შაბათი, აპრილი 20, 2024

საარჩევნო სტრატეგიის გზამკვლევი: მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა თუ არჩევნებში გამარჯვება…

საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი კეთდება არა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად, არამედ არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა განვითარებულ ქვეყნებში. მათთვის ამოსავალი წერტილი ჯერ პროგრესია და მერე არჩევნები. თავისუფალი ადამიანი, შეძლებული ოჯახი ის ფუნდამენტია, რომელზეც დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები დგანან და აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს. ამ ქვეყნებში პოლიტიკურმა პარტიებმა იციან, რომ თუ დაკარგავენ ეკონომიკური განვითარების დადებით დინამიკას, ისინი ამომრჩევლების კეთილგანწყობასაც დაკარგავენ, რადგან ეს არის მათი დაკვეთა.

საქართველოში ამომრჩევლის ბიუჯეტის ხარჯზე მოსყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან შეგნებულად თუ შეუგნებლად მიგვაჩნია, რომ  სახელმწიფოში ძლიერი მთავრობა უნდა იყოს და არა ხალხი. ამიტომაც, როგორც წესი, მმართველი პარტია ნაკლებ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორს და უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ბიუროკრატიული აპარატის შენახვას. ამას მარტივი ახსნა მოეძებნება – თავის დასაყრდენს მომავალ არჩევნებში საჯარო და არა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებში ხედავს, რადგან საჯარო მოხელეების მანიპულირება ადვილია. სამსახურიდან დათხოვნის შიშით საჯარო მოხელე იძულებულია საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები დათმოს, რადგან იცის, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში სასამართლოში ბრძოლას პრაქტიკულად არ აქვს აზრი, თანაც, ეს ყველაფერი, დროში გაწელილი პროცესია. ამ სიტუაციაში, როცა ეკონომიკური სიდუხჭირეა და მაღალია უმუშევრობის დონე, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც პოლიტიკური სიმპატიების გამო სამუშაოს დაკარგავს, ფაქტიურად შიმშილისთვის იმეტებს საკუთარ ოჯახს. საარჩევნო სისტემის მართველობის ასეთი ფორმა ავტოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს და არამც და არამც დემოკრატიულს.

თითქოს მოჯადოებულ წრეში ვიმყოფებით, საიდანაც გამოსავალის მოძებნა ძალიან ძნელია. თუმცა შექმნილი სიტუაცია არ არის უიმედო. პრობლემა თვითონ ჩვენშია ანუ ამომრჩეველში. უმრავლესობა, თითოეული ჩვენთაგანიდან, ასე ფიქრობს – რადგან ჩემს ნება-სურვილზე ნაკლებად არის ამ ქვეყანაში რამე დამოკიდებული, რაც ხდება იმაზე დამნაშავე ნებისმიერი სხვა პირია, მხოლოდ მე არა. მსგავსი დამოკიდებულება მცდარია. სწორედ ჩვენი ინერტულობა გვაყენებს იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც ეხლა ვართ.

ჩვენი მთავარი შეცდომა, ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების შეფასების კრიტერიუმებში მდგომარეობს. ჩვენი არჩევანი უფრო ემოციური ფონის შედეგია, ვიდრე პრაქტიკული მსჯელობის პროდუქტი. დეტალურად და რაც შეიძლება მარტივი ენით ავხსნი რას ვგულისხმობთ ამაში:

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სხვადასხვა მიმართულებისა და იდეოლოგიის პარტიების ფერთა გამა, ნამდვილად მრავალფეროვანია, მაგრამ არცერთ მათგანს კონკრეტულად არ შევეხებით. თითოეული მათგანი ამომრჩეველს არწმუნებს იმაში, რომ მათ ცოდნა, გამოცდილება და სურვილი გააჩნიათ იმისთვის, რომ ქართულ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგნენ. სწორედ შეფასების ის ორი კრიტერიუმი – საქმის კეთების უნარი და დაწყებულის ბოლომდე მიყვანის პოლიტიკური ნება არის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიას ერთ სიბრტყეში აქცევს.

პირველი, არიან პარტიები, რომელთაც ნამდვილად გააჩნიათ საქმის კეთების სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ არ ყოფნით იმის ძალა და გამოცდილება, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანონ. ასეთი პარტიები პოლიტიკურ სივრცეში საფრთხეს წარმოადგენენ. ხელისუფალმა, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს, საფრთხის შემცველია სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან სახელმწიფოს რესურსები ფუჭად იხარჯება და ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ მიდის, ნაციონალური ინტერესები დაუცველია და საფრთხეშია. „ურაპატრიოტიზმის“ შედეგად წვალობს ხალხიც და ხელისუფალიც. ამ უკანასკნელის მიერ დასახული მიზნები, რაც არ უნდა მინიმალური იყოს – მიუღწევადია, შედეგი ნული.

მეორე, არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც უნარიც შესწევთ და გამოცდილებაც ხელს უწყობთ, რომ საერთო საქმე გააკეთონ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესების წინ პირად, ვიწრო ინტერესებს უფრო აყენებენ. ასეთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა უბრალო ხალხისთვის არაფრის მომტანია. ასეთი პოლიტიკური ძალა ანგარიშს უწევს მცირე ჯგუფებს, რომლებიც მის გარემოცვას წარმოადგენს და მათ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. შედეგად ადამიანების მცირე ნაწილი მდიდრდება, ხოლო დიდი ნაწილი ღარიბდება. ქვეყნის ნაციონალური ინტერესები იმდენად არის დაცული რამდენადაც იგი კვეთაშია იმ პრივილეგირებული მცირე ჯგუფის ინტერესებთან.

მესამე, პოლიტიკური პარტიის მიზნები და ამოცანები მათ შესაძლებლობებს ემთხვევა. მათი მუშაობის შედეგი ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. სახელმწიფოსთან ერთად ძლიერდება მოქალაქე და თვითოეული ოჯახი. სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არის დაცული.

თუ პირველ და მეორე პოლიტიკურ ძალას შევადარებთ დავინახავთ, რომ უვიცობა უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე პარტრიოტიზმის ნაკლებობა. არაპროფესიონალიზმი ღუპავს და ანადგურებს ყველაფერს, რაც მოქალაქეებისათვის ძვირფასია. ანუ მარტივი ლოგიკით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვთანხმდებით, პოლიტიკურ პარტიას პროფესიონალთა გუნდი უნდა უმაგრებდეს ზურგს. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიების შესაფასებლად გვრჩება ერთადერთი კრიტერიუმი და მთავარი კითხვა მათთან, გააჩნიათ თუ არა საქმის კეთების სურვილი. როგორ ვიპოვოთ მეორე და მესამე კატეგორიის პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავება. მარტივია, გუნდს რომელსაც პოლიტიკური ნებაც გააჩნია და უნარიც შესწევს ჩვენი ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს, უნდა ჰქონდეს დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა ანუ რეალისტური საარჩევნო პროგრამა. ამიტომ პოლიტიკური პარტიების შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად, ჩემთვის პირადად, კარგი წინა  საარჩევნო  პროგრამა რჩება. პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე შედგენილ საარჩევნო პროგრამებს არ გვთავაზობენ, არ გააჩნიათ საქმის კეთების ან შესაძლებლობა ან სურვილი.

ჩვენს მსჯელობაში დაგვრჩა მხოლოდ ერთი – შევაფასოთ რამდენად დიდ დროსა და ყურადღებას უთმობს პარტიების საარჩევნო პროგრამას ჩვენი ამომრჩეველი. სამწუხაროდ მცირეა ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც ამ ასპექტებით ინტერესდება და შედეგიც სახეზეა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული