ორშაბათი, ივლისი 21, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1641

აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე – კახაბერ საბანაძე

8 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართული აქციის დემონსტრანტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც მათ სპეცრაზმი დახვდათ მობილიზებული, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოსთან მობილიზებულმა ძალამ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი.

 „შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის – კახა საბანაძის ბრიფინგი გუშინ, თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე, პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყო პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვა.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ, მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილი.

აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით – რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა – ფარი.

პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი.

აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“ – განაცხადა კახა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულმა საპროტესტო აქციამ, რომელზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ, მოგვიანებით გადაინაცვლა ცესკოს შენობასთან. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმეორებით არჩევნებს და ეს მათი თქმით არის უალტერნატივო მოთხოვნა. ოპოზიციის ლიდერები უნდობლობას უცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას და ითხოვენ ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას განახლებული შემადგენლობით.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

მოვუწოდებ პოლიციას არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! – ნინო ლომჯარია

8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი იქნა გამოყენებული. მანამდე საქართველოს ომბუდსმენის აპარატმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით:

საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

„2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებლო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით, განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ეს განცხადება წყლის ჭავლის გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვაქვეყნეთ. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი.

უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!” – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია. მოგვიანებით მონაწილეებმა ცესკოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ. მოხდა დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, ტრამპი არ აღიარებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს ხმების გადათვლის პროცესი. დღეისათვის საარჩევნო ხმები გადანაწილებულია შემდეგნაირად:

ჯო ბაიდენი: საარჩევნო კოლეგიის ხმები – 290, პროცენტული მაჩვენებელი 50,6%, ხმათა რაოდენობა 75 198 127. ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა მოაგროვა, ის ინაუგურაციის დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება

დონალდ ტრამპი: საარჩევნო კოლეგიის ხმები 214, პროცენტული მაჩვენებელი 47,7% , ხმათა რაოდენობა 70 804 457.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მარცხის აღარებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს, ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიის ნაწილმა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა.

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა წერილით მიმართა ამომრჩევლებს:

მადლობას ვუხდი ამერიკას, ქვეყნის ლიდერად ჩემი არჩევისთვის, წინ რთული საქმეები გველის მაგრამ ამას გპირდებით, ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, იმის მიუხედავად მე დამიჭირეს მხარი თუ არა, თქვენს რწმენას აუცილებლად გავამართლებ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

P.S. ხმის დათვლის პროცესი გრძელდება და ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციის, ტრამპი ჯერ-ჯერობით არ აპღიარებს ბაიდენის გამარჯვებას, წინ საინტერესო პროცესები გველოდება.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

წამზომი ჩართულია, ივანიშვილი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა: წავა თავისით, თუ მაინც მოუწევს წასვლა – ელენე ხოშტარია

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა, რომლისთვისაც 20:00 საათამდე მისცა დრო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ელენე ხოშტარიამ აქციაზე გააკეთა:

‘‘2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა, ცესკო-ს გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა.

ჩვენ, აქ შეკრებილი ადამიანები, ვითხოვთ:

  1. ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფლებასთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა;
  2. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

წამზომი ჩართულია, ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა – წავა თავისით, თუ მაინც მოუწევს წასვლა, იმიტომ რომ ამ ძალას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება’’, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

Zoom-ის ონლიან პლატფორმით ჩანაცვლებული  საუნივერსიტეტო სივრცეები

პანდემიის პერიოდში მოულოდნელობის ეფექტის გამო, განათლება ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. უმაღლეს სასწავლებლებში 2020 წლის მარტიდან სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ინტერნეტის, კომპიუტერის და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონის გამო, სტუდენტებისა და მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ვერ ჩაერთო ონლაინ სწავლების პროცესში. საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ მსგავსი პრობლემის მქონე სკოლის მოსწავლეებისთვის მალევე შექმნა ტელესკოლის პროექტი. თუმცა, სტუდენტებისთვის ალტერნატიული საშუალებები არ შეუთავაზებიათ. შემოდგომის  სემესტრში განახლდა სასკოლო პროცესი. კვლავ გაიხსნა საბავშვო ბაღები. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობები   რამდენჯერმე გადაიდო და დღესაც არ განახლებულა. განათლების სამინისტროს განცხადებით, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში აღდგებოდა პრაქტიკული/ლაბორატორიული  მეცადინეობები, თუმცა  ზოგიერთ უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები კვლავ ონლაინ მიმდინარეობს. პანდემიის პერიოდში სტუდენტები აღმოჩნდნენ რთულ მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა დაკარგა  სამუშაო ადგილი და სწავლის გადასახადის გადახდა უჭირთ. ასევე, რეგიონებიდან ჩამოსულმა  სტუდენტებმა  რამდენჯერმე იქირავეს ბინები, მაგრამ სააუდიტორიო მეცადინეობების განახლების თარიღის მუდმივი ცვლილების გამო, იძულებულები გახდნენ კვლავ უკან დაბრუნებულიყვნენ. ამ მიზეზების გამო, სტუდენტებში მომწიფდა საპროტესტო ტალღა. შექმნეს “facebook” ჯგუფი სახელწოდებით „სტუდენტები უსაფრთხო და ხარისხიანი განათლებისთვის“, სადაც აქტიურად აცნობენ სტუდენტებს მიმდინარე პროცესებს და გეგმავენ აქციებს.

მარიამ დიმიტრაძე, სტუდენტური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სააგენტო „პარალელთან“ საუბრობს ონლაინ სწავლების ხარისხზე და სტუდენტების პროტესტის მიზეზებზე:

ჩვენი პროტესტი განაპირობა იმან, რომ იმ პირობებში, როდესაც უამრავმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური, მოუწია ქალაქის  დატოვება და საცხოვრებლად სოფელში გადასვლა. მაშინ, როდესაც სტუდენტების ნაწილს  არ აქვს არც კომპიუტერი და არც  ინტერნეტი, გვაიძულებენ ვისწავლოთ ონლაინ. გვეუბნებიან, რომ ონლაინ სწავლება ხარისხიანია და შესაძლებელია ამ სისტემით სწავლა. ეს არის ჩვენი ინტერესების აბუჩად აგდება“, – განაცხადა მარიამ დიმიტრაძემ.

  • რამდენად შეესაბამება დისტანციური სწავლების დროს თავად სწავლის საფასური და ხარისხი ერთმანეთს?

– ეკონომიკის მთავარი პრინციპია, რომ როდესაც ხარისხი უარესდება, ფასიც შესაბამისად უნდა იკლებდეს. აქ კი,  ვხედავთ სიტუაციას, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის უამრავი რესურსის დაზოგვისა, ფასი იგივე დარჩა და ხარისხიც გაუარესდა. ამ თემაზე კი არავინ საუბრობს.

  • რა იყო მთავარი მიზანი სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების?

– ჩვენ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი  იყო სტუდენტებს მისცემოდათ არჩევანის უფლება (იგულისხმება, რომ  სწავლა გაგრძელებულიყო, როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში. სტუდენტებს კი, მათი საჭიროების მიხედვით აერჩიათ სწავლების კონკრეტული მეთოდი) ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ათასობით ადამიანი იკრიბება სხვადასხვა ადგილას და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ დროს კი, სტუდენტებს განათლების მიღების საშუალებას არ გვაძლევენ. ხელისუფლების წარმომადგენლები  გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტები ავტონომიური ორგანოები არიან და ვერ ჩაერევიან მათ საქმიანობაში. ცალსახად, ეს არის სიცრუე. ასევე, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ უნივერსიტეტებს, განეხილათ ის მოდელი, რომელიც სტუდენტებმა შევიმუშავეთ.  

  • კონკრეტულად, რას გულისხმობდა თქვენს მიერ შემუშავებული სწავლების მოდელი?

ამ მოდელის მიხედვით, სტუდენტებს უნდა  ჰქონოდათ არჩევანის უფლება, ისწავლონ ონლაინ თუ დაბრუნდნენ აუდიტორიებში და წესების დაცვით გააგრძელონ განათლების მიღება.  სწავლება უნდა წარიმართოს პარალელურ რეჟიმში, როგორც ონლაინ, ისე აუდიტორიებში.

  • მიიღო თუ არა, განათლების სამინისტრომ და უნივერსიტეტებმა თქვენი მოთხოვნები?

– უნივერსიტეტებს გადაეცათ ჩვენი მოდელი განსახილველად. განათლების  სამინისტრომ და  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურმა მოიწონა ეს მოდელი.   დაგვპირდნენ 3-დან 10 სამუშაო დღემდე  გვეტყვიან  უნივერსიტეტების ზუსტ პასუხს სწავლის პროცესის გაგრძელების ფორმაზე.

  • რას გეგმავთ იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტები თქვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ?

თუ უნივერსიტეტები კვლავ არ გაითვალისწინებენ სტუდენტების მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში დავიწყებთ სხვადასხვა  საპროტესტო აქტივობებს. როგორც კი, შესაძლებლობა მოგვეცემა, მასშტაბურ აქციასაც დავგეგმავთ.

საქართველოში  სექტემბრიდან მოყოლებული covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად ასეულობით იზრდება. ამის ფონზე, ნაკლებ სავარაუდოა  უნივერსიტეტებში სააუდიტორიო სწავლება განახლდეს. აუცილებელია, სახელმწიფომ სტუდენტებს შესთავაზოს  ონლაინს სწავლებაზე  უფრო ქმედითი მექანიზმები, რათა თითოეული სტუდენტი ჩაერთოს სასწავლო პროცესში და მიიღოს ხარისხიანი განათლება.  მაშინ როდესაც, სწავლა განახლდა სკოლებსა და ბაღებში, ათასობით ადამიანი თავს იყრის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და უნივერსიტეტებში კი, კვლავ დისტანციური სწავლა გრძელდება ეს უსამართლობისა და უთანასწორობის განცდას  ქმნის სტუდენტებში.  ხარისხიანი განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განვიცდით.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

 

ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს დაწესებული სანქცია 2 ათასი ლარი – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით ახალი რეგულაცია, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდება არის შეზღუდვა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება:

‘‘რაც შეეხება სანქციებს. ჩვენ გვაქვს უკვე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა, პირველ რიგში. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კერძოდ, 2 ათასი ლარი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება.

საქართველოს 7 ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება – საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

“თუ არჩევნების შედეგებს ვერ აპროტესტებ პანდემიის მიზეზით – მითუმეტეს ვადამდელია ჩასატარებელი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, შეფასებას აძლევს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს და მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებს აძლევს მას:

ანდემიასთან გამკლავება ქოცურად:

ჩაგვკეტეს მარტში, როდესაც ასამდე ინფიცირებულიც კი არ გვყავდა. დედა უტირეს ქვეყნის ეკონომიკას. შეარყიეს ადამიანების ფსიქიკა.

როდესაც ჩაგვკეტეს, დრო უნდა გამოეყენებინათ გახსნითვის მომზადებაში – მოემზადებინათ ექიმები, საველე ჰოსპიტლები.

არაფერი, საერთოდ არაფერი არ გააკეთეს.

ახლა თავიდან გვკეტავენ იმ მიზეზით, რომ საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის. (ცალკე საკითხია ადამიანების დაგეშვა, რომ ყველაფერი 10 მდე მოასწრონ, ამ პრობლემის გადაჭრას როგორ ეხმარება).

და კიდევ:

თუ არჩევნების შედეგებს ვერ აპროტესტებ პანდემიის მიზეზით – მითუმეტეს ვადამდელია ჩასატარებელი.

არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე – არჩევნები პროცესია, რომელიც არჩევნებამდე თვეებით ადრე იწყება და არჩევნების დღეს არ სრულდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს 7 ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება – საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ვიცე პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება. ამ წერტილოვანი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საკორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო:

„ვხედავთ, რომ წინა კვირებთან განსხვავებით ძალიან სწრაფია ვირუსის გავრცელების დინამიკა და თუ ამ კვირის დასაწყისში ჩვენ გვქონდა 1900-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა, დღეის მდგომარეობით უკვე აღემატება 2800 შემთხვევას. შესაბამისად, ჩვენ მიერ, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების თაობაზე, კერძოდ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება, ეს შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზეც.

ეს შეზღუდვა არ გავრცელდება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის, მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვისა და რა თქმა უნდა მიტანის სერვისისს უზრუნველსაყოფად.

ამავე ქალაქებში ორშაბათიდან იქნება შეჩერებული როგორც კერძო ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და იგივე ქალაქებში, მუნიციპალიტეტებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ, იმისთვის რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს მგზავრთა რაოდენობა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ  ვსაუბრობთ მხოლოდ ტრანსპორტით გადაადგილებისას ადამიანების ნაკლებ რაოდენობაზე“,განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“ქართული ოცნება” ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… – სალომე სამადაშვილი

გავრცელებული ფარული ჩანაწერების თაობაზე, სოციალური ქსელის მეშვეობით, განცხადებას ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი:

ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ – ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვამთ მეგობართან ერთად, რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. “ქართული ოცნება” ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს…

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია.

ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია – მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე სამადაშვილი.

პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია მოქმედი პრეზიდენტის 9 თვის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც შედარებულია წინა პრეზიდენტების – მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მიერ ანალოგიურ პერიოდში გაწეულ ხარჯებთან:

გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები.

საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები:

  • მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი) – 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი 1.6) – 1,599,249 $
  • გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) –
    1,991,954 ₾ (კურსი 2.1) – 948,549 $
  • სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) –
    1,335,569 ₾ (კურსი 2.6) – 513,680$

აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.
საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის! პანდემიის ფართოდ გავრცელების დროიდან, მე-9 თვის ჩათვლით დაიხარჯა 21,000 ლარი. რეგიონებში მივლინებების დროს ბევრი სხვადასხვა ხარჯი ასევე ანაზღაურებულ იქნა პრეზიდენტის პირადი სახსრებით“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ანა რობაქიძე