სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!” – თამარ იოსელიანი

მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!“ – მიმართა მეზღვაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღნისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მეზღვაურებს იმ წვლილისათვის, რაც მათ თავისი დაუღალავი შრომით მსოფლიოს ეკონომიკაში შეაქვთ:

ჩემთვის, როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისათვის, ამ დღეს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. წელს სააგენტო დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთი რეფორმა გატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას და ამ რეფორმების ცენტრალური ფიგურა სწორედ მეზღვაურია,“ – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, პანდემიით გამოწვეულ ურთულეს სამუშაო პირობებში, მეზღვაურთა მიერ გამოჩენილ სამაგალითო გამძლეობაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა მეზღვაურების უმნიშვნელოვანესი როლი გლობალური მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობისა და მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

წელს მეზღვაურის დღე ქართველ მეზღვაურებთან ერთად აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელის HMS defender ეკიპაჟის წევრებმაც. სააგენტოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მის აღმატებულებას, მარკ კლეიტონს და გემის კაპიტანს ვინს ოუენს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ჟურნალისტებთან საუბრისას, სააგენტოს ხელმძღვანელი შეეხო საზღვაო შრომის რეფორმას, რომლის განხორციელებასაც წელს იწყებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს მეზღვაურების ღირსეულად დასაქმებისათვის. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, განათლების სტანდარტები წლიდან წლამდე უმჯობესდება. მან ყურადღება გაამახვილა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალიზე, რომელიც უმაღლესი სტანდარტით არის აღჭურვილი და 10 პროფესიული პროგრამა უკვე ავტორიზებულია და ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელ აუზზე, რომელიც დღეს გაიხსნება და სრულიად თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნების წვრთნებით უზრუნველყოფს სტუდენტებსა და მეზღვაურებს.

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა:

ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო, როგორც საზღვაო სახელმწიფო, აღნიშნავს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი შემადგენლობა ქართველი მეზღვაურების, რომლებიც არიან ძალიან მოთხოვნადები, ძალიან კონკურენტუნარიანები, მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოებულები და მათზე მაღალი მოთხოვნაა სხვადასხვა, მათ შორის ევროპული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე წელს საქართველოში მეათედ აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელშიც საზღვაო ინდუსტრიის საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული