ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“მხოლოდ ერთობით, მხოლოდ თანადგომით, მხოლოდ ერთმანეთის გაგებით ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორიც ჩვენ და ჩვენ შვილებს სჭირდებათ” – გიორგი ვაშაძე

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კამპანიის დახურვის ღონისძიება გრიგოლ ვაშაძემ გახსნა რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც მიმართა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა 2 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი, არჩევანი ერთის მხრივ დაპირისპირებას, სიღარიბეს, ხოლო მეორე მხრივ განვითარებას შორის. “მესამე ძალის” ლიდერის აზრით, პოლიტიკა უნდა გახდეს ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული:

ერთად ვართ და ყველა ერთად ვიბრძვით იმ დიდი იდეებისთვის, რომლისაც ჯერ კიდევ ბევრს არ სჯერა.

დღევანდელი დღე მიუხედავად ჩვენი მძიმე ყოფისა, არ იქნებოდა, ვერ შედგებოდა, ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი ლაღები, ენერგიულები, შემართებულები, ჩვენზე წინ რომ არ ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ის გმირები, ვინც ჩვენი გადარჩენის, ჩვენი ერთიანობის, ჩვენი გამარჯვების იდეებს თავი შესწირა.

მე მინდა ეხლა ფეხზე წამოვუდგეთ და ტაშით მივეგებოთ ყველა იმ ადამიანს , ვინც ბევრი იღვაწა, ბევრი იშრომა, თავი დადო ჩვენთვის და საქართველოსთვის.

დიახ მეგობრებო, ბრძოლის გარეშე, შრომის გარეშე, თავის გადადების გარეშე არაფერი არ შენდება და გამარჯვება არ მოდის.

სწორედ ამით არის გამორჩეული ჩვენი გუნდი სტრატეგია აღმაშენებელი, ჩვენს ირგვლივშემოკრებილი ადამიანები, რომ ჩვენ არ გპირდებით იოლი გზებით სიარულს, მარტივ გამარჯვებას, მაგრამ ამასთან ჩვენ არ გვაშინებს იმ ამოცანათა სირთულე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და სწორედ ამ ბრძოლაში გვაქვს თქვენი, ასევე იმ ათასობით ადამიანის, ვინც ეხლა გვიყურებს და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი.

დიახ მეგობრებო, ჩვენ არ ვგავართ სხვებს. ხშირად მეუბნებიან, უცნაურად იქცევა გიორგი ვაშაძე, უცნაურად იქცევა სტრატეგია აღმაშენებელი და მე მინდა ვუთხრა მათ, ჩვენ განსხვავებულები ვართ, გამორჩეულები ვართ იმით, რომ საქართველოს არ ვყოფთ წითლებად და ლურჯებად, თეთრებად და შავებად, რადგან ზუსტად ვიცით და გვწამს, რომ მხოლოდ ერთობით, მხოლოდ თანადგომით, მხოლოდ ერთმანეთის გაგებით ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორიც ჩვენ და ჩვენ შვილებს სჭირდებათ.

არჩევნებამდე არ დარჩა დიდი დრო, მეგობრებო. ჩვენ ორი დღის შემდეგ შეგვიძლია სასიკეთოდ შევცვალოთ ჩვენი და საქართველოს ისტორიული განვითარების კურსი.

ამისთვის კი ძალიან მარტივი რამ არის საჭირო, ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ცვლილებები ჩვენს გარეშე არ ხდება, ჩვენი მონდომების, ჩვენი მონაწილეობის გარეშე ვერ შეიცვლება, ვერ აშენდება ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენ გვინდა.

იმისთვის რომ შევცვალოთ არსებული მძიმე ყოფა, ის მძიმე რეალობა, რომელიც ქვეყანაშია, აუცილებელია შევცვალოთ არჩევანი.

არ დავუჯეროთ მათ, ვინ გვეუბნება, რომ არაფერი შეიცვლება

არ დავუჯეროთ მათ, ვინც ამბობს, რომ ხალხისთვის არავინ იბრძვის

არ დავუჯეროთ იმ ხალხს, ვისაც არაფერი გაუკეთებია ათწლეულების მანძილზე და კვლავ ლამაზი სიტყვებით ითხოვს მხარდაჭერას

არ დავუჯეროთ მათ, ვისაც ჰქონდა საქმის კეთების შესაძლებლობა და ეს დრო საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას, სხვების ჩაგვრას და სხვებზე ძალადობას მოახმარა.

იკითხავთ, რა არჩევანი გვაქვს ჩვენ? ან რატომ უნდა გვენდოთ?

დიახ, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს არჩევანი და ეს არჩევანია მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი და მასში გაერთიანებული პროფესიონალი, საქმის მკეთებელი, პატრიოტი ლიდერები.

უნდა გვენდოთ იმიტომ, რომ ჩვენ სადაც ვიყავით, რისი შესაძლებლობაც მოგვცემია, ყველა დრო, ყველა წუთი საქმის კეთებაში გაგვიტარებია და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ამ სიტყვების უკან დგას გაკეთებული საქმეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაზეც ეხლა მე აქ შეგნებულად არ ვისაუბრებ.

და ბოლოს, მივმართავ ათასობით ჩემს თანამოქალაქეს, მე აქ ვდგავარ და მაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, დავასრულოთ ქვეყანაში გაუთავებელი დაპირისპირება, კინკლაობა და ყველამ ერთად მთელი ენერგია მივმართოთ საქართველოს აღმშენებლობისკენ, საქმის კეთებისკენ და ამ ბრძოლაში მაქვს თქვენი თანადგომის იმედი.

ამისთვის, 2 ოქტომბერს ყველა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, საქართველოს აღმშენებლობას, საქართველოს და ჩვენი ოჯახების გამარჯვებას.

საქართველო გაიმარჯვებს!” – მიმართავს ამომრჩევლებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული