კვირა, აგვისტო 3, 2025
36.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1661

“შეკითხვები არსებობს თუმცა ასეთ ვითარებებში მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს” – გიორგი ვაშაძე

ზუგდიდში მომხდარ საკითხს ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით ასეთი შემთხვევების დროს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია გუშინ განვითარებული მოვლენები

პირველ რიგში მოხარული ვართ, რომ მძევლები ცოცხლები და თავისუფლები არიან. შეკითხვები არსებობს, თუმცა ასეთ ვითარებებში, მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ახლა კი, გარდა მძევალთათვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაწევისა, მთავარი საკითხი დამნაშავის მოძებნაა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა და დაუსჯელი რჩება ბევრი სხვა კრიმინალივით, რომლებიც გასული წლების განმავლობაში გაექცნენ მართლმსაჯულებას.

აქედან გამომდინარე, ეს საქმე ზედმიწევნით კარგად უნდა იქნას გამოძიებული და გაანალიზებული. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ პოლიციის რეფორმას ეხება და გულისხმობს პოლიციის სრულ დეპოლიტიზაციას და ფედერალური პოლიციის შექმნას მნიშვნელოვანი დანაშაულების გამოსაძიებლად, რათა ჩვენი პოლიცია მსგავსი შემთხვევებისთვის კარგად გაწვრთნილი და მომზადებული იყოს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“სპექტაკლის არ მჯერა – არც ხელისუფლების და მით უფრო, არც ოპოზიციის მხრიდან!” – ელისო კილაძე

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავის პოზიციას აფიქსირებს ,,ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და კონკრეტულ შეკითხვებს სვამს ხელისუფლების (და არა მარტო) მისამართით:

სპექტაკლის არ მჯერა – არც ხელისუფლების და მით უფრო, არც ოპოზიციის მხრიდან!

მაქვს თუ არა კითხვები? დიახ, მაქვს:

კბილებამდე შეიარაღებული პირი როგორ აღმოჩნდა ზუგდიდის ცენტრში და ბანკში? არის თუ არა თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცი? რამდენი გადაუხადეს მას რეალურად და ვინ? იყო თუ არა შანსი თავდამსხმელის მსხვერპლის გარეშე დაკავების?

ის რომ მძევლების სიცოცხლე და უსაფრთხოება იყო უპირველესი, ამაზე არ ვდაობთ!!!” – ფეისბუქის პირად გვერდზე წერს ელისო კილაძე.

ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შს სამინისტრო საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ავრცელებს კონკრეტულ ინფორმაციას ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ:

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები,” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შს მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის განცხადება ზუგდიდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში საგანგებო განცხადებას ავრცელებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე:

როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად.

სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ – მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს კეთდება მოქალაქეთა და პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება,” – ნათქვამია კახაბერ საბანაძის განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა” –

ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას

სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.

თვითიზოლაციაში, დღეს, რეალურად, 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, ასეთი შემთხვევის შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე იმყოფებიან თივითიზოლაციაში, ბინაზე, კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პირებთან, 11 033 აქტიური პაციენტი დღეს რომელიც არის და 21 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, რეალურად ეს ადამიანები ამ ხალხთან კონტაქტზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, თხოვნა გვაქვს მაქსიმალური, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ამ ინფორმაციების გავრცელება ამ ფორმით, ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ თუ აპოკალიფსი იქნება, ჩვენ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამისი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ყვებიან ამ ტრიბუნიდან, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმის, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, რაც stopcov.ge -ზე დევს, რაზეც ეპიდემიოლოგები გესაუბრებიან და რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივიღოთ და მეორე – ერთობლივად ყველამ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვირუსის გავრცელებას ერთიანად ვებრძოლოთ,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი! – ბონდო მძინარაშვილი

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრისა და მძევლების აყვანის ფაქტს, სოციალურ ქსელში, ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და აღნიშნულს წინასაარჩევნო სპექტაკლად მიიჩნევს:

მომისმინეთ!

ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე!

დააკვირდით, როგორმა სიმშვიდემ დაისადგურა ბანკის შენობაში!

დააკვირდით, როგორ მშვიდად სხედან თავჩარგულები!

რომელს ეტყობა შიში? – არცერთს!

ამიტომ, ნუ ღელავთ:
არავინ არავის არ მოკლავს!

ყველა ერთმანეთს იცნობს, – ნიღბიანიც და უნიღბოც!

ისინი, ვისი მონაწილეობაც ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის დადგმის დროს არ იყო გათვალისწინებული, უკვე გამოუშვეს!

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი ტერორისტული ვინეგრეტით!

ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

დღეს ბანკის თანამშრომლები კრიმინალს მძევლად ჰყავს და პრემიერი გახარია კი ირწმუნება, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა დაძლეულია – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უმძიმესად აფასებს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შექმნილ კრიმინალურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თითული მძევლის უსაფრთხოებაა. ვაშაძე პასუხისმგებლობას მოქმედ მთავრობას აკისრებს და მომხდარს სისტემის ჩამოშლას უკავშირებს. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით 31ოქტომბერს სისტემა უნდა შეიცვალოს და ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობას გამარჯვების შემდეგ თავად აიღებს:

უმძიმესი მდგომარეობაა და ამ ეტაპზე, უპირველესად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ იქნას თითოეული მძევალი გამოყვანილი. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი უწყება ბოლომდე ჩამოიშალა. ესენი არჩევნებზე არიან გადართულები, ხოლო ქვეყანაში საერთო კრიმინოგენური მდგომარეობა ბოლომდე უმართავი გახდა.

მე არც კი მახსენდება, ალბათ, ათწლეულების წინ იყო საქართველოში ბოლოს ასეთი შემთხვევა, რომ ვინმე მძევლად აეყვანოთ. მემგონი ასეთი რამ მხედრიონის დროს თუ იყო. ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე ამ დონემდე მივიდა და ამ ყველაფრის ფონზე პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურმე კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში დღეს დაძლეულია, კრიმინალი არ არსებობს და მდგომარეობას მართავენ. ეს არის კატასტროფა და 31 ოქტომბერს ეს უნდა შევცვალოთ.

ქვეყანას პასუხისმგებლობის მქონე ძალა სჭირდება, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, ქვეყანაში  წესრიგს დაამყარებს და თითოეული ადამიანი საკუთარ თავს უსაფრთხოდ იგრძნობს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს – გიგი უგულავა

მე მინდა, პოლიციას ვთხოვო და შევთავაზო, რომ ჩავენაცვლო მძევლებს. შენობაში 3 ადამიანია მძევლად დარჩენილი. თუ გვისმენს ახლა გამატაცებელი, იცოდეს, რომ მე ამისთვის მზად ვარ. მოლაპარაკებების უფლებამოსილება სახელმწიფოს აქვს’’, – ამბობს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის’’ ერთ-ერთი ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ წუთისთვის ზუგდიდის ცენტრში მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

ავტორი
ანა რობაქიძე

“სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2-3 საათი დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია…’’ – ეკატერინე ტიკარაძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის პანდემიის მართვის მხრივ ქვეყანაში შემქნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწრაფო გამოძახების ბრიგადის დაგვიანებები, შექმნილ მდგომარეობაში, სრულიად ნორმალურია:

“სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2-3 საათი დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი ეს არ არის კარდიოლოგიური, ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული, რომელსაც ესაჭიერობა 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა, ეს არის გეგმიური პროცესი, ამ პერიოდში ჩვენს ექიმებს ესაჭიროება აღჭურვილობის გამოცვლა,’’ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ანა რობაქიძე

“კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობა, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით გრძელდება” – ნათია მეზვრიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტებები გააკეთა “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულების მართვასთან დაკავშირებით:

კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობა, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდ სასტუმრებში. ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები. ბინაზე ან სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის ჩვენთანაც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და შესაბამისად ვაგრძელებთ მართვის პროცესს, მათ შორის, კლინიკური მართვის, ახალი მოდელის მიხედვით.

აგრეთვე, დღიდან ძალაში შედის შემდეგი წესი: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ნებისმერი ქვეყნიდან შემოვლენ საქართველოში, PCR ტესტის ფლობის შემთვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის:

ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 21208

გამოჯანმრთელებულია – 9003

მათ შორის გარდაცვლილია – 172

კარანტინის რეჟიმში რჩება – 4462

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1772

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071

მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი