კვირა, ივლისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1626

გაძვირდება თუ არა პური ჩვენი არსობისა?

ჩვენი მოსახლეობის სასურსათო კალათაში პური ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. მეტიც, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ და გამგეობის მუნიციპალურ სასადილოებში დღეში 1.3 ლარად იკვებებიან, ხშირ შემთხვევაში პური კვების ერთადერთ რაციონს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ასეთი 500 ათასი ჩვენი მოქალაქეა, ხოლო ერთი ამდენი კიდევ რიგში დგას ამ დახმარების მისაღებად, ადვილი აღსაქმელი იქნება თუ რა ნეგატივის მოტანა შეუძლია პურპროდუქტების გაძვირებას საზოგადოებისათვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონი გიორგი ხანიშვილის განცხადებით ხორბლის ფასი მსოფლიოში გაიზარდა და ბოლო 5 წელიწადში თავის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. იმის, გამო რომ ჩვენს მიერ მოხმარებული ფქვილის დიდი ნაწილი (407,719.37 ტონა) იმპორტირებულია და საქართველო ხორბლის ფასებზე გავლენას ვერ ახდენს, პურპროდუქტების ბაზარი დღეს ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

იმისათვის, რომ საქართველოში პურის ფასი არ გაიზარდოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყოველთვიურად მოხმარებული 30 000 ტონა ფქვილიდან 10 000 ტონას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თვეში 26-30 მლნ. ერთეული პური გაძვირებისაგან დაცული იქნება. სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პურის დიდი მწარმოებლები. დანარჩენ მცირე საწარმოებს, მაგალითად უბნის პატარა თონეებს და საცხობებს უკვე მოუწიათ პურის გაძვირება, რაც არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ისედაც მძიმე პირობებში მყოფ მცირე და საშუალო ბიზნესს.

დეტალურად განვიხილოთ სუბსიდირების მსგავსი პოლიტიკა რა გავლენას იქონიებს პურის ბაზარზე. მოკლევადიან პერიოდში დიდ ქალაქებში პატარა თონეები და საცხობები პურის ქარხნებს ვერ გაუწევენ ფასისმიერ კონკურენციას და მათი დიდი ნაწილი დაიხურება. ამ სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. უმუშევრობის ზრდა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ აქ ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, რადგან ამ თემას ცალკე გაშლა ესაჭიროება. სამაგიეროდ გაიზრდება მოთხოვნა ეგრეთწოდებულ „ქარხნულ პურზე“. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი აზრით სუბსიდირების პროგრამის ავტორებისგან სრულად არ არის ყველა რისკები გათვლილი. კერძოდ, ბიუჯეტი მხოლოდ 10 000 ტონა ფქვილს ასუბსიდირებს. მას შემდეგ რაც დიდი ქარხნები, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, საკუთარი და სუბსიდირებული ფქვილის მარაგს ამოწურავენ, ბუნებრივია, მოუწევთ მაღალ ფასში მისი შეძენა. მაგრამ იმის გამო, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მათ კანონი აუკრძალავს პურზე ფასის ზრდას. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში გადაიხდიან საკმაოდ დიდ ჯარიმებს. თუ პროდუქციაზე ფასს ვერ გაზრდიან გრძელვადიან პერიოდში ქარხნები მიმართავენ მათთვის უკვე კარგად ცნობილ ხერხს და ზარალს პურის წონის შემცირებით დააბალანსებენ. ამ შემთხვევაში მართალია ეს პროდუქციის ფასის ნომინალურ ზრდას არ გამოიწვევს, მაგრამ რეალურად მომხმარებლისთვის პური გაძვირდება. ამის რისკი არსებობს. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ უახლოეს წარსულში დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დიდი გამოცდილება არ გაგვაჩნია დიდწილად ისევ პურის მწარმოებლების სინდისზე ვიქნებით დამოკიდებული.

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ მოკლევადიან პერიოდში მცირე თონეების პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდება და ბევრი გაკოტრდება. მაგრამ მას შემდეგ რაც დიდი საწარმოები იძულებულნი გახდებიან პური „გააძვირონ“ მათი ბაზარზე უკან დაბრუნება მაგ დროისთვის მოხერხდება. თუმცა თავდაპირველად სრული მოცულობით მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება და დიდი დრო დასჭირდება.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც ქარხნის პური ვერ აღწევს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, პურის ფასი ბუნებრივად მოიმატებს. რადგან სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ პურს ეხება, ფასები გაიზრდება ასევე სხვა საკვებ პროდუქტზეც, რომელიც ფქვილით მზადდება. თავის მხრივ პურისა და პურპროდუქტების გაძვირება სექტორული ინფლაციის პრინციპით სამომხმარებლო ბაზარზე სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდაზეც იქონიებს გავლენას. მომავალი წლისთვის უნდა ვივარაუდო, რომ ინფლაციის საშუალო დონე სულ მცირე 5-6% იქნება.

შეჯამების სახით შეგვიძლია გითხრათ პურის სუბსიდირება გამოსავალი არ არის და იგი ვერ დაიცავს მოსახლეობას მისი გაძვირებისგან. შემდეგ ჩვენს შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ ხედვას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის პურით უზრუნველყოფის პროცესს გარეშე ფაქტორები საფრთხეს არ უქმნიდეს და უცხოური ვალუტის კურსის ცვლილება მისი ფასის ზრდაზე არ მოქმედებს. დღეს ჩვენი სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მხოლოდ მონაწილის როლში გვევლინება მაშინ, როცა საჭიროა ამ მიმართულებით წინასწარ რისკების გათვლა და მათი მართვა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს რომ ნახავთ თვალებიდან თმა გადაიწიეთ, რომ კარგად დაინახოთ რეალობა – თეონა ჭალიძე პარლამენტარ ელისო ბოლქვაძეს მიმართავს

ახლადარჩეული პარლამენტის დეპუტატის, ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის განცხადებას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოსაზრებას, რომ არცთუ ისე მძიმე გაჭირვებაა ქვეყანაში, ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე და დეპუტატს, მასთან ერთად, თბილისის უფასო სასადილოებში მისვლას სთავაზობს, სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს დაანახებს:

ელისო გაგიკეთეთ სია იმ მისამართებისა სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს ნახავთ! იქ რომ მიხვალთ თვალებიდან თმა გადაიწიეთ, რომ კარგად დაინახოთ რეალობა. შუშის ,,ბანკების” ხმასაც გაიგებთ მუქი ფერის ჩანთებიდან. ხო ეგ ჭურჭელი და მაიონეზის პლასტმასის ყუთები დააქვთ ძირითადად უფასო სასადილოებში მიმავალ ადამიანებს საჭმლის ჩასასხმელად რომელსაც მათთვის სახელმწიფო იმეტებს და 1 ლარი და 30 თეთრი უჯდება ერთი ბენეფიციარის გამოკვება. იმ მარკეტებში თქვენ რომ დადიხართ და რიგებს ხედავთ ამ ფასად იყიდით რამეს? ალბათ მხოლოდ პარკს რაშიც ნაყიდ პროდუქტს ალაგებთ. მაგ მარკეტებისგან განსხვავებით უფასო სასადილოებთან რიგებში ბავშვებსაც ბევრს ნახავთ.

ეს ყველაფერი არ იცით და არც გაგიგონიათ? არ მიკვირს. იმიტომ რომ თქვენ ,,პარლამენტში” ხალხს კი არა ბიძინას წარმოადგენთ მხოლოდ. აბა გელოდებით…

აი უფასო სასადილოების მისამართების ნაწილი:
ლილოს დასახლება, ჭირნახულის 18, მესამე მასივი 1 კვარტალი კ ,,ვ”, ქინძმარაულის 5, აეროპორტის დას.. სანშიაშვილი 18, ჭიჭინაძის ქ.1 კ4, გუმათჰესის 17, ორთაჭალის 36, ზემო ფონიჭალა კორპ 22, ჩიტაიას 14ა, ლიბანის 31, ი. ვეკუას 22, ჩკალოვის ქ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზ,…

პს: წამოგყვებით რომ არ დაიკარგოთ 591051601 (თეონა ჭალიძის მობილურის ნომერი. რედ.)
საქართველოს პარლამენტს – ელისო ბოლქვაძეს გადაეცით დამიკავშირდეს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

ინფორმაციისთვის: პარლამენტარმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში არაა ეკონომიურად მძიმე სიტუაცია და რომ არის ქვეყნები, სადაც უფრო მეტად უჭირს ხალხს, ხოლო საქართველოს სუპერმარკეტებში ისე ბლომადაა ხალხი, რომ რიგებია…

რატომ შეუწყო ხელი Covid-19-მა მეუღლეებს შორის განქორწინებას? – ორგანიზაციების “Stewarts”-ისა და “Citizen’s Advice”-ის კვლევა

მსოფლიოს მასშტაბით განქორწინების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება და ექსპერტების განცხადებით ამ ნიშნულს მაქსიმუმამდე ჯერ არ მიუღწევია. მათი ვარაუდით, ამ მაჩვენებელმა, შესაძლოა 2021 წლისთვის მოიმატოს კიდეც, ამიტომ საკითხის უფრო ძირეულ შესწავლას ვარაუდობენ, თუ რატომ შეუწყო ხელი Covid-19-მა ოჯახების განქორწინებას?

დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოში მსგავსი ფაქტების ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ ოჯახის წევრები ერთად ნაკლებ დროს ატარებდნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ. წამყვანმა ბრიტანულმა იურიდიულმა ფირმამ Stewarts-მა გამოიკვლია და დადგინა რომ ივლისიდან ოქტომბრამდე, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით განქორწინებაზე მოთხოვნა 122%-ით არის მომატებული. ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია “Citizen’s Advice”-მა აღნიშნა, რომ ინტერნეტში საძიებო სისტემაში ურთიერთობების დასრულების შესახებ რესურსის მოძიების მძაფრი მაჩვენებელია დაფიქსირებული. აშშ-ში მთავარმა იურიდიულმა კონტრაქტის შემქმნელმა საიტმა საზოგადოებას განქორწინების ხელშეკრულების მოთხოვნაზე 34%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო ადამიანები, რომლებიც წინა ხუთი თვის განმავლობაში დაქორწინდნენ მათი მაჩვენებელი 20% შეადგენდა.

მსგავსი პრაქტიკა არსებობს ჩინეთში, რომელსაც პანდემიის დასაწყისში მკაცრი და ხისტი კარანტინის პროცესები ახლდა თან, რამაც ერთგვარი შოკი გამოიწვია მოსახლეობაში. იგივე შეიძლება ითქვას შვედეთზე, რომელიც ბოლო დრომდე მეტწილად ნებაყოფლობით მითითებებს ეყრდნობოდა Covid-19-ის პრევენციის გამო.

Stewarts-ის პარტნიორი კარლი კინჩი სიტუაციას აღწერს, როგორც წყვილების ,,სრულყოფილ ქარიშხალს“. მისი განცხადებით დაბლოკვისა და სოციალური დისტანციის გამო, ოჯახებს ერთად მეტი დროის გატარება მოუწიათ, რომელმაც ერთგვარი კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა და წინა პლანზე წამოწია ის, უკვე არსებული პრობლემები, რომლებიც ოჯახის მხრიდან იყო დაფარული.

,,არ ვფიქრობ, რომ განქორწინების მიზეზი წყვილებს შორის შეიცვალა. თქვენ ყოველთვის გქონდათ ეს გადაუჭრელი საკითხები. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ შექმნილმა სიტუაციამ აქცენტი საშინაო საკითხებზე მკვეთრად გაზარდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა“, – აღნიშნავს კინჩი.

მისი განცხადებით განქორწინების მაჩვენებელი აქამდეც გაზრდილა, მაგალითად საშობაო არდადეგების პერიოდში. უბრალოდ პანდემიით გამოწვეული პროცესები დროშია გაწელილი და თან უამრავი ზეწოლით ხასიათდება.

განქორწინების მსურველების 76% ქალზე მოდის, მაშინ, როდესაც წინა წლის პერიოდთან შედარებით, ეს ნიშნული მხოლოდ 60%-ს შეადგენდა. კარლ კინჩი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია Covid-19- ის დროს მომუშავე მშობლების თანაცხოვრების, სახლისა და ბავშვზე ზრუნვის არაპროპორციულად გადანაწილებული დროის შედეგია.

,,მე ვფიქრობ, რომ ზოგი ადამიანი მიიჩნევდა: ,,ოჰ, ეს ლამაზი იქნება! ჩვენ ერთად გავატარებთ უამრავ დროს, ჩემი პარტნიორი, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქში იმყოფება ან სამუშაო ვიზიტით იმყოფება სხვაგან – ისინი აქ იქნებიან და უფრო მეტს დამეხმარებიან“. ვფიქრობ, ბევრისთვის რეალობა შორს იყო ამისგან“, –  განაცხადა კარლ კინჩმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევის მასალას BBC საკუთარ ვებ-გვერდზე BBC.COM-ზე აქვეყნებს.
ფოტოები: პუბლიკაციიდან

ავტორი
ნინო ცინცაძე

“გავლენის აგენტები 1%-იან პარტიაში მოიკითხონ!!!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებს, დაფიქსირებული პოზიციების გამო, ღიად უპირისპირდება და მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში ლაშა ნაცვლიშვილის გავლენას ხედავს:

ერთი კვირა დაკარგულები იყვნენ, ხმას არ იღებდნენ და ახლა გამოჩდნენ ჩემზე თავდასხმით.
ტონი და ჭორაობა მაფიქრებინებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა ვერაფერი დაულაგათ.

ბიძინა რომ მოჰყავს ჩემს წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად დათო ბერძენიშვილს, იმ ბიძინას უთქვამს სწორედ – რესპები თვალით აღარ დამანახოთო!

გავლენის აგენტები 1%-იან პარტიაში მოიკითხონ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე და რესპუბლიკური პარტიის ცალკეული ლიდერების კონკრეტულ დიალოგებს აქვეყნებს:

დავით ბერძენიშვილი: “ყავის ჭიქაში ჩამხედავმა მკითხავმა ქ-ნი ელისო გავლენის აგენტად აქცია კაი ხანია. ეს მანაც მშვენივრად იცის და სხვებმაც იციან. ბიძინამ სხვებზე უკეთ იცოდა. გვახსოვს“;

ხათუნა სამნიძე: “ელისო კილაძე ისეთი წყარო გყავთ, ამაზე როგორ არ გაქვთ ინფორმაცია? უკეთ ჩაიხედოს ყავის ჭიქაში ვურჩევდი, იქ თემები ჩანს ხოლმე რაზე შეიძლება ისაუბრომ პოლიტიკოსებმა“;

თამარ კორძაია: “ელისო კილაძე ძაან სასაცილოა“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები – თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის შესახებ აკეთებს განცხადებას, სადაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებზე, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯებზე, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც, ასევე, მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით:

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უდრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.

მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობს, დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც ე.წ. „ბორდერიზაციის“, მოქალაქეთა უკანონო დაკავებების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის სახით.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები. საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება.

ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების – ერგნეთში შეუფერხებლად მუშაობის და გალში წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს

“საქართველოზე წინ ჩვენი თავი არავინ დავაყენოთ, არ შეიძლება” – მეუფე იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი

ქვეყანაში შექმნილ მგომარეობას შეეხო საკვირაო ქადაქებისას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და ერს შერიგებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით საქართველოზე წინ არავინ დგას, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ცხოვრება:

გონიერი ერი ვართ, სიყვარულით აღსავსე გულები გვაქვს. ღმერთმა დაგვამშვიდოს. არცერთი ქართველი არაა დასაკარგი, ყველამ უნდა გავიჭირვოთ. საქართველოზე წინ არავინ დგას, არც თითოეული ჩვენთაგანი და არც არავინ, ამიტომ ეს უნდა გავითავისოთ. ამ სიტუაციაში, ჩემთვის ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვარჩევ მტყუანს და მართალს, ვიცი გარჩევა შავის და თეთრის, მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთის მხარეს ვერ დავიჭერ. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ცხოვრება, ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ, სიყვარულმა გაიმარჯვოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ერს, შევრიგდეთ. თუ არ შევრიგდით, არაფერი გამოვა. ცალცალკე ვერავინ გაიმარჯვებს. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება, არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად, არც პოზიციად, არც ოპოზიციად. ღვთის წინაშე წარვდგებით ისე, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი. არავითარი რეგალიები არ წაგვყვება, გაგვყვება მხოლოდ საქმე და საქართველოზე წინ ჩვენი თავი არავინ დავაყენოთ, არ შეიძლება,”- აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

“სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია – თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეხმიანება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგების თაობაზე და აცხადებს, რომ გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია. ამასთან ცესკოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ საჯაროდ გამოტანილი რეალობა შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას:

დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა.

დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამარ ჟვანია.

28 ნოემბრიდან ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები და მათზე პასუხები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებული შეზღუდვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქტუალური გახდა შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებზე კვალიფიციური განმარტება/პასუხების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ერთად შეგროვდა აქტუალური შეკითხვები და მათზე გასცა ოფიციალური პასუხები:
დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები
▶ გადაადგილება
🔴 1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?
დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.
🔴 2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?
დიახ, შესაძლებელია.
🔴 3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.
🔴 4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.
🔴 5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?
ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.
🔴 6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?
ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.
🔴 7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?
დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.
🔴 8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?
დიახ, იზღუდება.
🔴 9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.
🔴 10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?
დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.
🔴 11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?
აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
▶ ეკონომიკური საქმიანობა
🔴12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:
🔹 პროდუქტის გატანა – ე.წ. takeaway
🔹 მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“
🔹 ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“
🔴13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?
ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.
ეს შეზღუდვა არ ეხება:
🔹 სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
🔹 ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
🔹 სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
🔹 პრესის ჯიხურებს.
🔴 14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?
არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.
🔴 15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
🔴 16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?
ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔴 17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?
სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
🔴 18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?
ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔴 19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?
საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.
🔴 20. აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?
ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.
🔴 21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?
დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.
▶ სასწავლო პროცესი
🔴 22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
🔴 23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
🔴 24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?
კულტურული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით, ანუ მაყურებლის დასწრების გარეშე.
🔹 დასაშვებია შესაბამისი საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიების გამართვა მაყურებლის დასწრების გარეშე.
გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔴 25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?
დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.
🔴 26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
▶ სამთო სათხილამურო კურორტები
🔴 27. იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
🔴 28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?
აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.
▶ სხვა კითხვები
🔴 29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?
დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.
🔴 30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?
შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
🔴 31. 28 ნოემბრიდან აგრძელებენ თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები ფუნქციონირებას?
დიახ, მათი საქმიანობა დასაშვებია.
🔴 32. შერეული მაღაზიები (რომლებიც ყიდიან როგორც ჰიგიენურ საშუალებებს, ისე სხვა პროდუქტს), როგორიცაა, მაგალითად: „სუფთა სახლი“, განაგრძობენ თუ არა მუშაობას?
„სუფთა სახლი“ და მსგავსი პროფილის მაღაზიები, რომლებიც ძირითადად ახდენენ ჰიგიენური პროდუქციის რეალიზაციას, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
🔴 33. ყვავილების რეალიზაცია არის თუ არა შესაძლებელი?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ყვავილების გაყიდვა დაშვებულია მხოლოდ დისტანციურად.
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყვავილებით ვაჭრობა დაშვებულია შეზღუდვების გარეშე.
🔴 34. სპა/მასაჟის ცენტრები და გოგირდის აბანოები აგრძელებენ თუ არა მუშაობას?
ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია სპა პროცედურების, საუნებისა და აბანოების ფუნქციონირება, ასევე საცურაო აუზების საქმიანობა.
🔴 35. ე.წ. „მარშუტკებს“ და ავტობუსებს, რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ, შეუძლიათ თუ არა გადაადგილება?
ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია როგორც საერთაშორისო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (ე.წ. „მარშრუტკებით“ და ავტობუსებით) მგზავრთა რეგულარული გადაყვანა.
ტაქსითა და კერძო ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული არ არის, გარდა 21:00 საათიდან-05:00 საათამდე.
🔴 36. დასაშვებია თუ არა ტრანსპორტის გადაადგილება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციის მიზნით, მათ შორის, ე.წ. „მარშრუტკით“?
დიახ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დილის 05:00-დან 21:00 სთ-მდე გადაადგილება დასაშვებია, ხოლო 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
🔴 37. დასაშვებია თუ არა საეკლესიო ნივთებისა და ხატების რეალიზაცია?
დიახ, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ.
🔴 38. დასაშვებია თუ არა სიგარეტის ჯიხურების საქმიანობა?
სიგარეტის ჯიხურების საქმიანობა არ არის დასაშვები.
🔴 39. სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებსა და მრევლს ექნება თუ არა გადაადგილების უფლება შობის ღამეს?
სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენელმა თავისუფლად შეძლოს რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობა.
შესაბამისი კონფეციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენენ მრევლის და მღვდელთმსახურთა სიებს, რომელთა საფუძველზეც ოპერაციული შტაბის მიერ გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა.
🔴 40. დასაშვებია თუ არა საადვოკატო ოფისების საქმიანობა?
დიახ, დასაშვებია, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა – ბიზნესსაქმიანობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს დისტანციურ რეჟიმში.
🔴 41. დაწესებული შეზღუდვების გარდა სხვა დაწესებულებების/კომპანიების საქმიანობა არის თუ არა შეზღუდული?
28 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, იკრძალება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება, საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ფუნქციონირება, სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, სპა ცენტრების, საუნების/აბანოების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობები.
ყველა სხვა ეკონომიკური საქმიანობა (მათ შორის, საოფისე საქმიანობა) მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებადართულია.
🔴 42. დასაშვებია თუ არა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარება?
დიახ, დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
🔴 43. დაშვებულია თუ არა ქარხნებისა და საწარმოების საქმიანობა?
დიახ, დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
🔴 44. ჩერდება თუ არა სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა?
დიახ, ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდისა.
🔴 45. აკრძალულია თუ არა ე.წ. გარე ვაჭრობა? მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა ნივთების/პროდუქტების გაყიდვა?
დიახ, აკრძალულია.
🔴 46. აკრძალულია თუ არა საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების გაყიდვა?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, არასასურსათო პროდუქციის რეალიზაცია დაშვებულია მხოლოდ დისტანციურად.
🔴47. ტაქსით შესაძლებელია თუ არა ოჯახის წევრების გადაყვანა ქალაქიდან ქალაქში?
ტაქსებითა და პირადი ავტომობილებით ოჯახის წევრების ქალაქიდან ქალაქში ან ქალაქიდან რაიონში გადაყვანა დაშვებულია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის გადაადგილება იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
🔴 48. ფუნქციონირებს თუ არა ავტოსკოლა?
თეორიული მეცადინეობები დასაშვებია დისტანციურად, პრაქტიკული კომპონენტი ნებადართულია ფიზიკურად.
🔴 49. ნებადართულია თუ არა სასტუმროებში არსებული რესტორნის, სპა/მასაჟის ცენტრების, ფიტნესისა და აუზის ფუნქციონირება?
დასაშვებია მხოლოდ სასტუმროში მცხოვრები სტუმრებისთვის.
სამთო-სათხილამურო კორორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში, სასტუმროები ფუნქციონირებს მხოლოდ საკარანტინე სივრცეების სახით.
🔴 50. აკრძალულია თუ არა პროფილაქტიკის, სამრეცხაოსა და ვულკანიზაციის მუშაობა?
პროფილაქტიკის, სამრეცხაოსა და ვულკანიზაციის მუშაობა დაშვებულია.
🔴 51. დაშვებულია თუ არა ავტონაწილებისა და ზეთების საცალო რეალიზება?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, აღნიშნული პროდუქციის საცალო რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად/ონლაინ. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია სერვისცენტრებში ავტო-ტექმომსახურების მიღებისას.
ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ავტონაწილებისა და ზეთების საცალო რეალიზება სრულად დაშვებულია.

“25 წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში” – ნიკა გვარამი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკომენტაროდ არ ტოვებს ISFED-ის მიერ არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების განახლებული, დაზუსტებული ინფორმაციის გამოქვეყნებას და პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

ISFED-ის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირი ახსნა-განმარტების და შეკითხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ვიცით ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, “1%-ზე მეტი თუ იქნა, ხელახალ არჩევნებს დავნიშნავთ”-ზე და მსგავსზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაიდო კიდეც 1%-ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ :))) და დაიდო არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ, იმ ორგანიზაციის მხრიდან, ვისი ფუნქციაც, შედეგების უსწრაფესად დადებაა. სისწრაფე, თორემ სიზუსტე ისფედთან კავშირში არაა – ყალბ ოქმებს აჯამებს, გადაკეთებულს, კარუსელ და ჩაყრა გამოვლილს. სამწუხაროდ, ასეთია მათი მეთოდოლოგია (ვერასდროს გავიგებ ამ ქვეყანაში ეს მეთოდოლოგია რატომაა რელევანტური, მაგრამ, რაცაა, ეგაა). ხოდა, მარტო სისწრაფე რო მოეკითხება, იმ ორგანიზაციისგან თვენახევარში ახალ შედეგებს ვიღებთ, თან სრულ შესაბამისობაში ოცნების ზრახვებთან და წინასწარ დაანონსებულ მიზნებთან და საჭიროებებთან. შემთხვევითი დამთხვევაა? შესაძლოა. ნეტარ იყვნენ მორწმუნენი.

რაც შეეხება, “გადავთვალოთ ისფედით და 1%-ზე ნაკლები თუ იქნა, ვადამდელი ჩავატაროთ” ტექსტით ზოგი ოპოზიციონერის “გულუბრყვილო” აღფრთოვანებას: უკვე ძალიან საეჭვოა ეგ ამბავი და ნამდვილად აღარ ჰგავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ ჰგავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ ჰგავს. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძალიან არ გავს.

P.S: ნუ, ISFED-ის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვანია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია“, – წერს ნიკა გვარამიას ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

“საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს, მიმართავს ისფედის წევრებს და მხარდაჭერას უცხადებს მათ:

მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების:

1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;

2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო.

3. სადამკვივრებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ისფედი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრიუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა;

4. კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

5. და ბოლოს, მინდა მივმართო ისფედის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ლომჯარია.