საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას ახდენს კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე:
,,ხიდაშელისთვის, ალბათ, შვებაა მხოლოდ კორუფციაში მისი დადანაშაულება. ნორმალურ ქვეყანაში, მაგალითად, ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული სპეცსამსახურები, მე პირადად დავინტერესდებოდი მისი ისტორიით, მისი ბიოგრაფიით, განსაკუთრებით გარეჯთან დაკავშირებით, – ოპერატიული ლეგენდა, რომელიც შემოგვთავაზეს, თითქოს გასაიდუმლოებული სამხედრო რუკები მოპარა რუსეთს ხიდაშელმა.
მე მგონია, რომ ეს იყო პროვოკაცია, უფრო სწორად, დაძაბულიყო ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. დღესაც რუსეთში აქვს წილები და კარგად გრძნობს თავს.
რაც შეეხება ელიტარულ კორუფციას ,,ქართული ოცნების“ ცხოვრების წესია, რა თქმა უნდა. არც უარყოფენ ამას. ყველა ორგანიზაცია, ფირმა, ასე ვთქვათ, კერძო სტრუქტურა, რომელიც გამარჯვებულია ტენდერში, აუცილებლად ,,ქართული ოცნების“ “შავ სალაროში” რიცხავს ფულს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციისთვის: კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და კრიტიკას გამოთქვამს ხელისუფლების მიმართ, რადგან მმართველმა პარტიამ ,,უსაფუძვლო“ თავდასხმებისგან ვერ დაიცვა. ხიდაშელმა საპასუხო ნაბიჯად ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც ყველა მსურველს მისცემს შესაძლებლობას 20%-ანი ფასდაკლებით შეიძინოს მისი ქონების ნაწილი:
,,რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე! საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრა?!
საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, ეს ცრუ მქადაგებლები ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებლები არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა – იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


