კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1660

საგანგაშო მზარდი დინამიკა გრძელდება: კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა საქართველოში

სააკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით, არსებულ სტატისტიკაზე:

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაფიქსირებულია კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში პირველი ინფიცირებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 24562.

ბოლო 24 საათში გვყავს 350 გამოჯანმრთელებული, ხოლო გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 9751 ადამიანს შეადგენს.

სამწუხაროდ ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე, მათი ჯამური მაჩვენებელია 183.

დღეს გამოვლენილი 1759 შემთხვევიდან რეგიონებზე ნაწილდება შემდეგნაირად:

აჭარის რეგიონში გვაქვს 487 შემთხვევა

იმერეთი – 356

ქვემო ქართლში – 36

შიდა ქართლში – 35

გურია – 17

სამეგრელო-ზემო სვანეთში – 69

კახეთში – 24

მცხეთა მთიანეთში – 12

სამცხე-ჯავახეთში – 30

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7

ხოლო თბილისში ფიქსირდება 686 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა გახლავთ 14 421 პირი, 3234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოში მათგან გადანაწილებულია 1577 პირი, ხოლო აჭარის რეგიონში 641.

მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის თბილისში 201, აჭარის რეგიონში 80, ხოლო ხელოვნური მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათ შორის თბილისში 53, ხოლო აჭარაში 12, 2025 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის გადანაწილებულია 1110 პირი აჭარის რეგიონში, 676 ადამიანი თბილისში, 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე, საკარანტინე სივრცეში მიმდინარე ეტაპზე გვყავს 4263 ადამიანი, მათ შორის თბილისში 836, აჭრაში 2205, ხოლო 6-22 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7583 პირი.

დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 ადამიანი, საიდანაც თბილისში გვყავს 3243, აჭარაში 10 852 ხოლო იმერეთში 3521.

ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები რომელიც 23 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

გიორგი ვოლსკი: „ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ“

წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებისას. მისივე განცხადებით, ქვეყანას ღირსეული პოლიციელების გუნდი ჰყავს, რომლებიც ადამიანების თავისუფლებას და სიცოცხლეს იცავენ:

საგამომძიებლო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება დამნაშავის ამოცნობა, ეს კითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან რომელიც გაგვაჩნია. საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამომძიებლო რესურსი იქნება დახარჯული.

ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, დაწყებული მინისტრიდან რიგით პოლიციელამდე დამთავრებული ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ. რასაკვირველია, სიცოცხლის დაცვა პოლიციის მთავარი ამოცანა იყო და მას საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. საფრთხე იყო რეალური, თუმცა იმის მტკიცება, რომ სჯობდა განადგურებულიყო ყაჩაღი და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანების სიცოცხლე არის სწორედ ის ხელწერა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ.

წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი. დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაციის მეორე ეტაპი როგორიც არის დამნაშავის აღმოჩენა, ასევე წარმატებული იქნება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე დაცული, ვერაფერს მივაღწევთ – გიორგი ვაშაძე

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს მწვავედ აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით ქვეყანაში თუ უმაღლეს დონეზე თუ არ იქნება დაცული ადამიანების უსაფრთხოება, მაშინ სხვა ყველაფერზე ფიქრს აზრი არ აქვს. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, მოქმედი ხელისუფლება პროფესიონალმა და საქმის მკეთებელმა გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვას შეძლებს. პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე კრიმინალის დაუყოვნებლივ დაკავებას და კანონის ფარგლებში მის შესაბამის დასჯას მოითხოვს:

უმძიმესი დღეები გამოვიარეთ და ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ყველამ ერთად მივიღეთ, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მივესალმო მძევლების უსაფრთხო განთავისუფლებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, – მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოხდეს დამნაშავის დაკავება ყველა ძალისა და რესურსის გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მოვიღებთ კრიმინოგენული მდგომარეობის კატასტროფულ მოშლას.

მთავარი კითხვა არის, რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა, სამწუხაროდ, უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, სადაც პოლიციელს არ ეძლევა შესაძლებლობა ებრძოლოს კრიმინალს. ოფიციალური სტატისტიკით 40 ათასზე მეტი დანაშაულია გაუხსნელი, ხოლო მათი ჩამდენი პირები – თავისუფალი, გასული წლის მონაცემებით. 2-ჯერ არის გაზრდილი კრიმინალის მაჩვენებელი და განახევრებულია გახსნის მაჩვენებელი. რაც არ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმოების განვითარებაზე, თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე დაცული, ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა, რაც ჩვენ გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან – მძევლების პოლიტიკური ნიშნით გარჩევა, ტელევიზიებზე თავდასხმა, თუ რატომ აკეთებენ იმ საქმიანობას, რასაც მედია საშუალებები ეწევიან… არადა მათი ვალდებულება ხომ საზოგადოების ინფორმირებულობაა?! ასევე, ჩვენ გვესმოდა დაუსრულებელი კინკლაობა, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სრული კონცენტრაცია დამნაშავის დაკავებაზე, ეს მგონი არის ის, რაც ყველას ერთად ყელში გვაქვს ამოსული.

ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ეროვნული ერთიანობა იმისთვის, რომ გავატაროთ რეფორმები ქვეყანაში, რომელიც მოგვიტანს უსაფრთხო გარემოს, მოგვიტანს ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მსხვერპლნი გაუთავებელი კინკლაობის, პოლიტიკური მოროდიორობის, რომელსაც აქვს ადგილი პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლება და მივესალმები ამას, მაგრამ ასევე დაუყოვნებლივ თუ არ მოხდა დამნაშავის დაკავება, ეს იქნება საგანგაშო პრეცენდენტი, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ფაქტიდან მეორე დღეს ვიღაცამ ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღა და გაიტაცა თანხა. ამის ფონზე შესაძლოა შემდეგ დღეებშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, რადგან დაუსჯელობის სინდრომი შეიქმნება ამ შემთხვევის ფონზე.

ყოველივე აღნიშნულიდან ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და კეთილგონიერი, პროფესიონალი ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში, რათა დაცული იყოს ადამიანის უსაფრთხოება, როგორც უმაღლესი პრიორიტეტი თიოთოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ქვეყნის განვითარება, როგორც მთავარი ამოცანა.

ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ ასეთი მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იქნება. მე მსგავსი პრეცენდენტი არათუ საქართველოში, არამედ უახლესი ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არ მახსოვს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

11 ნომინანტი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინაციაში საქართველოს “ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია”

საქართველოს 11 დაცული ტერიტორია Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას 🎊

🌲 ნომინაციაში საქართველოს „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ წარდგენილი არიან:

🔹 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
🔹 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
🔹 თუშეთის ეროვნული პარკი
🔹 კოლხეთის ეროვნული პარკი
🔹 ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
🔹 მარტვილის კანიონი
🔹 მტირალას ეროვნული პარკი
🔹 ოკაცეს კანიონი
🔹 ოკაცეს ჩანჩქერი
🔹 პრომეთეს მღვიმე
🔹 სათაფლიას დაცული ტერიტორიები

 “Welcome To Georgia” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

💪🏼 ხმა მიეცით თქვენს რჩეულ დაცულ ტერიტორიას ბმულზე: https://cabinet.wtgawards.com/vote

 ხმის მისაცემად, აირჩიეთ სასურველი ტერიტორია ღილაკით “vote”, გაიარეთ რეგისტრაცია და მიჰყევით მეილზე მიღებულ ბმულს.

🗓 ხმის მიცემა 13 ნოემბერს დასრულდება

გიორგი ვოლსკი: უამრავი „პოლიტიკური სვავი“ ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი

პოლიციამ უდავოდ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდის ინციდენტის შეფასებისას.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ როგორ უხელმძღვანელა ზუგდიდის ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დანაშაულებები, სამწუხაროდ, ხდება არა მარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები. საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იქ იყო, ზუგდიდში, და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება არის უზნეობა, ვინაიდან ვხედავთ, რომ უამრავი „პოლიტიკური სვავი“, ხეზე შემომჯდარი, ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დანაშაულის  სტატისტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: რაც შეეხება სტატისტიკას, რაზეც ერთბაშად აფეთქდა ოპოზიციური პარტიები და მათი მედია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე დანაშაულობების რაოდენობა, როგორიცაა ყაჩაღობა 2,5-ჯერ არის შემცირებული იმ პერიოდთან შედარებით, როცა ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყანას, მძიმე დანაშაულებები, როგორიცაა მკვლელობა, შემცირებულია 2-ჯერ, 2,5-ჯერ არის შემცირებული მკვლელობის მცდელობა და ყაჩაღობა, ბანდიტიზმი შემცირებულია ასევე მნიშვნელოვნად – 3-ჯერ. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რაოდენობა გახსნილი საქმეებისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე  გაშუქება მედიაში, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში პოლიციელებს წარმატებები უსურვა.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში უნდა იყოს დაკავებული – გიორგი გახარია

გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები და დღეს შსს-ს ძირითადი ამოცანაა გააგრძელოს მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე.

ეს პირველი რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, ეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა რომელზეც შსს დღეს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე,“ – განაცხადა პრემიერმა.

ყველაფერს ვასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება – ნიკა გვარამია

სოციალურ ქსელში საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი აზრით ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში მომხდარ კრიმინალურ ფაქტში ფიგურირებს ე.წ. ფეიკ-მძევალი, წაღებულია რამდენიმე მილიონი დოლარი, ხოლო მარშრუტი სულ სხვაა, გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით:

იყვნენ სამნი. აქედან ორნი ფეიკ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთერთის სახელი დავით ხვიბლიანი (პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს, კადრში ხედავთ შავი კეპით და პირბადით). მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა.

წაღბულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

რამდენიმე საათის წინ კი, საზოგადოებას ასევე ფეისბუქის პირადი გვერდიდან ასეთი განცხადებით მიმართა ნიკა გვარამიამ:

ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.

ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება.

დროებით, ხვალამდე

ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ქვეყანა იმყოფება, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქისგან.

პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით შემცირდება.

გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დამყარდა კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია მსოფლიოში და საერთოდ, ინფიცირებულების ჯამმა გადააჭარბა 41 მილიონს. ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდები და საქართველოშიც ჩვენც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარულად, ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით მცირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და იზრუნონ ერთმანეთზე.

გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე პირბადე, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის გავრცელება იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე, რამეთუ, ისინი არიან პირველ რიგში რისკის ჯგუფში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის: გასული დღეღამის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 1595 კოვიდინფიცირების ფაქტი, რაც საგანგაშო სტატისტიკის მორიგი ანტირეკორდია. რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:

ინფიცირებულების მნიშვნელოვანი წილი მოდის თბილისზე – 563 დაავადებული, აჭარაში – 389, იმერეთში – 335 ფაქტი დაფიქსირდა, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

გაგაცნობთ სხვა ინფორმაციებს:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 22803
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9401
  • მათ შორის გარდაცვლილი – 178
  • კარანტინის რეჟიმში – 4408
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3155
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1848
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს, მასატაკა ობატას შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და  ამიერიდან, საქართველოს იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კონვენცია ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

“შეკითხვები არსებობს თუმცა ასეთ ვითარებებში მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს” – გიორგი ვაშაძე

ზუგდიდში მომხდარ საკითხს ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით ასეთი შემთხვევების დროს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია გუშინ განვითარებული მოვლენები

პირველ რიგში მოხარული ვართ, რომ მძევლები ცოცხლები და თავისუფლები არიან. შეკითხვები არსებობს, თუმცა ასეთ ვითარებებში, მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ახლა კი, გარდა მძევალთათვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაწევისა, მთავარი საკითხი დამნაშავის მოძებნაა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა და დაუსჯელი რჩება ბევრი სხვა კრიმინალივით, რომლებიც გასული წლების განმავლობაში გაექცნენ მართლმსაჯულებას.

აქედან გამომდინარე, ეს საქმე ზედმიწევნით კარგად უნდა იქნას გამოძიებული და გაანალიზებული. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ პოლიციის რეფორმას ეხება და გულისხმობს პოლიციის სრულ დეპოლიტიზაციას და ფედერალური პოლიციის შექმნას მნიშვნელოვანი დანაშაულების გამოსაძიებლად, რათა ჩვენი პოლიცია მსგავსი შემთხვევებისთვის კარგად გაწვრთნილი და მომზადებული იყოს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.