ორშაბათი, ივნისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1905

ალექსანდრა გარსევანიშვილი: “ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ საქართველოსათვის…”

ძალზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტმა “ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს წევრმა ალექსანდრა გარსევანიშვილმა:

“ატოციდან დავბრუნდი, აივანზე ვარ ჰორიზონტს ვუყურებ და ვფიქრობ… ხშირად მეკითხებიან “არ გეშინია” ?
მე კი მინდა კითხვაზე კითხვით ვუპასუხო “რისი უნდა მეშინოდეს”?

იმის რომ ჩემი ორივე ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ? იმის რომ მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში სიკვდილი მირჩევნია?

იმის რომ ხელები იმაზე მეტად არ გამეყინება ვიდრე მეყინება?

ან იმის უნდა მეშინოდეს რომ ვახა მაჩალიკაშვილის გვერდით და ზაზა სარალიძის გვერდით ვდგავარ სიმართლისათვის?

ვფიქრობ და ზუსტად ვიცი რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ საქართველოსათვის…
რამდენი ტყვიაც არ უნდა მომხვდეს თუ ჩემი სიკვდილი რამეს შეცვლის სამშობლოს სასიკეთოდ ბედნიერი მოვკვდები…
ომიც რომ დაიწყოს ომშიც წავალ, სადაც არ უნდა ვიყო მე ქართველი ვარ, ქართველი ვარ და არავითარი მაშასადამე…

ვერავინ ვერ გაიგებს რა სიმწარე იმალება იმ ღიმილის უკან რაც საოკუპაციო ზოლთან სახეზე მაფენია ან რამდენჯერ ჩუმად გადამიყლაპავს ცრემლები… მაგრამ ვიღიმი, ვიღიმი რადგან ერთმანეთის ღიმილი გვაძლიერებს…
ქართველები მტრის წინაშე თავდახრილნი არასოდეს ყოფილან…
სხვებამდე ვერ მივიტან ვერც იმ ღიმილს რომლითაც ზაზას და ვახას გამხნევებას ვცდილობ და რეალურად სული ყელში მაქვს ამ უსამართლობით გაჩხერილი… რეალურად ამ უსამართლობის შემხედვარეს მათი ყოველი ნახვისას ბოლო ხმაზე მინდა ტირილი და ზოგჯერ თითებს თითებზე ვაჭერ რომ ცრემლები არ წამომივიდეს…
26 წლის ჯერ ეხლა გავხდი და ორი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიდგე იქამდე ამ მამების გვერდით სანამ სამართალს არ ვიპოვით, ვიბრძოლო მათთან ერთად თუნდაც ბოლო ადამიანი გავხდე მათთან მდგომი… და ვიდგე იქ სადაც ჩემი მიწაა იქნება ეს ატოცი ერგნეთი თუ ხურვალეთი…
მე მჯერა რომ ამ უთანასწორო ბრძოლას მოვიგებთ…
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს…

დიდად არ გამოვირჩევი გრძნობების გამოხატვით, მაგრამ ყველას ვისაც ერთი დადებითი სიტყვა მაინც უთქვამს ჩემთვის, ვისაც ჩემთვის გულწრფელად გაუღიმია, გავუმხნევებივარ და დავულოცივარ დიდ მადლობას გიხდით…

ვერ ავხსნი რამხელა ძალას მაძლევს ამ სიტყვებით გარდასული დღეები…”

ირაკლი კოვზანაძე: “2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება”

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და თანდართული მასალა განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, უძღვებოდა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რომლებიც პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ასახა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ასეა წარმოდგენილი:

  • ეკონომიკური ზრდა – 4,5%;
  • მშპ-ს დეფლატორი – 3,5%;
  • ინფლაცია – 3%;
  • საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მლნ ლარით და, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 მლრდ 863.8 მლნ ლარით. საბიუჯეტო გადასახდელები 13 მლრდ 90 მლნ ლარით განისაზღვრა (2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 630.5 მლნ ლარით მეტი).

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზრდა ინფრასტრუქტურული, სოციალური მიმართულებების მიხედვით, განათლების პროგრამებზე.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ბიუჯეტის კანონის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის წევრების შენიშვნები გაითვალისწინა და კანონპროექტი, ფაქტობრივად, პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წარმოდგენილი იყო. „2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენი ქვეყნისათვის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვქონია, რაც მართლაც დასაფასებელია და მას ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, პრემიერის ინიციტივით, მომავალ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 144 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის.

განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული თანხების 47,2%-ს შეადგენ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საბოლოოდ, კომიტეტმა კენჭი უყარა და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე: “პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი”

საქართველოს პარლამენტში გაიმართა “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“-ს გენერალური ფორუმი. დღევანდელი ფორუმი მიეძღვნა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – დეცენტრალიზაციის რეფორმას და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას.

ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობაზე:

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული


ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ მაშინდელი თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ქომაგი იყო.

1919 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ, მერობათა წარმომადგენლების მეორე ყრილობაზე, შემდეგი განაცხადა: “ჩვენი წეს-წყობილება დემოკრატიულია, დემოკრატია კი ორ ძალას ეყრდნობა: ქალაქს და სოფელს. გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა – აი, ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, დემოკრატია სუსტია”.
დღეს ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელსაც ეფუძნებოდა ეს სიტყვები და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთერთი უმთავრესი საზრუნავია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადგილობრივი თვითმმართველობების გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი ხდება, თუმცა თვითმმართველობა არაფერია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე და პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღნიშნული ჩართულობის მექანიზმის შექმნაზე. ეს ფორუმი გახდება საფუძველი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მომზადებისთვის” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალექსანდრე ელისაშვილი: “ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერ ადამიანებს”

დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილმა დღეს “სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა. სიტყვით გამოსვლისას მან მიმოიხილა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და შეფასება მისცა არსებულ რეალობას:

მე ძალიან რთულ რამეს გთავაზობთ ყველას. გთავაზობთ იმას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ველოდებით ვიღაც მესიებს, დევგმირებს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებს ან ძალიან მდიდარ და ძალიან კეთილ ბიძიებს, რომლებიც მოგვიგვარებენ აბსოლიტურად ყველაფერს.

ეს ასე არ ხდება, არანაირი მესია არ არსებობ!

მე გთავაზობთ, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ენერგია, ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ეს უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი ენერგია მივმართოდ არა ვიღაცის დამხობისკენ ან რაღაცის დანგრევისკენ, არამედ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ ქვეყნის წინსვლისკენ და ამ ქვეყნის წარმატებისკენ” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერობის ყოფილ კანდიდატს აუცილებლად მიაჩნია ახალი ძალის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალი, კვალიფიციური, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ადამიანებით, რომლებსაც უყვართ სამშობლო, სურთ გააძლიერონ ერთმანეთი და ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ წაიყვანონ:

დღეს ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას, წარმოგიდგენთ ჩემს რამდენიმე თანამოაზრეს, თანაგუნდელს და მივმართავ მთელ საქართველოს, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

ჩვენ ვიწყებთ გუნდის, “სამოქალაქო მოძრაობის” წევრების შეგროვებას, ძებნას მთელ საქართველოში. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერ ადამიანებს. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან პროფესიონალები და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა, რომლებსაც უნდა, რომ თავიანთი მცირე თუ დიდი ენერგია შეუერთონ სხვის ენერგიას, მცირე თუ დიდი ცოდნა შეუერთონ სხვისას, ასე გავაძლიეროთ ერთმანეთი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა წავიყვანოთ ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო.

წლის მთავარი შეჯამება სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყო, ხაზი გაუსვა ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. აღნიშნა, რომ ამ საქმეებმა გამოძიების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას საჭიროებს.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე შესწავლილი ფაქტიდან უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები წარმოადგენს.

არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო. სახალხო დამცველი განსაკუთრებით მწვავედ გამოყოფს ბედიანისა და ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, კვლავ რჩება გარკვეული პრობლემები პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის თვალსაზრისით. ისაუბრა კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე, მათ უსაფრთხოებაზე, სოციალურ სიდუხჭირესა და უკანონო დაკავებებზე.

სახალხო დამცველმა შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიმდინარე კამნაპანია, შეკრების და მანიფესტაციის უფლება, მათ შორის აქციის მონაწილეთათვის კარვების გაშლის შეზღუდვის შემთხვევები. ისაუბრა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, კანონმდებლობისა და საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის აუცილებლობაზე, შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანებზე; ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებზე.

არაერთი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლების დაცვა. არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უფრო ეფექტურს გახდიდა სახალხო დამცველის მანდატს. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან.

გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების მნიშვნელობაზე, უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების, ასევე ლტოლვილთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე. ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას.

პრესკონფერენციის დასასრულს ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ უკვე 5 თვეა, რაც სახალხო დამცველის აპარატი, ძირითადი შენობის ავარიულობის გამო, ნაქირავებ ფართში აგრძელებს საქმიანობას. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ძალისხმევა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გამოიძებნება მუდმივი შენობა სახალხო დამცველის აპარატისთვის.

სერგო ჩიხლაძე: “2018 წელს კვლავ ჩავარდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა”

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.

 სერგო ჩიხლაძის აზრით, მიმდინარე წელს კვლავ ჩავარდა ზემოაღნიშნული პროგრამა, ხოლო არაეფექტურობის ძირითად მიზეზად პროგრამის არასწორ დიზაინსა და ცუდი მენეჯმენტს ასახელებს.

2017 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის განხორციელების  მაჩვენებელი 2017 წელს კატასტროფულად დაბალი იყო. ნაცვლად 200 000 ადამიანისა ისარგებლა მხოლოდ 13 000-მა, რაც არის დასახული ინდიკატორის მხოლოდ 6.5%.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა და 10 მილიონით განისაზღვრა. გაიზარდა ასევე მედიკამენტების ჩამონათვალი. სამწუხაროდ, პროგრამის ათვისება 2018 წელსაც კრიტიკულზე უფრო დაბალია. 2018 წლის 5 დეკემბერის მონაცემებით გამოყოფილი 10 მილიონიდან ათვისებულია მხოლოდ 592 ათასი ლარი, ანუ 6% ზე ნაკლები.

სერგო ჩიხლაძის აზრით, ის ხარვეზები, რაც პროგრამას ჰქონდა 2017 წელს, არ აღმოფხვრილა არც 2018 წელს. მიუხედავად სპეციალისტების და ექსპერტების არაერთი მოწოდებისა და რჩევებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ კვლავ არ გაითვალისწინა მათი მოწოდება და ეს მეტად საჭირო პროგრამა კვლავ ჩავარდა. და ეს მაშინ, როდესაც მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი ყველაზე მძიმედ ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას.

პროგრამის ჩავარდნის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს სერგო ჩიხლაძე. ესაა, პროგრამის არასწორი დიზაინი, ცუდი დაგეგმარება, ცუდად წარმოებული საინფორმაციო კამპანია და ასევე არაეფექტური მენეჯმენტი.  სერგო ჩიხლაძის აზრით, პროგრამის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირება. ოჯახის და სოფლის ექიმების ჩართულობა კრიტიკულია მსგავსი პროგრამების წარმატებით განხორციელების საქმეში.

ვასო ურუშაძე: “საქართველოს ავიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემაა”

საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით “HUB Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე განცხადებას ავრცელებს:

 

“ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს უკავშირდებოდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ავია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემაა.  კერძოდ, საუბარია Myway Airlines-ის მიერ რეისების შეჩერებაზე, რის შესახებაც ცნობილი გასულ კვირას გახდა.

Myway Airlines-ს ხელმძღვანელობა ფრენების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად ზამთარში მგზავრთნაკადის  შემცირებას ასახელებს, მაგრამ  მათივე განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პრობლემა ბევრად მასშტაბურია და ავია ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა.

ჩვენ არაერთხელ ვიყავით მომსწრენი საქართველოს ავია ბაზარზე არსებული რყევებისა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოში დაფუძნებულიყო ახალი ავიაკომპანია და მათ თავი დაემკვიდრებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული ავიაკომპანიები  Fly Georgia, AEROVISTA, AIR Caucasus, AIR Georgia და სხვა, რომლებმაც მიუხედავად დიდი მცდელობისა, საქართველოს ავია ბაზარზე თავი ვერ დაიმკვიდრეს.  ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული წამყვანი  ავიაკომპანია Georgian Airways-ის ქეისიც, როცა ის რუსული ავიაკომპანიების მხრიდან  დემპინგური ფასების გამო  ზეწოლას განიცდიდა და  მათთან  არაჯანსაღ კონკურენციაში პაექრობა უწევდა.

ბოლო წლების საქართველოს ავიაციის ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ქართულ ავია ბაზარზე არსებული გარემო არაჯანსაღია და  ეროვნულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში არამეგობრულია. არადა, სწორედ ეროვნული ავიაკომპანიების სიძლიერე და ჯანსაღი კონკურენცია არის ავიაციის სექტორის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა.

გარდა სხვადასხვა კონკურენციის შემაფერხებელი და ხელის შემშლელი  ფაქტორებისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ხელოვნურად ერევა საქართველოს ავია ბაზარზე, რაც სხვადასხვა ავიაკომპანიების მიმართ გარკვეულ პრეფერენციებში და ფინანსურ  მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებთან და არღვევს საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს ავიაციის სექტორში გაფორმებული აქვს არაერთი   შეთანხმება,  რითაც საქართველოზე  ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (EASA) სტანდარტები ვრცელდება.  ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, არსებული სტანდარტები კატეგორიულად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას და პირდაპირ, თუ ირიბ დოტაციას. სახელმწიფოს მხრიდან, კერძო ავიაკომპანიის მიმართ, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა თავისუფალ ბაზარზე უხეშ ჩარევად და კონკურენციის შეზღუდვად აღიქმება. ეს ფაქტორი იწვევს რყევებს კერძო ავიაციის ბაზარზე და ქმნის არაჯანსაღ გარემოს, რომელიც საბოლოო ჯამში აფერხებს განვითარებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „HUB Georgia” საჯაროდ და წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროს, მეტი თვალსაჩინოებისთვის და სიცხადისთვის გასაჯაროვდეს 2012 წლიდან დღემდე, რომელი ადგილობრივი და საერთაშორისო ავიაკომპანიები სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა პრეფერენციებით და ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, გასაჯაროვდეს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების სატარიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მიმართებაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ხელოვნური ჩარევა არასწორია და ეს არის კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც აფერხებს დარგის განვითარებას. ავიაციის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის გატარება, პირველ რიგში ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რაც უნდა გამოიხატებოდეს  განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობაში, გადასახადების ლიბერალიზაციაში, ნაკლებ ბიუროკრატიაში, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებაში.

და ყველაზე მნიშვნელოვანი –  საქართველოს უნდა ქონდეს ჰაბის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკა, რაც იქნება საქართველოს ავიაციის სექტორის და მთლიანად ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.”

გარდაიცვალა ნიკოლოზ (ნიკა) რურუა…

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ასაკში, მოულოდნელად, გარდაიცვალა გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი ნიკა რურუა.

ნიკა რურუა იყო ორი მოწვევის დეპუტატი, პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეკავა კულტურისა, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პოსტი.

ნიკა რურუა თანამოაზრეებთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

ქ. თბილისის მერიის საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას – ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.

კახა კალაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას, დედაქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში მართვის პოლიტიკის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განხორციელდა. კერძოდ, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური; განისაზღვრა სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები – შეიქმნა „ეკოსერვის ჯგუფი“ და მოხდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რებრენდინგი; განხორციელდა ტაქსების რეფორმა; გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები; გამკაცრდა სანქციები ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე; სამართლებრივი მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ელექტროძრავიანი მიკრო და დიდი ავტობუსების იმპორტისა და რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ; შეიქმნა სპეციალური პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 1 256 პროექტი დაფინანსდა; დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომლებიც დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.

ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ ლოკაციაზე ხორციელდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი. დასრულებულია კომუნიკაციების მოწესრიგება; გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, 20-მდე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდება.

თბილისში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 683 539 კვ.მ გზის საფარს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 135 744 331 ლარი დაიხარჯა; გზების აღდგენა-რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია 12 ქუჩაზე; მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რისთვისაც თბილისის ათივე რაიონში 3 401 571 ლარი დაიხარჯა; მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის, ასევე, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა; ხორციელდება ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია; დასრულდა, როგორც მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ისე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე, გარემოს დაცვის პოლიტიკის მხრივ. კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა; მოეწყო ოთხი დიდი პარკი – გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები; 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა; მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი; შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო.

სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისა და აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, არსებული ავტობუსების პარკი 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება; უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი; ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა; 2019 წლისთვის მზადდება ტენდერი 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად; ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში, დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; განვითარდება დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, რომელიც მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, ხელშეკრულება გაუქმდა კომპანია „სითი პარკთან“ და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი; ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო; ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები – ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს; რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები; ავტომანქანებზე გამოიყოფა სარეკლამო ადგილები; მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები.

განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების აღდგენა, ასევე, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა; დაიწყო სახელოვნებო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მათი ახალი ინვენტარით, ინსტრუმენტებითა და უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა; გაიხსნა გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, რომელიც 1 200-ზე მეტ ბენეფიციარზეა გათვლილი; დასრულდა ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროექტებზე მუშაობა; დაფინანსდა 85 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი, რომელშიც მონაწილეობა   30 000-მდე   სტუდენტმა და   ახალგაზრდამ მიიღო; დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტებისა და შშმ პირთათვის ადაპტირებული 11 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, ხოლო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის 38 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გარკვეული ცვლილებები შეეხო, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკაა, რომლის ფარგლებშიც, 411 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა; თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა; სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა შესაბამისი პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი, რაც ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, 921 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს; აქედან 35% – 327 მლნ ლარი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება, ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 455 მლნ ლარი, ეკოლოგიისთვის – 88 მლნ ლარი, გამწვანებისთვის კი – 26 მლნ ლარი გამოიყოფა; მიმდინარეობს პროექტი – „თბილისური ბაზარი“, პროექტ „რადიოქალაქის“ განხორციელება კი, უახლოეს მომავალში იგეგმება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი ხუთჯერ მცირდება; მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით – ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ასევე, ფესტივალი neWon გაიმართა.

თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა სარალიძე: “ყოველ დღე გეძებ, მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ”

1 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო, ხოლო მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა ცალკეულმა ქმედებებმა და შვილმოკლული მშობლების მრავალთვიანმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული კვალი დატოვეს ქვეყნის ცხოვრებაში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას იხსენებს  და საზოგადოებას თავის ტკივილზე მოუთხრობს მოკლული დათო სარალიძის მამა.

ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ, მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია, მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში, ყოველ დღე გეძებ მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ…

შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი რაც მახარებდა. იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც…

ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა, ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა, მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო.

შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს ის საქართველო რომელმაც შენ გაგწირა.

პირობას გაძლევ მამი, არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას, ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე. უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში.

მიყვარხარ და მენატრები მამი.

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის.