ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს თავისი სიმხდალე და უპრინციპობა სიბრძნედ და სიფრთხილედ შემოგვასაღოს, მაგრამ არადამაჯერებელია მათი ლოგიკა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში შეფასებებს აკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პუტინისთვის უკრაინაში შედეგის მიღება არის პოლიტიკური და ფიზიკური გადარჩენის ფორმულა, რისთვისაც ყველაფერზეა წამსვლელი:

 

  • როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე ომს და სხვადასხვა სახის გაჟღერებული მუქარის გათვალისწინებით რეალურად რაზეა პუტინი წამსვლელი?

– პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს უკან დახევის რესურსი. მთელი მისი ძალაუფლება დგას მისი უძლეველობის მითოლოგიაზე. თუ მან სისუსტე გამოავლინა მაშინ ჩამოიქცევა ყველაფერი. შესაბამისად, უკრაინაში შედეგის მიღება პუტინისთვის არის პრაქტიკულად პოლიტიკური და ფიზიკური გადარჩენის ფორმულა. ასე, რომ ბოლომდე წამსვლელია;

  • საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რამდენად თანაზომიერია დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი, რუსეთის აგრესიისას და სისასტიკის მასშტაბებიდან გამომდინარე?

– შეიძლება ვიღაცას მეტი უნდოდეს, მაგრამ რეალობა მძიმეა და ძალიან დრამატულია. ჩემი აზრით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, ყველა განზომილებაში, – გარდა პირდაპირი სამხედრო მონაწილეობისა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი სამხედრო ჩართვა NATO-ს ბლოგის – ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია ანუ აპოკალიპტური სცენარია. ბუნებრივია, სამყარო ამისთვის მზად არ არის. თუმცა, სხვა პარამეტრებში უკრაინას მხარდაჭერა აქვს მაქსიმალური, ამით არის განპირობებული, რომ ომის სხვადასხვა წახნაგის კუთხით თუ განვიხილავთ პროცესს – რუსეთი პრაქტიკულად ყველა ფრონტზე აგებს როგორც პოლიტიკურად, ასევე მსოფლმხედველობრივად, საინფორმაციო ომს აგებს, ეკონომიკურ ომს, სამხედრო-სტრატეგიულსაც აგებს იმიტომ, რომ NATO კიდევ უფრო შეკავშირდა.

ერთადერთი სადაც რუსეთი იბრძვის ეს არის კონკრეტული სამხედრო-ტექნიკური ომი. აქ, სამწუხაროდ, აქვს მას გარკვეული უპირატესობა და ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება. ეს არის სურათი, თორემ დასავლეთი იმ რეალობის გათვალისწინებით რაც შეიქმნა, ჩემი აზრით, მაქსიმუმს აკეთებს. ამაზე მეტის გაკეთება უკვე არის, ესე რომ ვთქვათ – მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი, რაზეც ბუნებრივია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე – თავს იკავებს დასავლეთი

  • რა შეფასებას მისცემდით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში?

– ძირითადად უარყოფითად. ჩვენი ხელისუფლება, მართალია, ცდილობს თავისი სიმხდალე, უპრინციპობა სიბრძნედ და სიფრთხილედ შემოგვასაღოს, მაგრამ არადამაჯერებელია მათი ლოგიკა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ უკრაინა არის ის დამცავი ფარი, რომელიც გვიცავს რუსული აგრესიისგან, დღეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში რუსეთს რომ მოეგო აქამდე, მეორე დღესვე უკვე ჩვენ დაახლოებით იგივე სცენარს შემოგვთავაზებდა არა სამხედრო ჩარევის მხრივ, არამედ რაღაც ულტიმატუმს წაგვიყენებდა. ეს თუ არ ხდება ამისათვის დღეს უკრაინელების სისხლი იღვრება.

შესაბამისად, თუ ჩვენი არჩევანი დასავლეთი და ევროატლანტიკური სივრცეა – ვერბალურად, რასაც ვლაპარაკობთ ყალბი არ არის, მაშინ ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ძალიან მკვეთრად. იმიტომ, რომ დღეს ფრონტის ხაზის გატარება ხდება. ძალიან მკვეთრი უნდა იყოს პოზიცია, თუ ფრონტის რომელ მხარეს ხარ. აქ არავინ არ სთხოვს ჩვენ ხელისუფლებას ფრონტის წინა ხაზზე გაჭრას. არც სიფრთხილეა ცუდი, მაგრამ ეს სიფრთხილე კაპიტულანტურ განწყობებში არ უნდა გადაიზარდოს. დღეს ჩვენი ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ გვაშინებს ომით. ფაქტობრივად, არ გავინძრეთ თორემ რუსეთი აუცილებლად ომს დაიწყებს. ეს გადადის მერე უპრინციპობაში. მათ არჩეული აქვთ ესეთი პოლიტიკა, რომ მივყვეთ ისტორიის დინებას: თუ მარჯვენა სანაპიროზე გაგვრიყა დინებამ გაუმარჯოს NATO-ს დავიძახებთ, თუ მარცხენაზე – გაუმარჯოს წითელ არმიას.

ფაქტობრივად, არჩევანი წაირთვეს თვითონ, წაართვეს ქვეყანას. ასეთ რამეს გვთავაზობენ – ვინც მოიგებს იმის მხარეს ვიქნებით. ეს არის მთელი მათი ფილოსოფია, რაც ძალიან შორს არის ღირსეული სახელმწიფოს ქმედებებისგან

  • როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან (გაჭიანურებული ომი, კოლოსალური დანახარჯები, უმკაცრესი სანქციები), რა ბედი ელის პუტინს? რა ვარიანტები შეიძლება იყოს ბევრად უფრო მოსალოდნელი?

– პოლიტიკურად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, პუტინს წაგებული აქვს ომი. რატომ? – იმიტომ, რომ საერთაშორისო იზოლაციიდან და ეკონომიკური სანქციებიდან გამომდინარე მისი ეკონომიკა გამოიფიტება. შესაბამისად, მას არ ექნება რესურსი, რომ აგრესია გააგრძელოს. თუმცა ამას სჭირდება დიდი დრო. მეყსეულად და სწრაფად არ ხდება. სამწუხაროდ, ამ დრამის ყურება რაღაც პერიოდი მოგვიწევს. საბოლოო ჯამში, სტრატეგიულად წაგებული აქვს, ტაქტიკურად რა მოხდება უახლოეს პერიოდში ამის თქმა ძალიან რთულია – პარადოქსია. გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე – მოკლევადიანის.

ინტერვიუ ჩაწერა
ნინი ხიჯაკაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული