პარასკევი, აპრილი 19, 2024

მეორე ლოქდაუნის ეკონომიკური ფასი – ინტერვიუ ირაკლი მაკალათიასთან

მართალია, ახალი წელი ცვლილებებისა და ოცნებების ასრულების სიმბოლოა, თუმცა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კოვიდვირუსი კვლავ მძვინვარებს. მსოფლიოს ქვეყნები ახალ წელს რეგულაციების დაცვითა და ეკონომიკური კრიზისით შეხვდნენ. საქართველოში, უწყებათა შორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის წინაღმდეგ, მოქმედებს ახალი შეზღუდვები.  ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, დიდ ქალაქებში მუშაობა შეწყვიტეს: სავაჭრო და გასართობმა ცენტრებმა, კვების ობიექტებმა, სასტუმროებმა, აგრარული ბაზრების გამოკლებით ღია და დახურულმა ბაზრობებმა, შიდა საზოგადოებრივმა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა. ასევე,  დაიკეტა ზამთრის კურორტებიც.  ქვეყნაში მეორე ლოქდაუნის გამოცხადებამ, საზოგადოებაში, აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია. სამედიცინო სექტორის განცხადებით – ეს შეზღუდვები საჭიროა ინფიცირებულთა რაოდენობის შესამცირებლად. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ეკონომისტები კი, აღნიშნავენ რომ  ახალი რეგულაციები ეკონომიკურ კრიზის კიდევ უფრო გააღრმავებს და საფრთხეს შეუქმნის ბიზნეს ობიექტებისა და წარმოებების არსებობას.

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი, პირველი ლოქდაუნის შედეგებსა და მეორე ლოქდაუნის ეკონომიკურ ფასზე სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს:

  • 2021 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. რამდენად რეალისტური და საკმარისია ეს მაჩვენებელი, რომ ქვეყანა 2019 წლის ეკონომიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს?

– პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ როგორ დგინდება ეკონომიკური ზრდა.  იგი მიმდინარე და საბაზისო პერიოდის  მთლიანი შიდა პროდუქტების შეფარდებით განისაზღვრება. რაც შეეხება 4 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს  საკმაოდ  ოპტიმისტური პროგნოზია.  თუმცა, ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მთვარობის პოლიტიკასა  და ბიზნეს სექტორის  „რეგენერაციის“ უნარზე. ის, თუ რამდენად ექნება ბიზნეს სექტორს უნარი დაუბრუნდეს საქმიანობის ჩვეულ პირობებს, ეს  ლოქდაუნის შედეგად მიღებული ზარალის მასშტაბებზე დამოკიდებული. ამიტომაც, ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი. შესაძლოა, უფრო მაღალი, ან დაბალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. რაც შეეხება იმას, რომ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმარისი იქნება, თუ არა 2019 წლის ეკონომიკური მდგომარეობის დასაბრუნებლად-  მსგავსი მაჩვენებლით ამის მიღწევა შეუძლებელია. რადგან ჩვენ უკვე დაახლოებით 5%-იანი ეკონომიკური კლება გვაქვს, რომელიც მეორე ლოქდაუნის გამო, კიდევ გაიზრდება. პირველ რიგში, ეს კლება უნდა ამოვავსოთ. ამიტომაც, 4%-იან მატება ვერ გვიშველის. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2019 წლის ეკონომიკური მაჩვენებელიც არა არის მაღალი.  აღნიშნული ეკონომიკური ზრდა დიდად კეთილდღეობის მომტანი ვერ იქნება.

  • რა დონის ეკონომიკური ზრდაა საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს?

– 2020 წლამდე, სანამ ქვეყანაში  კოვიდვირუსი   გავრცელდებოდა, გვქონდა ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ აისახებოდა. ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაა საჭირო მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.  ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში  ძალიან მცირე პროდუქტი იქმნება. ეს განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაშია, ის ეკონომიკური აქტივები, რომლებიც სახელმწიფოში დოვლათს უნდა ქმნიდეს და მშპ-ს ზრდიდეს. მაგალითად, სახელმწიფოს საკუთრებაშია: სასოფლო სამეურნეო მიწების 40% , წიაღისეულის 100%, ტყის რესურსების-100% და ა.შ. ასევე,  გვაქვს  სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც წაგებაზე მუშაობენ. ეს ყველაფერი ეკონომიკურად არაეფექტურია და ბიუჯეტისთვის წნეხს წარმოადგენს.  მსგავსი აქტივები კი, ეკონომიკურად გათიშული არიან და არც დოვლათს ქმნიან. საჭიროა მათი კერძო სექტორში  გადასვლა. შედეგად ქვეყანაში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს, ასევე დაგვეხმარება 2019 წლის ეკონომიკური მაჩვენებლის დაბრუნებაში. ამ აქტივების, სახელმწიფო საკუთრებიდან კერო საკუთრებაში სრულად გადასვლის შემდეგ, ერთნიშნა  ეკონომიკური ზრდა იქნება. თუმცა, უკვე დიდი მშპ და  ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა გვექნება.

  • რა გავლენა ექნება მოსახლეობაზე ეპიდემიის წინააღმდეგ დაწესებული ახალ შეზღუდვებს?

– ახალ შეზღუდვებს მთლიანად მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენა ექნება. ბიზნესს ფინანსურად დააზარალებს. მათთვის ყოველი  გაჩერებული დღე არის ზარალი. ბიზნესი  განვითარების შანსს კარგავ. შემდეგ კი, ჩნდება საფრთხე, თუ რამდენად ექნებათ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მათ მუშაობის გაგრძელების უნარი. ბიზნეს სექტორის  დაზარალება პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე, რადგან მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა, შემოსავლები და მისი ზრდის პერსპექტივა. ეს ყველაფერი, გვაღარიბებს  და ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ,  საკითხის ისე განიხილავენ თითქოს, ერთ მხარეს იდგეს ეკონომიკა, მეორე მხარეს ადამიანის სიცოცხლე. ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს ერთმანეთთან ვერ აკავშირებენ. რეალურად, ადამიანის კეთილდღეობას ეკონომიკა განაპირობებს. დაბალშემოსავლიან ადამიანი, რომელსაც საკვებიც კი არა აქვს, შესაძლოა სეზონური გრიპითაც გარდაიცვალოს, რადგან არ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს წამლები. დაბალშემოსავლიან ადამიანებში სხვადსხვა დაავადებით გარდაცვალების  რისკი მაღალია.

  • მიუხდედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რატომა არ აძლევს სახელმწიფო მათ უფლებას გამოვიდნონ დაგროვებით საპენსიო სისტემიდან?

– ქვეყანაში სავალდებულო, დაგროვებითი, საპენსიო სიტემის შექმნის დროსაც დაუშვეს შეცდომა. კერძოდ,  დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი, რადგან საქართველოში მცირე შემოსავლიანი მოსახლეობის წილი დიდია. ასევე, თუ ადამიანს დანაზოგის გაკეთების რესურსი აქვს, შესაძლოა მისთვის  ამ დანაზოგის დაბანდება მომგებიანი იყოს მაგალითად, განათლებაში და არა ბიზნესში.  თუ გავითვალისწინებთ საქართველოს არამდგრად ეკონომიკურ მდგომარეობასაც, შესაძლოა 20-30 წლის შემდეგ, ეს თანხები მოსახლეობისთვის კეთილდღეობის მომტანი სულაც არაღმოჩნდეს. ეკონომიკური კრიზისის დროს მიზანშეწონილია, რომ  სავალდებულო დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ  მუშაობა შეწყვიტოს. ამ პერიოდში, მინიმუმ შენატანების განხორციელება უნდა შეჩერებულიყო, რადგან მოსახლეობას ხელფასების სახით აკლდება საპენსიო შენატანები. ასევე, იგი ბიზნესისთვისაც მძიმე ტვირთია, რადგან ამ გადასახადს ისინიც იხდიან. ამ საპენსიო სიტემის შეჩერება,  მოსახლეობას მეტ შემოსავალს, ხოლო ბიზნესს მეტ ფინანსურ რესურსებს მისცემდა.  დაგროვებითი სავალდებულო საპენსიო სისტემის შექმნის რეალური მიზეზი კი, სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებაა და არა მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ეროვნული  ბანკის განმარტებით საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდება  დაბალ რისკიან  ჯგუფებში. მათივე განმარტებით ამაში იგულისხმება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და ობლიგაციები, რომლებიც სახელმწიფო ვალდებულებების გასასტუმრებლადაა.  სწორედ, ამ მიზეზით არ თანხმდება სახელმწიფო საპენსიო თანხების მოსახლეობისთვის გადაცემას.

  • პირველმა ლოქდაუნამა რა შედეგები მოგვიტანა და რა ვისწავლეთ?

– ნათქვამია – ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, ჭკვიანი თავის შეცდომებზეო, ხოლო სულელი ვერც სხვის და ვერც თვის შეცდომებზე სწავლობს რამეს. პირველი ლოქდაუნის შემდეგ, ჩვენც ასე დაგვემართა – ვერც სხვის და ვერც საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ რამე.  პირველი ლოქდაუნის დროს არაფერი ვიცოდით ვირუსზე, ემოციურ ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილებები. თუმცა, არც ლოქდაუნის შემდგომ გაანალიზებულა მდგომარეობა  სწორი დასკვნების გასაკეთებლად. ლოქდაუნის გამო, წლის პირველ კვარტალში ორნიშნა (13.1) ეკონომიკური კლება მივიღეთ. 100 000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. რეალურად, ეკონომიკური ზარალი გაცილებით  დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გვაქვს დაკვირვებადი და დაუკვირვებადი ეკონომიკა. მოსახლეობა სიღატაკისა და შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. როგორც ჩანს ეპიდემიოლოგიური  მიმართულებითაც ვერაფერი ვისწავლეთ, რადგან ამ მხრივ, შემოდგომაზე კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნა. რეალურად,  პირველმა ლოქდაუნმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ეკონომიკურად დაგვაზარალა და ეპიდემიოლოგურად მაინც მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ოპონენტებმა შესაძლოა თქვან, რომ ინფიცირების სტატისტიკა გვქონდა დაბალი. თუმცა, თუ ჩავიკეტებით და გარეთ არგამოვალთ ეს ასე იქნება, მაგრამ როდემდე გაძლებთ ასე?! რომ გვქონდეს განტია –  ეს ვირუსი 6 თვეში, ან კონკრეტულ ვადაში  აღარ იქნება მართლა  გავიჭირვებთ და  ჩავიკეტებით. თუმცა, არ ვიცით  რა იქნება 2021 წელს. შესაძლოა, ვითარება უფრო გართულდეს, ან პირიქით. ასე უსასრულოდ ჩაკეტილები კი, ვერ ვიქნებით. მოკლედ, პირველი ლოქდაუნის შემდეგ, არც ეკონომიკური გეგმა შეგვიმუშავებია და არაც ჯანდაცვის სფერო გავაძლიერეთ, ისე როგორც საჭირო იყო. ჩაკეტვა არის ყველაზე მარტივი და დამაზარალებელი გადაწყევეტილებაა. მთავარია  გამოსავლის მოძებნა.

  • რა შედეგს მოუტანს ქვეყანას მეორე ლოქდაუნი?

– ხელახალი ჩაკეტვა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. მეორე ლოქდაუნის გამო, გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი უკვე შიმშილის რისკის ქვეშ აღმოჩნდება. პირიქით, რომ წარმოვიდგინოთ და ეკონომიკა  გახსნილი ყოფილიყო. ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა, რომ მოეცა მთავრობას უფრო მაღალ შემოსავლიანია ადამიანები ვიქნებოდით, ვიდრე ახლა და ვირუსისგან საკუთარ თავებს  მეტად დავიცავდით. ეკონომიკური სფერო, რომ ძლიერი გვქონდა ჯანდაცვის სფეროც ძლიერი გვექნებოდა. ეკონომიკურად სუსტი ადამიანი, შესაძლოა სეზონური გრიპითაც გადაიცვალოს.

  • რამდენად რელევანტური იყო პანდემიის პერიოდში მოსახლეობის დახმარების პროგრამები და როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე?

– საქართველოში საარსებო მინიმუმი 200 ლარია. ამაზე ყოველთვის ცხარე კამათი იმართება, რადგან ეს თანხა მოსახლეობას აუცილებელი საჭიროებით ვერ უზრუნველყოფს. როდესაც მოსახლეობას საარსებო მინიმუმამდე მიახლოებულ დახმარებას ურიგებ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პროდუქტების ფასი ყოველდღიურად იზრდება და შესაძლოა ერთი დასაქმებული პირის უკან მთელი ოჯახი იდგეს, მას მსგავსი მიზერული თანხით დახმარება შიმშილის ზღვარზე მიიყვანს. თუ ეკონომიკას ვკეტავთ, მაშინ მთავრობამ მოსახლეობა უნდა უზრუნველყოს სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტებითა და მომსახურებით.  სახელმწიფო მოსახლეობას მსგავსი დახმარებებით ხანგრძლივად ვერ უზრუნველყოფს. ამ შეთხვევაში, ყველაზე კარგი დახმარება ეკონომიკის გახსნაა. ასევე, ფულადი დახმარებების გაცემა ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. როცა ეკონომიკაში შემოდის ფული და მის უკან არ დგას  შესაბამისი წარმოებული პროდუქტი, ეს ცხადია ინფლაციურ პროცესებზეც აისახება.  ამიტომაც, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარებები მიზნობრივად  გაიცეს.

  • საგარეო ვალმა მშპ-ის 62 % მიაღწია. როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე?

– სამწუხაროდ საგარეო ვალის სწორად  აღქმა არ ხდება. ეს, ხომჩვენი გადასახდელია ბიუჯეტიდან. საგარეო ვალი მომავალი თაობებისთვის მძიმე ტვირთია. იმ პირობებში როდესაც ეროვნული ვალუტა გვიუფასურდება  უფრო მეტის გადახდა გვიწევს.  ამიტომაც, მნიშვნელოვანია საგარეო  ვალი  სწორად იყოს გადანაწილებული. ცალკე  პრობლემა – საგარეო ვალის მაქსიმალურ ნიშნულს გადაცდენა.  სახელმწიფო აუდიტის დასკვნით  ლარის კურსის გაუფასურება იმის ალბათობასაც აჩენს, რომ საგარეო ვალის  მშპ-ის  75%-ს მიაღწევს. ვალი გვიძვირდება, ეს  მშპ-ზე აისახება და ბიუჯეტს მძიმედ აწვება. საგარეო  ვალი, ქვეყნის ეკონომიკური    განვითარების კარგი ინდიკატორია. ქვეყანა, რომ ეკონომიკურად ვერ ვითარდება, ამიტომაც დიდი მოცულობის საგარეო ვალი  გვჭირდება.

  • რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკური კრიზისს დასაძლევად?

 – პირველი,  ეკონომიკის ჩაკეტვა ვერ გვიშველის. ჩვენ, რომ ვიცოდეთ ეს ვირუსი  2, ან 3 თვეში  დასრულდება მართლა, გავიჭირვებთ და ყველანი  ჩავიკეტებით. თუმცა, არავინ იცის პანდემია, როდის დასრულდება. პირველი ჩაკეტვის შედეგად   ორნიშნა ეკონომიკური  ვარდნა მივიღეთ, 100000-მდე ადამიანმა  სამსახური დაკარგა, თუ ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულებსაც გავითვალისწინებთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.   ახალი შეზღუდვები მოსახლეობას კიდევ უფრო  გააღატაკებს და შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. აქ ერთგვარი დილემური  მდგომარეობა იქმნება- რომელი სჯობს, ნელი თუ სწრაფი სიკვდილი.  მეორე, სახელმწიფო ბიზნესს უნდა დაეხმაროს და საგადასახადო კუთხით მაქსიმალური შეღავათები მისცეს.   მესამე, სოციალურად  ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაეხმაროს სხვადასხვა მექანიზმებით თუნდაც ფულადი სახით, რათა  ეკონომიკური კრიზისი გადაიტანოს. თუ, ეკონომიკურ ზრდა გვინდა სახელმწიფო აქტივები, რომლებიც ეკონომიკისგან გათიშული არიან კერძო სექტორში უნდა გადავიდეს.  ნაკლები რეგულაცია, მეტი გახსნილობა ეკონომიკის,  რათა მან იმუშაოს და დაასაქმოს ადამიანები. ეს მოსახლეობას    თავის რჩენის შესაძლებლობას მისცემს.   ეკონომიკის ჩაკეტვა და მოსახლეობის  სახლებში გამოკეტვა ვერ მუშაობს, ამას მაგალითია პანდემიის პირველ ეტაპზე საქართველოში გატარებული ზომები, რომლის შემდეგ ეპიდემიური და ეკონომიკური მდგომარეობა მაინც გაუარესდა.

ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მეორე ლოქდაუნის  ეკონომიკური ფასი ძალიან დიდი და მძიმე იქნება. პროდუქტები ყოველდღიურად  ძვირდება. ახალი შეზღუდვების გამო კი, ადამიანები სამუშაო ადგილებს კარგავენ. ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით კი, გარკვეული ცვლილებები ხორციელდება. მართალია, დენის გაზრდილ ტარიფს სახელმწიფო დაასუფსიდირებს, თუმცა ამის შესაძლებლობა ქვეყანას ყოველთვის არ ექნება. ახალი  შეზღუდვების შედეგად – ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მოსალოდნელ ნიშნულამდე არა. შესაძლოა, ეს მიუთითებდეს იმაზეც, რომ საჭირო ეკონომიკური შეზღუდვები მინიმუმამდე შემცირდეს, რათა მოსახლეობა ვირუსით გარდაცვალების საფრთხის ნაცვლად, შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

ავტორი – სააგენტოს ანალიტიკოსი, ჟურნალისტი
სოფიკო ტაბატაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული