შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1659

“სტრატეგია აღმაშენებელმა” 27 საათიანი ტურნე დაიწყო – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ბევრი რაიონია, რომლის მოსახლეობასაც მასთან შეხვედრა სურს, სწორედ ამიტომ 27 საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს. ვაშაძის თქმით, 27 საათის მანძილზე, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს. პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების გზაზე მიდის:

არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრ რაიონს უნდა რომ ჩავიდე, ვისაუბროთ, დავგეგმოთ, შევხდეთ მოსახლეობას და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 27-საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ამ 27 საათის განმავლობაში შევხდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს, მოქალაქეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩვენთან შეხვედრა უნდა და გავესაუბრებით ჩვენს მოხალისეებს, მხარდამჭერებს. ბევრი დასვამთ კითხვას – რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! – იმიტომ, რომ 27 „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, იმისათვის, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე.

ამ 27 საათის მანძილზე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის.

პირველივე დღიდან, როცა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დავაფუძნეთ, მთავარი მიზანი იყო საქმის გარშემო გაგვეერთიანებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უარი გვეთქვა დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონსოლიდაცია საქმეზე გაგვეკეთებინა. აი ეს არის სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შინაარსი. გვაქვს ბევრი პროექტი და გეგმა, მაგრამ რაც მთავარია გვაქვს უშრეტი ენერგია, დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამ უშრეტ ენერგიას შემდეგი 27 საათის მანძილზე გაჩვენებთ, ყოველ საათში ერთხელ ფეისბუქ-“ლაივის” საშუალებით და ნახავთ რა აქტიობა გვაქვს, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ.

27 ნომერი 27 საათის მანძილზე – ტურნეს ვიწყებთ ბათუმიდან და მაქსიმალურად შევეცდებით მთელი საქართველო მოვიცვათ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების გზაზე მიდის და მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ბათუმიდან მივდივართ ოზურგეთში, სადაც შევხდებით ჩვენს მოხალისეებს და მოსახლეობას გავესაუბრებით. 15:00 საათზე კი ქუთაისში დიდი ღონისძიება გვექნება. დროა ვაჩვენოთ ჩვენი ენერგია თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ენერგიით გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვანის მუზეუმს ექნება როგორც ტურისტული, ისე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დატვირთვა – მაია ცქიტიშვილი

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, უშუალოდ უწყების მონაწილეობით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა.

მუზეუმი ორი დღის წინ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში მნახველს უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

მუზეუმის შენობა და იქ გამოფენილი ექსპოზიცია მაია ცქიტიშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა დაათვალიერეს.

სამუზეუმო ექსპონატებთან ერთად აქ გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ლაბორატორია, სადაც სპეციალისტებს საშაუალება ექნებათ ჩაატარონ ყველა საჭირო კვლევა. აქამდე ვანში აღმოჩენილი სიძველეების გამოსაკვლევად ექსპონატების ქვეყნის გარეთ გატანა გვიწევდა, ახლა კი  ეს სივრცე საინტერესო ხდება როგორც დამთვალიერებლებისთვის, ისე – მკვლევარებისთვის. სასიხარულოა, რომ ამ პროექტს აქვს როგორც ტურისტული, ისე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დატვირთვა, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. სამეცნიერო ლაბორატორიასთან ერთად, მუზეუმში, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია,  1985 წლის შემდეგ, პირველად ჩაუტარდა.  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, დამთვალიერებელს უკვე შეუძლია ნახოს ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ამასთან, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა.

გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, ვანის მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ე. წ. სატაძრო ინვენტარი –  ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური კოლექცია.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად იმართება და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.

ეს არის აჭარის “საქმის მკეთებელთა” გუნდი, რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს – გიორგი ვაშაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ბათუმში პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემდეგ სწორედ, ისეთივე აწყობილ და სამართლიან რეგიონში იცხოვრებენ როგორი აწყობილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სისტემაც შექმნა იუსტიციის სახლებმა. ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის გუნდი, რომელიც მზად არის უმძიმეს მდგომარეობაშიც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ღონისძიებაზე მოსულ ადგილობრივ მხარდამჭერებს 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანის გაკეთება შესთავაზა, საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით ხელისუფლებაში ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების“ სახით. ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს:

ბათუმი არის ადგილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით და რომელმაც მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა მსოფლიოში. როგორც იუსტიციის სახლია საათის მექანიზმივით აწყობილი, პირობას გაძლევთ, რომ სწორედ ასე საათის მექანიზმივით ავაწყობთ მთელს საქართველოს და ქართულ ეკონომიკას, ასე საათის მექანიზმივით მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით სამუშაო ადგილებს. სწორედ, ასე ავაწყობთ სოციალურად სამართლიან ქვეყანას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ყურადღება სახელმწიფოსგან და ხელისუფლებისგან, აი ასეთი გუნდი გვინდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში.

31 ოქტომბრის არჩევნები ეს არის არჩევნები, სადაც წყდება არა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის ბედი, არამედ შემდგომი ათეული წლების ბედი – განვითარება ან ჭაობი. მარტივი არჩევანი – საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით ხელისუფლებაში ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების“ სახით. და რაც უმთავრესია, საქართველო, რომელიც იბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას ან ქვეყანა სადაც მუდმივი გაჭირვება და შიმშილია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მოსულ მხარდამჭერებს საქმის მკეთებელთა გუნდი წარუდგინა, რომელიც იბრძოლებს აჭარის უმაღლეს საბჭოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით.

ბექა დიასამიძე – ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელმაც პირველივე დღიდან 2016 წელს, როცა მე დამოუკიდებლად გავაკეთე პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯზე განაცხადი პირველივე დღეს ფეისბუქის მეშვეობით შემეხმიანა და მითხრა, რომ გიორგი მინდა თქვენს გვედით დავდგე, იმიტომ რომ მჯერა იმ ახალი თაობის ენერგიის, რომელსაც აკონსოლიდირებს თქვენს გარშემო. დიდი მადლობა ბექას, რომელიც არის ჩვენი სიის პირველი ნომერი აჭარაში და რაც ყველაზე მთავარია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. ბექას აქვს საჯარო მმართველობაში განათლება GIPA-ში მიღებული და არაერთი წარმატებული პროექტი რეალიზებული.

სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ბექა დიასამიძე
2. ზურაბ მახარაძე
3. ბადრი მუმლაძე
4. რუსუდან ფუტკარაძე
5. გიზო გორგილაძე
6. ელზა დავითაძე
7. ავთანდილ ქარცივაძე
8. ასლან ქამადაძე
9. დავით ბერიძე
10. ჯონი საგინაძე

ეს არის აჭარის „საქმის მკეთებელთა“ გუნდი, გუნდი რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის განსხვავება ყველა სხვა გუნდისგან არის ის, რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და ვართ მზად ამ უმძიმეს ვითარებაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი სამშობლო წინ წაიყვანოთ. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი ყველა გეგმა და სტრატეგია, რისი რეალიზებაც ქვეყანაში გვინდა, მაგრამ გულწრფელად გთხოვთ პირველ რიგში თქვენს მხარდაჭერა დიახ, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ქვეყანაში აღმშენებლობას ვერ დავიწყებთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისში 24 ოქტომბრიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა

დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება.

პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია. მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 – წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 401 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 402 – ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 405 – ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.

საუბნო მარშრუტი N 447 – აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.

საუბნო მარშრუტი N 466 – შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის მიზანი არის მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება.

სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები; საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლობისთვის ახლახან შეიძინა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო.

2020 წლის 24 ოქტომბერს ახალი მარშრუტები ემატება დღეისათვის მოძრავ მარშრუტებს; ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქმედებს მიკროავტობუსების ბაზარზე სისტემა, სადაც მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ გაივლის მარშრუტს. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა. ყველას გვისარგებლია მიკროავტობუსით და მგზავრების რაოდენობა ყოველთვის არის გადაჭარბებული. ჩვენ მიკროავტობუსებში, რომელიც ახალი სისტემით იმოძრავებს, ხელფასს მივცემთ ფიქსირებულად, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომასა და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთბ GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში: უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირელ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს

საგანგაშო მზარდი დინამიკა გრძელდება: კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა საქართველოში

სააკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით, არსებულ სტატისტიკაზე:

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაფიქსირებულია კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში პირველი ინფიცირებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 24562.

ბოლო 24 საათში გვყავს 350 გამოჯანმრთელებული, ხოლო გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 9751 ადამიანს შეადგენს.

სამწუხაროდ ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე, მათი ჯამური მაჩვენებელია 183.

დღეს გამოვლენილი 1759 შემთხვევიდან რეგიონებზე ნაწილდება შემდეგნაირად:

აჭარის რეგიონში გვაქვს 487 შემთხვევა

იმერეთი – 356

ქვემო ქართლში – 36

შიდა ქართლში – 35

გურია – 17

სამეგრელო-ზემო სვანეთში – 69

კახეთში – 24

მცხეთა მთიანეთში – 12

სამცხე-ჯავახეთში – 30

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7

ხოლო თბილისში ფიქსირდება 686 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა გახლავთ 14 421 პირი, 3234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოში მათგან გადანაწილებულია 1577 პირი, ხოლო აჭარის რეგიონში 641.

მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის თბილისში 201, აჭარის რეგიონში 80, ხოლო ხელოვნური მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათ შორის თბილისში 53, ხოლო აჭარაში 12, 2025 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის გადანაწილებულია 1110 პირი აჭარის რეგიონში, 676 ადამიანი თბილისში, 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე, საკარანტინე სივრცეში მიმდინარე ეტაპზე გვყავს 4263 ადამიანი, მათ შორის თბილისში 836, აჭრაში 2205, ხოლო 6-22 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7583 პირი.

დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 ადამიანი, საიდანაც თბილისში გვყავს 3243, აჭარაში 10 852 ხოლო იმერეთში 3521.

ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები რომელიც 23 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

გიორგი ვოლსკი: „ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ“

წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებისას. მისივე განცხადებით, ქვეყანას ღირსეული პოლიციელების გუნდი ჰყავს, რომლებიც ადამიანების თავისუფლებას და სიცოცხლეს იცავენ:

საგამომძიებლო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება დამნაშავის ამოცნობა, ეს კითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან რომელიც გაგვაჩნია. საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამომძიებლო რესურსი იქნება დახარჯული.

ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, დაწყებული მინისტრიდან რიგით პოლიციელამდე დამთავრებული ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ. რასაკვირველია, სიცოცხლის დაცვა პოლიციის მთავარი ამოცანა იყო და მას საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. საფრთხე იყო რეალური, თუმცა იმის მტკიცება, რომ სჯობდა განადგურებულიყო ყაჩაღი და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანების სიცოცხლე არის სწორედ ის ხელწერა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ.

წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი. დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაციის მეორე ეტაპი როგორიც არის დამნაშავის აღმოჩენა, ასევე წარმატებული იქნება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე დაცული, ვერაფერს მივაღწევთ – გიორგი ვაშაძე

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს მწვავედ აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით ქვეყანაში თუ უმაღლეს დონეზე თუ არ იქნება დაცული ადამიანების უსაფრთხოება, მაშინ სხვა ყველაფერზე ფიქრს აზრი არ აქვს. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, მოქმედი ხელისუფლება პროფესიონალმა და საქმის მკეთებელმა გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვას შეძლებს. პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე კრიმინალის დაუყოვნებლივ დაკავებას და კანონის ფარგლებში მის შესაბამის დასჯას მოითხოვს:

უმძიმესი დღეები გამოვიარეთ და ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ყველამ ერთად მივიღეთ, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მივესალმო მძევლების უსაფრთხო განთავისუფლებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, – მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოხდეს დამნაშავის დაკავება ყველა ძალისა და რესურსის გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მოვიღებთ კრიმინოგენული მდგომარეობის კატასტროფულ მოშლას.

მთავარი კითხვა არის, რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა, სამწუხაროდ, უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, სადაც პოლიციელს არ ეძლევა შესაძლებლობა ებრძოლოს კრიმინალს. ოფიციალური სტატისტიკით 40 ათასზე მეტი დანაშაულია გაუხსნელი, ხოლო მათი ჩამდენი პირები – თავისუფალი, გასული წლის მონაცემებით. 2-ჯერ არის გაზრდილი კრიმინალის მაჩვენებელი და განახევრებულია გახსნის მაჩვენებელი. რაც არ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმოების განვითარებაზე, თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე დაცული, ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა, რაც ჩვენ გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან – მძევლების პოლიტიკური ნიშნით გარჩევა, ტელევიზიებზე თავდასხმა, თუ რატომ აკეთებენ იმ საქმიანობას, რასაც მედია საშუალებები ეწევიან… არადა მათი ვალდებულება ხომ საზოგადოების ინფორმირებულობაა?! ასევე, ჩვენ გვესმოდა დაუსრულებელი კინკლაობა, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სრული კონცენტრაცია დამნაშავის დაკავებაზე, ეს მგონი არის ის, რაც ყველას ერთად ყელში გვაქვს ამოსული.

ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ეროვნული ერთიანობა იმისთვის, რომ გავატაროთ რეფორმები ქვეყანაში, რომელიც მოგვიტანს უსაფრთხო გარემოს, მოგვიტანს ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მსხვერპლნი გაუთავებელი კინკლაობის, პოლიტიკური მოროდიორობის, რომელსაც აქვს ადგილი პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლება და მივესალმები ამას, მაგრამ ასევე დაუყოვნებლივ თუ არ მოხდა დამნაშავის დაკავება, ეს იქნება საგანგაშო პრეცენდენტი, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ფაქტიდან მეორე დღეს ვიღაცამ ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღა და გაიტაცა თანხა. ამის ფონზე შესაძლოა შემდეგ დღეებშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, რადგან დაუსჯელობის სინდრომი შეიქმნება ამ შემთხვევის ფონზე.

ყოველივე აღნიშნულიდან ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და კეთილგონიერი, პროფესიონალი ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში, რათა დაცული იყოს ადამიანის უსაფრთხოება, როგორც უმაღლესი პრიორიტეტი თიოთოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ქვეყნის განვითარება, როგორც მთავარი ამოცანა.

ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ ასეთი მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იქნება. მე მსგავსი პრეცენდენტი არათუ საქართველოში, არამედ უახლესი ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არ მახსოვს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

11 ნომინანტი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინაციაში საქართველოს “ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია”

საქართველოს 11 დაცული ტერიტორია Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას 🎊

🌲 ნომინაციაში საქართველოს „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ წარდგენილი არიან:

🔹 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
🔹 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
🔹 თუშეთის ეროვნული პარკი
🔹 კოლხეთის ეროვნული პარკი
🔹 ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
🔹 მარტვილის კანიონი
🔹 მტირალას ეროვნული პარკი
🔹 ოკაცეს კანიონი
🔹 ოკაცეს ჩანჩქერი
🔹 პრომეთეს მღვიმე
🔹 სათაფლიას დაცული ტერიტორიები

 “Welcome To Georgia” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

💪🏼 ხმა მიეცით თქვენს რჩეულ დაცულ ტერიტორიას ბმულზე: https://cabinet.wtgawards.com/vote

 ხმის მისაცემად, აირჩიეთ სასურველი ტერიტორია ღილაკით “vote”, გაიარეთ რეგისტრაცია და მიჰყევით მეილზე მიღებულ ბმულს.

🗓 ხმის მიცემა 13 ნოემბერს დასრულდება

გიორგი ვოლსკი: უამრავი „პოლიტიკური სვავი“ ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი

პოლიციამ უდავოდ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდის ინციდენტის შეფასებისას.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ როგორ უხელმძღვანელა ზუგდიდის ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დანაშაულებები, სამწუხაროდ, ხდება არა მარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები. საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იქ იყო, ზუგდიდში, და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება არის უზნეობა, ვინაიდან ვხედავთ, რომ უამრავი „პოლიტიკური სვავი“, ხეზე შემომჯდარი, ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დანაშაულის  სტატისტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: რაც შეეხება სტატისტიკას, რაზეც ერთბაშად აფეთქდა ოპოზიციური პარტიები და მათი მედია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე დანაშაულობების რაოდენობა, როგორიცაა ყაჩაღობა 2,5-ჯერ არის შემცირებული იმ პერიოდთან შედარებით, როცა ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყანას, მძიმე დანაშაულებები, როგორიცაა მკვლელობა, შემცირებულია 2-ჯერ, 2,5-ჯერ არის შემცირებული მკვლელობის მცდელობა და ყაჩაღობა, ბანდიტიზმი შემცირებულია ასევე მნიშვნელოვნად – 3-ჯერ. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რაოდენობა გახსნილი საქმეებისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე  გაშუქება მედიაში, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში პოლიციელებს წარმატებები უსურვა.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში უნდა იყოს დაკავებული – გიორგი გახარია

გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები და დღეს შსს-ს ძირითადი ამოცანაა გააგრძელოს მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე.

ეს პირველი რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, ეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა რომელზეც შსს დღეს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე,“ – განაცხადა პრემიერმა.