შაბათი, აპრილი 20, 2024

Zoom-ის ონლიან პლატფორმით ჩანაცვლებული  საუნივერსიტეტო სივრცეები

პანდემიის პერიოდში მოულოდნელობის ეფექტის გამო, განათლება ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. უმაღლეს სასწავლებლებში 2020 წლის მარტიდან სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ინტერნეტის, კომპიუტერის და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონის გამო, სტუდენტებისა და მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ვერ ჩაერთო ონლაინ სწავლების პროცესში. საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ მსგავსი პრობლემის მქონე სკოლის მოსწავლეებისთვის მალევე შექმნა ტელესკოლის პროექტი. თუმცა, სტუდენტებისთვის ალტერნატიული საშუალებები არ შეუთავაზებიათ. შემოდგომის  სემესტრში განახლდა სასკოლო პროცესი. კვლავ გაიხსნა საბავშვო ბაღები. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობები   რამდენჯერმე გადაიდო და დღესაც არ განახლებულა. განათლების სამინისტროს განცხადებით, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში აღდგებოდა პრაქტიკული/ლაბორატორიული  მეცადინეობები, თუმცა  ზოგიერთ უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები კვლავ ონლაინ მიმდინარეობს. პანდემიის პერიოდში სტუდენტები აღმოჩნდნენ რთულ მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა დაკარგა  სამუშაო ადგილი და სწავლის გადასახადის გადახდა უჭირთ. ასევე, რეგიონებიდან ჩამოსულმა  სტუდენტებმა  რამდენჯერმე იქირავეს ბინები, მაგრამ სააუდიტორიო მეცადინეობების განახლების თარიღის მუდმივი ცვლილების გამო, იძულებულები გახდნენ კვლავ უკან დაბრუნებულიყვნენ. ამ მიზეზების გამო, სტუდენტებში მომწიფდა საპროტესტო ტალღა. შექმნეს “facebook” ჯგუფი სახელწოდებით „სტუდენტები უსაფრთხო და ხარისხიანი განათლებისთვის“, სადაც აქტიურად აცნობენ სტუდენტებს მიმდინარე პროცესებს და გეგმავენ აქციებს.

მარიამ დიმიტრაძე, სტუდენტური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სააგენტო „პარალელთან“ საუბრობს ონლაინ სწავლების ხარისხზე და სტუდენტების პროტესტის მიზეზებზე:

ჩვენი პროტესტი განაპირობა იმან, რომ იმ პირობებში, როდესაც უამრავმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური, მოუწია ქალაქის  დატოვება და საცხოვრებლად სოფელში გადასვლა. მაშინ, როდესაც სტუდენტების ნაწილს  არ აქვს არც კომპიუტერი და არც  ინტერნეტი, გვაიძულებენ ვისწავლოთ ონლაინ. გვეუბნებიან, რომ ონლაინ სწავლება ხარისხიანია და შესაძლებელია ამ სისტემით სწავლა. ეს არის ჩვენი ინტერესების აბუჩად აგდება“, – განაცხადა მარიამ დიმიტრაძემ.

  • რამდენად შეესაბამება დისტანციური სწავლების დროს თავად სწავლის საფასური და ხარისხი ერთმანეთს?

– ეკონომიკის მთავარი პრინციპია, რომ როდესაც ხარისხი უარესდება, ფასიც შესაბამისად უნდა იკლებდეს. აქ კი,  ვხედავთ სიტუაციას, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის უამრავი რესურსის დაზოგვისა, ფასი იგივე დარჩა და ხარისხიც გაუარესდა. ამ თემაზე კი არავინ საუბრობს.

  • რა იყო მთავარი მიზანი სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების?

– ჩვენ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი  იყო სტუდენტებს მისცემოდათ არჩევანის უფლება (იგულისხმება, რომ  სწავლა გაგრძელებულიყო, როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში. სტუდენტებს კი, მათი საჭიროების მიხედვით აერჩიათ სწავლების კონკრეტული მეთოდი) ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ათასობით ადამიანი იკრიბება სხვადასხვა ადგილას და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ დროს კი, სტუდენტებს განათლების მიღების საშუალებას არ გვაძლევენ. ხელისუფლების წარმომადგენლები  გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტები ავტონომიური ორგანოები არიან და ვერ ჩაერევიან მათ საქმიანობაში. ცალსახად, ეს არის სიცრუე. ასევე, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ უნივერსიტეტებს, განეხილათ ის მოდელი, რომელიც სტუდენტებმა შევიმუშავეთ.  

  • კონკრეტულად, რას გულისხმობდა თქვენს მიერ შემუშავებული სწავლების მოდელი?

ამ მოდელის მიხედვით, სტუდენტებს უნდა  ჰქონოდათ არჩევანის უფლება, ისწავლონ ონლაინ თუ დაბრუნდნენ აუდიტორიებში და წესების დაცვით გააგრძელონ განათლების მიღება.  სწავლება უნდა წარიმართოს პარალელურ რეჟიმში, როგორც ონლაინ, ისე აუდიტორიებში.

  • მიიღო თუ არა, განათლების სამინისტრომ და უნივერსიტეტებმა თქვენი მოთხოვნები?

– უნივერსიტეტებს გადაეცათ ჩვენი მოდელი განსახილველად. განათლების  სამინისტრომ და  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურმა მოიწონა ეს მოდელი.   დაგვპირდნენ 3-დან 10 სამუშაო დღემდე  გვეტყვიან  უნივერსიტეტების ზუსტ პასუხს სწავლის პროცესის გაგრძელების ფორმაზე.

  • რას გეგმავთ იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტები თქვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ?

თუ უნივერსიტეტები კვლავ არ გაითვალისწინებენ სტუდენტების მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში დავიწყებთ სხვადასხვა  საპროტესტო აქტივობებს. როგორც კი, შესაძლებლობა მოგვეცემა, მასშტაბურ აქციასაც დავგეგმავთ.

საქართველოში  სექტემბრიდან მოყოლებული covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად ასეულობით იზრდება. ამის ფონზე, ნაკლებ სავარაუდოა  უნივერსიტეტებში სააუდიტორიო სწავლება განახლდეს. აუცილებელია, სახელმწიფომ სტუდენტებს შესთავაზოს  ონლაინს სწავლებაზე  უფრო ქმედითი მექანიზმები, რათა თითოეული სტუდენტი ჩაერთოს სასწავლო პროცესში და მიიღოს ხარისხიანი განათლება.  მაშინ როდესაც, სწავლა განახლდა სკოლებსა და ბაღებში, ათასობით ადამიანი თავს იყრის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და უნივერსიტეტებში კი, კვლავ დისტანციური სწავლა გრძელდება ეს უსამართლობისა და უთანასწორობის განცდას  ქმნის სტუდენტებში.  ხარისხიანი განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განვიცდით.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული