“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი “ხალხის ძალის” მიერ მომზადებულ კანონპროექტს დემოკრატიის დამაზიანებლად აფასებს. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის გზას საქართველოსთვის
“ “ქართული ოცნების” რადიკალურმა და ანტიდასავლურმა ფრთამ, რომელიც “ხალხის ძალად” პოზიციონირებს, მოამზადა კანონპროექტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად და თითქოს “უცხოეთის გავლენის აგენტების” გამოსავლენად. კანონპროექტი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის, არამედ პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ათწლეულების განმავლობაში მიღწეული რეზულტატის განულებას ნიშნავს.
მოვისმინეთ სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები, სადაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონებთან ანალოგია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ინტერესებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებაზე.
მმართველი პარტიისგან კანონპროექტის მხარდაჭერა და “დარბილებულ” ვერსიაზე მუშაობა ბოლომდე გააშიშვლებს “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” ინტერესთა თანხვედრას და მეტიც, მათ მიერ რუსული გავლენების მსახურებას ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯებით ცხადი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძვის მოსახლეობის პროდასავლურ უმრავლესობას და წინ ეღობება ევროინტეგრაციის გზაზე”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

