ორშაბათი, მაისი 19, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1778

ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არა გვაქვს, შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ დარჩნენ ქუჩაში – ირაკლი კობახიძე

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, სასტუმრო “ბილტმორში”, შედგა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და საარჩევნო სისტემის განხილვის მიზნით. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტი ყოფილმა თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს შესათავაზებელი ოპოზიციისათვის. ირაკლი კობახიძის აზრით ოპოზიცია თუ დარჩება ქუჩაში ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება:

ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არა გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ, მაგალითად, დარჩნენ ქუჩაში. პოლიტიკურად ჩვენ ეს უფრო მეტად გვაწყობს, თუ ქუჩაში დარჩებიან, იმიტომ რომ ისინი განიცდიან ყოველდღიურ რეგრესს.

არის შემოთავაზებული გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი და მკაფიო პოზიცია. სამართლებრივი პოზიცია, პირველ რიგში. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი არგუმენტები, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თაკო ჩარკვიანი: მრავალგზის “ნათაღლითარი პოლიტიკანკების” თუ პოლიტიკოსების დრო უნდა წავიდეს – მორჩა!

წლების განმავლობაში პოლიტიკაში მყოფთა შესახებ საუბრობს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი და აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკაშია და ღირებული ვერაფერი შექმნა, თაღლითები არიან და უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან:

მეგობრები მწერენ ხშირად, აღარ შეგვიძლია 30 წელი ერთი და იგივე “ნაცნობ-ნათაღლითარი” სახეების ყურება პოლიტიკაშიო, ზუსტად მესმის – მეც აღარ შემიძლია!!! მეტიც- აუტანელია!

ჰოდა, სწორედ მაგიტომაც გვინდა და გვჭირდება ეს პროპორციული არჩევნები და ნორმალური საარჩევნო გარემო და არ მგონია ხალხმა კვლავ ცხვირი “მიაყნოსიოს” რუსეთუმე – მომპარავებს ხელისუფლებაში, გამორიცხულია!

კოალიციური მთავრობა – რეფორმებით, მთლიანად შეცვლის (უკეთესობისკენ ცხადია) ვითარებას ქვეყანაში და მისცემს ქვეყანას განვითარების საშუალებას!

ყველაფერი კარგად იქნება – მრავალგზის “ნათაღლითარი პოლიტიკანკების” თუ პოლიტიკოსების დრო უნდა წავიდეს – მორჩა! ის , რომ პოლიტიკაში მრავალი წელი ხარ, (და სარგებელი არ მოგიტანია არასდროს, მიუხედავად მაღალი თანამდებობებისა ქვეყნისთვის და ხალხისთვის) ეს გამოცდილებას არ ნიშნავს, უფრო – დიდი ხნის თაღლითობის გამოცდილებას ნიშნავს!

მოკლედ რომ ვთქვა – ყველაფერი კარგად იქნება!

P.S. როგორც ჩემი მეზობელი ძია ალექსი ამბობს: “წაიღეს რააა, ჯერ ქვეყანა, მერე ტვინი, 30 წელია პიჯაკი მოგბეზრდება ერთი და იგივე და ამათი ყურება “ნიუჟელი” აღარ მობეზრდა ხალხსო?!

მობეზრდა, მობეზრდა ჩემო ძია ალექსი – ჰოდა “შევცვლით ქვეყანას და ისე მოვალთ!!!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ – ირაკლი ოქრუაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ფეისბუკის პირადი გვერდის მეშვეობით, იუსტიციის მინისტრს მიმართავს და მისთვის ხანდაზმული მუხლით წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს:

წულუკიანი თეა ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ.

2006 წლის 25 ივლისის ( N3530) კანონს უკუქცევითი ძალა რომ მიეცით და ხანდაზმული მუხლით წამიყენეთ ბრალი, კონსტიტუციის 31 -ე მუხლის მე-9 პუნქტს რას უშრვებით? თუ ბიძინას საარჩევნო დაპირებას ასრულებთ და სრულიად ევროპის იურიდიული წრეებიც უნდა გააკვირვოთ?

მოგიკვდეთ ჩემი თავი, პროკურატურაში წერა-კითხვის მცოდნეც რომ აღარ დაგრჩათ არავინ და უდიპლომო თადუმაძის და “ობეხე” გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედათ რომ დარჩით. მითხარით და მე მოგეხმარებით ჩემთვის უკეთესი და კვალიფიციური ბრალის წარდგენაში.

ბოლო წლებში მხოლოდ ერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ივანიშვილთან, შოთაძესთან და ვასაძესთან ერთად.

ეს ახალი საქმეც რომ ჩამოგეშლებათ, ისე როგორც გავრილოვის ღამეზე ჩემს მიმართ აღძრული საქმე უკვე გეშლებათ, მერე ალბათ ივანიშვილი და თადუმაძე ხაშურის ბორდელების დალუქვაზე წამიყენებენ ბრალს.

ცხინვალიდან ტანკით და ნამგალი და უროიანი წითელი დროშით რომ მოვდიოდი, ეგ ბრალი უკვე მქონდა და არ აგერიოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის. თუმცა, მაგასაც ავიტან.

ჩემი ცხოვრება კანონზომიერებას ისედაც არასდროს არ ექვემდებარებოდა“, – აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი

ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი ეყრდნობა “გერმანულ მოდელს”, ითვალისწინებს ქართულ რეალობას და არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან – გიორგი ვაშაძე

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა. დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც დღეს მოხდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ, განსახილველად გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს.

კანონპროექტის პრეზენტაცია, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნონ და დაეთანხმონ იმას, რომ ის კანონი, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა მოამზადა, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.

დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები, თუ ვინმეს რამე იურისპრუდენციაში მოეკითხება, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველა თანხმდება, რასაც ჩვენ წარვადგენთ, არის სრულად კონსტიტუციური. ვინ არ თანხმდება ამას – ის ადამიანები, ვინც ერთხელ უკვე მოგვატყუა და გვითხრა, რომ ვითომ უმრავლესობა არ იყო საკონსტიტუციო და არ მიიღეს ცვლილება. ეს არის წყლის ნაყვა. ისინი არიან კუთხეში მიყენებული და მე ერთ რამეს მოვუწოდებ, შავზე თეთრის მტკიცებით თავის სახეს აუბედურებენ.

მოვუწოდებ, რომ სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნეთ და დაეთანხმეთ იმას, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ის ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების მისწრაფებას და მთავარი, ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა საარჩევნო სისტემა და არა საარჩევნო სისტემით მანიპულაცია, ეს არის მთავარი მიზანი. ეს არის კარგად გათვლილი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ეყრდნობა „გერმანულ მოდელს“, მაგრამ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.

არ დაგიმალავთ, კომუნიკაცია გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, გავაცანით ეს ყველაფერი. ეუთო-ოდირს მივმართავთ, რომელიც ყველაზე მაღალი სანდოობის არის საერთაშორისო თვალსაზრისით ამ კუთხით და ვამბობთ, მოდით ვენეციის კომისიასაც გავუგზავნოთ, ოდირ-საც გავუგზავნოთ, იტყვიან კონსტიტუციურია, ესე იგი, კონსტიტუციურია და დამთავრდა ამით ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გააჩნია ქალაქის წინაშე – გიორგი გახარია

დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილი ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას პოზიტიურ მოსაზრებებს არ იშურებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აცხადებს, რომ კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან მისგან თბილისელები და რომ იგი სრულად შეასრულებს ყველა დაპირება/ვალდებულებას.

შესანიშნავი ღონისძიება იყო, ღონისძიება დამადასტურებელი იმის, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია. დასრულებული და მიმდინარე პროექტები, რომლებიც დღეს ჩვენ აქ ვნახეთ, რაც მთავარია, პროექტებს და პრეზენტაციას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თბილისის თითოეული მოქალაქე გრძნობს და თვითონ აქვს შეხება იმასთან, თუ როგორ იქმნება, როგორ ვითარდება და როგორ უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი.

და მე დარწმუნებული ვარ, კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არ უნდა მივცეთ არავის – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გახშირებულ საპროტესტო მოძრაობებსა და ცალკეული უწყებების პიკეტირების ფაქტებს ეხმიანება:

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და მსგავს ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ყოველდღიურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფოს ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ ექიმზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე. ეს არის სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შესაძლოა, ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე სრულდება.

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიზნესს 100 ობიექტს შევთავაზებთ საპრივატიზაციოდ, რაც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე.

ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.

აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ერთადერთი, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო შეთავაზება, ძალიან ფართო არჩევანი ბიზნესისთვის, სად და როგორ შეიძლება დააბანდონ ინვესტიცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2019 წლის ნოემბრის ბოლოდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებს იწყებს, რომლის მიზნებსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამისთვის სააგენტო ბიზნესს 100 საინვესტიციო შეთავაზებას წარუდგენს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარება.

დიდი უსამართლობაა ჩვენთან და გასაუბრებისას ყვირილის გარდა გამოსავალი არც დამრჩა – ნაზი ჯანეზაშვილი

უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძესთან გასაუბრებას ხმაური მოჰყვა იუსტიციის საბჭოში. “დიდი უსამართლობაა ჩვენთან“, – აცხადებს იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

– ერთი საბჭოს წევრის, გზირიშვილის შვილს იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვაში ეხმარება “კლანი” ირაკლი შენგელიას ჩათვლით.

– ხოლო, მეორე მხრივ, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმას მხარდაჭერას უცხადებს ისევ “კლანი” გზირიშვილის ჩათვლით.

დიახ, ეს არის ნეპოტიზმი, კორუფცია, უსამართლობა და ამიტომ ამ ვიდეოში ჩანს რომ ვყვირი, სხვა გამოსავალი არც დამრჩა“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აკონკრეტებს თავის დამოკიდებულებას, აღნიშნულ გასაუბრებასთან დაკავშირებით და სავარაუდო ნეპოტიზმზე აკეთებს აქცენტს, რაც გასათვალისწინებელი იქნება კენჭისყრისას:

ირაკლი შენგელია არ ესწრებოდა ლევან თევზაძის გასაუბრებას და სავარაუდოდ, მის კენჭისყრაშიც არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ლევან გზირიშვილს ჩაურიცხეს შვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გზირიშვილი სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ლევან თევზაძეს“.

ყოფილი დეპუტატები 560 ლარიანი კომპენსაციების გაზრდას ითხოვენ, მაშინ როცა ნახევარ მილიონამდე ადამიანი 30-60 ლარიანი საარსებო შემწეობით არსებობს, 150000 ბავშვი კი შიმშილობს – თეონა ჭალიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატების სურვილს, მათთვის გამოყოფილი 560-ლარიანი კომპენსაციის გაზრდასთან დაკავშირებით, “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ეხმიანება. თეონა ჭალიძისთვის გაუგებარია, თუ რა ლოგიკით ითხოვენ ამ კომპენსაციის გაზრდას, როცა ქვეყანაში მილიონი ადამიანია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი საარსებო შემწეობით (30-60 ლარი) არსებობს, ხოლო 150 000 ბავშვი შიმშილობს:

წელიწადში 5 მილიონ ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან ყოფილი დეპუტატებისთვის კომპენსაციების გადასახდელად. 560 ლარს იღებს ყველა ყოფილი დეპუტატი ყოველთვე და ახლა თურმე გაზრდასაც ითხოვენ. მაშინ, როცა ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი საარსებო შემწეობით (30-60 ლარი) არსებობს და 150 000 ბავშვი შიმშილობს, რა ლოგიკით ითხოვენ ამ კომპენსაციის გაზრდას, თანაც განურჩევლად ყველასთვის, ჩემთვის გაუგებარია.

ნამდვილად არ ეკუთვნის ყველა დეპუტატსა თუ ყოფილ დეპუტატს აღნიშნული კომპენსაცია. პარლამენტში ვხედავთ მილიონერებს, დეპუტატებს რომლებსაც თავად და მათ ოჯახებს აქვთ მსხვილი ბიზნესები და ნამდვილად არ აქვთ იმის გასაჭირი, რომ სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ეს ,,დახმარება” მიიღონ. მითუმეტეს რომ არავის არ დაუძალებია მათთვის დეპუტატობა და სანამ დეპუტატის მანდატს ფლობდნენ მანამდე მშვენივრად სარგებლობდნენ ყველა იმ სიკეთით, რომელიც დეპუტატობას ახლავს.

თუმცა იმ შემთხვევაში თუ ყოფილი დეპუტატი მართლაც იმყოფება ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში რომ ესაჭიროება მზრუნველობა, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასზეც, მაგრამ აღნიშნული კომპენსაცია ყველა ყოფილ დეპუტატზე ნამდვილად არ უნდა გაიცემოდეს,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ჩემი შვილის თვალთვალის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შიშებთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რაც დაკავშირებულია მისი ოჯახის წევრების თვალთვალთან:

“ჩემს შიშებზე უნდა დავწერო.

მშიშარა არ ვარ, ბევრმა იცის, ალბათ. უფრო მეტი, ალბათ, მიხვდა. მაინცდამაინც, არც არასდროს ვყოფილვარ, პრინციპში. უბრალოდ, სადღაც 2015-დან, რაც სიკვდილის შიში დავძლიე, საერთოდ დამავიწყდა, შიში რას ნიშნავს.

ჩემი შვილის თვალთვალის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა. შიში არა საკუთარი თავის გამო, არამედ მათ გამო, ვინც საკუთარ თავს მირჩევნია და ვისი დაცვის ყველაზე დიდი ვალდებულება მაქვს ამ ქვეყნად. ვისი გაუმართლებელი და მუდმივი და უმართავი რისკის ქვეშ დატოვება არაფერში არ წერია, რაც ჩემს ფასეულობების სისტემას ქმნის და ვერც საღი აზრის ტესტს უმკლავდება.

ფორმალურად, ლეგიტიმურია თუ არა ეს მასალები, მეასეხარისხოვანია, – ტყუილად, უფრო მეტიც, აფიშირებულად ტყუილად უთვალთვალებდნენ ჩემს პატარებს. მათ შორის, სასურველი ფაქტის დადგენის შემდეგაც. კიდევ მეტი, აფიშირებულად გამაგებინეს, რომ აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას (ეს უკვე მეორედ გამაგებინეს. პირველად, შანტაჟის დროს, რ2ში რომ ვიყავი).

არა და:

🛑 ერთი შეკითხვა და ერთი პასუხიც საკმარისი იყო – არც კი დასმულა;

🛑 ეს მანქანა ჩემს საცხოვრებელ ეზოში იყო მუდმივად დაპარკინგებული და ერთი ჩაჯდომა, ჰა – სამი, და ამდენივე გადმოჯდომა გადაღებულიყო, სრულიად საკმარისი იყო იგივე შედეგის მისაღწევად. მაგრამ არა – სწორედ მარშრუტების და გადაადგილებების შემაშინებელი, და, ბოდიში და, ცოლის საჯდომზე კადრების “გაკრუპნებების” დამცინავი ვიდეოები იყო საჭირო;

🛑 არც ერთხელ არ მიცდია ამ მანქანის ჩემი ოჯახის მიერ ფლობა-სარგებლობის (საკუთრება არასდროს ყოფილა ჩვენი) ან დამალვა, ან მანქანის გადამალვა, ან დაბრუნება და კვალის სრულიდ წაშლა. კადრები რუსთავი 2დან წამოსვლიდან კარგა ხნის შემდეგაა გადაღებული, ხოლო მანქანა დავაბრუნე მას შემდეგ, რაც კონტრაქტის პირობები ვერ დავიცავი და მივხვდი, რომ ვერ გამოვისყიდდი.

🛑 ვიდეო ჯარიმები, რაც იგივეს ადასტურებს და არის კიდევაც საქმეში.

მაგრამ არა – უნდა მენახა, როგორ აგროვებენ დოსიეს ჩემი შვილების გადაადგილებაზე და მარშრუტებზე. ამიტომ, “ლეგიტიმურობა” (თუ ქართულ სასამართლოს საერთოდ დარჩა უნარი ამგვარი რამ შესძინოს ნებისმიერ ნაბეჭდ ტექსტს) და მათი ჩემთვის გამოგზავნა, პირიქით, განსაკუთრებულ ცინიზმს სძენს ამ ყველაფერს.

შვილების უსაფრთხოების შიშის თანმხლებად, ცხოვრებაში პირველად, გამიჩნდა შიში, არ დავიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვავნო სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მაგალითად, პროკურორ ზვიად გუბელაძის, ვინც ამ კაციჭამიობის შესასრულებლად გაისარჯა და სასამართლოში სისტემატურად შექონდა თვალთვალის არა მარტო დაწყების, არამედ გაგრძელების პერვერსიული მოთხოვნები. მაგალითად, მოსამართლეების გიორგი კერატიშვილის და ეკატერინე კულულაშვილის, ვინც ყოველგვარი შეკითხვების და რევიზიის გარეშე, ჩემს მცირეწლოვან შვილებს სისტემატურად უშვებდნენ ინკვიზიციაში.

აი, ივანიშვილის განადგურების სურვილი კი, არც ახლა გამჩენია, ამ სურვილის არც მეშინია და არც მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ, ჩემი სამშობლოს მთავარი მტერი რომ ასე უკანმოუხედავად და უაპელაციოდ მძულს. არც დავღლილვარ და არც დავიღლები მისი განადგურების საქმეში და, არც თავმდაბლობას ვაპირებ – 3 ადამიანიც არ ვიცი ქვეყანაში, ამ საქმეში ჩემზე მეტი გაეკეთებინოს ან შეეძლოს, გააკეთოს. 3 ადამიანიც არ ვიცი ამ ქვეყანაში, ამ წლების განმავლობაში, ჩემსავით შეძლებოდა მისი არაერთგზის დამარცხება შიშველი ხელებით, მხურვალე გულით, მართალი სიტყვით და, ხშირად მცდარი, მგრამ გულწრფელი ქცევებით. ხო, და თან, ცალი ფეხით მუდმივად ციხეში.

მაგრამ ამ წყეულმა “ივანიშვილის განადგურებამ”, ამასობაში, პირველად დაიწყო ფიზიკური განადგურების კონტურების შეძენა. შანტაჟის დროსაც არ ვყოფილვარ ამ კონდიციასთან ახლოსაც კი. ამ შეგრძნების მეშინია თუ არა, არ ვიცი, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ დანამდვილებით მრცხვენია მისი, მიჭირს საკუთარი თავისთვის მისი პატიება და ძალიან მაკნინებს საკუთარ თვალში იმის გააზრება, რომ ამგვარი რამის დაშვებას ეგრევე არ ბლოკავს ჩემი მორალი. ამ მხრივ, ვერც ვერაფერს ვცვლი და ვხვდები, რომ დიდი ალბათობით, ამას ვერც ვერასდროს მოვერევი. და მართლა მეშინია, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ცხოვრების მთავარ მიზნად მექცა, ამ მანიაკ კაციჭამიას თუნდაც ღრმა სიბერეშიც კი ამოვხადო სული.

მხოლოდ ერთი რამე ვიცი დაზუსტებით – ივანიშვილის შვილებზე ჩემი ეს საზარელი (ჩემთვისვე) შეგრძნებები არასდროს გავრცელდება. არასდროს. ეს სრულიად გამორიცხულია და ამას ინტელექტუალურად კი არ ვასკვნი მხოლოდ, ემოციურადაც უზუსტესად ვგრძნობ. მეტსაც გეტყვით, საჭირო რომ გახდეს (არ გახდება, ცხადია), მაგალითად, იმ უსაყვარლესი თეთრი პატარა ბიჭისთვის ნასროლ ტყვიას გადავეფარო, უყოყმანოდ ეგრე ვიზამ. ვიზამ ისე, რომ წამის მეათედი ფიქრიც არ დამჭირდება, ვიზამ ინსტინქტის დონეზე. არც კი გამახსენდება, ვისი შვილია. რომც გამახსენდეს – არაფერი შეიცვლება.

რომ დავაჯამო: ჩემი ოჯახი რომ მუდმივი ეგზისტენციალური რისკის ქვეშაა ივანიშვილის მხრიდან, ისე, როგორც ალბათ არც ერთი ოჯახი ამ ქვეყანაში, ეს ისედაც სულ ვიცი. ეს არა ერთადერთი, მაგრამ, ნამდვილად იყო 2016 წელს მათი ამერიკაში დროებით წასვლის უმთავრესი მიზეზი. რაღაც ეტაპზე, ეს შეუძლებელი გახდა (ვეღარც ემოციურად გავქაჩეთ და ვეღარც ფინანსურად) და ისევ დაბრუნდნენ. სულ ვიცითქო, კი ვამბობ, მაგრამ გუშინ კაფანდარა ქექე რომ დავინახე ვიდეოზე, ეს შიში პირველად მატერიალიზდა ასე ცხადად. და უარესი – ზუსტად მივხვდი, რა გზავნილიც იყო ეს “პაატას თავი” (მე ჯერ ივანიშვილის გზავნილის ზუსტად გაგება არასდროს შემშლია) – ეს არ არის შენი შიშების მატერიალიზაციის დასასრული, უარესს ელოდე, – აი, ეს მითხრეს. უკვე მეორედ და უკვე უფრო ცხადად.

დიახ, “უარესს ელოდე”, – მითხრა ივანიშვილმა ჩემს ბავშვებზე. ვიზეც და რაზეც არ უნდა ეთქვა (და უთქვამს), მხოლოდ ანალიტიკურ მასალად გამოვიყენებდი ამ გზავნილს, დასკვნის გასაკეთებლად, რითი შევაშინე ამჯერად და როგორ შევაშინო კიდევ უფრო მეტად. ახლა კი ასე ვერ და არ მოვიქცევი. ჩემი შვილები უნდა დავიცვა, დავიცვა, როგორც მამამ, ადამიანმა და მათ წინაშე ყველაზე უფრო ვალდებულმა. უფრო ზუსტად კი, ჩემი შვილები უნდა გადავარჩინო. ამ ქვეყანაში კი ეს შესაძლებელი ნამდვილდ არ არის.

უდიდესი ბოდიში, აი, ყველაზე დიდი, რაც შემიძლია, რომ მოვიხადო. მაგრამ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები: ვერც იმ საზოგადობის იმედი მექნება, ვისაც ჩემი შვილების უსაფრთხოების დარდი კი არა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი სამშობლოს ღირსების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვერ გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელოდ. მაპატიეთ, არაფრით არ გჯობივართ, მეც ერთერთი თქვენგანი ვარ. უბრალოდ, ახლა მამა ლაპარაკობს საკუთარ შვილებზე და ალბათ გამიგებთ.

ps როგორ, სად და რანაირად, მოგვიანებით დავწერ. მანამდე, ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ შეკითხვებით. თანაც, არც პასუხები მაქვს ამ ეტაპზე და არც ლაპარაკის თავი. მაპატიეთ.

pps პროკურატურას და სასამართლოს მივმართავ: მართლმსაჯულებისგან გადამალვას და გაქცვას ნამდვილდ არ ვაპირებ. სასამართლოშიც მოვალ. ციხეშიც ჩავჯდები. ივანიშვილსაც გავანადგურებ” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.