საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორი საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს კითხვებითვე პასუხობს და აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია ამგვარ საუბრებსა თუ ჩაწერებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება:
,,საერთოდ, მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე – არის ავთენტური ეს საუბარი, არ არის ავთენტური?! ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება.
რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა, მათი ამოცანა არის საქართველოში ომის დაწყება. არიან რა ისინი გამწარებულები, რომ იტყვიან, – სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.
ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არ არის საერთოდ.
მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ,,ფორმულას“ ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია, ეს შეიძლება ზღაპარში ეწეროს.
მე არ ვიცი, არ მსურს ამ თემაზე საუბარი.
საერთოდ, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი?! რა მოხდა? რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე მოხდა ისეთი თუ რაზე საუბარი?
მე მართლაც მომმართა ბატონმა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნეს შემოთავაზებები. მე ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც შეხვდა დავით ხიდაშელთან ერთად რამდენ ბიზნეს წარმომადგენელს.
მე მინდა მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომ სკანდალის გამომძიებლებს: რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? – ნული! არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელის და ხსენებული ბიზნესმენის საქართველოში შეხვედრებს, ხაზს ვუსვამ, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. არავითარი! ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სპეკულაციები არის მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


