“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანია იმ მოქალაქეების სტატუსი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს:
“ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომლის მიზანია, საქართველოს იმ მოქალაქეების სტატუსი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს და მათთვის და მათი ოჯახებისთვის შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოში.
ამისთვის აუცილებელია, რომ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები გავრცელდეს უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზეც.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ინიციატივები ჰქონდათ ჩვენ სხვა კოლეგებსაც, რომელიც დაბლოკა “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკითხი რომელიც სცდება პოლიტიკურ კუთვნილებას და წარმოადგენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უნდა ხედავდეს, აფასებდეს გმირობას, თავდადებას და ღირსეულ პატივს მიაგებდეს მას”, – ნათქვამია პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს