ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 4

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში. 1 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე მონაწილეებს საშუალება ექნებათ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.

გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ღალატის კომისიაზე მისვლას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ საგამოძიებო კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით

ანა წითლიძის განცხადებით – “არ არსებობს არანაირი საგამოძიებო კომისია, არსებობს ღალატის კომისია და რუსების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს თეა წულუკიანი, რომლის მამა თავის დროზე იყო ჯალათი და არაერთი ადამიანი ჰყავს სასიკვდილოდ გამეტებული და ქალბატონი წულუკიანიც ამას ძალიან ღირსეულად ასრულებს.

ვიმეორებ, რომ არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი და ეს არის ერთპარტიული შეკრების ადგილი რეჟიმის, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას, ამიტომაც ამ გადმოსახედიდან ყველაფერი გამართლებულია, რაც რეჟიმთან არ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად. რუსებისთვის როდესაც პრობლემას წარმოადგენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სწორ გზაზე დგახარ. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ღალატის კომისიაზე მისვლას”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ სპექტრს:

,,თუ ყველასთვის გასაგებია, რომ ვცხოვროთ რუსული ოკუპაციის გაფორმების პირობებში, რატომ ველოდებით ადგილობრივი არჩევნების დანიშვნას, იქ დამარცხებას და შემდეგ დაწყებას დიდი ერთიანი მოძრაობის?

დღეს, როდესაც საკმაოდ მაღალია განწყობა რეჟიმის წინააღმდეგ და ვერ ვახერხებთ ერთიანობას, არ მესმის რა ხდება?

და კიდევ ერთი რამ – როგორ წარმოგვიდგენია ეს ერთიანობა, სადღაც ამაღლებულ ადგილზე დავდგებით და დაველოდებით, ვინ მოდის გასაერთიანებლად, ან თუნდაც რუსთაველზე?

ვფიქრობ, აქ ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია, ვინც მეტად გამბედავია, მხოლოდ მამაცები იმარჯვებენ… ასეთი მამაცი ლიდერი, პარტიის მიკუთვნებულობის მიუხედავად შესძლებს ამ ერთობას…

ჩვენ ახლა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი უახლესი ისტორიის მაგალითები…
განსაკუთრებით ქოცთა მონებს აქვთ დასარღვევი ბორკილები. გაითვალისწინეთ რა ბედი ეწია იმ ადამინებს, ვინც 1921 წელს, თუ 1992 წელს აირჩიეს რუსული პოზიცია, ან აღმოჩნდნენ იმ მხარეს? გამოიყენეს და საშინლად გადააგდეს ისტორიის სანაგვეზე: სერგო ორჯონიკიძე, ლევან ღოღობერიძე… ელიავა, მამულია…

ასევე არ მგონია სახარბიელო იყოს ბედი თენგიზ სიგუასი თუ კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის, დანარჩენებს კიდევ უპასუხებს ისტორია დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში…”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

პაატა მანჯგალძე: “ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და იფიქრეთ თქვენს მომავალზეც”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ლიდერების პოლიტიკურ განცხადებებს კონკრეტული შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება:

ქოცები დღესაც მანტრასავით იმეორებენ, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნებაო.

ვის რაში სჭირდება თქვენი ინდულგენცია?

მართლა ვერ ხვდებით, რა დღეში ჩაგაგდოთ და რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?

ფორმალურ “საფუძვლებს” პოულობდნენ ნაცისტებიც და ბოლშევიკებიც.

მათაც ჰქონდათ მუხლები, კანონები, კომისიები, სასამართლოები…

გგონიათ, ეს ძალადობა, ეს რეპრესიები უკანონო დაკავებები და ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა ასე ჩაივლის და შეგრჩებათ?

მოიკითხეთ ავტოკრატების და მათი მსახურების ისტორიები.

ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და იფიქრეთ თქვენს მომავალზეც”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.

სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების 4 თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების 5 თანამშრომელს.

პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.

თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით:

,,სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების. თუნდაც ამით ხომ ჩანს, რა ფასეულობების ადამიანია და რა მოსდგამს ოჯახიდან (ოჯახზე ხომ ბევრს ლაპარაკობს).

როგორ უნდა დასცდეს ამ კონტექსტში ადამიანს სიტყვა “სამეულები” სტალინური ტერორის გამოცდილების მქონე ქვეყანაში…

მაგრამ სულ მანდ იყო – ტერორის ამ სისტემურ თუ ენობრივ ტრადიციაში, და ახლაც აქაა ბუნებრივად”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ინფორმაციისთვის: პარლამენტმა თეა წულუკიანის კომისიის უფლებამოსილება კიდევ 1 თვით გაახანგრძლივა. მორიგი სხდომები ჩატარდება 30 ივნისსა და 2 ივლისს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას, ეხმაურება პოლიტიკური ლიდერების მიმართ წარმოებულ საქმეებსა და დაკავებებს:

გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, იგი ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას.

ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას იმიტომ, რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან.

მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა… მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან და რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ერთიანობა, კიდევ ერთხელ ერთიანობა. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი. ძალიან განვიცდი, რომ ნიკა მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე, [ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე არიან პატიმრობაში – ამ დროს ტრანსლაცია რამდენიმე წამით გაითიშა, რედ.]. ბევრი პროექტი, რომელიც არის შექმნილი უკრაინაში, მათ შორის, იუსტიციის სახლის მსგავსი პროექტები, გიორგი ვაშაძის უშუალო მონაწილეობით გაკეთდა და ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში… და ვინ უშვებს? სრული არარაობები და მანქურთები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სს “თელასი”: 27 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

27 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის აღმართის, კოჯრის ახალი გზის, ამაღლების, პუშკინის, დუმბაძის, ლორთქიფანიძის, ბოლო აღმართის, ასათიანის, ლერმონტოვის, სავანეთის, გერგეთის, შინდისის, ტაბიძის, იაშვილის, მაჩაბელის, მესხის, ჭონქაძის, შხეფის, დადიანის, წავკისის, ავთანდილის, დავითაშვილის, ნიშნიანიძის, მაყაშვილის, მუსხელიშვილის, მთაწმინდის, ქიქოძის, კოჯრის, აბანოს, საადის, იერუსალიმის, საიათნოვას, ტყავის, თორეთის, აბო-თბილელის, ასკანის, გომის, ირგვლივის, გორგასალის, სამღებროს, თონეთის, სანაპიროს, გრიშაშვილის, ხანძთელის, ღვინის აღმართის, ახუნდოვის, ჯვარედინის, ბოტანიკურის, ერეკლე მეორის, შუშინის, აბოვიანის, აფხაზის, ბერიძის, ბეთლემის, მირზა შაფი ლაზახის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, პუშკინის, ჭონქაძე, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, არსენას, ბესიკის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, ქიქოძის, იაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზის ხევის, თამარაშვილის, მიქელაძის, ავალიშვილის, ყიფშიძის, საკანდელიძის, წერეთლის, მიშველაძის, მოსაშვილის, დარიალის, აბაშიძის, ბარნოვის, მუხაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ბილფელდის, გაბაშვილის, აბულაძის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, კომისიას ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი სხდომა და გამოკითხულია 150-მდე პირი. მისი თქმით, კომისია მუშაობას სამი წევრის ფორმატში გააგრძელებს, როდესაც კომისიის სამ-სამი წევრი სხვადასხვა პირის გამოკითხვას ატარებს:

ჩვენ ამოვწურავთ საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებსა და სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით.

450 გვერდი დასკვნის პროექტის სახით მზად არის, თუმცა დოკუმენტს გადამუშავება და რედაქტირება სჭირდება.

სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ კომისიის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაგრძელება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის: თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიას დარჩენილი აქვს ორი სხდომა – 30 ივნისსა და 2 ივლისს.

“მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ” – კახა კალაძე სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონში ცილისწამების შესახებ ცვლილებებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცილისწამების შესახებ დაგეგმილი ცვლილებები მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს საზოგადოებაში, ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. პროექტის თანახმად, ცილისწამების საქმის განხილვისას, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება.

ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ზოგიერთი ტელევიზია თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდა, იტყუებოდა, მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ არ იყავი, სპილო, პირობითად ვამბობ. ეს წარმოუდგენელია. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოუგონო ათასი სისულელე და მან უნდა ამტკიცოს, რომ მართალია.

ახალი მიდგომა მოგვცემს იმას, რომ მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ. პასუხისმგებელი ხარ წარმოადგინო კონკრეტული ფაქტები და დაუმტკიცო მას ის ბრალდება, რომელსაც პირდაპირი ეთერით, თუ სხვა საშუალებით ავრცელებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.