ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია – მრავალმხრივი ანალიზით, შეფასებებით და ვარაუდებით. სოციალურ ქსელში, თავისი მოსაზრებები დააფიქსირა ასევე ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა:
“რატომ ხდებიან მსოფლიო ჩემპიონები მხოლოდ დასავლური სამყაროს წარმომადგენლები?
ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა (ნახევარფინალებში გასული ოთხივე ქვეყანა დასავლურ ცივილიზაციას წარმოადგენს ანუ მსოფლიო თასი ამჯერადაც დასავლეთში დარჩება);
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩემპიონობა არასოდეს მოუგა არადასავლური სამყაროს წარმომადგენელ ნაკრებს. ფინალშიც არ გასულან;
მხოლოდ მაროკომ (2022 წ) და თურქეთმა (2002 წ) შეძლეს ნახევარფინალამდე მიღწევა. მაროკოს ნაკრების 14 ფეხბურთელი ევროპაში დაიბადა-გაიზარდა და იქვე თამაშობენ. 2002 წლის თურქეთის ნაკრების 10 ფეხბურთელიც ასევე ევროპულ კლუბებში თამაშობდა. თან მაშინდელი თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური ქვეყანა იყო. მაგრამ მაინც, მაროკოსა და თურქეთის ნახევარფინალამდე მისვლა უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე – წესს;
და არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს აქ მატერიალურ მხარეს. ფული რომ გადამწყვეტი იყოს, ამ ჩემპიონატის ფინალში საუდის არაბეთ-კატარს უნდა ეთამაშათ;
ფეხბურთი, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობები, პირდაპირ კავშირშია ინდივიდუალიზმთან და ორგანიზებულობასთან (მენეჯმენტთან), რაც დასავლურ სამყაროს განუყოფელი ნიშან-თვისებაა;
ხოლო ყველაზე მეტად სწორედ დასავლეთი იძლევა უნარებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას. თორემ, განა სხვაგან არ იბადებიან ნიჭიერი ფეხბურთელები?! მაგალითად, რას მიაღწევდა კვარა, სათამაშოდ რუსეთში რომ დარჩენილიყო? ალბათ, ბევრს ვერაფერს. ახლა კი ხსნილი აქვს ყველაფერი;
ამ მხრივ თბილისის “დინამოს” მიერ 1981 წელს თასის აღებაც მნიშვნელოვანია. რაც ერთხელ მოხდა, მომავალშიც შეიძლება მოხდეს;
ზოგადად ამიტომ გვჭირდება დასავლეთის სრულუფლებიან ნაწილად ყოფნა, რომ ჩვენ მოქალაქეებს თავიანთი ნიჭებისა და უნარების (არამხოლოდ სპორტში) გამოვლენისა და განვითარების საშუალება მიეცეთ;
ფოტოზე – რომელი ქვეყანა რამდენჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში. არცერთი არაა არადასავლური სამყაროს წარმომადგენელი“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

