ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილისადმი და კონკრეტული მინიშნებები, მძიმე ფაქტის გახსენებით:
“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის – “ამ ცხოვრების დედაც…” არ ყოფილა ლუკას ცხოვრებაზე. ეს არის ამბავი სისტემაზე, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს, რყვნის.
ეს არის ამბავი სისტემაზე, სადაც ცალკეული დაჩაგრული მჩაგვრელს ურიგდება, ცალკეული იმალება. საუბედუროდ, ცალკეულებს კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. მცირენი იბრძვიან და ბევრნი დუმან იმ დრომდე, ვიდრე მათაც დაჩაგრავენ, შეაშინებენ, მოკლავენ ან თავს მოაკვლევინებენ.
ამიტომ, ეს არ არის ამბავი პაპუნა ლოცულაშვილზე, თუ თავად სურს ეს საკუთარ ამბად გაასაღოს – ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ რყვნის გარყვნილი სისტემა… ძალადობაც კი აქ მეასეხარისხოვანია.
ნურც ერთი დაჩაგრული ნუ იფიქრებს, რომ ადამიანები მათ მიმართ თანაგრძნობის გამო შფოთავენ და ბობოქრობენ – არა, ყველა ჯანსაღი აღშფოთება თავდაცვაა, საკუთარი შვილების უსაფრთხოებაა და პროტესტია უსამართლობის მიმართ. ლოცულაშვილს ჯანმრთელობა…
დიდი ვაჟასი არ იყოს – ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია… ლუკა სირაძის სული აცხონოს უფალმა.
ვინც იბრძვის იმარჯვებს!” – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილის პოზიცია, სადაც იგი აცხადებს, რომ “სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად”.

