სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“არხი დღეიდან ხდება მოძრაობა “ხალხის ძალას” მედიაპლათფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი” – ტელეკომპანია POSTV

ფრაქცია “ქართული ოცნება” დატოვა და საზოგადოებრივ მოძრაობაში “ხალხის ძალა” გაწევრიანდა პარლამენტის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე. დეპუტატმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან ტელეკომპანია „პოსტვ“-ის 52% (საკონტროლო პაკეტი) შეიძინა. აღნიშნულთან მიმართებაში ერთგვარი დამაზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანიამ და არხის სარედაქციო/საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზეც განაცხადა:

ძვირფასო მეგობრებო, დაარსების დღიდან ჩვენი ტელევიზია ღიად და დაუფარავად აცხადებდა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენს უპირატესობად ვთვლით, რომ მაყურებელს პატიოსნად ვეუბნებოდით, თუ ვის და რა იდეას ვუჭერდით მხარს. ასევე, თავიდანვე ცხადი იყო ის იდეოლოგიური პლათფორმა, რომელზეც არხი იდგა.

ჩვენი გულწრფელობა დაფასდა და ძალიან დიდი მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი არხის ერთგული მაყურებლის რიცხვი და შესაბამისად რეიტინგიც.

ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს. ჩვენი უცვლელი პრინციპია, ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას იქ, სადაც სიმართლეა და ისე როგორც ჩვენ გვწამს. ამიტომაც, „პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას.

არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლათფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა.

ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული