ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე დაცული, ვერაფერს მივაღწევთ – გიორგი ვაშაძე

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს მწვავედ აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით ქვეყანაში თუ უმაღლეს დონეზე თუ არ იქნება დაცული ადამიანების უსაფრთხოება, მაშინ სხვა ყველაფერზე ფიქრს აზრი არ აქვს. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, მოქმედი ხელისუფლება პროფესიონალმა და საქმის მკეთებელმა გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვას შეძლებს. პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე კრიმინალის დაუყოვნებლივ დაკავებას და კანონის ფარგლებში მის შესაბამის დასჯას მოითხოვს:

უმძიმესი დღეები გამოვიარეთ და ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ყველამ ერთად მივიღეთ, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მივესალმო მძევლების უსაფრთხო განთავისუფლებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, – მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოხდეს დამნაშავის დაკავება ყველა ძალისა და რესურსის გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მოვიღებთ კრიმინოგენული მდგომარეობის კატასტროფულ მოშლას.

მთავარი კითხვა არის, რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა, სამწუხაროდ, უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, სადაც პოლიციელს არ ეძლევა შესაძლებლობა ებრძოლოს კრიმინალს. ოფიციალური სტატისტიკით 40 ათასზე მეტი დანაშაულია გაუხსნელი, ხოლო მათი ჩამდენი პირები – თავისუფალი, გასული წლის მონაცემებით. 2-ჯერ არის გაზრდილი კრიმინალის მაჩვენებელი და განახევრებულია გახსნის მაჩვენებელი. რაც არ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმოების განვითარებაზე, თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე დაცული, ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა, რაც ჩვენ გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან – მძევლების პოლიტიკური ნიშნით გარჩევა, ტელევიზიებზე თავდასხმა, თუ რატომ აკეთებენ იმ საქმიანობას, რასაც მედია საშუალებები ეწევიან… არადა მათი ვალდებულება ხომ საზოგადოების ინფორმირებულობაა?! ასევე, ჩვენ გვესმოდა დაუსრულებელი კინკლაობა, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სრული კონცენტრაცია დამნაშავის დაკავებაზე, ეს მგონი არის ის, რაც ყველას ერთად ყელში გვაქვს ამოსული.

ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ეროვნული ერთიანობა იმისთვის, რომ გავატაროთ რეფორმები ქვეყანაში, რომელიც მოგვიტანს უსაფრთხო გარემოს, მოგვიტანს ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მსხვერპლნი გაუთავებელი კინკლაობის, პოლიტიკური მოროდიორობის, რომელსაც აქვს ადგილი პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლება და მივესალმები ამას, მაგრამ ასევე დაუყოვნებლივ თუ არ მოხდა დამნაშავის დაკავება, ეს იქნება საგანგაშო პრეცენდენტი, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ფაქტიდან მეორე დღეს ვიღაცამ ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღა და გაიტაცა თანხა. ამის ფონზე შესაძლოა შემდეგ დღეებშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, რადგან დაუსჯელობის სინდრომი შეიქმნება ამ შემთხვევის ფონზე.

ყოველივე აღნიშნულიდან ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და კეთილგონიერი, პროფესიონალი ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში, რათა დაცული იყოს ადამიანის უსაფრთხოება, როგორც უმაღლესი პრიორიტეტი თიოთოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ქვეყნის განვითარება, როგორც მთავარი ამოცანა.

ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ ასეთი მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იქნება. მე მსგავსი პრეცენდენტი არათუ საქართველოში, არამედ უახლესი ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არ მახსოვს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული