კვირა, ივლისი 27, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1651

“ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველ მოსახლეობას მომდევნო 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები შეუმსუბუქდებათ:

‘‘როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:

  1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთმდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.
  2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.
  3. გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 3-მდე – 650 ათას ოჯახს.
  • სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დახმარებაზე თქვას უარი.
  • გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ,’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდები საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  რამდენიმე დღეა დარჩენილი და  საარჩევნო  კამპანიაც თითქმის დასრულებულია.  კოვიდპანდემიის გამოწვევის გარდა წლევანდელი წინასაარჩვნო პერიოდი  საინტერესო ონლაინ პლატფორმების აქტიური გამოყენების თვალსაზრისითაც იყო, რამაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ძირითად პროცესზე  დაკვირვების შესაძლებლობა მისცა.

ინტერნეტ მედია ჰოლდინგი „პარალელი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ევროპაში მოღვაწე  წარმატებული  ახალგაზრდები  საქართველოში  არსებულ საარჩევნო გარემოს, რას მიიჩნევენ ისინი ქვეყნის მთავარ პრობლემად და რამდენად ხედავენ  სამშობლოში დაბრუნების  პერსპექტივას.

ჩვენ ვესაუბრეთ ესტონეთში  მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებსაც  ევროპაში სწავლისა და მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.

ესტონეთის საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის სპეციალისტის და სან დიეგოს უნივერსიტეტის დოქტორანტურის მე 2 კურსის სტუდენტის,  ვალერიან გოგუაძის აზრით, ქართული საარჩევნო სისტემა მენეჯმენტის კუთხით საკმაოდ დაიხვეწა, თუმცა ამომრჩევლისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და  ბევრი იმედგაცრუების  გამო  ნდობის პრობლემა  არსებობს.

იმასთან შედარებით, რაც ძველად იყო, საარჩევნო გარემო საკმაოდ განვითარდა. ვგულისხმობ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურობას. ჩემი აზრით, ადამიანები  სამოქალაქო ცხოვრებაში უფრო მეტად არიან ჩართული, თუმცა ვფიქრობ, რომ კოვიდ-19-ის დროს ზოგადად რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან საზოგადოება დაძაბულია და სიტუაცია ყოველდღე რთულდება.

 რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ისინი  მაშინ ჩნდებიან, როდესაც  ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდებათ. ხოლო, როცა ხალხს მათი იმედი აქვს ყოველთვის იკარგებიან.  პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ დანაპირები სიკეთის ერთ პროცენტსაც კი არ ასრულებენ ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა და შესაბამისად,  ნდობის პრობლემა იქმნება“, – აცხადებს ვალერიან გოგუაძე.

ვალერიან გოგუაძის შეფასებით, დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა დაბალი სამოქალაქო ცნობიერება და  სუსტი განათლების სისტემა არის, ამიტომ ის, როგორც პედაგოგი, ჯერ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს.

დღეს ძალინ ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან  შესაბამისი უნარ-ჩვევები (კრიტიკული აზროვნება, შემწყნარებლობა, მიმღებლობა), განვითარებული არ აქვს.

 სიმართლე გითხრათ, მე ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან  საქართველოს განათლების  სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არც გაუმჯობესების მზაობა არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობა ონლაინ სწავლებისთვის მზად არ არის, ქვეყანაში არ არსებობს  შესაბამისი კურიკულუმი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება  საგაკვეთილო პროცესი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  დაგეგმოს. ამისთვის არც ტექნიკური და არც ინფრასტრუქტურული ბაზა არ არსებობს. განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში და ქალაქის ბევრ სკოლაშიც კი…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე როგორც მასწავლებელი, ჩემს მომავალს  საქართველოში ვერ ვხედავ. არ მინდა თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმების გარეშე ერთ ადგილზე  ვიჯდე  გაყინული და ისევ ძველი მოდელით, მხოლოდ წიგნებით ვასწავლო. 

არც ფინანსური ინტერესი მაქვს, რადგან ევროპასთან შედარებით ჩვენი პროფესია საქართველოში საკმაოდ დაბალანაზღაურებადია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  აქ მასწავლებლებს    პროფესიული განვითარებისა და აკადემიური ხარისხის უწყვეტი ამაღლების შესაძლებლობა,საზღვარგარეთ მოგზაურობისა და კონფერენციებში მონაწილეობის შანსი აქვთ, რასაც სამწუხაროდ, ქართველი პედაგოგები  მოკლებული არიან,“- აღნიშნავს ვალერიან გოგუაძე.

იგივე შეკითხვებზე გვიპასუხა ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ადამიანის უფლებები ციფრულ სივრცეში” სტუდენტმა, ანანო იაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ვინაიდან  საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა მოლოდინები არსებობს და წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდება.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გველოდება წინ და ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად, დემოკრატიის  ძირითადი პრინციპების დაცვით ჩაივლის. მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, არ დაიზარონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა, რადგან თითოეული ხმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია,“ – მიაჩნია ანანო იაშვილს.

ევროპაში მცხოვრები სხვა სტუდენტების მსგავსად, ანანო იაშვილიც  მთავარ გამოწვევად განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებს და მიიჩნევს,რომ სახელმწიფომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ ანანო იაშვილის მომავალი პროფესია, საერთაშორისო სამართალი, საქართველოში განვითარებული არაა, ის სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ გამორიცხავს.

ესტონეთს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ განვითარებული განათლების სისტემა აქვს. ეს მოწესრიგებული სისტემა ახალგაზრდებს უფრო მეტ ინტერესს და მოტივაციას უჩენს,  რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის და წარმატებულ პიროვნებებად აყალიბებს. ვინაიდან საქართველოს და ესტონეთს უკვე რამდენიმეწლიანი მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, მიმაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ესტონური მეთოდის იმპლემენტაცია ყველა დონეზე. რა თქმა უნდა, თვალშისაცემი ცვლილება 1-2 წელიწადში არ მოხდება, თუმცა 10 წელიწადში  მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება.

ჩემი პროფესიული სფერო არის საერთაშორისო სამართალი, ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის კი საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა, თუ დავბრუნდები, აუცილებლად ვაპირებ არასამთავრობო ჭრილით GDPR-ის დანერგვასდა მონაცემთა დაცვის შესახებ და  ცნობიერების ამაღლებას,“- აცხადებს ანანო იაშვილი.

მედია ჰოლდინგი „პარალელი“აქტიურად გააგრძელებს წარმატებულ  ქართველ ახალგაზრდებთან  შეხვედრას, რათა ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითებზე  მათი მოსაზრებები შემოგთავაზოთ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში

ივანიშვილის გუნდი და სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” წარსულში იხედებიან – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს’’ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ქართული ოცნებისა’’ და “ნაციონალური მოძრაობის’’ გუნდების პოლიტიკურ შეფასებას ახდენს და მის პარტიასთან დებატებში იწვევს კონკრეტულ გეგმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ აპირებენ ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური საკითხის მოგვარებას:

გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ დაჟინებული განცხადება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის, ივანიშვილის გარემოცვიდან, კობახიძის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს ქვეყნის იგივენაირ ჩაკეტვას მათ რიგებში, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, შექმნილი პანიკის ფონზე. ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილის სიტყვის ფასი არის ნული. “ევროპული საქართველოს’’ მონაცემებით, ისინი ამ პანიკურ ვითარებაში არც კი მოემზადნენ მეორე ტალღისთვის და არანაირი ნაბიჯები არ გადადგეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი ჰქონდათ და ყველა ოჯახს ეკონომიკური ზიანი მიაყენეს, ახლაც, განიხილავენ რეალურად ისევ იმ გაუაზრებელ პანიკურ ჩაკეტვას ქვეყნისას, ე.წ. “ლოქდაუნს”, რომელიც ამ მთავრობის პირობებში არ მოგვიტანს რაიმე შვებას.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ივანიშვილის რეჟიმის არც ლიდერებს, არც თვითონ, არაფორმალურ მმართველს და არც მის ერთ-ერთ პოლიტიკურ თოჯინას, პრემიერ-მინისტრ გახარიას არცერთ დებატებში “ევროპულ საქართველოსთან’’ მონაწილეობა არ მიუღია, არც ხედვა დაუდიათ, რა ნაბიჯებს გადადგამდნენ იმ შემთხვევაში, თუ დარჩებიან ხელისუფლებაში. უბრალოდ იგნორირებას აკეთებენ ამ უზარმაზარი გამოწვევის, რასაც ეკონომიკური ვარდნა და პანდემია ჰქვია.

არც “ნაციონალურ მოძრაობას’’, ჩვენ მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის შიგნით და არც მის ლიდერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს, არც მის თამჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს – არცერთ დებატებში არ მიუღიათ მონაწილეობა ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეკონომიკას და პანდემიასთან დაკავშირებულ მძიმე გამოწვევებს. ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ლიდერების დონეზე დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ახლაც არ არის გვიან, ჩვენ, “ევროპული საქართველო’’, რომელსაც გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხი ცვლილებების, რაც უნდა მოხდეს პანდემიისა და ეკონომიკის გამოწვევების ფონზე, მზად ვართ, რომ ამ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა და ეს სჭირდება არჩევნებამდე თუნდაც რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებას, რომ იცოდეს, როგორც დღევანდელი ამ კატასტროფის შემოქმედის’’, ივანიშვილის გუნდის ხედვა და ისე სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის’’, რომლებიც წარსულში იხედებიან და “ევროპული საქართველოსი’’, რომელსაც მწყობრი ხედვა აქვს როგორი არის გეგმა. საზოგადოებამ უნდა იხილოს რა ნაბიჯებს სთავაზობს მას პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, ასეთი გამოწვევების დროს’’, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკიდურესად გულგატეხილია იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა პოზიცია დააფიქსირა ზუგდიდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ინტერესი არ არის მძიმე დამნაშავის დაჭერა, განსხვავებით მმართველი პარტიისგან:

ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილია იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და მას შემდეგ, რას სისხლი არ დაიღვარა დაჟინებით ამხელს პოლიციას, რომ თურმე პოლიცია უუნაროა.

როდესაც საუბარი არის ღიმილით სახეზე ჩამოშლილ ინსტიტუტებზე ეს ხალხი, თითოეული მათგანი, არის შეურაცხყოფილი, რადგან ისინი 24 საათის განმავლობაში შრომობენ ყოველდღიურად თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის.

მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო არის დაინტერესებული იმაში, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ოპოზიციის ინტერესი ეს არ არის, ის დაინტერესებულია იმით, რაც შეიძლება ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს’’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

“საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს სადაც აცხადებს, რომ კონკრეტული გამოკითხვები და კვლევა მიზნად ისახავს ქვეყანისთვის საფრთხის შექმნას:

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ.

საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!​” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

გახარია კიდევ ერთხელ უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც “ქართული ოცნების” რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ვერ დაადანაშაულებს მედიასა და ოპოზიციას ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და ვერც უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას. ვაშაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ აღარ მოუსმენენ პრემიერის ტყუილებს, ქართველი ხალხი აღსდგება „დამსხვრეული ოცნებების“ და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს:

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება აბსურდზე მეტია – ის მედიასა და ოპოზიციას ადანაშაულებს ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და კიდევ ერთხელ უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც მისმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. არცერთ სხვა ქვეყანაში ხელისუფლებას ვერ გაექცეოდა დამნაშავე, ასე იოლად, ნახევარი მილიონი დოლარით ხელში და არცერთ სხვა ქვეყანაში არ დადის ყოველი სამი დამნაშავიდან ორი ასე თავისუფლად ქუჩებში, როგორც ეს საქართველოში ხდება. ეს „ნორმალურად“ ითვლება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.

გასული 4 წლის განმავლობაში კრიმინალი გაორმაგდა ქვეყანაში. მხოლოდ შარშანდელი წელი რომ ავიღოთ, 40000 დამნაშავე ვერ დაიჭირა ამ მთავრობამ. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, კანონის უზენაესობა კრიმინალურმა კანონებმა ჩაანაცვლეს. გახარიას მორიგი აბსურდული განცხადება რა იქნება? ისევ ოპოზიციას დაადანაშაულებს იმაში, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში? მედიის ბრალია, რომ პენსიონერებს საჭმლისა და წამლის საყიდლად საბანკო სესხის აღება უწევს? „ქართული ოცნების“ პარტიის ყველაზე დიდ შემომწირველს სანტა კლაუსმა მისცა 45 მილიონი კორონა კრიზისის დროს გამარტივებული შესყიდვის წესით? შაბათს, არჩევნების შემდეგ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, მის ტყულებს აღარ მოვისმენთ.

ჩვენ ჩავანაცვლებთ ამ ფულის მკეთებლების გუნდს ჩვენი, საქმის-მკეთებლების გუნდით და შემდეგ საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას: ჩვენ დავალაგებთ ამ არეულ-დარეულობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. ჩვენ დავამარცხებთ სიღარიბესა და კრიმინალს და ქვეყნის აღმშენებლობას დავიწყებთ. ცვლილებები ახლოს არის. ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს. ჩვენ ერთად ხელახლა ავაშენებთ საქართველოს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ქართული ოცნება” გეგმავს “ლოქდაუნის” გამოცხადებას – “ევროპული საქართველო” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“ევროპული საქართველო’’ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება’’, 2 ნოემბრიდან. “ლოქდაუნის’’ (ჩაკეტვის) გამოცხადებას გეგმავს:

ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, “ქართული ოცნება” გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას.

ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთქართული ოცნების” დანაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!’’ – ნათქვამია პარტიის საგანგებო განცხადებაში.

ავტორი
ანა რობაქიძე

ეს იყო ქმედება, რომელმაც ობიექტურად, აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას, ხელი შეუშალა – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარში მედია გააკრიტიკა, კერძოდ ზუგდიდის ბანკში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ძებნილი პირის ფოტოების და მისი ვინაობის მედის მხრიდან გასაჯაროვებამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ხელი შეუშალა:

ეს იყო ქმედება, რომელმაც ობიექტურად, აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას ხელი შეუშალა. როგორც ჩანს ინტერესია, რაც შეიძლება გახანგრძლივდეს, ამ ღონისძიების წარმატებით დასრულება და ოპოზიციას, რომელსაც საერთოდ არ აქვს არანაირი შინაარსობრივი დღის წესრიგი, არ შეუძლია პროგრამის კომპონენტებზე საუბარი, მას სჭირდება ასეთი თემები, იმისთვის, რომ რაღაც აჟიოტაჟი შექმნას და პანიკის დათესვის მცდელობები იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

ცესკოს განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით

ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.

დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით, იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს იღებდა 18:00 საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომლითაც ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა, არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკომ შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

ჩვენ ვნახეთ რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა გამოძიებას პირდაპირ შეუშალეთ ხელი – თეა წულუკიანი

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, თეა წულუკიანმა სხვა თემებთან ერთად ზუგდიდის სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და მას წარმატებული უწოდა, რისთვისაც საჯაროდ გადაუხადა მადლობა ყველა იმ პირს, ვინც მძევლების მშვიდობიანად გამოყვანაში მონაწილდეობდა. ამასთანავე, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ცალკეული ტელეარხები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხელი შეუშალეს გამოძიებას:

ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, რაც არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ. თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად იმას მიიჩნევდით, რომ გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.

ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა გამოძიებას პირდაპირ შეუშალეთ ხელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდების მიუხედავად ზოგიერთმა თქვენგანმა მაინც გაავრცელეთ დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორომაცია.

მინდა საჯაროდ გადავახუდო მადლობა შინაგან საქმეთა სამინსიტოს მთლინად სისტემას, უფრო კონკრეტულად ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო-ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას,’’ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ანა რობაქიძე