ხუთშაბათი, მაისი 9, 2024

რას აკეთებს ხელისუფლება ინფლაციის დასაძლევად? – ალექსი ნონიაძე

ინფლაციის თემა მნიშვნელოვანი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, პოლიტიკოსის, ექსპერტისა თუ რიგითი მოქალაქისთვის. შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ცალკეული მასალები და  აღნიშნული საკითხი მომზადდა ანალიტიკურ ჭრილში:

წლიური ინფლაცია საქსტატის 2021 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით 12.8%-ია. მაღალი ინფლაციის გამო ფასები გაიზარდა პირველადი მოხმარების საქონელზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (18.4%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (6,8%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.9%), ტრანსპორტი (19,6%) [1].

მოსახლეობის შემოსავალები ვერ ეწევა გაზრდილ ფასებს, ამიტომ რიგითი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა ყოველწლიურად კლებულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახების დიდი ნაწილი (633 500 ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები) მშრალი პურის ამარად არის დარჩენილი[8].

საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად უმრავლესობაც თანხმდება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მთავარი გამოწვევა დღეს ინფლაციის მაღალი მაჩვენებლია. მაგრამ ერთია აღიარება და მეორეა რას აკეთებს ამისათვის სახელმწიფო მონეტარული და ფისკალური ბერკეტების გამოყენების თვალსაზრისით. ჩვენი სტატიის მიზანია გავარკვიოთ ჩვენს ქვეყანაში რით არის ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები განპირობებული, სად არის გამოსავალი და რას აკეთებს ხელისუფლება რეალურად.

ინფლაცია დისბალანსია ერთობლივ მოთხოვნასა და ერთობლივ მიწოდებას შორის. გამომწვევი მიზეზების მიხედვით არსებობს მიწოდების (ხარჯების) ინფლაცია, მოთხოვნის (მონეტარული) ინფლაცია, სექტორული ინფლაცია, იმპორტირებული ინფლაცია. ხშირ შემთხვევაში ძნელია გამოყო ერთი კონკრეტული ტრენდი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ფასების მატებაზე, განსაკუთრებით ეს ითქმის ქართულ ეკონომიკაზე, რადგან სახეზეა ჭარბი ფულის პრობლემაც, ნედლეულზე ფასების ზრდაც, ოლიგოპოლიების მონოპოლიური გავლენაც ისეთ სასაქონლო ბაზრებზე (საწვავი, წამლები, საბანკო სესხები, თამბაქოს ნაწარმი), რომლებიც თავის მხრივ სხვა სექტორებში ფასების ზრდას (სექტორული ინფლაცია) იწვევენ და მაღალი იმპორტდამოკიდებულებაც.

ინფლაციის დასამარცხებლად მოკლევადიან და გრძელვადიან სამოქმედო პოლიტიკას გამოყოფენ. მაგალითად, მოთხოვნისა და იმპორტირებული ინფლაციის შედეგების შესამცირებლად ქვეყნის ეკონომიკის მწარმოებლურობის ზრდაა საჭირო. ამის განხორციელება უახლოეს თვეებში, რომ გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენს ამაში ეჭვი არავის ეპარება, ამიტომ ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიან ქმედებებზეა გათვლილი. არსებობს იგივე მიმართულებით მოკლევადიანი სტრატეგიაც. თუ ვერ ვზრდით მიწოდებას, მაშინ დასაბალანსებლად უნდა შევამციროთ ერთობლივი მოთხოვნა ანუ შევამციროთ ბრუნვაში არსებული ფულის მასა (M3). მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოვიდ 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად არამთუ არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა ფულის მასა (იხ. ცხრილი N 1).

ამას თავისი მიზეზები გააჩნია.

1) 2020-2021 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კამპანიის დროს დიდი რაოდენობით ფული დაიხარჯა (მათშორის შავი სალაროდანაც), რომელიც ბუნებრივია საქონლით არ იყო გამყარებული და ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურებოდა.

2) ეკონომიკის -6.8% ვარდნის პირობებში სახელმწიფომ კოვიდ რეგულაციებით დაზარალებული მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების პროგრამები განახორციელა, რომელიც საერთაშორისო კრედიტებით მოვიზიდეთ დონორებისგან (კოვიდ პანდემიის პერიოდში ფინანსურმა ვალდებულებების ზრდამ 13,4 მლრ. ლარი შეადგინა (2020 – 7, 290 მლრ. ლარი; 2021 – 5,124 მლრ. ლარი). როგორც მოგვიანებით გაირკვა საქართველოს მთავრობამ ეს ფული, არა ეკონომიკაში ინვესტირებისთვის, არამედ საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად, ასევე კოვიდის შედეგების აღმოფხვრისა და ფულადი დახმარებების გასაცემად გამოიეყენა.

ცხრილი N 1. ფულის მასის (M3) დინამიკა 2015-2021 წწ.

წელი 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 I 2021 II
ფულის მასა (M3) მლრ. ლარი 13.1 15.9 18.2 20.7 24.4 30.4 31.8 30.4

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/92/monetaruli-statistika

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მოთხოვნის ინფლაციას ხელს უწყობს მაღალი საბიუჯეტო ხარჯებია. სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის შენახვა წლიდან წლამდე იზრდება. თუ ავიღებთ საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს ვნახავთ, რომ მიმდინარე ხარჯების მოცულობა ჯამში დაგეგმილია 14,167 მლრ. ლარის ოდენობით, აქედან საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში 2,112 მლრ. ლარი დაიხარჯება. ასევე მაღალია სოციალური დაცვის პროგრამების ასიგნირებაც – 4,449 მლრ. ლარი. ჯამში ბიუჯეტის ხარჯების 46,3% ქვეყნის ეკონომიკის მწარმოებლურობის ზრდაში პირდაპირი წესით არ მონაწილეობს, სამაგიეროდ ფულის მიმოქცევის არხებში მათი მოძრაობა საგრძნობია.
ლოგიკური იქნებოდა ჩვენს სიტუაციაში ფულის მასის შემცირება, რასაც პრინციპში ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ახორციელებს (იხ. ცხრილი N2). მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენი ქვეყანა პოსპანდემიურ (თუ ჯერ კიდევ პანდემიურ) პერიოდში იმყოფება და ფაქტობრივად ფულის მასის შემცირება მცირე და საშუალო ბიზნესს მათი გაკოტრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს.

ამის გარდა უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მაინც უშედეგო გამოდგა, რადგან თუ ცხრილს N3 გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიუხედავად მოთხოვნა საბანკო სესხებზე არ მცირდება, პირიქით მზარდია [4]. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში საფინანსო ბაზარზე მოთხოვნა კრედიტებზე არაელასტიკურია.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით თეორიულად ბიზნესს ვუძვირებთ კრედიტებს, რაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სასიკვდილო განაჩენია მცირე მეწარმეებისთვის (საქსტატის მონაცემებით 2019 წელს 167.9 ათასი მოქმედი ბიზნეს სუბიექტიდან 2020 წლის ბოლოსთვის 2300 ერთეულმა შეწყვიტა ფუნქციონირება და 165.6 ათასი ერთეული შეადგინა) [1]. ამიტომ მიმაჩნია, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოთხოვნისა და იმპორტირებული ინფლაციის გავლენის შემცირების პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდშიც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს და შესაბამისად მიუღებელია.

ცხრილი N 2. რეფინანსირების განაკვეთის დინამიკა (26.04.2020 – 06.12.2021)

თარიღი განაკვეთი (%) თარიღი განაკვეთი (%)
26.04.2020 9 19.03.2021 8,5
19.05.2020 8,5 28.04.2021 9,5
21.05.2020 8,25 04.08.2021 10
06.08.2020 8 06.12.2021 10

წყარო: https://nbg.gov.ge

 

ცხრილი N 3. კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე)  გაცემული სესხებით დავალიანება

თარიღი სულ (ათასი ლარი) იურიდიულ პირებზე

(ათასი ლარი)

შინამეურნეობებზე

(ათასი ლარი)

01.03.2020 30 845 209 15 020 701 15 824 508
01.06.2020 33 339 460 16 623 915 16 715 545
01.09.2020 33 704 212 16 385 894 17 318 318
01.12.2020 36 522 097 18 051 627 18 470 470
01.03.2021 37 644 338 18 691 778 18 952 560
01.06.2021 38 762 174 19 196 946 19 565 229
01.09.2021 39 230 831 19 138 381 20 092 450
01.11.2021 40 825 393 20 033 950 20 791 443

წყარო: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data

რაც შეეხება მიწოდებისა ანუ ხარჯებისა და სექტორულ ინფლაციის შედეგების მოკლევადიან პერიოდში აღმოფხვრას, მიმაჩნია, რომ სამოქმედოდ აქ უფრო ბევრი ბერკეტები გაგვაჩნია. კერძოდ თუ შევამცირებთ საწვავზე აქციზის ფასებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მაღალია (იხ. ცხრილი N4), ჩვენ შევძლებთ საქონელზე და მომსახურებაზე ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას რაც თავის მხრივ მათი ფასების კლებაზეც დადებითად აისახება [3]. კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც ინფლაციასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ ეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაა [6]. მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საწვავის, თამბაქოს, მედიკამენტების ოლიგოპოლიურ ბაზრებზე კარტელური გარიგებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოავლინოს და მათ განხორციელებას ხელი შეუშალოს. აღნიშნულ ბაზრებზე კონკურენციის დაბალი დონე მონოპოლიური ფასის დამკვიდრების წინაპირობაა, რაც ოპერირებად კომპანიებს მომხმარებლების ხარჯზე ზემოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს და ინფლაციის ზრდაზეც აისახება.

ცხრილი N 4. აქციზის ფასი საწვავზე (2021 წელი)

საქართველო რუსეთი სომხეთი
ბენზინი (1 ტონა) 500 ლარი 9 916  – 6450 რუბლი

(415 – 270 ლარი)

40 ათასი დრამი

(208 ლარი)

დიზელი (1 ტონა) 400 ლარი 13 ათასი დრამი

(68 ლარი)

წყარო:  https://bm.ge/ka/article/rogor-dgindeba-sawvavis-fasi-da-shesadzlebelia-tu-ara-misi-shemcireba/96421

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ 2020 წელს მხოლოდ პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა 300 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც დამატებით ფისკალურ წნეხს ქმნის ეკონომიკაზე და მიწოდების არხებში შეფერხებას იწვევს. გამოსავალი სახელმწიფო საწარმოების საბაზრო პრინციპებით რეფორმირება და მათი ნაწილის პრივატიზირებაა. ამით ფისკლაურ რისკებსა და ბიუჯეტის ასიგნირებას შევამცირებთ, ისეთ პროექტებში, რომელიც მომავალში რენტაბელური არ არის.

სექტორულ ინფლაციას იწვევს ხორბალზე ფასებზე სეზონური მატებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, ხოლო გრძელვადიანი პერიოდისთვის ხორბლის მარაგები არ გაგვაჩნია, ფქვლის ბაზარი მოწყვლადი ხდება ხორბლის საერთაშორისო ფასების ცვლილების მიმართ. მცირე პარტიებით მისი შემოტანა ფასის შემცირებაზე გავლენას ვერ ახდენს, ხოლო დიდი რაოდენობით შესყიდვა დღეს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის არარენტაბელურია. გამოსავალი ძველი ელევატორების აღდგენა-რეაბილიტაციაა, რაც ხორბლის რეზერვების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. შეძენა მოხდება, როდესაც ფასები საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე დაბალი იქნება, ხოლო მისი გამოყენება მაშინ, როდესაც ბაზარი დეფიციტური იქნება. მსგავსი სტრატეგით თავიდან ავირიდებთ პურპროდუქტებზე ფასების ზრდას.

რომ შევაჯამოთ: პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესს სწრაფი აღსადგენად მისთვის დეფიციტური ფინანსური სახსრები ესაჭიროება. სახსრების სიმცირე განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებში იგრძნობა. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უარყოფით გავლენას იქონიებს ამ მიმართულებით და სასურველ შედეგსაც ვერ მივიღებთ (იგულისხმება ფასების შემცირება). ის ფაქტი, რომ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულება საგადასახადო ვალდებულებებით მზარდია ჯერ კიდევ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ბიზნესს ფინანსურად არ უჭირს. ინფლაციის შესამცირებლად საჭიროა ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად შეთანხმებულად იმოქმედონ. სამწუხაროდ ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ შტოს მიაჩნია, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ ეროვნული ბანკის თავის ტკივილია, ხოლო მათი როლი მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების კონსოლიდაციით შემოიფარგლება. სამწუხაროდ ეს ასე არ გახლავთ. მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში ბიზნეს სუბიექტების განვითარება ვერ მოხერხდება. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს, მის დასაბალანსებლად საქართველოს მთავრობამ ფისკალური ინტერვენციები უნდა შემოგვთავაზოს. რადგან სექტორული ინფლაციის როლი საერთო ინფლაციაზე მაღალია, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში საწვავზე აქციზის განახევრება ან ამ საგადასახადო ვალდებულების სრულად განულება (სახელმწიფო ხაზინა (2020) – აქციზი ბენზინზე – 257 მლნ. ლარი, აქციზი დიზელზე – 199 მლნ. ლარი) , რაც საწვავის ფასის სულ მცირე 50 თეთრიან გაიაფებას გამოიწვევდა, რაც თავის მხრივ საერთო ინფლაციის ზრდაზე წნეხს მოხსნიდა. 456 მლნ. ლარი ეს არის თანხა, რომელიც ინფლაციის დასამარცხებლად უნდა გავიღოთ [7].

საქართველოს მთავრობის 2022 წლის გათვლები საკმაოდ ოპტიმისტურია ამ მიმართულებით. პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი 4,5%-იანი ინფლაციური გათვლით არის შემოტანილი დასამტკიცებლად. ახალი ბიუჯეტის პროექტი და მისი საკომიტეტო განხილვები ტოვებს იმის განცდას, რომ საქართველოს მთავრობა ინფლაციის შესამცირებლად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს [5]. ეტყობა დაშვება იმაზეა გაკეთებული, რომ 2022 საარჩევნო წელი არ იქნება, ხოლო კოვიდით გამოწვეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ვნახოთ რამდენად გამართლდება მათი მოლოდინები. ამასობაში კი ეროვნული ბანკი გვპირდება, რომ საჭიროების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის. ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი მეგრული ფრთიანი ფრაზა მახსენდება: „ვავა, ვავა ჩქინი ცოდა”.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
[1] https://www.geostat.ge/ka
[2] https://www.mof.ge/
[3] https://bm.ge/ka/
[4] https://nbg.gov.ge/
[5] https://parliament.ge/
[6] https://matsne.gov.ge/
[7] http://treasury.ge/
[8] http://ssa.gov.ge/

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული