საქართველოს პოტენციალი გახდეს რეგიონალური ჰაბი (ავტოიმპორტის მაგალითზე)

137

ხშირად გვესმის პრესით, ტელევიზიებით, ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტებისგან, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, იმისათვის, რომ რეგიონში ეკონომიკური, პოლიტიკური, სატრანსპორტო, სავაჭრო, ფინანსური, კულტურული ხაბი გახდეს. მაგრამ მსჯელობა ამ საკითხზე სამწუხაროდ ღია ეთერებს და დისკურსიას არ ცდება. მაშინ, როცა აღნიშნული პრობლემის შესწავლა როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ისე ამ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მხრიდან სახელმწიფო დონეზე უნდა ხდებოდეს. ეს ალბათ იმითია გამოწვეული, რომ ყოველდღიურ ყოფით პრობლემებში ჩართულ ჩვენს საზოგადოებას ავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება, დიდი წარმატება პატარა ნაბიჯებით არ მიიღწევა. გვესაჭიროება მეგა პროექტები დიდი გამოწვევებითა და გრანდიოზული ამოცანებით. რაში მდგომარეობს ჩინური ეკონომიკის წარმატება. სწორედ იმაში ხომ არა, რომ ჩინელები ერთი შეხედვით თითქოს მიუღწეველს შეეჭიდნენ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით, შრომისმოყვარეობითა და პრაგმატული თანმიმდევრობით რეალობად აქციეს. ასეთი მეგა პროექტი საქართველოსთვის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებაა. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ეს უკანასკნელი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამისთვის საჭიროა დეტალურად გაწერილი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რეგიონის თავისებურებები, მსოფლიოში არსებული გამოწვევები და ტენდენციები.

წინამდებარე სტატია ამ საკითხში ცოდნის დიდ ვაკუუმს ნამდვილად ვერ შეავსებს, მაგრამ შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ ის გამოცდილება რაც ჩვენს ქვეყანას უკვე გააჩნია ავტო იმპორტის სფეროში და გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები, რომელიც ზოგადად ჰაბის შექმნასა და მისი შემდგომი განვითარების ძირითად ასპექტებს ეხება.

ისტორიას გადავხედოთ. 2009 წლიდან ქალაქ რუსთავის შესასვლელთან, 225 ჰა უდაბურ მიწის ფართობზე უკრაინული ინვესტიციების საფუძველზე იწყება კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოჰაუსის მშენებლობა. შემდგომ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რუსთავის ავტობაზრობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია აღმოჩნდა ქართული ეკონომიკისათვის. დღეის მონაცემებით მის ტერიტორიაზე განთავსებულია:

    • ავტობაზრობა , რომელიც 5000 ავტომობილს იტევს;
    • საბაჟო კონტროლის ზონა (ტერმინალი) 2000 ავტომობილის ტევადობით;
    • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
    • სასტუმრო (64 ნომერი);
    • სავაჭრო ცენტრი (1000 კვ.მ);
    • სერვისცენტრი (576 კვ.მ);
    • კვების ობიექტების და მაღაზიების ქსელი (15 ერთეული);
    • რესტორანი “უკრაინკა”;
    • ავტოსამრეცხაო;
    • რეკლამის განთავსების ადგილები;
    • ტექნიკური და სერვისების მომსახურების სადგური (10 ბოქსი) და ა.შ.

2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 1,840 მლრ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან იმპორტზე 1 107,9 მლნ. აშშ. დოლარი, ხოლო რეექსპორტზე 732, 8 მლნ. აშშ. დოლარი მოდიოდა. მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის დიდი წილი სწორედ რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოდის. აქ ხვდებიან მსუბუქი ავტომობილები აშშ-დან, ევროკავშირის, შორეული აზიის ქვეყნებიდან და სხვა. ხოლო რეექსპორტით გადის პოსტსოციალისტურ და ახლო აზიის ქვეყნებში. რუსთავის ავტო ბაზრობის, როგორც მეორადი ავტომობილების დიდი ჰაბის ჩამოყალიბებაში რამოდენიმე ფაქტორის თანხვედრამ იქონია გავლენა. კერძოდ:

1. გეოგრაფიული მდებარეობა – დედაქალაქის და მისი აეროპორტის, ასევე ორი მეზობელი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი) საზღვრებთან მაქსიმალურად ახლო მდებარეობამ ხელი შეუწყო ავტობაზრობას მოეზიდა მომხმარებელთა რამოდენიმე ნაკადები ერთდროულად.

2. ფართო ასორტიმენტი, განვითარებული ინფრასტრუქტურა და მომსახურების სერვისები – „ყველაფერი ერთ სივრცეში“ პრინციპი თანამედროვე მსოფლიოში მოთხოვნადი ტრენდია. კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საკუთარ მომხმარებელს მრავალი სახის პროდუქტი და მომსახურება ერთ ლოკაციაზე შესთავაზონ. რუსთავის ავტობაზრობა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მას ერთდროულად რამდენიმე ათასი ვიზიტორის მიღება და მათი მრავალმხრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. აქ ავტოდილერს ავტომობილების ფართო ასორტიმენტიდან სხვადასხვა საფასო სეგმენტში მათთვის შესაფერისი მანქანის შერჩევის შესაძლებლობის პარალელურად მათი ადგილზე შემოწმება, უმოკლეს ვადაში განბაჟება და გადაფორმება შეუძლიათ. ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისებთან ერთად ავტოჰაუსის მომხმარებლის განკარგულებაშია კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასტუმროების, სავაჭრო ქსელების, რესტორნებისა და სწრაფი კვების ობიექტების ინფრასტრუქტურა.

3. სახელმწიფოს ხელშემწყობი პოლიტიკა – თავის დროზე სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საკანონმდებლო ინიცირების კუთხით, ეკონომიკის ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწყო. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით 60 (+30) კალენდარული დღის ვადაში შესაძლებელია ავტომობილის რეექსპორტირება. მეორეს მხრივ ავტომობილის გაფორმებისა და სანომრე ნიშნების რეგისტრაციის კარგად და თანმიმდევრობით აწყობილი ლოგისტიკური ახალი სისტემა, რომელიც მანამდე არსებული კორუფციული მექანიზმების არსებობას გამორიცხავდა საშუალებას აძლევს უცხოელ ავტოდილერებს საქართველოში მათთვის კომფორტულად გააფორმონ ავტომობილის რეექსპორტისთვის საჭირო საბუთები.

4. ავტომობილების მეორადი ნაწილების სავაჭრო ცენტრები და ტექნიკური მომსახურების იაფი სერვისი – ავტომობილის ტექნიკური მომსახურება იაფი ჯდება საქართველოში ვიდრე ეს ჩვენ მეზობელ ქვეყნებშია. პლიუს ემატება ავტომობილების მეორადი ნაწილების ბაზარი, რომელიც აღნიშნულ ტექ-მომსახურების ცენტრებს ამარაგებს ნაწილებით. საქართველოში ჩამოსული ავტომობილები, რომელთაც გააჩნიათ ტექნიკური პრობლემები სრულ სერვისულ მომსახურებას გადის. ასე, რომ რეექსპორტით გასული ავტომობილი ექსპლუატაციისათვის სრულ მზადყოფნაშია.

5. საქართველოს კურორტებზე დასვენების შესაძლებლობა – ავტო დილერების დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოდიოდა არა მარტო ავტომობილების შესაძენად, არამედ პარალელურად ოჯახებთან ისვენებდნენ კიდეც. ეს კარგი შესაძლებლობაა საქმე შეუთავსო დასვენებას.
ავტოჰაუსის მაგალითი გვიჩვენებს, რომ თუ სახელმწიფო თავისი პოლიტიკით ხელს შეუწყობს თუნდაც ეკონომიკის ერთ სფეროში ჰაბის ტიპის სტრუქტურის შექმნას და შემდგომშიც თანმიმდევრულ, გააზრებულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, დავინახავთ, რომ სხვა მომიჯნავე დარგებსაც გაუჩნდებათ განვითარების ანალოგიური პერსპექტივა. დღეს რუსთავის ტერიტორიაზე ერთის ნაცვლად უკვე სამი ავტოჰაუსი მოქმედებს, საქართველოში ფუნქციონირებს ავტომობილების მეორადი ნაწილების რამოდენიმე ბაზრობა და წარმატებით მუშაობს ავტოსერვისული მომსახურების დიდი ქსელი. ავტო იმპორტის დარგს ასევე მიბმულია სარესტორნო, სწრაფი კვების, სასტუმრო, იურიდიული და ფინანსური მომსახურების, სატრანსპორტო, ტურისტული ქსელები და ობიექტები, რომლებშიც ასეულ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებული და შემოსავალს ღებულობენ.

სამწუხაროდ დღეს ეს დარგი პანდემიის გამო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეიძლება ფუნქციონირება შეწყვიტოს. ამ ბიზნესს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და გადაარჩინოს არა მარტო იმისთვის, რომ 700 მლნ. აშშ. დოლარის ბრუნვა გააჩნია, არამედ იმისთვისაც, რომ გამოცდილება და პრაქტიკა ავტო იმპორტში კარგი სტარტაპია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გახდეს. ამ დასაწყისს სათანადო გაგრძელება ესაჭიროება.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
https://www.geostat.ge/ka
http://ge.autobazroba.com/ab.html

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები