პარასკევი, აპრილი 26, 2024

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც სხვადასხვა დარგში გაიცემა, მათ შორის, ლიტერატურაში.

ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარდგენილნი არიან ის ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ სფეროს განვითარებაში. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება. ამ ფონზე კი, არაერთი ქართველი მწერლის ნობელის პრემიაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტია. მათ შორის არის ყველასთვის ცნობილი 5 ქართველი მოღვაწე.

ურამ დოჩანაშვილი

2014 წელს ნობელის პრემიაზე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, გურამ დოჩანაშვილი წარადგინეს.
ამ წელს ნობელის პრემია ფრანგ ნოველისტს, ჯინ პატრიკ მოდიანოს მიენიჭა.
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებების მთავარი თემებია: სიყვარული, სიკეთე, ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, თავისუფლებისკენ სწრაფვა. ყოველივე ეს გაერთიანებულია მწერლის ყველაზე ცნობილ რომანში „სამოსელი პირველი“, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნი სიკეთისა და ბოროტების შემეცნებაზე.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმინილი და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

თარ ჭილაძე
1998 წელს, მსოფლიოს ხუთ სხვა მწერალთან ერთად, ლიტერატურის დარგში ნომინირებული იყო ოთარ ჭილაძე. ამ წელს ნობელის პრემია მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ პორტუგალიელ მწერალს, ჟოზე სარამაგუს მიენიჭა. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ სარამაგუს მთავარ კონკურენტად სწორედ ოთარ ჭილაძე მიიჩნეოდა.
1999 წელს ბრიტანელი ქართველოლოგის, დონალდ რეიფილდის წყალობით ოთარ ჭილაძე კვლავ წარადგინეს ნობელის პრემიაზე, თუმცა ჟიურიმ გამარჯვებულად გერმანელი მწერალი – გიუნტერ გრასი გამოავლინა.
2009 წელს კი, ოთარ ჭილაძის სახელი საბოლოო ნომინანტთა სიაშიც იყო შეტანილი, თუმცა მას კონკურენცია გერმანულენოვანმა მწერალმა, ჰერტა მიულერმა გაუწია, რომელიც გახდა პრემიის მფლობელი.
ქართველი პროზაიკოსის, პოეტისა და დრამატურგის, ოთარ ჭილაძის შემოქმედებითი მოღვაწეობა მრავალფეროვანია. ის ავტორია ცნობილი რომანებისა: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, „ყოველმან ჩემმან მპოველმან“, „რკინის თეატრი“, „მარტის მამალი“, „გოდოლი“ და სხვა. ასევე, მას ეკუთვნის არაერთი მოთხრობა, პუბლიცისტიკა, დოკუმენტური პროზა, პოემა და პოეტური კრებული.

რიგოლ რობაქიძე
ჯერ კიდევ 1932 წელს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში გრიგოლ რობაქიძე წარადგინეს, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად ჯონ გოლზუორთი დასახელდა.
გრიგოლ რობაქიძე ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწეა, რომლის წვლილიც XX საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. მისი მთავარი მისწრაფება – ქართული ხელოვნება ევროპული ხელოვნების საზღვრებში შეეტანა, დიდი ეროვნული და კულტურული საქმეა.
გრიგოლ რობაქიძემ ლიტერატურის ყველა ჟანრში შეძლო საკუთარი შესაძლობლობების გამოვლენა. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, რომანებს, კრიტიკულ წერილებს. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „გველის პერანგი“, „ჩაკლული სული“, „მცველნი გრაალისა“ და სხვა.

ესიკ ხარანაული
2010 წელს ნობელის პრემიაზე წარადგინეს ქართველი მწერალი და პოეტი, ბესიკ ხარანაული. მასთან ერთად პრემიაზე წარდგენილი იყო თანამედროვე ცნობილი მწერალი მარიო ვარგას ლიოსაც, რომელსაც მიენიჭა ეს პრემია.
ბესიკ ხარანაულის მაღალმხატვრულ პოეზიას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი: ფრანგულად, გერმანულად, რუსულად, ჩეხურად, უნგრულად, ბულგარულად, აზერბაიჯანულად და სხვა.

 

აბუა ამირეჯიბი
XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, დიდი ქართველი მწერალი, ჭაბუა ამირეჯიბი ორჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე – 1996 და 1999 წლებში. მას კონკურენცია, შესაბამისად, პოლონელმა პოეტმა ვისლავა შიმბორსკამ და გერმანელმა მწერალმა გიუნტერ გრასიმ გაუწიეს.
ჭაბუა ამირეჯიბი არის ორი განსაკუთრებულად ცნობილი რომანის: „გორა მბორგალისა“ და „დათა თუთაშხიას“ ავტორი. ნაწარმოებებში მწერალი ეთიკურ პრობლემებსაც ეხება და ეპოქას, თავისი პრობლემური მხარეებით, ოსტატურად ასახავს.
რომან „დათა თუთაშხიას“ გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მარტო ქართულ ლიტერატურულ წრეში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. ცნობილი ფრანგი სიმბოლისტი პოეტი, პოლ ვერლინი ამ რომანის შესახებ წერდა:
“დათა თუთაშხიას” ხალხი თავდავიწყებით კითხულობდა. ადამიანის არსებობაში კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი, ეს ის თემაა, რომლის მიმართ მკითხველი არასდროს ყოფილა გულგრილი. მაგრამ, როდესაც “კეთილი” და “ბოროტი” ისტორიული პროცესის დრამატურგიას განსაზღვრავს, როცა კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი ეპოქის შინაარსის გამომხატველი ხდება, ნაწარმოები, რომელიც ამ ორ საწყისს აშიშვლებს, მკითხველმა, შესაძლებელია, “ახალ სახარებად” აღიქვას. მითუმეტეს, როცა ამისთვის მას ნაწარმოების გმირი უბიძგებს, როცა სიკეთის კეთება გმირისთვის წამებად იქცევა, როცა გმირი მთელი სამყაროს ტკივილს ატარებს თავის თავში.“

მართალია, ჯერ საქართველოს არ ჰყავს თავისი ნობელიანტი მწერალი, თუმცა ქართული ეროვნული ლიტერატურის მსოფლიო პროცესში აქტიური მონაწილეობისა და პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი გადაწყვეტილებაც, როგორიც ნობელის პრემიაზე ნომინირებაა.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული