პარასკევი, აპრილი 26, 2024
Home Blog Page 2

თორნიკე რიჟვაძე – “29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დღე, როდესაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება:

მოგეხსენებათ, რომ 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება პარლამენტთან, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. მე მსურს თითოეულ აჭარის მაცხოვრებელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი ერთიანობა.

ამიტომ, მოგიწოდებთ, კვლავაც ერთად დავდგეთ. ვისაც გწამთ და გჯერათ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, ყველას ვალია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის ფასეულობები, რომელიც უახლეს ისტორიაში, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომლის დაცვასაც შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და რომლის დაცვაც არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა, ხელში ჩაიგდონ ქართველი ხალხის ბედი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე. ამიტომ, კვლავაც ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობით ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

“ღია, დაუფარავი ძალა, რომელიც მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე. ახლა სწორედ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს, აქამდე არსებულ, ყველა ხელისუფლების თავისებურ შეფასებას ახდენს და მოქმედ ხელისუფლებას ყველაზე ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს:

როგორი ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს:

ჰყოლია ეროვნული მოძრაობის ნიადაგზე მოსული ხელისუფლება, ხალხთან ერთად დამოუკიდებლობის მომტანი, შეცდომებითა და გამოუცდელობით, რომელსაც ძირს უთხრიდნენ რუსეთზე მომუშავე ძალები და დაამხეს კიდეც რუსის იარაღით.

ჰყოლია ხელისუფლება, გატენილი რუსეთის აგენტებით, კორუმპირებული, კრიმინალური, დამნაშავეებითა და მკვლელებით სავსე, რომლებიც აშკარად პრორუსები იყვნენ, მაგრამ იმ ხელისუფლებაში იყო მეორე, არსით ოპოზიციური ფლანგიც – პროდასავლელების.

ჰყოლია ხელისუფლება, მმართველობის საწყის თვეებში რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობით, მაგრამ ილუზიებიდან მალევე გამოსული, ცალსახად პროდასავლური, შეურიგებელი და ტანკით შემოსული მტრისთვის წინააღმდეგობის გამწევი, მძიმე პრობლემებით დემოკრატიასთან დაკავშირებით.

მაგრამ არასდროს ჰყოლია ხელისუფლება, სრული შემადგენლობით მოღალატეებით დაკომპლექტებული. ღია, დაუფარავი ძალა, რომელიც მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე. ახლა სწორედ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

ლაზარე გრიგორიადისი: “ბრძოლას ვაპირებ, ქვეყანას არ დავტოვებ!”

7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი, პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს. პენიტენციალური დაწესებულების დატოვების შემდეგ ლაზარემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თქვენი აზრით, რატომ აგირჩიათ თქვენ ხელისუფლებამ, რომ ასე დაესაჯეთ – ყველასთვის საჩვენებლად?

– დიდი ალბათობით იმიტომ, რომ შეიძლება წინა საქმე მქონდა სისხლის სამართლის. ის გააცოცხლეს და ერთიანად კრიმინალური ხატი შექმნა მმართველმა პარტიამ.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: რას აკეთებდით, დროს როგორ ატარებდით ციხეში?

– თქვენ გიყურებდით, რას აკეთებდით, როგორ საქმიანობდით, ვხატავდი, ვწერდი – ჩემ ,,პონტში” ვიყავი.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: როგორ დაგაკავეს?

– ტელეფონში ვიხედებოდი – ტაქსი მყავდა გამოძახებული და მაგას ვაკვირდებოდი. ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი. ტაქსი სანამ მოვიდოდა მანამდე დამაკავეს. ოღონდ არ ვუჯდებოდი მანქანაში. დამეხმარე-თქო, წინ ვეძახდი ავტობუსში ხალხს, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, ვერ დამეხმარებოდნენ.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: მეორედ რომ შემოაბრუნებდნენ ,,რუსულ კანონს” ამის მოლოდინი გვქონდათ, რომ გაბედავდნენ?

– ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ, ნამდვილად არ მეგონა, ნამდვილად.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: რა გაქვთ თქვენ სათქმელი ამ კანონთან დაკავშირებით? ამ კანონის გამო იჯექით რეალურად ციხეში 1 წელი და 1 თვე…

– გაუფასურებაა, რა… ყველაფერზეა წამსვლელი ხელისუფლება, ისეთ მდგომარეობაშია, ჩემი აზრით. თან წინა საარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია ყველაფერი. როდესაც ყველაფერზე მიდიხარ, ჩემი აზრით, სუსტად ხარ.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: არ გეშინიათ პროვოკაციების, ციხეში შებრუნების?

– ბრძოლას ვაპირებ, ქვეყანას არ დავტოვებ!”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.

მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ.

გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.

მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს.

მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა.

ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.

დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

“რაღაც ხელშეუხებელი კასტა ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემაში” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე შეფასებებს აკეთებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით:

,,სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ კლანის ლიდერებს, სანქცირებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიერ. ანუ რას ნიშნავს ეს, – ასეთი ხალხი, მურუსიძისნაირი ხალხი ამერიკაში ვეღარ შემოვაო იმიტომ, რომ სამართლის და კონსტიტუციის კანონის მტერი არის ეს ხალხიო.

რაღაც ხელშეუხებელი კასტა ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემაში, რომელსაც ვერც დეკლარაციას შეუმოწმებ, ვერც კეთილსინდისიერებაზე შეამოწმებ და საერთოდ კითხვას ვერ დაუსვამ’’,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“არა და არასდროს არ იქნებიან ჩვენი მეგობრები ასეთი, ამ ღირებულების ევროპარლამენტარები!” – ირაკლი ზარქუა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა, კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოს:

,,გუშინ რაც ვნახეთ ეს არის ის, თუ როგორი არ უნდა იყოს ევროპა, როგორი არ უნდა იყოს ევროპული პარლამენტი და მე მგონია, რომ ის არჩევნები, რაც არის ვერც კუბილიუსებს ნახავთ და ვერც ფოტიგებს და ვერც სხვებს…

ისვ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან, მიიღებენ, როგორც არაერთხელ მიუღიათ. ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას მოითხოვენ, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას – პოლიტ-პატიმარი არისო ამბობენ და ეს თქვენ მიგაჩნიათ ჩვენს მეგობრად?! არა! არა და არასდროს არ იქნებიან ჩვენი მეგობრები ასეთი, ამ ღირებულების ევროპარლამენტარები!

ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე იქ ჩაწერს თუ დამასანქცირებს – პირადად მე მზად ვარ’’, – განაცახადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია! ერთიანები უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა გავიდეთ საბოლოო გამარჯვებაზე”

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოს:

,,უმძიმესი მოსასმენი იყო ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დისკუსია. სამწუხაროდ საქართველოს ყოველდღიურად უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ უმძიმესი პოლიტიკის, რომელიც მათ აქვთ.

ფაქტია, რომ ,,რუსული კანონით’’, სამწუხაროდ საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში. კიდევ უფრო მძიმეა, მოსაზრებები, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სანქციებთან დაკავშირებით საუბარი, რაც ამძიმებს ჩვენს ყოველდღიურ მდგომარეობას.

მივმართავ ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებს დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო – ჩვენი ქვეყანა უფრო წინ ვიდრე, თუნდაც სიჯიუტით გამოწვეული, რაღაც პოზიციის დაკავება. იმიტომ, რომ დღეს არის ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი – საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას თუ ჩიხში შევალთ, რომელმაც შეიძლება ათწლეულები განსაზღვროს ჩვენი ბედი საკმაოდ მძიმე ვითარებაში.

დღეს ევროპარლამენტში დისკუსია კანდიდატის სტატუსის შემდეგ უნდა იყოს – რამდენი უნდა დაიხარჯოს საქართველოში თანხები, ასობით მილიონი უნდა მივიღოთ, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებზე უნდა იყოს საუბარი, უნდა იყოს შეხვედრები ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ეკონომიკა განვითარდეს, ქვეყანა წინ წავიდეს – ამის ნაცვლად რაზეა საუბარი? – უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, კანდიდატის სტატუსის გადახედვაზე, სანქციებზე, რომელზეც არის საუბარი, რაც ძალიან ამძიმებს დღევანდელ ვითარებას.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს – ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, იმისთვის რომ ამ ძნელბედობის ჟამს მშვიდობიანად გავიაროთ, სამშვიდობოს გავიდეთ და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. ევროკავშირის წევრობა ხომ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის გვინდა, იმისთვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში?

წარმოუდგენელია უბრალოდ რა ვითარებაშიც დღეს ვართ. ეს არ არის უბრალოდ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური საკითხი. ეს არის დიდი ისტორიული საქმე, რომელიც ჩვენ თაობას აქვს ვალდებულებად შეასრულოს ჩვენი წარსულის, აწყმოს და მომავლის წინაშე. ამიტომ ძალა ერთობაშია, ერთიანები უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა გავიდეთ საბოლოო გამარჯვებაზე. გამარჯვება კი იქნება მაშინ, როცა ,,რუსულ კანონს’’ ჩავაბარებთ ყველაფერ რუსულთან ერთად წარსულს და წავალთ დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისკენ, მოვიზიდავთ მილიონებს, მილიარდებს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვავითაროთ, ემიგრანტები დავაბრუნოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ, ევროპული და ამერიკული კომპანიები საქართველოში შემოვყვანოთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა ამ ორს შორის – იმ მძიმე რეალობას შორის, რომელიც ახლა ევროპარლამენტში იყო და იმ დიდ პერსპექტივას შორის, მეორე მხრივ, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ არა ,,რუსულ კანონს’’ და წინ ევროპისკენ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზიაროთ’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“დაბალანსებული პოზიცია ვერ გექნება, როდესაც ერთ მხარეს არის ქვეყნის სასიცოხლო ინტერესები და მეორე მხარეს ამ სასიცოცხლო ინტერესების დაზიანება” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი განმარტებებს აკეთებს თავის აქტიურ პოზიციასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით:

ვიღაცები მიწერენ:

მერაბ, ჩვენ შენი დაბალანსებული პოზიცია მოგვწონდა, ახლა კი აშკარად მხარე გახდიო.

დაბალანსებული პოზიცია შეიძლება გქონდეს, როდესაც სხვადასხვა მხარეს დგანან: ხელისუფლება და ოპოზოცია, ქოცები და ნაცები და ა. შ.

მაგრამ დაბალანსებული პოზიცია ვერ გექნება, როდესაც ერთ მხარეს არის ქვეყნის სასიცოხლო ინტერესები და მეორე მხარეს ამ სასიცოცხლო ინტერესების დაზიანება;

ერთ მხარეს არის ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს ამ ინტეგრაციის ჩაშლა ერთი ადამიანის ახირების გამო;

ერთ მხარეს არის ქვეყნის 30 წლიანი ბრძოლა და ოცნების ასრულება და მეორე მხარეს არის ამ ოცნების დასამრაება, მოგონილი მიზეზებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენს რუსთის უკანა ეზოდ დარჩენას და ცივილიზებული სამყაროსგან დაშორებას.

მე ამ კანონთან დაკავშირებით შარშანაც მკვეთრი პოზიცია მქონდა და წელსაც ასეა.

არაობიექტური ვერ იქნება ქვეყნის მხარეს დგომა. ვინც ამას ვერ ხვდებით (ან სპეციალურად არ ხვდებით სხვადასხვა მიზეზების გამო), თქვენს გამო ძლიან ვწუხვარ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.

სს “თელასი”: 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, კვიჭიძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის, კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის, არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას, ოდესის, ოდიშელიძის, ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის, მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო მაყაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნის, თევდორე მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.