კვირა, მაისი 18, 2025
17.4 C
Tbilisi
Home Blog Page 1779

საიმედო ალტერნატივა: ქართული ღვინო ევროპაში

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

დეგუსტაციას ღვინის სფეროში მოღვაწე ადგილობრივი ღვინის წამყვანი ექსპერტები, სუპარმარკეტებისა და სარესტორნო ქსელების წარმოამდგენლები, იმპორტიორები და ცნობილი მეღვინეები დაესწრნენ.

მორიგი კარუსელი საკანონმდებლო ორგანოში: პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებები

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით:
🔹 პირველი ვიცესპიკერის პოზიციას გიორგი ვოლსკი დაიკავებს.
🔹ვიცესპიკერის თანამდებობაზე გუნდი მამუკა მდინარაძეს წარადგენს, რომელიც ასევე უხელმძღვანელებს უმრავლესობას.
🔹 ვიცესპიკერებად დასახელებული არიან გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
🔹 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.
🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილია დასახელებული
🔹 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი
🔹 განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – გენადი მარგველაშვილი
🔹 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს.
ცვლილებები ძალაში რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ შევა.

„პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად დასრულდა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ საპარლამენტო გუნდი, უმრავლესობა სწრაფად გადაეწყობოდა ამ რეალობაზე და პარლამენტი გააგრძელებდა მუშაობას. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უმრავლესობამ მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ ხმების მოგროვებას, 200 ათასი ხმის – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ე.წ. “ამბოხებული” მაჟორიტარები 2020 წლის საარჩევნო სისტემას არ შეეხებიან, თუმცა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც წარადგენენ.

ჩვენ მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის დარჩება შერეული სისტემით, როგორც არის დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ ხმების მოგროვებას, 200 ათასი ხმის. ჩვენ გვაქვს ახლა უფრო მეტი დრო. შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, უფრო მეტად დახვეწილს, საინიციატივო ჯგუფთან ერთად და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას.

რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას რეფერენდუმს ან პლებისციტს, ის ჩატარდება ან 2020 წელს, არჩევნებთან დავამთხვევთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი და შესაძლოა ეს იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე, 2021-ში და შესაბამისად, როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას.

რაც შეეხება პარტიების წარმომადგენლების მრავალფეროვნებას პარლამენტში, ჩვენს პირველ წერილშიც გვქონდა ასეთი კომპრომისული ვარიანტი, რომ პარტიების მიერ, ამა თუ იმ ოლქში, დაყენებული ის კანდიდატები, რომლებიც იქნებიან რეიტინგულები, პერსპექტიულები და შესაძლოა მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენი იქ კანდიდატს არ დავაყენებთ საპირწონედ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ირმა გიგანი იმ იშვიათ ხელოვანთა რიგშია, რომელმაც განავითარა ნიჭი და აღქმა რაღაც უხილავ სხვა განზომილებაში გადაიყვანა – მაია გოგორიშვილი

მუსიკისმცოდნე მაია გოგორიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს პიანისტ ირმა გიგანის მორიგ წარმატებაზე საფრანგეთში გამართულ პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე “ფორტეპიანოს ვარსკვლავები” და მასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებებს აფიქსირებს:

“ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა საფრანგეთში გამართულ პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე “ფორტეპიანოს ვარსკვლავები” ლაურეატის წოდება მოიპოვა. მას „კონკურისის აღმოჩენა” უწოდეს. ძალიან სასიხარულოა, როდესაც შენი ქვეყნის შვილს, 23 წლის ულამაზეს პიანისტს ევროპის მუსიკალური საზოგადოება ასეთი ეპითეტით შეამკობს.

რატომ გამოარჩიეს ირმა გიგანი? მე შევეცდები ჩემი მოკრძალებული ანალიზით ავხსნა, თუ რა განსაკუთრებული თვისებები აქვს ამ უნიჭიერეს პიანისტს.

მინდა გითხრათ, რომ პროფესია – პიანისტი საკმაოდ რთულია. ყველამ ვიცით, რომ ეს პროფესია უდიდეს შრომას მოითხოვს, მაგრამ იმისთვის, რომ გამორჩეული გახდე, დიდ ნიჭთან ერთად, კიდევ, რაღაც უხილავი გჭირდება. ის, რაც ყველასგან გამოგარჩევს, რასაც ვერავინ გასწავლის, თუ განგებამ არ მოგცა.

ირმა გიგანს ბავშვობიდან უწოდეს „ პატარა მოცარტი“, ხშირად ხდება რომ ბავშვობაში მიღწეული წარმატებები ასაკთან ერთად ქრება. მაგრამ ირმა გიგანი იმ იშვიათ ხელოვანთა რიგშია რომელმაც განავითარა ნიჭი და აღქმა რაღაც უხილავ სხვა განზომილებაში გადაიყვანა.

უნდა აღინიშნოს მისი განსაკუთრებული ინტერპრეტირების უნარი, ნაწარმოების სრული კონცეფტუალური აღქმა, კომპოზიტორის არსის მსმენელამდე სწორად მიტანა, ფილოსოფიური გააზრება, პირადი ინდივიდუალიზმი და გულწრფელი ემოცია. ეს ყველაფერი კი ერთად ქმნის მუსიკისა და პიროვნების ჰარმონიულობას. ეს არის ჭეშმარიტი ხელოვნება. წელს ირმა გიგანი საფრანგეთში კონკურსის აღმოჩენა გახდა და ვიმედოვნებ რომ სულ მალე იგი არამარტო საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს ფავორიტი გახდება”, – აღნიშნავს მაია გოგორიშვილი.

საქართველოში, დიდი ქოციანობის ჟამს, პატრიოტების ახალი თაობა გაიზარდა! – ელისო კილაძე

ახალგაზრდების პროტესტს, მათ აქტივობებს სიამაყით ეხმაურება გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე:

“ამასობაში, საქართველოში დიდი ქოციანობის ჟამს პატრიოტების ახალი თაობა გაიზარდა!

ცხოვრობდნენ თავისთვის, სწავლობდნენ, მოგზაურობდნენ, ერთობოდნენ, უყვარდათ, პოლიტიკა ეკიდათ!

ქვეყანას დასჭირდა და ქუჩაში გამოეფინნენ!

ყოველდღე ვხედავ ახალ სახეებს, აქტიურებს, ანთებულებს, მეამბოხეებს❤️
აშკარად ჩვენზე უკეთესები არიან!

ამათ ვერ გააჩერებთ – ვერც ძალით, ვერც შავი პიარით, ვერც ფულით!

ჩემი საქართველო აქ არის❤️

თქვენიც!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ელისო კილაძე

სახელმწიფო ინსტიტუტების “დაბოქლომება” და “ნერვების ომი”

პოლიტიკური პროცესები, დღევანდელ საქართველოში, ძალიან დინამიურად ვითარდება. როგორც  IRI-ს მიერ ბოლო ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა მოსახლეობის ნდობა, მმართველი პარტიის მიმართ მცირდება (დაეცა 23%-მდე). დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ არჩევნებში წაგების შიშით, ხელისუფლებამ უკან წაიღო „გავრილოვის“ სისხლიანი ღამის შემდეგ მოსახლეობისთვის მიცემული  არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა. ამ შემთხვევაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აწყობს პოლიტიკური პროცესების დაძაბვა და მარგინალიზება „ქართული ოცნებაა“. პოლიტიკური ტემპერატურის მომატების ფონზე იგი კვლავ შეეცდება ოპოზიციური ძალები საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში წარმოაჩინოს მხარედ, რომელიც არაკონსტრუქციული, არაპროგნოზირებადი და არასაიმედოა. ამიტომ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს ჩვენი საზოგადოების პირობებში ალტერნატივა არ გააჩნიათ.

შექმნილ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციური პარტიების შემდგომ ნაბიჯებს. მათ უნდა აიღონ ეხლა ინიციატივა საკუთარ ხელში და მოსახლეობას შესთავაზონ პროტესტის ისეთი ფორმები, რომლებიც ერთდროულად მშვიდობიანიც იქნება და ამავდროულად ეფექტიანიც. რაც სრულებით არ წარმოადგენს მარტივ ამოცანას.

მეორე ფაქტორი, რომლითაც მმართველი პარტია გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების განწყობებზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებია. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად ქვეყანაში (რომელიც დღითიდღე უარესდება), მოსახლეობის მოლოდინებიც და სურვილებიც, ძირითადად თუნდაც მყიფე და მოჩვენებითი, მაგრამ მაინც სტაბილურობა და სიმშვიდეა. ფაქტია, შემწყნარებელმა პოლიტიკამ მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში და პრინციპმა – „მე შენ არ გეხები, შენ მე ნურაფერს მომთხოვ“ მოქმედ მთავრობას შვიდი წელი შეუნარჩუნა მაღალი თანამდებობები. ერთადერთი პროტესტის გრძნობა, რომელზეც ადექვატურად მოქმედებს მოსახლეობა და არ არის ინერტული ეროვნული ღირსების საკითხია („გავრილოვის ღამე“).

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ზოგადად ამომრჩეველთა სიმპათიები ძირითადად იმ პოლიტიკური ძალისკენ იხრება, რომელიც გამარჯვებას ასხივებს.  როგორც წესი ქვეყანაში მყარი პოზიციები გააჩნიათ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლთაც ფიზიკური (ძალოვანები) და გონებრივი (ინტელიგენცია) ძალების  იდეოლოგიური  და ფასეულებითი მხარდაჭერა გააჩნიათ. რადგან მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მაინც ძლიერს „ემორჩილება“ და მიჰყვება. მაგრამ დგება მომენტი, როცა ფიზიკური ისე გონებრივი ძალაც ქვეყანაში მესამე ძალის, ხალხის  ნების დამყოლი ხდება და მას ემორჩილება. ეს გადამწყვეტი მომენტი საერთო კონსესუსის შედეგია, როცა ყველა ხვდება, რომ ქვეყანაში ცვლილებები საჭიროა.

დღეს სწორედ ოპოზიციის სწორ ნაბიჯებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათი ქმედებები ბუნებრივია მოსახლეობის მოლოდინებიდან უნდა ამოდიოდეს და პროცესზე მოქმედ ფაქტორების მნიშვნელობას უნდა ითვალისწინებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი პოლიტიკურად არ იქნება წარმატებული და ეფექტური.

ჯერჯერობით რასაც ვაკვირდებით მთლიანი ოპოზიციური სპექტრი მკვეთრი პროტესტის ფონზე პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს ქვეყანაში. მოძალადე, თუ ვინმე გამოჩნდა ეს ხელისუფლებაა. სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივა, „დაებოქლომებინათ“ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მშვიდობიან ხასიათს ატარებს, მაგრამ აშკარად მართველი ძალის ერთ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს (რადგან ფაქტია მეორე ნაწილი კომოს ტბაზე ისვენებს). ისინი ცდილობენ ძალის დემონსტრირებით საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, რომ ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებენ. უახლოესმა ისტორიამ კარგად გვაჩვენა, რომ ხელისუფლების მხრიდან კუნთების თამაში ამ უკანასკნელისთვის კარგად არ მთავრდება. მიდის „ნერვების ომი“. ვინ გამოვა ამ ორთაბძოლაში გამარჯვებული უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

საადი შირაზელის სიბრძნე – სპარსელი პოეტის გენიალობა

ადამიანი ცხოველზე მაღლა დგას მეტყველების უნარით, მაგრამ მასზე დაბლა დგას, თუ უმართებულოდ მეტყველებს

საადი შირაზელის, ყოველთვის აქტუალური, ბრძნული გამონათქვამი…

 

**************************

საადიმოსლეჰ ედ-დინ აბუ მოჰამედ აბდ ალ-ლაჰ იბნ მოშრეფ საადი შირაზელი

სპარსელი პოეტი.

საადი შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ მწვერვალად არის აღიარებული. საადის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შეადგენს ლირიკულ ლექსთა ოთხი დივანი, დიდაქტიკური პოემა „ბუსთანი“. ლექსნარევი პროზით დაწერილი იგავ-არაკული ჟანრის თხზულება „გოლესთანი“ და სხვ. საადიმ განვლო უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. იგი დაიბადა ფარსის პროვინციაში, ქალაქ შირაზში. განათლება მიიღო ბაღდადის ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში „ნიზამიეში“ (რომელიც სელჯუკიანთა დიდვეზირის, ნიზამ ალ-მულქის მიერ იყო დაარსებული). იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა წმინდა ადგილთა მოსანახულებლად და „ჰაჯის“ შესასრულებლად. საადიმ ეს მოგზაურობა 25 წლამდე გააგრძელა. მან მოიარა მუსლიმანური აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა. მისი მოგზაურობა ხშირად ფათერაკებითაც იყო აღსავსე. 1256 წელს ქვეყანანანახი და დაბრძენებული პოეტი უბრუნდება თავის მშობლიურ მხარეს, შირაზს და წერს დიდაქტიკური ხასიათის ორ ნაწარმოებს: „ბუსთანს“ (1256–1257) და „გოლესთანს“ (1257–1258). ამ ორმა თხზულებამ ავტორს უაღრესად დიდი სახელი მოუხვეჭა, იმდენად დიდი, რომ დიდაქტიკოსმა საადიმ თითქმის „დაჩრდილა“ ლირიკოსი-საადი.

საადი სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატია. მისი „გოლესთანის“ ენა სპარსული კლასიკური პოეზიის მწვერვალად არის აღიარებული. რითმოვანი პროზის (საჯ’ის) ზომიერი გამოყენება, ფრაზის ლაკონიზმი, აფორისტულობა, ხატოვანი აზროვნება და სხვანი ირანელთათვის დღევანდლამდე ნიმუშად არის დარჩენილი. განუზომელია საადის გავლენა სპარსულ ლიტერატურაზე და თვით ირანელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საადის აზრები XX საუკუნემდე საზოგადოებრივ ეთიკურ ნორმებად იყო მიჩნეული ირანში, ხოლო მისი ფრთიანი გამოთქმები და აფორიზმები უკვე კარგა ხანია, რაც სპარსული მეტყველების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვიკიპედია

 

 

პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაია გომურთან მიმართებაში, რომელმაც იმ ღამეს სამართალდამცავების მხრიდან გასროლილი რეზინის ტყვიის გამო ერთი თვალი დაკარგა, პროკურატურის მხრიდან არსებულ დარღვევებზე საუბრობს:

“20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სტატუსი 2019 წლის 11 ნოემბერს მიანიჭა. აღნიშნულის შემდგომ, საიას ადვოკატებმა, რომლებიც მაკო გომურის ინტერესებს იცავენ, მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. 21 ნოემბერს, პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნეს, რითაც დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა, შეემოწმებინა და განესაზღვრა საქმეში არსებული დოკუმენტები იყო თუ არა მის შემთხვევასთან შემხებლობაში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57.1 (თ) მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და საიას ადვოკატები საქმის მასალების სრულად გაცნობას მოითხოვდნენ, პროკურატურამ მათ წვდომა მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა. გასაცნობად გადმოცემულ მასალებში იყო მხოლოდ მაკოს და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები, აქციის სამი მონაწილის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები და გარკვეული ვიდეო მასალები. პროკურატურის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სწორედ ამ ორ ტომში არსებული მასალები იყო შემხებლობაში მაკო გომურის მიერ მიღებულ დაზიანებასთან.

გასაცნობად გადმოცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად.

საგამოძიებო ორგანოების მიერ გადმოცემული მასალებით დგინდება შემდეგი:

  1. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან გამოკითხულნი შსს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი მეთაურები და საპოლიციო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირები და არ მომხდარა ზემოთ მითითებული მტკიცებულებების მოპოვება სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარების მიზნით, ან
  2. მსგავსი სახის მტკიცებულებები მოპოვებულ იქნა, თუმცა, დაზარალებულ მხარეს არ მიეცა ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება. 

მიგვაჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის უფლება. სრულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, შეამოწმოს და განსაზღვროს, კონკრეტული დოკუმენტი არის თუ არა მის საქმესთან შემხებლობაში და მისი საქმისთვის მნიშვნელოვანი, რაც თავის მხრივ, მისი საპროცესო კოდექსით გარანტირებულ უფლებას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზია საიას იურისტებმა გამომძიებელთანაც დააფიქსირეს, მათ მაინც არ მიეცათ სრული მასალების შესწავლის საშუალება.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

– მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად;

– განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ – თეა წულუკიანი

ოპოზიციური პარტიების მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციებთან და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების “დაბოქლომების” პროცესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ირონიული ფორმით აფიქსირებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:

ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი იმიტომ, რომ როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციის. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან – სოფო კილაძე ოპოზიციის მისამართით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ, რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას ნათქვამს ეხმიანება, რა დროსაც განაცხადა, რომ ეს ხელისუფლებაზე იქნება წნეხი და პოლიტიკურ ჯოჯოხეთს შეუქმნიან:

2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას” დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ.

ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან, დიდ რუსთაველს თუ დავესეხები – ბოროტს კეთილი ამარცხებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.