჭიროს მხარი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას – გიორგი კოდუა

Hub Georgia“-ს დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს ანაკლიის ღრმაწყლიან პორტთან დაკავშირებით. გიორგი კოდუა, ორგანიზაციის სახელით, მხარს უჭერს აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეას და ხელისუფლებასაც ურჩევს უფრო მეტად მოახდინოს ამ უმნიშვნელოვანესი საქმის მხარდაჭერა:

ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია საქართველოს კეთილდღეობაზე. ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა, წარმოადგენს დიდ ნაბიჯს ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ. აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ პროექტის განხორციელების იდეას.

ისეთი მეგაპროექტები, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის განხორციელება,  გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე. ეს არის სფერო, რომელიც საჭიროებს სტაბილურობას, რისკების გათვალისწინებას, ვინაიდან წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის ერთერთ განმსაზღვრელ ვექტორს.

მივესალმებით EBRD-ის განცხადებას ამ პროექტის თანადაფინანსებისათვის მზადყოფნის შესახებ. EBRD არის ერთერთი 4 ბანკიდან, რომელიც მზადაა დააფინანსოს ანკლიის პროექტი 100 მილიონი დოლარით.

არის საშიშროება, ანაკლიის პოტენციური მომხმარებელი შევიდეს კოლაბორაციაში სხვა პორტთან. ვინაიდან ნოვოროსიისკის პორტის ლიმიტი არ არის დამაკმაყოფილებელი ასეთი მასშტაბური ტვირთბრუნვისთვის, რუსეთის სახელმწიფომ დაიწყო ტამანის პორტის მშენებლობა, რომლის მიზანია ევროპიდან აზიაში და პირიქით ტვირთის გადაზიდვა და მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა ანაკლიის პორტის მიმართ. ვითარება არის მძიმე, ვინაიდან ტამანის პორტის მშენებლობა დაწყებულია, საჭიროა განისაზღვროს ანაკლიის პორტის პროექტის ვადები და მოხდეს მისი სწაფად რეალიზება.  იმ შემთხვევაში, თუ ტამანის პორტის პროექტის დასრულება მოხდება ანაკლიის პროექტის სრულყოფაში მოყვანამდე, ძალიან რთული იქნება უკვე ტამანის პორტის მომხმარებლის მოზიდვა და გადმობირება.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ანაკლიის პოტენციურმა მომხმარებელმა არ მოახდინოს შეთანხმება კონკურენტ, ტამანის პორტთან, აუცილებლად უნდა განისაზღვროს თაიმლაინები და მოხდეს პროექტის წარმატებული რეალიზება.

მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მრავალი დადებითი განცხადებისა ანაკლიის პორტის რეალიზების შესახებ, სახეზე არ არის საპასუხო რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ინვესტორ ბანკებს არ უნდა უწევდეთ საკუთარი მზაობის შესახებ განცხადების მრავალჯერ გაკეთება.

საქართველოს მთავრობას ვურჩევთ, ლოკალური კონფლიქტის ნაცვლად, ყველა სტრუქტურამ დაუჭიროს მხარი ამ პროექტის განხორციელებას. იმისათვის, რომ კითხვის ნიშნები ამ პროექტის მზაობასთან დაკავშირებით იქნეს აღმოფხვრილი, მათ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი, დააფინანსონ პროექტის პირველი ფაზა, რითაც დაუდასტურებს ინვესტორებსა და საზოგადოებას საკუთარ მზაობას საქმით. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას რაც მომავალში უზრუნველყოფს ინვესტორების მოზიდვას“, – აცხადებს გიორგი კოდუა.

დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც – კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას, ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის მწუხრის დღეც, რადგანაც ზუსტად ამ დღეს მოხდა სოხუმის დაცემა…

დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. 

ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა.

გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა. 

დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს. იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში. ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა ილია მეორემ.

ქადაგებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, რომელმაც ასევე წარმოთქვა სიტყვა:

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმისათვის, რომ დღეს, ჯვართამაღლების დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამას; ასევე ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის როდესაც ჩვენ მოვიხსენიებთ ჩვენი გმირების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ვუსურვო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებას, – გამძლეობა, ჯანმრთელობა და რწმენა“.

სააპელაციო სასამართლომ გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე  მსჯავრდებულის ი.ნ. -ს მიმართ  გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი რომლითაც მას  უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, უცვლელად ძალაში დატოვა.

ი.ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა  და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ.გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში, ი.ნ.-მ  ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის გოგონა შეიტყუა, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი.ნ.-მ არასრულწლოვანს მკვრივი-ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ნ.-მ გოგონას გვამი ქ.გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.ნ. 2018 წლის 26 ოქტომბერს ქ.გორში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რეპლიკა “ბესელიას მორალი”-ს პასუხად ეკა ბესელიამ ხელი გაარტყა ვანო ზარდიაშვილს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს, უკვე მერამდენედ, დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი, ოღონდ, თუ ადრე კონფლიქტი სიტყვიერს არ გასცდენია, დღეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ეკა ბესელიამ ხელი გაარტყა ვანო ზარდიაშვილს.

დაპირისპირება მოჰყვა გედევან ფოფხაძის მიერ მორალზე ხაზგასმამ, რასაც ვანო ზარდიაშვილმა რეპლიკით “ბესელიას მორალი” ახსენა, ამან კი ეკა ბესელიას სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.

რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე? რა ბესელიას მორალი? რომელი ბესელიას მორალი?” – ამ სიტყვებით მიუახლოვდა ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს და შეძახილის თანხლებით “შენ ნაძირალა”, სახეში გაარტყა ხელი.

მომხდარ ინციდენტს მომენტალურად გამოეხმაურა სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი, რომელმაც მოითხოვა ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა, რამაც უფრო აღაშფოთა ბესელია:

გაბედეთ აბა, ვის დაატოვებინებთ? თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ!

ვის უბედავ? ადეიშვილის მონა, შენ მისი ღამის მორიგევ! ეხლა აქედან გამასწარი! შენ ნაძირალა, შენ ადეიშვილის ხელის ბიჭო. ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს“, – მიმართა ვანო ზარდიაშვილს და “ქართული ოცნების” დეპუტატებს ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ ადრეც მწვავე იყო დაპირისპირება ამ ორ დეპუტატს, “ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ წევრს შორის.

შენ ხელებს ფულის სუნი ასდის” – ზარდიაშვილის ამ მიმართვის პასუხად, ბესელია ზონდერად მოიხსენიებს მას.

ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია იმ შინაარსით შევავსოთ ეკა ბესელია, იგი ყველაფრის ღირსია – ასეთი ეპითეტებიც გამოუყენებია ვანო ზარდიაშვილს…

რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი – გიორგი გახარია

გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს გაემგზავრება ტყიბულში, არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად.

ის, რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ხელმძღვანელმა ნათია თურნავას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. იქ, სადაც საშუალება გვექნება, ყოველთვის დავდგებით ბიზნესის გვერდით, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტის დონეზე ხდება აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიის გამაგრება – შალვა ნათელაშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაეროს ასემბლეაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი და საკმაო მწვავე შეფასებას აძლევს:

ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას…

დამერწმუნეთ, როგორც დარბაზში, ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ-ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე, თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი, დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე.

ვფიქრობ პუტინის პირად მდივანს არ ეშინია თავისი მბრძანებლის ისე, როგორც ამათ. მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაერო-ს ტრიბუნიდან ე.წ. აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში, თანაც იმ დროს, როცა ქართველთა, ქართული ენის, კულტურის გენოციდი, ამ წუთებშიც, დაუსჯელად მიმდინარეობს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში.

ნაცვლად იმისა, რომ ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს ვაგებინებდეთ აფხაზური ენა-კულტურის ქართულობასა და აფსოურ-ადიღეურის, როგორც რუსეთიდან ტროას ცხენად შემოტანილ სეპარატისტული პროდუქტზე – პრეზიდენტის დონეზე ვამაგრებთ აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიას.

მეტი არაა ჩემი მტერი ასე რაიმე დავიბრუნოთ“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

გაკაცებული ქალების ბლატაობის ყურება უფრო მაღიზიანებს პოლიტიკურ ველზე ვიდრე ქალების გულწრფელი ბრაზი და ცრემლები – ბაია პატარაია

“საფარის” ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია ქალების პოლიტიკაში აქტიურობას მიესალმება და მიაჩნია, რომ ქალების პოლიტიკაში გამოჩენა ბევრ ცვლილებას მოიტანს არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც.

მიეჩვიეთ როგორ ლაპარაკობენ ქალები – ემოციურად და პირდაპირ.

წავიდა ის დრო, როცა ჰალსტუხწაჭერილი, თავდაჯერებული და ვაჟნი ლაპარაკის მანერა ითვლებოდა საუკეთესოდ.

ქალების პოლიტიკაში გამოჩენა ბევრ ცვლილებას მოიტანს და არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც.
მიიღეთ! 

პ.ს. მე მაგალითად გაკაცებული ქალების ბლატაობის ყურება უფრო მაღიზიანებს პოლიტიკურ ველზე ვიდრე ქალების გულწრფელი ბრაზი და ცრემლები, რომელიც მართლა არ გავს ხოლმე კაცის ქცევას“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ბაია პატარაია.