ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” 11 მაისის საპროტესტი აქცია-მსვლელობას ეხმაურება და ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს კონკრეტული განმარტება-მოთხოვნებით მიმართავს:
,,ყველაზე უღირსი და მდაბიო, რასაც დღევანდელი ჩვენი ძალით მთავრობა აკეთებს არის ის, რომ ერთმანეთს უპირისპირებს პოლიციას და მოქალაქეებს. ფაქტობრივად, დღევანდელი ხელისუფლება ამოეფარა პოლიციელების ზურგს.
მე მინდა თითოეულ ღირსეულ, კეთილსინდისიერ პოლიციელს ვუთხრა, რომ თქვენ დღეს ქართულ სახელმწიფოს კი არ იცავთ, არამედ კონკრეტულ ერთ პარტიას და ეს ერთი პარტია არის ,,ოცნება”. ქართული სახელმწიფო და ქართველი მოქალაქეები გუშინ იდგნენ ქუჩაში, დღესაც იდგებიან და სახელმწიფოს დაცვის ფუნქციაა მათი ყველაზე მაღალი დონის ფუნქცია.
ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური კითხვები. ისინი ელოდებიან, რომ ამ პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკოსები გასცემენ პასუხს და არ გამოუშვებენ მათ წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს.
ამიტომ, მე მინდა, თითოეულ პოლიციელს მოვუწოდო, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ეს არის კონკრეტული ადამიანების, კორუმპირებული ადამიანების ჯგუფის დაცვა, მათი ინტერესების დაცვა და მეტი არაფერი.
სახელმწიფო გუშინ ქუჩაში იყო. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ მღეროდნენ, საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ მშვიდობიანად, მარშირებდნენ თბილისის ქუჩებში, ეს ადამიანები არიან სახელმწიფო. ეს არის საქართველოს მომავალი.
როდესაც ამ ადამიანებს უპირისპირებენ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მე მინდა, პირველ რიგში, მათ ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ არ გასცენ, არცერთ შემთხვევაში, უკანონო განკარგულებები და ბრძანებები. არ დააპირისპირონ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს პოლიცია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე