შაბათი, აპრილი 27, 2024

“დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, იქ სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველო” – გიორგი ამილახვარი

დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს საკუთარ ხედვას და სამოქმედო გეგმას წარუდგენს:

პირველ რიგში მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, იქ სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა.

ამიტომ ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან – ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ.

ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის.

აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში.

პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.

მიღწეულმა შედეგებმა გასული წლების განმავლობაში უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში.

და ბოლოს, ამ და ყველა სხვა დანარჩენ საკითხებზე, რომელიც უამრავია, უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს ხედვას და გეგმას და ერთობლივად, უკვე უახლოეს მომავალში საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ კონკრეტულ დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და ბატონ პრემიერს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული