ორშაბათი, მაისი 6, 2024

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია! ერთიანები უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა გავიდეთ საბოლოო გამარჯვებაზე”

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოს:

,,უმძიმესი მოსასმენი იყო ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დისკუსია. სამწუხაროდ საქართველოს ყოველდღიურად უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ უმძიმესი პოლიტიკის, რომელიც მათ აქვთ.

ფაქტია, რომ ,,რუსული კანონით’’, სამწუხაროდ საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში. კიდევ უფრო მძიმეა, მოსაზრებები, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სანქციებთან დაკავშირებით საუბარი, რაც ამძიმებს ჩვენს ყოველდღიურ მდგომარეობას.

მივმართავ ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებს დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო – ჩვენი ქვეყანა უფრო წინ ვიდრე, თუნდაც სიჯიუტით გამოწვეული, რაღაც პოზიციის დაკავება. იმიტომ, რომ დღეს არის ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი – საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას თუ ჩიხში შევალთ, რომელმაც შეიძლება ათწლეულები განსაზღვროს ჩვენი ბედი საკმაოდ მძიმე ვითარებაში.

დღეს ევროპარლამენტში დისკუსია კანდიდატის სტატუსის შემდეგ უნდა იყოს – რამდენი უნდა დაიხარჯოს საქართველოში თანხები, ასობით მილიონი უნდა მივიღოთ, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებზე უნდა იყოს საუბარი, უნდა იყოს შეხვედრები ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ეკონომიკა განვითარდეს, ქვეყანა წინ წავიდეს – ამის ნაცვლად რაზეა საუბარი? – უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, კანდიდატის სტატუსის გადახედვაზე, სანქციებზე, რომელზეც არის საუბარი, რაც ძალიან ამძიმებს დღევანდელ ვითარებას.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს – ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, იმისთვის რომ ამ ძნელბედობის ჟამს მშვიდობიანად გავიაროთ, სამშვიდობოს გავიდეთ და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. ევროკავშირის წევრობა ხომ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის გვინდა, იმისთვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში?

წარმოუდგენელია უბრალოდ რა ვითარებაშიც დღეს ვართ. ეს არ არის უბრალოდ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური საკითხი. ეს არის დიდი ისტორიული საქმე, რომელიც ჩვენ თაობას აქვს ვალდებულებად შეასრულოს ჩვენი წარსულის, აწყმოს და მომავლის წინაშე. ამიტომ ძალა ერთობაშია, ერთიანები უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა გავიდეთ საბოლოო გამარჯვებაზე. გამარჯვება კი იქნება მაშინ, როცა ,,რუსულ კანონს’’ ჩავაბარებთ ყველაფერ რუსულთან ერთად წარსულს და წავალთ დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისკენ, მოვიზიდავთ მილიონებს, მილიარდებს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვავითაროთ, ემიგრანტები დავაბრუნოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ, ევროპული და ამერიკული კომპანიები საქართველოში შემოვყვანოთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა ამ ორს შორის – იმ მძიმე რეალობას შორის, რომელიც ახლა ევროპარლამენტში იყო და იმ დიდ პერსპექტივას შორის, მეორე მხრივ, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ არა ,,რუსულ კანონს’’ და წინ ევროპისკენ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზიაროთ’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული